გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310017002177437
საქმე №3/1332-2017 წელი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე
მოსარჩელე - ლ--–- ჭ--–---–ი
წარმომადგენელი - ზ---–----------ე
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი - ნ----- ბ---------ე
წარმომადგენელი - ნ----- წ--–----ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 24 ივნისის (მომზადების თარიღი 03.10.2017) გადაწყვეტილება ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახისათვის 154410 ერთეულის ოდენობით მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ.
1.2. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის ნოემბრიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, როგორც საარსებო შემწეობის მიმღები პირი და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა უკიდურესად დაბალი ქულები. 2015 წლის 25 დეკემბერს ოჯახის გადამოწმება განხორციელდა სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა და ოჯახის სარეიტინგო ქულა 2016 წლის 24 იანვარს განისაზღვრა 127 800 ერთეული ოდენობით. აღნიშნულს არ დაეთანხმა მხარე და გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რომლის 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების საფუძველზე სარეიტინგო ქულის განსაზღვრის შესახებ ახალი აქტის გამოცემა. 2017 წლის 25 მაისს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის შემოწმების საფუძველზე 2017 წლის 3 ოქტომბერს ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 154410 ერთეულის ოდენობით, მაშინ როდესაც განვლილი წლების განმავლობაში ეტაპობრივად მცირდებოდა მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სოციალურმა სამსახურმა ქულების მინიჭების დროს არ გამოიკვლია მტკიცებულებები, არ შეაფასა გარემოებები და ფაქტების შესწავლის გარეშე განსაზღვრა ქულათა რაოდენობა. მხარის განმარტებით მას აქვს მძიმე საცხოვრებელი პირობები, მისი საცხოვრებელი ფართი შედგება არა 112 კვ. მეტრისგან, არამედ შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართია 50 კვ.მ. მხარე აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრებს აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, კერძოდ შვილს თ----- ბ----ეს სამედიცინო გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა - ჯირკვლის ფოლიკულური, კოლოიდური ჩიყვი. ასევე, სამედიცინო მკურნალობას საჭიროებს მეუღლე ვ-–- ბ----ეც.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას ლ--–- ჭ--–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ლ--–- ჭ--–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2005 წლიდან, საიდენტიფიკაციო კოდით 050810100035.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ. ს.ფ. 14);
3.1.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს განხორციელდა იმერეთის სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახში სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების განხორციელების მიზნით.
ოჯახის დეკლარაციის თანახმად, ლ--–- ჭ--–---–ი არ ფლობს ავტოფარეხს, მარანი/სამზადი, დაუმთავრებელი სახლი და სხვა ნაგებობა, სამურნეო ნაგებობა (სახელოსნო, ბოსელი, ნალია და სხვა), სარდაფი და კომერციული ფართი (A7 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულია საცხოვრებელი ფართია 50 კვ.მ (A8 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში ოთახის რაოდენობა შეადგენს - 3 (A9 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში იატაკი დაკავებულია ხე/ფიცარი (A10 ბლოკის მე-3 გრაფა.
აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე 2016 წლის 24 იანვარს ოჯახს განესაზღვრა სარეიტინგო ქულა - 127,800 ერთეულით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N04-06/565 წერილი (ს.ფ 69-70).
- ოჯახის დეკლარაცია (იხ. ს.ფ. 125-131);
3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 25 მაისს განხორციელდა იმერეთის სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახში სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების განხორციელების მიზნით.
ოჯახის დეკლარაციის თანახმად, ლ--–- ჭ--–---–ი ფლობს: სარდაფს (A7 ბლოკის მე-5 გრაფა), შინამეურნეობის მიერ დაკავებულია საცხოვრებელი ფართი 112 კვ.მ (A8 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში ოთახის რაოდენობა შეადგენს - 3 (A9 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში იატაკი დაკავებულია ხე/ფიცარი (A10 ბლოკის მე-3 გრაფა); ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები (B ბლოკი): ვ-–- ბ----ე (დაბ. 23.01.1944, პ/ნ 60001096136, ასაკი 73), ლ--–- ჭ--–---–ი (დაბ. 22.05.1951წ, პ/ნ 60001096135, ასაკი 66), თ----- ბ----ე (22.07.1988, პ/ნ 60001075231, ასაკი 28); ფიზიკური მდგომარეობა (B3 ბლოკი): სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი (B3 ბლოკი 1 გრაფა), დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს (B3 ბლოკი 2 გრაფა), ორსული (20 და მეტი კვირა) (B3 ბლოკი 3 გრაფა), მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვით) (B3 ბლოკი 4 გრაფა); სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბოლატორიულ მკურნალობას (B3 ბლოკი 5 გრაფა); არცერთ ზემოთჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება ლ--–- ჭ--–---–ი, ვ-–- ბ----ე და თ----- ბ----ე (B3 ბლოკი 6 გრაფა).
აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე 2017 წლის 24 ივნისს ოჯახს განესაზღვრა 154,410 სარეიტინგო ქულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ.90-97);
- ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ. ს.ფ. 14);
- N04-06/565 წერილი (ს.ფ 69-70).
3.1.4. დადგენილია, რომ ლ--–- ჭ--–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება მდებარე: ქ. ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩა, პირველი ჩიხი, N5-ში, დაზუსტებული ფართობი: 532,00 კვ. მეტრი, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N01- 112,22 კვ. მეტრი; N2 დამხმარე ნაგებობა - 8,25 კვ. მეტრი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 136);
3.1.5. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით ირკვევა, რომ ლ--–- ჭ--–---–მა დურმიშხან ჭ--–---–ისგან მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება მდებარე: ქ. ქუთაისი, კლდიაშვილის ქუჩა, პირველი ჩიხი N5; საკუთრების აღწერა - ლიტრი ,,ა’’ : საცხოვრებელი სართულების რაოდენობა: 2, საერთო ფართი-112,22 კვ. მეტრი; საცხოვრებელი ფართი: 45,26 კვ. მეტრი; დამხმარე ფართი: 39,00 კვ. მეტრი; საზაფხულო ფართი: 22,10 კვ. მეტრი; სხვა ფართი: 5,86 კვ. მეტრი; საკუთრების აღწერა - ლიტრი ,,ბ’’: დამხმარე საერთო ფართი: 8,25 კვ. მეტრი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 143-144);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე არ ეთანხმება 2017 წლის 25 მაისს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის აგენტის მიერ შევსებული ოჯახის დეკლარაციის ,,A8’’ გრაფაში მითითებულ მონაცემს ,,შინამეურნეობის მიერ დაკავებულია საცხოვრებელი ფართი 112 კვ.მ“. მოსარჩელე ასევე, მიუთითებს ოჯახის წევრების ფიზიკურ მდგომარეობაზე და აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრები საჭიროებენ აქტიურ სამედიცინო მკურნალობას. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხთან - სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით იმსჯელებს სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების დროს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა ლ--–- ჭ--–---–ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; ევროპის სოციალური ქარტია; „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ 2017 წლის 25 მაისს შევსებული „ოჯახის დეკლარაციის“ (კოდი: 0408) საფუძველზე 2017 წლის 24 ივნისის (მომზადების თარიღი 03.10.2017) ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის (154410 ერთეული) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლო მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, სარეიტინგო ქულა არის პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია. ხოლო, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება (კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა) ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ეს უკანასკნელნი აწვდიან სააგენტოს. ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები).
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული სადავო „ოჯახის დეკლარაცია“ და მის საფუძველზე ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა განხილული უნდა იქნეს როგორც ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
შესაბამისად, სასამართლომ ასევე, უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, კერძოდ, დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს შეადგინოს ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახის ახალი დეკლარაცია, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებული და რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა საარსებო შემწეობის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
6.3. სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
სასამართლო ასევე, მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.
აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. იმავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი" ან „შინამეურნეობა") კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს.
ამრიგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ოჯახის დეკლარირება მოახდინოს, როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე, ამ ინფორმაციის ზემოთ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებსა თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში გადამოწმების გზით.
სასამართლო ასევე, მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, იმ გარემოებას, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახის დეკლარაციის A8 ბლოკის შევსებას საფუძვლად დაედო მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერი, რაც თავის მხრივ, სარეიტინგო ქულის მინიჭების საფუძველი იყო.
აღნიშნულ გარემოებას სადავოდ ხდის თვით ლ--–- ჭ--–---–ი, რომლის განმარტების თანახმადაც, მის საცხოვრებელი ფართი შეადგენს არა 112 კვ. მეტრს არამედ დაახლოებით 50 კვ. მეტრს, საცხოვრებელი სახლის პირველი სართული სრულიად ამორტიზირებულია, ხოლო შინამეურნეობის მიერ დაკავებული ფართი (50 კვ. მეტრი) დაზიანებულ მდგომარეობაშია.
სასამართლო სხდომაზე სოციალურმა აგენტმა ირაკლი ჩარკვიანმა განმარტა, რომ მან განახორციელა ოჯახში ვიზიტი დეკლარაციის შევსების მიზნით, რომელმაც აღნიშნა, რომ A8 ბლოკში საცხოვრებელი ფართის 112 კვ. მეტრის მითითება განპირობებულია მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე და მის მიერ არ გადამოწმებულა შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის ზუსტი ოდენობა.
სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სახით დაკითხულმა ფიქრია ბერაძემ განმარტა, რომ 112 კვ. მეტრი ფართი შედგება: 50 კვ.მეტრი საცხოვრებელი ფართის, 16. კვ. მეტრის ხის ღია აივანი და 66 კვ. მეტრი სარდაფისგან. სარდაფი წარმოადგენს ქვითკირით ნაშენ უფანჯრო, უკარო დაბალჭერიან მიწურს, რომლის კედელები ამორტიზირებულია და ქმნის სახლის დანგრევის საშიშროებას. რასაც თავხის მხრივ ადასტურებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები). მე-2 მუხლი ადგენს, რომ შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი - „I“ გამოითვლება ფორმულით: I, სადაც: ა) C - არის შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსი; ბ) N - შინამეურნეობის საჭიროების ინდექსი, ხოლო მე-3 მუხლით განსაზღვრულია შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსის შემადგენელი ელემენტები (კოეფიციენტები და სხვადასხვა ინდექსები).
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას, რომ 2017 წლის 25 მაისს შედგენილ ოჯახის დეკლარაციის A8 გრაფაში შეტანილია სწორი მონაცემი, საცხოვრებელი ფართის თაობაზე, კერძოდ:
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისი N 141/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დეკლარაციის „A“, „B“, „C“, „D“ და „E“ ბლოკები ივსება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
„A8“ პუნქტის – „ჩაწერეთ რამდენია შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი“ შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დეკლარაციაში უნდა დააფიქსიროს სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მითითებული ინფორმაცია კვადრატული მეტრის მითითებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონება არ არის დარეგისტრირებული სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ჩაიწერება ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია კვადრატული მეტრის მითითებით. თუ ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ/ნაგირავებ ბინაში და არ არის დარწმუნებული თუ რამდენ ფართობს იკავებს ზუსტად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ჩაწერს იმ მონაცემებს, რომელსაც დააფიქსირებს ოჯახის წევრი და აღნიშნული ინფორმაცია ჩაითვლება სანდოდ. შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი შეავსებს ოჯახის დეკლარაციის „F“ ბლოკის შესაბამის გრაფას.
მითითებულ გრაფასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ლ--–- ჭ--–---–ის სახელზე ირიცხება ქ. ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩა, პირველი ჩიხი, N5-ში, დაზუსტებული ფართობი: 532,00 კვ. მეტრი, შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N01- 112,22 კვ. მეტრი; N2 დამხმარე ნაგებობა - 8,25 კვ. მეტრი, თუმცა, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სამკვიდრო მოწმობაზე, რომელშიც აღწერილია ფართების დანიშნულება და ოდენობა. კერძოდ: საკუთრების აღწერა - ლიტრი ,,ა’’ : საცხოვრებელი სართულების რაოდენობა: 2, საერთო ფართი-112,22 კვ. მეტრი; საცხოვრებელი ფართი: 45,26 კვ. მეტრი; დამხმარე ფართი: 39,00 კვ. მეტრი; საზაფხულო ფართი: 22,10 კვ. მეტრი; სხვა ფართი: 5,86 კვ. მეტრი; საკუთრების აღწერა - ლიტრი ,,ბ’’: დამხმარე საერთო ფართი: 8,25 კვ. მეტრი; ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ოჯახში ვიზიტის დროს მოსარჩელემ აგენტს წარუდგინა ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ფართის საერთო ოდენობა არ იყო თანხვედრაში იმ ფართის ოდენობასთან, რომელსაც საცხოვრებლად იყენებს მოსარჩელის ოჯახი, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებული იყო ეხელმძღვანელა მოსარჩელის საცხოვრებელი ფართის პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმებით ერთობლიობაში.
რაც შეეხება მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ გარემოებას, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტებზე, რომელთა თანახმად, ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახის წევრებს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ისინი საჭიროებენ სისტემატიურ მედიკამენტურ მკურნალობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მეთოდოლოგია დეტალურად ადგენს შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის, მათ შორის, მისი განმსაზღვრელი თითოეული ინდექსის გამოთვლის წესსა და ფორმულას. ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილმა პირმა ოჯახის დეკლარაციაში მითითებულ მაჩვენებელთან დაკავშირებით ინფორმაცია არასრულად ასახა იმ პირობებში, როდესაც როგორც უკვე აღინიშნა, თითოეული მონაცემის სიზუსტით ასახვას გააჩნია არსებითი მნიშვნელობა კონკრეტული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას.
სასამართლო განმარტავს, რომ სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება. სახელმწიფოს ფუნქციაა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების საჯარო ამოცანების (მათ შორის სოციალური პრობლემების) გადაწყვეტა და ამ ფუნქციის შესასრულებლად სახელმწიფო აფინანსებს გარკვეული კატეგორიის პირებს. სოციალურ სფეროში მმართველობითი საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო ფუნქციას წარმოადგენს ქვეყანაში სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.
ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები – კანონიერების, კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის და ა. შ. - სრულად ვრცელდება სსიპ სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.
ევროპის სოციალური ქარტიის მე-14 მუხლი – სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლება (რომელსაც მიერთებულია საქართველოს სახელმწიფო), ადგენს: სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ ისეთი სამსახურები, რომლებიც სოციალური საქმიანობის მეთოდიკის გამოყენებით ხელს შეუწყობენ როგორც ცალკეულ პირებს, ისე საზოგადოებრივი ჯგუფების კეთილდღეობას და განვითარებას, ასევე, მათ შეგუებას სოციალურ გარემოსთან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სოციალური უზრუნველყოფის სამსახურების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამსახურის თანამშრომლების კომუნიკაცია ბენეფიციარებთან უნდა ეფუძნებოდეს გულისხმიერების, თავაზიანობის, მზრუნველობის და მათი სრული ინფორმირებისა და ამომწურავი კონსულტირების სტანდარტს, ვინაიდან სწორედ ამგვარი მომსახურების პირობებში არის შესაძლებელი კანონით გარანტირებული უფლების რეალურად განხორციელება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი სამართლებრივი დახმარება. დასახელებული მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე - კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით.
ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას, რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახის დეკლარაციაში ასახული მონაცემები უზუსტოა. დეკლარაცია არ შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას დეკლარანტის საცხოვრებელი ფართის, მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით (F1 გრაფა) ოჯახი არის ღატაკი, მინიჭებული სარეიტინგო ქულა კი შემწეობის მისაღებად დადგენილი ზღვარის ზემოთაა.
სასამართლო აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით მიუთითებს ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველო კანონის მე-4 მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ღატაკი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები პირი ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დონეზე ნაკლებია.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციის „F“ ბლოკში ,,სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეფასება“ მოცემული გრაფები ივსება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „F1“ ,,ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება“ და „F2“ ,,ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება“ პუნქტებით გათვალისწინებული ველების შესავსებად გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის წევრებისა და ბინის/სახლკარის მდგომარეობის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე. ამ გრაფებში უნდა შემოიხაზოს მხოლოდ ერთი შესაბამისი პასუხის კოდი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „F1“ პუნქტით გათვალისწინებული ველების შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა შემოხაზოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საკუთარი სუბიექტური შეფასების მხოლოდ ერთი შესაბამისი პასუხის კოდი. ამასთან: ა) ღატაკად შეიძლება ჩაითვალოს შინამეურნეობა თუ მის წევრ(ებ)ს მძაფრად უდგათ შიმშილის პრობლემა, სხვისი დახმარების გარეშე არ შეუძლიათ მოიპოვონ ის მინიმალური საკვები, რაც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის (სიცოცხლის) შენარჩუნებისათვის, ან მათი შემოსავალი სრულად ვერ ყოფნის იმ საკვების შეძენასაც კი, რაც საჭიროა შინამეურნეობის წევრების ნორმალური კვებისათვის.
ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, შევსებული დეკლარაციის შედეგად ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახისათვის იმ ქულათა ოდენობის განსაზღვრა, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას მოიპოვოს კანონით განსაზღვრული ფულადი შემწეობა, შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან მიმართებაში და მითუფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, როდესაც თავად დეკლარაციაში მითითებულია ოჯახის მდგომარეობა - ღატაკი.
სასამართლო კვლავ მიუთითებს ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. სახელმწიფოსა და ბენეფიციარის ურთიერთობა და ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი შედეგი - საარსებო შემწეობა განსაკუთრებული სახის ბენეფიტს წარმოადგენს და იგი მითითებული კანონის ძირითად პრინციპს (მე-5 მუხლის ,,ა“ პუნქტი) - სოციალური დახმარების, როგორც საჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მხარდაჭერის, მაგრამ არა კანონით გარანტირებული უპირობო უფლების, აღიარებას უნდა შეესაბამებოდეს, რაც ნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ბენეფიციარის რეალურად არსებული მდგომარეობის დადგენა/შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან თითოეული გარემოების დეტალურად შესწავლა/გაანალიზებას უნდა ეფუძნებოდეს, რათა ბენეფიციარისათვის მიწოდებული თუ მისაწოდებელი დახმარება იყოს სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლი, როგორც საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა მოქმედებდეს კანონის ფარგლებში და მის საფუძველზე.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამრიგად, სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 25 მაისს შევსებული „ოჯახის დეკლარაციის“ (კოდი: 0408) საფუძველზე 2017 წლის 24 ივნისის ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა (154 410 ერთეული) და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ--–- ჭ--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2017 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება ლ--–- ჭ--–---–ის ოჯახისათვის 154410 ერთეულის ოდენობით მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ.
3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი