გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2018
საქმის ნომერი
110210018002355502
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002355502

N2/265-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.05.2018 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი: ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე შპს ,,ვ----------------",წარმომადგენელი: ოთ--- მე-----–ვილი;

მოპასუხე ზ---------------,დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე - ზ---------------ს (პ.ნ 1----------) მოსარჩელე შპს ,,ვ----------------ს" (ს.კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხიდან ძირი თანხის - 450 ლარის, საკომისიოს 86 ლარისა და პირგასამტეხლოს 450 ლარის გადახდა;

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

მოპასუხე ზ---------------მ მოსარჩელის ვებგვერდზე სესხის აღების მიზნით გააკეთა ელექტრონული სასესხო განაცხადი. გაეცნო სესხის ხელშეკრულების პირობებს და განახორციელა სესხის აღებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი მოთხოვნა, რის საფუძველზეც კრედიტორმა მოახდინა მოპასუხის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვა და ამავდროულად მსეხებლის მიერ მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე გაგზავნილ იქნა ინვოისი, რომელიც შეიცავდა სესხის პირობების შესახებ ინფორმაციას, რა დროსაც მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულების 7.4. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხისა და საკომისიოს 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 986 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 450 ლარი, საკომისისო 86 ლარი, პირგასამტეხლო 450 ლარი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია.

 

2.1. მოპასუხე ზ---------------მ შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, ძირი თანხის - 450 ლარის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2016 წლის 25 მარტს მოპასუხე ზ---------------მ მოსარჩელის ვებგვერდზე სესხის აღების მიზნით გააკეთა ელექტრონული სასესხო განაცხადი. გაეცნო სესხის ხელშეკრულების პირობებს და განახორციელა სესხის აღებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი მოთხოვნა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 25 მარტის ელექტრონული სასესხო განაცხადი;

 

3.2. ზ.კა-----ის სასასხო განაცხადის საფუძველზე, კრედიტორმა მოახდინა მოპასუხის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვა და ამავდროულად მსეხებლის მიერ მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე გაგზავნილ იქნა ინვოისი, რომელიც შეიცავდა სესხის პირობების შესახებ ინფორმაციას, რა დროსაც მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 25 მარტის ელექტრონული სასესხო განაცხადი;

-საგადახდო დავალება N1458897684;

 

3.3. ელექტრონული სესხის ხელშეკრულების 7.4. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხისა და საკომისიოს 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება;

 

3.4. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 986 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 450 ლარი, საკომისისო 86 ლარი, პირგასამტეხლო 450 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ისტორია;

 

3.5. მოპასუხე ზ---------------მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და საკომისისო ნაწილში;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის შესაგებელი;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ვ----------------ს" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 420-ე, 623-625-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.6. სესხის ხელშეკრულების 7.4 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხისა და საკომისიოს 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 25 მარტს მოპასუხე ზ---------------მ მოსარჩელის ვებგვერდზე სესხის აღების მიზნით გააკეთა ელექტრონული სასესხო განაცხადი. გაეცნო სესხის ხელშეკრულების პირობებს და განახორციელა სესხის აღებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი მოთხოვნა. ზ.კა-----ის სასასხო განაცხადის საფუძველზე, კრედიტორმა მოახდინა მოპასუხის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვა და ამავდროულად მსეხებლის მიერ მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე გაგზავნილ იქნა ინვოისი, რომელიც შეიცავდა სესხის პირობების შესახებ ინფორმაციას, რა დროსაც მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. მოპასუხემ სესხის თანხით აიღო 450 ლარი.

მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მსესხებელმა დავალიანება არ გადაიხადა და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 4.1. პუნქტების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი სესხის თანხასა და სესხის მომსახურების საკომისიოს გადაუხდის გამსესხებელს სესხის ვადის ბოლო დღეს. თუ გადახდის ვადა ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, გადახდის დღედ ჩაითვლება მისი მოდევნო სამუშაო დღე.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა დადგენილ ვადაში და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. სესხი ვადაგადაცილებაშია 2017 წლის 09 იანვრიდან.

 

6.8. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების 7.4 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხისა და საკომისიოს 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სადავო არ არის ის გარემოება, რომ მსესხებელმა სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მისთვის ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების საფუძველია.

 

საქართველოს სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს მინიჭებული პირაგასმტეხლოს შემცირების უფლება. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოსთან. აღსანიშნავია, რომ თუმცა პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა – 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე- რაც ჯამში შეადგენს 450 ლარს- ძირ თანხასთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს 50 ლარით.

.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ზ---------------მ სარჩელის სცნო ნაწილობრივ, ამასთან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე - ზ---------------ს მოსარჩელე შპს ,,ვ----------------ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 10 ლარისა და იურიდიული მომსახურების 105 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელე შპს ,,ვანდუ ფაინანსს" სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 25 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ვ----------------ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ;

1.1. მოპასუხე - ზ---------------ს (პ.ნ 1----------) მოსარჩელე შპს ,,ვ----------------ს" (ს.კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხიდან ძირი თანხის - 450 ლარის, საკომისიოს 86 ლარისა და პირგასამტეხლოს 50 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე - ზ---------------ს (პ.ნ 1----------) მოსარჩელე შპს ,,ვ----------------ს" (ს.კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 10 ლარისა და იურიდიული მომსახურების 105 ლარის ანაზღაურება;

3. მოსარჩელე შპს ,,ვანდუ ფაინანსს" (ს.კ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 25 ლარი, რომელიც ჩარიცხულია შემდეგ ანგარიშზე - 300193150 (საგადახდო დავალება №1514987227, გადახდის თარიღი 2018 წლის 03 იანვარი, გადამხდელი შპს ,,ვ----------------ს" );

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი