გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
060210017002216881
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/926-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 მაისი, 2018 წელი ქ. სამტრედია

შესავალი ნაწილი

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი - ნათია ძაძამია

 

მოსარჩელე - სს ”ლ--------------”;

წარმომადგენელი - ნ-------------ა;

 

მოპასუხე - თ-------–-–--ა;

წარმომადგენელი - თ-------–----ა;

მოპასუხე - გ------------------–--ე;

მოპასუხე - ნ-----------–----ე;

მოპასუხე - ზ-------–----ე

 

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს თ-------–-–--ას, გ------------------–--ეს, ნ-----------–----ეს, ზ-------–----ეს სს ”ლ--------------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 05 ოქტომბრის N0002/2015/04482 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 10 666.17 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 7083.27 ლარი, პროცენტი - 1650.94 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1931.96 ლარი.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2015 წლის 05 ოქტომბერს თ-------–-–--ასა და სს ,,ლ--------------“ შორის გაფორმებული იქნა N0002/2015/04482 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 8000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0.5%. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველსაყოფად მოპასუხეებს გ------------------–--ეს, ნ-----------–----ეს, ზ-------–----ესა და სს ,,ლ--------------“ შორის გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება ძირითად მოვალესთან ერთად და თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა თითოეული თავდებისთვის განსაზღვრული იქნა 24 378 ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხეები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ნებაყოფლობით არ ასრულებენ, რაც საფუძველი გახდა სასამართლო წესით მოითხოვოს მათთვის დავალიანების დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა თ-------–-–--ამ, გ------------------–--ემ, ნ-----------–----ემ, ზ-------–----ემ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ხოლო და პირგასამტეხლოს დაკისრების ანაზღაურებაზე განაცხადეს უარი, მიჩნიათ რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 05 ოქტომბერს თ-------–-–--ასა და სს ,,ლ--------------“ შორის გაფორმებული იქნა N0002/2015/04482 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 8000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0.5%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 03 მაისი);

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-22 );

 

3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 05 ოქტომბერს სს ,,ლ--------------ა“ და მოპასუხეებს გ------------------–--ეს, ნ-----------–----ეს, ზ-------–----ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის N0002/2015/04482-1, N0002/2015/04482-2, N0002/2015/04482-3 ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც იკისრეს სოლიდარული ვალდებულება მსესხებლის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე და თავდებობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 24 378 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 03 მაისი);

- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 23-34 );

 

3.1.3. მოპასუხეებს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინათ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 21-22 )

_ მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 03 მაისი)

 

3.1.4 მოპასუხეების მიერ ბანკის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2017 წლის 13 თებერვლიდან არ შესრულებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 03 მაისი);

-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 50 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოპასუხეების მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად და შესაბამისად მოსარჩელე სს „ლ--------------ს“ მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეების დავალიანება შეადგენს ძირითადი თანხას - 7083.27 ლარს და მასზე დარიცხულ პროცენტს - 1650 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 03 მაისი);

_ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.50 )

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს ''ლ--------------ს'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში 2015 წლის 05 ოქტომბერს სს ''ლ--------------ა'' და თ-------–-–--ას შორის N0002/2015/04482 საბანკო კრედიტის, სს ''ლ--------------ა'' და იმავე დღეს მოპასუხეებს გ------------------–--ეს, ნ-----------–----ეს, ზ-------–----ეს შორის სოლიდარული თავდებობის N0002/2015/04482-1, N0002/2015/04482-2, N0002/2015/04482-3 ხელშეკრულებების გაფორმებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

უდავოა ის გარემოება, რომ მოპასუხეების მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად,რაც გამოიხატება კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, კრედიტის ამღები მოპასუხის მიერ კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხები გადახდილი არ იქნა დათქმულ ვადაში. მოსარჩელე ბანკის მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილ შეტყობინებას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია, რაც საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია.

 

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი.

 

6.6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი დავალიანების და პროცენტის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს დავალიანების ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის არსებული კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ვალდებულება მოპასუხეების მხრიდან დაირღვა და შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს სესხის ძირითად თანხას - 7083.27 ლარი, პროცენტი - 1650.94 ლარის ოდენობით.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 800 ლარამდე.

 

6.9 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული. შესაბამისად, გ------------------–--ე, ნ-----------–----ე, ზ-------–----ე როგორც თავდები პირები, სოლიდარულად პასუხისმგებელი არიან ბანკის წინაშე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ სესხის ძირითადი თანხის 7083.27 ლარის, პროცენტის 1650.94 ლარის ანაზღაურების ნაწილში, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახ.ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის ნაწილი 262.02 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის 24 ლარის ანაზღაურება სს “ლ--------------ს“ სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე, 208-ე, 49-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ლ--------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1.მოპასუხეებს თ-------–-–--ას, გ------------------–--ეს, ნ-----------–----ეს, ზ-------–----ეს სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი დავალიანების 7083.27 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხეებს თ-------–-–--ას, გ------------------–--ეს, ნ-----------–----ეს, ზ-------–----ეს სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პროცენტის სახით 1650.94 ლარის გადახდა.

1.3. მოპასუხეებს თ-------–-–--ას, გ------------------–--ეს, ნ-----------–----ეს, ზ-------–----ეს სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს სახით 800 ლარის გადახდა.

1.4. მოპასუხეებს თ-------–-–--ას, გ------------------–--ეს, ნ-----------–----ეს, ზ-------–----ეს სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საფოსტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 48.50 ლარის გადახდა.

1.5.მოპასუხეებს თ-------–-–--ას, გ------------------–--ეს, ნ-----------–----ეს, ზ-------–----ეს სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 24 ლარის გადახდა

2.მოსარჩელე სს ,,ლ--------------“ სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 08 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 319.99 ლარის ნაწილი 262.02 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: საგადახდო დავალება 5137240458, სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი TRESGE22; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300213150.

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა