გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.05.2018
საქმის ნომერი
180310018002261226
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
25.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/138-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2018 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ბელა ოჩიაური

 

მოსარჩელე – მურადი ოქრუაშვილი

წარმომადგენელი - დავით ოქრუაშვილი

მოპასუხე - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი – ლაშა სალბიშვილი

მესამე პირი - ემზარი დინუაშვილი

დავის საგანი – ქმედების განხორციელება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ქმედების განხორციელება კერძოდ, სოფელ მჭადიჯვარში ემზარ დინუაშვილის (პ/ნ.16001021430) მიერ საცხოვრებელ სახლთან მიტაცებული სოფლის გზის გამოთავისუფლება და ემზარ დინუაშვილის მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟი. (იხ. 2018 წლის 18 მაისის სხდომის ოქმი)

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეში წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. (იხ.(იხ. შესაგებელი)

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

მესამე პირი ემზარი დინუაშვილი სარჩელს არ ცნობს და მხარს უჭერს საქმეში წარმდგენილ წერილობით შესაგებელს. (იხ. შესაგებელი)

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. მოსარჩელე საკუთრებაში ფლობს დუშეთის რაიონის სოფელ მჭადიჯვარში 2470 კვ.მ ფართს. მის მეზობლად გვერდით მომიჯნავედ ცხოვრობს მოქალაქე ემზარ დინუაშვილი, რომელსაც უკანონოდ მიტაცებული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართი, კერძოდ, მისასვლელი გზა, რემლითაც ასევე სარგებლობს მოსარჩელე. ემზარ დინუაშვილის უკანონო ქმედების აღკეთის მიზნით 2016 წლის 11 მაისს და 23 მაისს ორჯერ მიმართა წერილობითი განცხადებით დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა აღეკვეთა უკანონო მშენებლობა და მოითხოვა მშენებლობის დემონატაჟი და მისასვლელი სოფლის გზის დაბრუნება, ხოლო დღემდის მოპასუხეს არ მოუხდენია არანაირი რეაგირება მის მიერ წარდგენილ განცხადებებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. განცხადებები, ამონაწერი საჯარი რეესტრიდან, მხარის ახსნა-განმარტება.

 

4.2. 2016 წლის 07 ივლისს მურად ოქრუაშვილმა სასარჩელო განცხადებით მომართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და თავდაპირველად მოითხოვა 1.დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს ქმედების განხორციელება კერძოდ, განახორციელოს უკანონო მშენებლობის დემონტაჟი და გამოანთავისუფლოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გზა, რომელიც უკანონო მფლობელობაში აქვს მითვისებული ემზარ დინუაშვილს. 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის დაევალოს გამოსცეს გადაწყვეტილება ემზარი დინუაშვილის მიერ უძრავ ქონების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 17 ივნისის სარეგისტრაციო განცხადებაზე #882016379264.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. სარჩელი.

 

4.3. 2016 წლის 17 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს №882016379264 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ემზარი დინუაშვილმა (პირადი ნომერი: 16001021430) და მოითხოვა დუშეთის რაიონში, სოფელ მჭადიჯვარში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. №882016379264 სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურში დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის დუშეთის არქივის 2016 წლის 10 ივნისის AA2016046530-03 საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული, დუშეთის რაიონის მჭადიჯვრის სასოფლო საბჭო-საკრებულოს სოფელ მჭადიჯვრის 1986-1995 წწ., 1996-2000 წწ და 2001-2005 წწ. დათარიღებულ საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია ემზარი იოსების ძე დინუაშვილი, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: კენტელაძე ნაირა რევაზის ასული - ცოლი; დინუაშვილი ირაკლი ემზარის ძე - შვილი; დინუაშვილი იოსები ემზარის ძე - შვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება: 1986-1990 წწ., 1996-2000 წწ. და 2001 წ. საცხოვრებელი სახლი აგებული 1960 წ. საერთო ფართობი 40 კვ.მ, ხოლო მიწა 1986 -1991 წწ. და 1996 წ. სულ 0,20, ხოლო 1997-2000 წწ. და 2001-2005 წწ. - ში მიწის ფართობის შესახებ მონაცემები მითითებული არ არის. №882016379264 სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ ასევე წარდგენილ იქნა შპს ,,საპროექტო კადასტრი 2005"-ის მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები.

 

2016 წლის 22 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის №882016379264-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარსადგენი იყო კომლის წევრთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემთა მიხედვით კომლის წევრის დინუაშვილი ემზარის სახელზე სისტემურად აღრიცხული იყო უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 71.06.10.10, ხოლო დინუაშვილი ირაკლის სახელზე საკადასტრო კოდით: 71.06.10.118. ვინაიდან აღნიშნულ კოდებთან დაკავშირებით მესაკუთრისა და უძრავი ნივთის იდენტიფიცირება ვერ ხერხდებოდა, საჭირო იყო დაზუსტება ხომ არ შეესაბამებოდა რომელიმე სარეგისტრაციოდ წარდგენილ მასალებს. 2016 წლის 30 ივნისს დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების აღმოსაფხვრელად წარდგენილ იქნა პირადი განცხადება და კომლის წევრთა პირადობების დამადასტურებელი დოკუმენტები. განცხადებაში ემზარ დინუაშვილი აღნიშნავდა, რომ მისი და დინუაშვილი ირაკლის სახელზე სისტემურად რეგისტრირებული უძრავი ნივთები არ წარმოადგენს მათი ოჯახის საკუთრებას.

 

2016 წლის 5 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის №882016379264-06 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 71.61.35.145; მესაკუთრე: გივი კენტელაძე - პ/ნ 16001013797) საზღვრებში, შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2016 წლის 6 ივლისს დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების აღმოსაფხვრელად წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

2016 წლის 11 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის №882016379264-08 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე, კერძოდ 1% მეტად აღემატებოდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს. ვინაიდან ემზარ დინუაშვილის (პირადი ნომერი: 16001021430) სახელზე რეგისტრირებული იყო უძრავი ნივთები (საკადასტრო კოდი: 71.61.02.045-9135 კვ.მ, 71.61.29.458 -10492 კვ.მ). დაინტერესებულ პირს ასევე ეცნობა, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზი არ იყო დამოწმებული სათანადო ფორმით უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლითაც დადასტურდებოდა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის სიზუსტე და შესაბამისობა უფლების დამდგენ დოკუმენტთან. ამასთან, დამატებით წარსადგენი იყო ამზომველის შესაბამისი წერილობით განმარტება, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი არ მოიცავდა მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მისასვლელ გზას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. სარეგისტრაციო წარმოების მასალები

 

4.4. 2017 წლის 11 აპრილის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 აპრილის #882016379264-09 გადაწყვეტილებით ემზარ დინუაშვილის 2016 წლის 17 ივნისის #882016379264 განცხადებაზე, რაც ასევე წარმოადგენდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ანუ დავის საგანს სარეგისტრაციო წარმოება იქნა შეწყვეტილი საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ;ბ; ქვეპუნქტის თანახმად. შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 272-ე მუხლის ;ა;1 ქვეპუნქტის თანახმად არ არსებობს დავის საგანი, რასაც ასევე დაეთანხმება მოსარჩელე მხარე. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით მურად ოქრუაშვილის სარჩელზე საქმე №3/138-16 მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. სარჩელი, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილი განჩინება.

 

4.5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განჩინები კერძო საჩივრით გასაჩივრებული იქნა მოსარჩელის მიერ თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და ამავე პალატის 2017 წლის 05 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფლდა გაუქმდა 2017 წლის 21 აპრილი განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დასაშვებობის ეტაპიტად მხოლოდ დუშეთის მუნიციპლიტეტის გამგეობისთვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხ. თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2017 წლის 05 სექტემბრის განჩინება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1 საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 2. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველის მუხლის თანახმად 1. ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს.2. კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად 1. ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე.2. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. 3. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

 

7.2.მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ქმედების განხორციელება კერძოდ, სოფელ მჭადიჯვარში ემზარ დინუაშვილის (პ/ნ.16001021430) მიერ საცხოვრებელ სახლთან მიტაცებული სოფლის გზის გამოთავისუფლება და ემზარ დინუაშვილის მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს დაინტერსებულ პირს; ამდენად, მის კანონიერ ინტერესზე აღნიშნული საქმის წარმოების შედეგები გავლენას მოახდენს. ასევე, დადგენილია რომ მოპასუხის უმოქმედებოთ მას პირდაპირი და უშუალო ზიანი ადგება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მავალდებულებელი სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე უნდა აღძრას დაინტერესებულმა პირმა, რომლის კანონიერ უფლებას ან ინტერეს პირდაპირ და უშუალო ზინას აყენებს მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება. სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე შეიძლება წარადგინოს იმ პირმა, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები დაკანონიერი ინტერესები დაირღვა, ან/და მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედებით. ე.ი ასეთი სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ჰქონდეს სარჩელის წარდგენის უფლებაზე დაყრდნობის საშუალება. სწორედ ასეთი პირი მიიჩნევა ადმინისტრაციულ პროცესში დაინტერესებულ მხარედ, ანუ მხარედ, რომელსაც გააჩნია სარჩელის აღძვრის უფლება. იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი, სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება პირის სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებს შორის.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება, მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.

 

7.4.მოცემულ კონკრეტულ შემთხვევში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, ფოტომასალით, ორთოფოტოებით (იხ.გვ.171-178) ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მხარეთა ახსნა-განმარტებით, საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ ემზარ დინუაშვილმა სამშენებლო სამუშაოები განახორციელა სწორედ იმ გზაზე, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, წარმოადგენს სოფელ მჭადიჯვრის გზას და აღნიშნული ნაგებობის არსებობის პირობებში, ილახება მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მურად ოქრუაშვილის მოთხოვნას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ წარმოადგენდა ემზარ დინუაშვილის მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის აღკვეთა, დემონტაჟი და სოფლისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გზის დაბრუნება. იმის გათვალისწინებით, რომ მურად ოქრუაშვილის განცხადებაზე და ემზარ დინუაშვილის მიერ განხორციელებულ სამშენებლო საქმიანობაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და მხოლოდ შემოიფარგლა იმის მითითებით, რომ მოქალაქე ემზარ დინუაშვილს გააჩნია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარში მის მფლობელობაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებით განმცხადებელს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განცხადების წარდგენის შემდგომ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ჩაეტარებინა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება სზაკ-ის შესაბამისად, დაედგინა სამშენებლო სამუშაოების ზუსტი ადგილმდებარეობა, საზღვრები,რათა არ დაეშვა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვრის გზაზე სამშენებლო სამუშაოების არსებობა და ამით არ დაერღვია სხვა პირის კანონიერი უფლებები. განსახილველ შემთხვევაში, ცხადია, რომ ქმედების განხორციელების დავალებით აღძრულ სარჩელში დაფიქსირებული მონაცემები პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მოსარჩელის უფლება-მოვალეობებზე.

 

7.5 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თნახმად თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, მოსარჩელეს მოცემულ საქმეზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ვინაიდან სარჩელი დაკმყოფილდა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს დუშეთის მუნიციპლიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მურადი ოქრუაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ქმედების განხორციელება, კერძოდ, სოფელ მჭადიჯვარში ემზარ დინუაშვილის (პ/ნ.16001021430) მიერ საცხოვრებელ სახლთან მიტაცებული სოფლის გზის გამოთავისუფლება და ემზარ დინუაშვილის მიერ განხორციელებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟი.

 

3. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის მურადი ოქრუაშვილის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა № 17) 14 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე კობა გოცირიძე