გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.05.2018
საქმის ნომერი
511210018002369850
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
28.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 511210018002369850

№2/ 7 ნ-მ 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მაისი, 2018 წელი ქ. ნინოწმინდა

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი ლუიზა გიქოშვილი

მოსარჩელე - ხა---------------ნ

მოპასუხე - სო----------ნ

დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ხა---------------ნსა (პ/ნ 3----------) და სო----------ნს (პ/ნ 3----------) შორის 19---–-–----------------- რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;

 

სარჩელის საფუძვლები:

ხა---------------ნი და სო----------ნი (ქორწინებამდელი გვარი ავაკიანი) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1993 წლის 29 დეკემბერიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ სამი შვილი : ჯალალ ესოიანი დაბადებული 1994 წლის 24 ივლისს, ვარტუი ესოიანი დაბადებული 1997 წლის 15 იანვარს, სვეტა ესოიანი დაბადებული 2001 წლის 10 ივნისს. დაახლოებით ხუთ წელზე მეტია მხარეთა შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა დაძაბულია და ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილია და ვინაიდან მათ ერთად ცხოვრებას აზრი არა აქვს, ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ოჯახის შენარჩუნება და მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ მასსა და მის მეუღლეს შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტებს განქორწინება არ იქნება საუკეთესო გამოსავალი შექმნილ სიტუაციიდან, რადგან არიან მშობლები და აქვთ ვალდებულებები შვილებთან მიმართებაში. დაძაბული ურთერთობა ყოველთვის იყო მათ ოჯახში, მაგრამ შვილების გამო ყოველთის მოთმინებით ეკიდებოდა ფიზიკურ და მორალურ ზემოქმედებას საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენებით, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ძალიან რთული იყო გარკვეულ ვითარებებთან შეგუება. 18 წლის ასაკში შექმნა ოჯახი და მთელი ცხოვრება ოჯახისა და შვილების კეთილდღობვისთის ზრუნავდა. არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას განქორწინებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჰყავთ არასრულწლოვანი ქალიშვილი სვეტა ესოიანი, რომელიც მძიმედ განიცდის მამის გადაწყვეტილებას განქორწინებასთან დაკავშირებით, რის გამოც მან თვითმკვლელობაც კი სცადა, დროულად მოუსწრეს და გადაარჩინეს. გარდა ამისა ვაჟიშვილის მეუღლე არის ორსულად, რომელსაც მუდმივად დახმარება და ზრუნვა სჭირდება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ხა---------------ნი და სო----------ნი რეგისტრირებულ ქორწინებში იმყოფებიან 1993 წლის 29 დეკემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.14).

 

3.1.2. ხა---------------ნს და სო----------ნს ჰყავთ სამი შვილი, - 1994 წლის 24 ივლისს დაბადებული ჯალალ ესოიანი, 1997 წლის 15 იანვარს დაბადებული ვარტუი ესოიანი და მათ შორის ერთი არასრულწლოვანი 2001 წლის 12 ივნისს დაბადებული ევეტა ესოიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობები ( ს.ფ. 15, 16, 17).

 

3.1.3. ხა---------------ნი და სო----------ნი ცხოვრობენ ერთ სახლში, თუმცა ერთმანეთთან არანაირი ურთიერთობა არა აქვთ ; არასრულწლოვანი შვილი, სვეტა ესოიანი ამჟამად ცხოვრობს დედასთან ჯალალ ესოიანი და ვარტუი ესოიანი დაოჯახებულები არიან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- სარჩელი, შესაგებელი

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ ხა---------------ნს და სო----------ნს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. საქმის მოსამზადებელი სხდომის ეტაპზე მათ მიეცათ შესარიგებლად ერთი თვის ვადა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას. აღნიშნული გარემოების დადგენისას სასამართლომ შეფასება მისცა ფაქტებს იმის თაობაზე, რომ მხარეები ხუთ წელზე მეტია ცხოვრობენ ერთ სახლში ცალ-ცალკე და ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე კვლავ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა-ახსნა განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1”-ის მე-5 მუხლი, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის “ 23-ე მუხლიმ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ხოლო 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.

 

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან, საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. პირიქით, მოპასუხე განმარტავს, რომ მასსა მის მეუღლეს შორის ყოველთვის ჰქონდა ადგილი კონფლიქტებს და დაძაბულ ურთიერთობას, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და მორალური ზემოქმედებას რაც მის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებდა და მისთის ძალიან რთული იყო გარკვეულ ვითარებებთან შეგუება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მიუხედავად შერიგების მცდელობისა, ოჯახის აღდგენა ვერ მოხერხდა, მათ შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. მართალია, მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე სო----------ნთან ოჯახის აღდგენისა, სასმართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ შესარიგებლად მიცემული ვადის პერიოდში, შერიგების არანაირი მცდელობა არ ყოფილა, ის კვლავ მარტო ცხოვრობდა და მოსარჩელეს მასთან საუბრის სურვილიც კი არ გამოუთქვამს. მხარეები ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოპასუხე მხარის ნება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელე ხა---------------ნი და მოპასუხე სო----------ნი ერთ ოჯახად განიხილებოდნენ. აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე სო----------ნს მეუღლედ აღარ აღიქვამს და მათი ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს, არ უშვებს მასთან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას და კატეგორიული წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა.

 

მოპასუხე შესარიგებელი ვადის მიცემის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს გარემოებას იმის შესახებ, რომ სათანადოდ მოუვლის მეუღლეს და ოჯახს, რომ ოჯახში ჰყავს ორსული რძალი (შვილის მეუღლე), ამ არგუმენტებთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ შესარიგებელი ვადის განსაზღვრა ემსახურება მხოლოდ ოჯახის აღდგენის რეალურ მიზანს, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის კატეგორიული პოზიციისა და მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტის პერიოდის გათვალისწინებით არ გამოკვეთილა. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, ვერც შესარიგებელი ვადის მიცემამ მხარეთათვის, შედეგი ვერ გამოიღო შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. მოსარჩელე წინააღმდეგია ოჯახის აღდგენის და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა, არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად.

 

სამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ასევე მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე ხა---------------ნის და სო----------ნის ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც დადასტურებულია იმით, რომ მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ. ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რის გამოც მათ შორის უნდა მოხდეს განქორწინება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სარჩელი განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა, არსებობს მოპასუხე სო----------ნზე მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე, 243- 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ხა---------------ნის სარჩელი სო----------ნის მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

1.1 შეწყდეს ქორწინება ხა---------------ნსა (პ/ნ 3----------, დაბადებული 1967 წლის 13 დეკემბერს) და სო----------ნს (პ/ნ 3----------, დაბადებული 1974 წლის 11 ივლისს) შორის, რეგისტრირებული 19---–-–-----------------, დიდი ხანჩალის ს/ს გამგეობის მიერ, სააქტო ჩანაწერი №25. ქორწინების მოწმობა V-ТИ #342219.

 

2. მოპასუხე სო----------ნს (პ/ნ 3----------) მოსარჩელე ხა---------------ნის (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ნინოწმინდის მაგისტარტი სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ნინოწმინდის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

6. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან