გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2018
საქმის ნომერი
340210017001903398
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210017001903398

საქმე #2/310-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.05.2018 წელი ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - სს ”თ----------ი”

წარმომადგენელი - მი----------–---–ი

მოპასუხე - ნა---------–--–---–ი

დავი საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე ნა---------–--–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 01 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2 207.36 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 994.91 ლარი, პროცენტი 462.93 ლარი, პირგასამტეხლო 749.52 ლარი;

1.2. მოპასუხე ნა---------–--–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 01 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 994.91 ლარზე, წლიური 42% სარგებლის გადახდა, 2017 წლის 27 მარტიდან ძირი თანხის გადახდამდე, რაც დღეში შეადგენს 34.82 ლარს;

1.3. მოპასუხე ნა---------–--–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 31 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2 251.81 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1 499.9 ლარი, პროცენტი 501.43 ლარი, პირგასამტეხლო 250.48 ლარი;

1.4. მოპასუხე ნა---------–--–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 31 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 1 499.9 ლარზე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, 2017 წლის 27 მარტიდან, ძირი თანხის გადახდამდე, რაც დღეში შეადგენს 44.99 ლარს;

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: სს თ----------ს” და ნა---------–--–---–ს შორის 2013 წლის 01 ივლისს დაიდო განვადების ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა განვადების ბარათი 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო სარგებელი წლიური 42%-ით განისაზღვრა. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვში წინა თვის ბოლო კალენდარული რიცხვის ჩათვლით ათვისებული თანხის და მასზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მხრიდან პერიოდულად ირღვეოდა და 2016 წლის თებერვლის შემდეგ თანხის გადახდა აღარ მომხდარა. რის გამოც მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 3 208.84 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 994.91 ლარი, პროცენტი 462.93 ლარი და ჯარიმა 1751 ლარი.

მოპასუხესთან 2014 წლის 31 იანვარსაც დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა T-------e Card 1 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი წლიური 36%-თ განისაზღვრა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას პერიოდულად არღვევდა და 2016 წლის მარტიდან თანხის გადახდა აღარ მომხდარა, რის გამოც მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 2 261.81 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1 499.9 ლარი, პროცენტი 501.43 ლარი და ჯარიმა 250.48 ლარი.

მოსარჩელემ 2013 წლის 01 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 2 207.36 ლარის გადახდა მოითხოვა, საიდანაც ძირი თანხაა 994.91 ლარი, პროცენტი 462.93 ლარი, პირგასამტეხლო 749.52 ლარი. აგრეთვე მოითხოვა დავალიანებულ ძირ თანხაზე - 994.91 ლარზე წლიური 42% სარგებლის გადახდა, 2017 წლის 27 მარტიდან აღსრულებამდე, რაც დღეში შეადგენს 34.82 ლარს. 2014 წლის 31 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ნაწილში კი მოითხოვა დავალიანების 2 251.81 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1499.9 ლარი, პროცენტი 501.43 ლარი, პირგასამტეხლო 250.48 ლარი; აგრეთვე მოითხოვა დავალიანებულ ძირ თანხაზე - 1499.9 ლარზე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, 2017 წლის 27 მარტიდან, აღსრულებამდე, რაც დღეში შეადგენს 44.99 ლარს;

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ სარჩელს არ ცნობდა მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდევინების დაკისრების ნაწილში და მისი შემცირება და 0.1%-ით განსაზღვრა მოითხოვა.

(იხ. შესაგებელი და სასამართლოს 31.05.2018 წლის სხდომის ოქმი 16:13:01-16:19:55 სთ)

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. სს ”თ----------სა” და ნა---------–--–---–ს შორის 2013 წლის 01 ივლისს დაიდო განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა განვადების ბარათი 1 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო სარგებელი წლიური 42%-ით განისაზღვრა. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვში წინა თვის ბოლო კალენდარული რიცხვის ჩათვლით ათვისებული თანხის და მასზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდის პირობით. ხელშეკრულების 2.1.16 პუნქტით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლ ყოველი დარღვევისთვის ერთჯერადი 20 ლარის და დავალიანებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 17-20);

 

3.1.2. სს ”თ----------სა” და ნა---------–--–---–ს შორის 2014 წლის 31 იანვარს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა T-------e Card 1500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი წლიური 36%-თ განისაზღვრა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველ დარღვევაზე 20 ლარი და დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 21-24);

 

3.1.3. მოპასუხემ დაარღვია 2013 წლის 01 ივლისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და 2016 წლის მარტიდან არ გადაიხადა თანხა, რის გამოც მისი დავალიანება, 2017 წლის 27 მარტის მდგომარეობით, 2 207.36 ლარს შეადგენს, საიდანაც ძირი თანხაა 994.91 ლარი, პროცენტი 462.93 ლარი, პირგასამტეხლო 749.52 ლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-16; 60-68);

- გადახდების ისტორია (ს.ფ. 25-28);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლოს 31.05.2018 წლის სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მოპასუხემ დაარღვია 2014 წლის 31 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და 2016 წლის მარტის თვის შემდეგ არ გადაიხადა თანხა, რის გამოც მისი დავალიანება, 2017 წლის 27 მარტის მდგომარეობით, 2 251.81 ლარს შეადგენს, საიდანაც ძირი თანხაა 1 499.9 ლარი, პროცენტი 501.43 ლარი, პირგასამტეხლო 250.48 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-16; 60-68);

- გადახდების ისტორია (ს.ფ. 29-43);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სასამართლოს 31.05.2018 წლის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება მხარეთა მხრიდან სადავო არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. სასამართლო თვლის რომ სს „თ----------ის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდ ადაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სესხის ხელშეკრულების ნაირსახეობაა და მის საფუძველზე კრედიტის გამცემი (გამსესხებელი) საკუთრებაში გადასცემს კრედიტის მიმღებს (მსესხებელს) ფულს, ხოლო კრედიტის მიმღები კისრულობს გადაცემული თანხის შეთანხმებული პირობების შესაბამისად დაბრუნების ვალდებულებას. ამდენად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი კრედიტის მიმღებს გადასცემს თანხას, ხოლო კრედიტის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს ნაკისრი პროცენტი და ვადამოსულობისას დააბრუნოს მიღებული სესხის თანხა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ მოპასუხესთან განვადების ბარათით სარგებლობის და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებები დადო და მოპასუხემ, ორივე ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელისგან ფულადი თანხა მიიღო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა, თუმცა 2016 წლის მარტის თვიდან, განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით და საკრედიტო ბართით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხემ აღარ შეასრულა.

საქმის განხილვის შედეგად დადგინა, რომ 2013 წლის 01 ივლისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის დავალიანებამ, 2017 წლის 27 მარტის მდგომარეობით, 2 207.36 ლარი შეადგინა, საიდანაც ძირი თანხაა 994.91 ლარი, პროცენტი 462.93 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 749.52 ლარი. მხარეთა შორის 2014 წლის 31 იანვარს დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში კი, 2017 წლის 27 მარტის მდგომარეობით, დავალიანებული თანხის ოდენობა 2 251.81 ლარს შეადგენს, საიდანაც ძირი თანხაა 1 499.9 ლარი, პროცენტი 501.43 ლარი, პირგასამტეხლო 250.48 ლარი.

მოპასუხე მხარემ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, აგრეთვე სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე მიცემული განმარტებებით აღიარა მოსარჩელის წინაშე დავალიანების არსებობა და ორივე ხელშეკრულების ფარგლებში დავალიანებული ძირი თანხის და დარიცხული სარგებლის გადახდევინების ნაწილში სარჩელი სცნო სრულად. მხარემ სარჩელი სცნო აგრეთვე ძირი თანხის გადახდამდე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წლიური სარგებლის გადახდევინების დაკისრების ნაწილშიც. მოპასუხე მხარემ სადავო გახადა მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი შემცირება მოითხოვა.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

როგორც აღინიშნა, მოპასუხე სარჩელი სცნო ორივე ხელშეკრულების ფარგლებში დავალიანებული ძირი თანხის, დარიცხული სარგებლის და ძირი თანხის დაბრუნებამდე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდევინების დაკისრების ნაწილში, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და საქმის განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარმეოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნებს. კერძოდ, საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მხარეთა შორის ორი ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად თანხა გადასცა. ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანი იყო. ერთ შემთხვევაში სარგებლის ოდენობა 36%-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში წლიური 42%-ით განისაზღვრა. მოპასუხემ 2016 წლის მარტის თვიდან ვალდებულებები აღარ შეასრულად და მოსარჩელის მიამართ გააჩნია დავალიანება როგორც ძირი თანხის, აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაუხდელი სარგებლის სახით. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას აღსრულებამდე სარგებლის გადახდევინების დაკისრებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. აგრეთვე ამავე კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულებებით სესხი სარგებლიანი იყო და მისი ოდენობა 01.07.2013 წლის ხელშეკრულებით წლიური 42%-ით ხოლო 31.01.2014 წლის ხელშეკრულებით წლიური 36%-ით განისაზღვრა. მოსარჩელე წარმოადგენს კომერციულ ბანკს, რომელის ერთ-ერთ საქმიანობასაც ,,კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სესხების გაცემა წარმოადგენს. მათ შორისაა სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებზე გაცემული სესხი სარგებლიანი იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსარჩელეს გაცემული სესხიდან სარგებლის მიღება შეეძლო. სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებას, რომ ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული ძირი თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში მოპასუხის ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდა წარმოადგენდა. ამდენად, ხელშეკრულების პირობის მიხედვით სესხად გაცემული თანხით სარგებლობისთვის მოპასუხეს მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდის ვალდებულება აკისრია. სესხზე სარგებელი კი წარმოადგენს იმ შემოსავალს, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა მოპასუხის მხრიდან ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო და რომლის მიღების საშუალებაც არ მიეცათ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამავდროულად, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმის წარმოება მიმდინარეობს დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით და მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სარჩელი ამ ნაწილშიც სცნო. გამომდინარე აქედან სასამრთლოს მიაჩნია, რომ სახეზეა მიუღებელი შემოსავალი სესხზე დარიცხული სარგებლის სახით და ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნები ორივე ხელშეკრულების ფარგლებში დავალიანებული ძირი თანხის, სარგებლის და ძირი თანხის დაბრუნებამდე (აღსრულებამდე) სარგებლის გადახდევინების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.2. რაც შეეხება პირგასამტეხლოს გადახდევინებას, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ 2013 წლის 01 ივლისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და 348.48 ლარით განისაზღვროს, ხოლო 2014 წლის 31 იანვარს დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი არ არსებობს და ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი ხელშეკრულება, თავისი შინაარსით მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, ყოველი ხელშემკვრელი მხარე კი უნდა ცდილობდეს უფლებების მართლზომიერად გამოყენებას და ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. ვინაიდან სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება, ვალდებულების დარღვევად კი მიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 01.07.2013 წლის და 31.01.2014 წლის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხემ 2016 წლის მარტიდან აღარ შეასრულა. ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ერთჯერადად 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით. საქმის განხილვის შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ მოსარჩელემ პირგასამტეხლოს დარიცხვა 352 დღეზე განახორციელა. სასამართლოს მიაჩნია, რომ 01.07.2013 წლის ხელშეკრულების ფარგლებში დავალიანებული ძირი თანხის ოდენობიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ით უნდა განისაზღვროს. ამდენად, მოპასუხეს ნაცვლად მოთხოვნილი 749.52 ლარისა უნდა 348.48 ლარის გადახდა დაეკისროს. რაც შეეხება 31.01.2014 წლის ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნილ პირგასამტეხლოს, ამ ნაწილში მისი შემცირების და 0.1%-ით განსაზღვრის აუცილებლობა სახეზე არ არის, რადგან ძირ თანხაზე - 1 499.9 ლარზე მოთხოვნილია პირგასამტეხლო 250.48 ლარი და შესაბამისად, მისი ოდენობა მოპასუხის მიერ მითითებულ 0.1%-ზე ნაკლებია.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი განისაზღვრა 7332.63 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილია 219.97 ლარი და საადვოკატო მომსახურების 293.30 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი არ სცნო მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდევინების დაკისრების ნაწილში და მისი შემცირება მოითხოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 01.07.2013 წლის ხელშეკრულებიდან გამდინარე პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს ნაცვლად 749.52 ლარისა 348.48 ლარის გადახდა დაეკისრა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ამასთან, მოპასუხემ სარჩელი (პირგასამტეხლოს მოთხოვნის გარდა) სრულად სცნო მოსამზადებელ ეტაპზე.

გამომდინარე აქედან მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ. ბაჟის 10.45 ლარის ანაზღაურება. ასევე უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხიდან 277.26 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახ. ბაჟი 197.49 ლარი.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591,369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე ნა---------–--–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 01 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1 806.32 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 994.91 ლარი, პროცენტი 462.93 ლარი, პირგასამტეხლო 348.48 ლარი;

3. მოპასუხე ნა---------–--–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 01 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 994.91 ლარზე წლიური 42% სარგებლის გადახდა, 2017 წლის 27 მარტიდან ძირი თანხის გადახდამდე, რაც დღეში შეადგენს 34.82 ლარს;

4. მოპასუხე ნა---------–--–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 31 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2251.81 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1 499.9 ლარი, პროცენტი 501.43 ლარი, პირგასამტეხლო 250.48 ლარი;

5. მოპასუხე ნა---------–--–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 31 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 1 499.9 ლარზე წლიური 36% სარგებლის გადახდა, 2017 წლის 27 მარტიდან, ძირი თანხის გადახდამდე, რაც დღეში შეადგენს 44.99 ლარს;

6. მოპასუხე ნა---------–--–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 10.45 ლარის და იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხიდან 277.26 ლარის ანაზღაურება;

7. მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 197.49 ლარი;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე