გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.05.2018
საქმის ნომერი
080310018002326305
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 0803100180023263057

საქმე №3/146-2018 წელი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე

 

მოსარჩელე - ქ------- ჯ----–--ე

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი - ნ----- ბ---------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება ქ------- ჯ----–--ის ოჯახისათვის 129 620 ერთეულის ოდენობით მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ.

 

1.2. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს აუნაზღაუროს შეწყვეტილი სოციალური შემწეობა ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით დახმარების აღდგენის დღემდე.

 

1.3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, როგორც საარსებო შემწეობის მიმღები პირი და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა უკიდურესად დაბალი ქულები. 2007 წელს სარეიტინგო ქულა შეადგენდა 65850, ხოლო 2013 წელს 50140 ქულას. 2017 წლის 15 იანვარს განხორციელდა ოჯახის გადამოწმება სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ და 2017 წლის 14 თებერვალს განისაზღვრა - 129620 ერთეულის ოდენობით. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა არამართლზომიერი მოქმედება სარეიტინგო ქულის განსაზღვრის ნაწილში, მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა, პირიქით წლების განმავლობაში ეტაპობრივად მცირდებოდა მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა. დაანგარიშებული ქულა შეუსაბამოა რეალობასთან, რადგან მას აქვს მძიმე საცხოვრებელი პირობები. მოსარჩელე არ ეთანხმება დეკლარაციის B1 გრაფაში მითითებულ დაბადების თარიღსა და ასაკს და განმარტავს, რომ აღნიშნული მონაცემები ჩასწორებულია. ასევე, არ ეთანხმება დეკლარაციის F2 -2.1 გრაფას - მალავს შემოსავლებს, მიწოდებული ინფორმაცია საჭიროებს გადამოწმებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ქ------- ჯ----–--ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2007 წლიდან, საიდენტიფიკაციო კოდით 050802001700.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ. ს.ფ. 14);

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 15 იანვარს განხორციელდა იმერეთის სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი ქ------- ჯ----–--ის ოჯახში სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების განხორციელების მიზნით.

 

ოჯახის დეკლარაციის თანახმად, ქ------- ჯ----–--ე ფლობს: ავტოფარეხს (A7 ბლოკის 1 გრაფა), შინამეურნეობის მიერ დაკავებულია საცხოვრებელი ფართი 80 კვ.მ (A8 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში ოთახის რაოდენობა შეადგენს - 3 (A9 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში იატაკი დაკავებულია პარკეტი (A10 ბლოკის 1 გრაფა); ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები: 1. ჯ----–--ე ქ-------ი, დაბადების თარიღი: 29.08.1960, ასაკი- 56; პ/ნ 60001112480 (B1 ბლოკი); ფიზიკური მდგომარეობა (B3 ბლოკი): სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი (B3 ბლოკი 1 გრაფა), დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს (B3 ბლოკი 2 გრაფა), ორსული (20 და მეტი კვირა) (B3 ბლოკი 3 გრაფა), მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვით) (B3 ბლოკი 4 გრაფა); სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბოლატორიულ მკურნალობას (B3 ბლოკი 5 გრაფა); არცერთ ზემოთჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება (B3 ბლოკი 6 გრაფა). განათლების მიღწეული დონე - უმაღლესი (C2 ბლოკი, გრაფა 7); პირადი ფულადი შემოსავალი - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 60 (C3 ბლოკი, გრაფა 9): ოჯახის ეკონომიკური მდგომაროების ზოგადი შეფასება - ღარიბი (F1 ბლოკი, 2 გრაფა); ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება (F2 ბლოკი): მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას, მალავს შემოსავალს (2; 2.1)

 

აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე 2017 წლის 14 თებერვალს ოჯახს განესაზღვრა 129 620 სარეიტინგო ქულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ.53-60);

- ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ. ს.ფ. 14);

- N04-06/4496 წერილი (ს.ფ 12-13).

 

3.1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის N21-11/67598 და N21-02-1/68099 წერილებით დადგენილია, რომ ქ------- ჯ----–--ეს უფიქსირდება შემოსავალი 2008, 2009, 2010 და 2011 წლებში. ქ------- ჯ----–--ეს გამოთხოვილი ინფორმაციით დანარჩენ წლებში მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის N21-11/67598 და N21-02-1/68099 წერილები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე არ ეთანხმება 2017 წლის 14 თებერვალს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის აგენტის მიერ შევსებული ოჯახის დეკლარაციის F2 გრაფაში მითითებულ მონაცემს - ,,მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას, მალავს შემოსავალს (2.1)“, ასევე მიუთითებს დეკლარაციაში B1 ბლოკში აღნიშნულ ჩანაწერს დაბადების წელთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ დაბადების წელი და ასაკი არის გადასწორებული. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხთან - სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით იმსჯელებს სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების დროს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა ქ------- ჯ----–--ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; ევროპის სოციალური ქარტია; „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ 2017 წლის 15 იანვარს შევსებული „ოჯახის დეკლარაციის“ (კოდი: 0408) საფუძველზე 2017 წლის 14 თებერვალს ქ------- ჯ----–--ეს ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის (129 620 ერთეული) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლო მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, სარეიტინგო ქულა არის პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია. ხოლო, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება (კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა) ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ეს უკანასკნელნი აწვდიან სააგენტოს. ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები).

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული სადავო „ოჯახის დეკლარაცია“ და მის საფუძველზე ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა განხილული უნდა იქნეს როგორც ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

შესაბამისად, სასამართლომ ასევე, უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, კერძოდ, დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს შეადგინოს ქ------- ჯ----–--ის ოჯახის ახალი დეკლარაცია, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებული და რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და შემდგომი მოთხოვნა შეწყვეტილი სოციალური შემწეობის ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით დახმარების აღდგენის დღემდე ანაზღაურება.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა საარსებო შემწეობის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

6.3. სასამართლო მიუთითებ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

სასამართლო ასევე, მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

 

აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. იმავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი" ან „შინამეურნეობა") კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს. ხოლო იმავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

ამრიგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ოჯახის დეკლარირება მოახდინოს, როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე, ამ ინფორმაციის ზემოთ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებსა თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში გადამოწმების გზით.

 

სასამართლო ასევე, მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ქ------- ჯ----–--ის ოჯახის დეკლარაციის შედგენა, რაც საფუძვლად დაედო სარეიტინგო ქულის მინიჭებას, განახორციელა გამოკითხვის პროცესში ოჯახის წევრის - ქ------- ჯ----–--ის იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც თვით ქ------- ჯ----–--ე სადავოდ ხდის, კერძოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ აქვს მძიმე საცხოვრებელი პირობები, მას გარდა სოციალური დახმარებისა და სხვა შემოსავალი არ აქვს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისი N 141/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დეკლარაციის „A“, „B“, „C“, „D“ და „E“ ბლოკები ივსება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო, დეკლარაციის „F“ ბლოკი ივსება უშუალოდ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, დამოუკიდებლად, ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ან სხვა წევრთან შეთანხმების გარეშე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას, რომ 2017 წლის 15 იანვარს შედგენილ ოჯახის დეკლარაციის F2 - გრაფაში შეტანილია სწორი მონაცემი ,,მალავს შემოსავალს (2.1)“. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ შემოსავლების სამსახურის N21-11/67598 და N21-02-1/68099 წერილებზე, რომლის თანახმად, ქ------- ჯ----–--ეს უფიქსირდება შემოსავალი 2008, 2009, 2010 და 2011 წლებში. ქ------- ჯ----–--ეს გამოთხოვილი ინფორმაციით დანარჩენ წლებში მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს ოჯახის დეკლარაციის F2 - გრაფაში შეტანილი მონაცემის ,,მალავს შემოსავალს (2.1)“ სისწორეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მეთოდოლოგია დეტალურად ადგენს შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის, მათ შორის, მისი განმსაზღვრელი თითოეული ინდექსის გამოთვლის წესსა და ფორმულას. ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილმა პირმა ოჯახის დეკლარაციაში მითითებულ მაჩვენებელთან დაკავშირებით ინფორმაცია არასრულად ასახა იმ პირობებში, როდესაც როგორც უკვე აღინიშნა, თითოეული მონაცემის სიზუსტით ასახვას გააჩნია არსებითი მნიშვნელობა კონკრეტული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება. სახელმწიფოს ფუნქციაა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების საჯარო ამოცანების (მათ შორის სოციალური პრობლემების) გადაწყვეტა და ამ ფუნქციის შესასრულებლად სახელმწიფო აფინანსებს გარკვეული კატეგორიის პირებს. სოციალურ სფეროში მმართველობითი საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო ფუნქციას წარმოადგენს ქვეყანაში სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.

 

ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები – კანონიერების, კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის და ა. შ. - სრულად ვრცელდება სსიპ სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.

 

ევროპის სოციალური ქარტიის მე-14 მუხლი – სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლება (რომელსაც მიერთებულია საქართველოს სახელმწიფო), ადგენს: სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ ისეთი სამსახურები, რომლებიც სოციალური საქმიანობის მეთოდიკის გამოყენებით ხელს შეუწყობენ როგორც ცალკეულ პირებს, ისე საზოგადოებრივი ჯგუფების კეთილდღეობას და განვითარებას, ასევე, მათ შეგუებას სოციალურ გარემოსთან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სოციალური უზრუნველყოფის სამსახურების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამსახურის თანამშრომლების კომუნიკაცია ბენეფიციარებთან უნდა ეფუძნებოდეს გულისხმიერების, თავაზიანობის, მზრუნველობის და მათი სრული ინფორმირებისა და ამომწურავი კონსულტირების სტანდარტს, ვინაიდან სწორედ ამგვარი მომსახურების პირობებში არის შესაძლებელი კანონით გარანტირებული უფლების რეალურად განხორციელება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი სამართლებრივი დახმარება. დასახელებული მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე - კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით.

 

ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას, რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახის დეკლარაციაში ასახული მონაცემი უზუსტოა. დეკლარაცია არ შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას. დეკლარაციის მიხედვით (F1 გრაფა, პუნქტი 2) ოჯახი არის ღარიბი. სადავო დეკლარაციით ირკვევა, რომ ქ------- ჯ----–--ეს სხვა შემოსავალი გარდა ფულადი სოციალური დახმარების-საარსებო შემწეობისა 60 ლარის ოდენობით არ გააჩნია. სასამართლოს მოსაზრებით, შევსებული დეკლარაციის შედეგად ქ------- ჯ----–--ის ოჯახისათვის იმ ქულათა ოდენობის განსაზღვრა, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას მოიპოვოს კანონით განსაზღვრული ფულადი შემწეობა, შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან მიმართებაში.

 

სასამართლო კვლავ მიუთითებს ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. სახელმწიფოსა და ბენეფიციარის ურთიერთობა და ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი შედეგი - საარსებო შემწეობა განსაკუთრებული სახის ბენეფიტს წარმოადგენს და იგი მითითებული კანონის ძირითად პრინციპს (მე-5 მუხლის ,,ა“ პუნქტი) - სოციალური დახმარების, როგორც საჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მხარდაჭერის, მაგრამ არა კანონით გარანტირებული უპირობო უფლების, აღიარებას უნდა შეესაბამებოდეს, რაც ნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ბენეფიციარის რეალურად არსებული მდგომარეობის დადგენა/შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან თითოეული გარემოების დეტალურად შესწავლა/გაანალიზებას უნდა ეფუძნებოდეს, რათა ბენეფიციარისათვის მიწოდებული თუ მისაწოდებელი დახმარება იყოს სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლი, როგორც საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა მოქმედებდეს კანონის ფარგლებში და მის საფუძველზე.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ დეკლარაციის B1 ბლოკში დაბადების წელთან დაკავშირებით გაკეთებულია შესწორება და აღნიშნული წარმოადგენს დეკლარაციის ბათილად ცნობის საფუძველს, სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტზე რომლის თანახმად, თუ შევსებული დეკლარაციის გადამოწმებისას აღმოჩენილი იქნება არასწორად შემოხაზული ან ჩაწერილი პასუხი, რომელიც მექანიკურად დაუშვა სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ან დაზუსტების მიზნით ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და ითხოვს უკვე შემოხაზული (ჩაწერილი) პასუხის სხვა პასუხით შეცვლას, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გადახაზოს უკვე შემოხაზული პასუხი „X“ ნიშნით და ახლიდან შემოხაზოს/დააფიქსიროს სწორი პასუხი. ჩასწორებულ პასუხზე ხელს აწერს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი და სააგენტოს უფლებამოსილი პირი. მესამე პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩასწორების შეტანა დასაშვებია, თუ ჩასწორება ხელს არ უშლის შემოხაზული (ჩაწერილი) მონაცემის (პასუხის) ერთგვაროვან გაგებას. იმ შემთხვევაში, თუ ჩასწორების გაკეთება სადაოს და გაუგებარს ხდის შეტანილ (ჩაწერილი) მონაცემს (პასუხს), სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეავსოს ახალი დეკლარაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში თავად მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი დაბადების თარიღია 1960 წელი, აღნიშნული დაბადების თარიღი შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ ქ------- ჯ----–--ის პირადობის მოწმობის ასლში ასახულ მონაცემებს, დეკლარაციის ამავე გრაფაზე ხელი მოწერილი აქვს თავად მოსარჩელეს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ჩასწორების შეტანა დეკლარაციაში დასაშვებია.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ამრიგად, სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 15 იანვარს შევსებული „ოჯახის დეკლარაციის“ (კოდი: 0408) საფუძველზე 2017 წლის 14 თებერვალს ქ------- ჯ----–--ის ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა (129,620 ერთეული) და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე;

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებაზე აღძრული სარჩელი წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედების განხორციელების თაობაზე აღძრულ მავალდებულებელ სარჩელს, ვინაიდან ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება განხორციელდეს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება ქ------- ჯ----–--ის ოჯახისათვის 129620 ერთეულის ოდენობით მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ და მოპასუხეს დაევალა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სასამართლო მიიჩნევს რომ სახეზე არაა ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ------- ჯ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება ქ------- ჯ----–--ის ოჯახისათვის 129620 ერთეულის ოდენობით მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ.

 

3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

 

4. ქ------- ჯ----–--ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.

 

5. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი