გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2018
საქმის ნომერი
020210117001987350
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210117001987350 (2/1099-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - სს ,,კრ---------კი’’

წარმომადგენელი - ბე---------ავა

 

მოპასუხეები: ქე-------------ია, ინ---–-------–--ლი, ლა-–-------–---ია, თა---–--------ა, ელ------------ა, ელ------------–--ია

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ქე-------------იას, ინ---–-------–--ლის, ლა-–-------–---იას, თა---–--------ას, ელ------------ასა და ელ------------–--იასათვის მოსარჩელე სს ,,კრ---------კი’’-ს სასარგებლოდ 2016 წლის 29 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3296,36 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება;

 

1.2.მოპასუხე ქე-------------იასათვის მოსარჩელე სს ,,კრ---------კი’’-ს სასარგებლოდ სესხის ინდივიდუალური ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების - 1047,16 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.შესაგებელი წარმოდგენილია მხოლოდ მოპასუხე ქე-------------იას მიერ. ასევე, სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდნენ მხოლოდ მოპასუხე ქე-------------ია და ელ------------–--ია, რომლებმაც სარჩელი ცნეს ნაწილობრივ სოლიდარული ვალდებულების ნაწილში (იხ. შესაგებელი, 11.05.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება საქმეზე არ არის

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.2016 წლის 29 ივლისს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსა’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,კრ---------კი’’) და მოპასუხე ქე-------------იას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 2 700 აშშ დოლარის ოდენობით, 30 თვის ვადით, 2019 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებლის სახით განისაზღვრა 2,75 %, ასევე, მხარეთა შორის შეთანხმებულ იქნა მსესხებლის მიერ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირ თანხაზე 5% პირგასამტეხლოს (ჯარიმის), ხოლო მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის 0,27 %-ის ოდენობით პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის თაობაზე.

 

ხელშეკრულების 3.2. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გრაფიკის მიხედვით, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. გრაფიკის მიხედვით, გადასახდელი თანხები მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას და საკომისიოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი;

-მოსარჩელის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 68);

-სესხის ხელშეკრულება და თანდართული სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 19-23);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.05.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.2.ქე-------------იასათან 2016 წლის 29 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ინ---–-------–--ლთან, ლა-–-------–---იასთან, თა---–--------ასთან, ელ------------ასთან და ელ------------–--იასთან შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო’’-ს (უფლებამონაცვლე - სს ,,კრ---------კი’’) მიერ დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, რომლის 3.1. და 3.2. პუნქტებით, თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ; თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს მსესხებლის გადასახდელი თანხა.

 

თავდები პირების სოლიდარული პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვრა 4256,21 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და შესაგებელი;

-განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 35-44);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.05.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.3.2016 წლის 23 ივნისს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსა’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,კრ---------კი’’) და მოპასუხე ქე-------------იას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც საქონლის განვადებით შესაძენად ქე-------------იას გადაეცა სესხი 651 ლარის ოდენობით, 18 თვის ვადით, 2018 წლის 02 იანვრის ჩათვლით, სიცოცხლის დაზღვევის თანხის ანაზღაურებისა და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის გათვალისწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და შესაგებელი;

-სესხის ხელშეკრულება და თანდართული სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 24-27);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.05.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.4.გარდა აღნიშნულისა, განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ 2016 წლის 16 აგვისტოს ხელშეკრულებით, მოპასუხე ქე-------------იამ მიიღო სესხი, კერძოდ, მითითებული ხელშეკრულების №3 დანართის მიხედვით, ,,ნატვრის ბარათზე’’ 48 თვის ვადით სესხის ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 490 ლარით, 1,5 % სარგებლის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის ანაზღაურებისა და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის გათვალისწინებით.

 

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, ქე-------------იამ გაიტანა თანხები 2016 წლის 17 აგვისტოს და 2016 წლის 05 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და შესაგებელი;

-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-34);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.05.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.5.მსესხებელმა ქე-------------იამ 2017 წლის მაისის თვიდან შეწყვიტა სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე სოლიდარული მოვალეების მხრიდანაც არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები. ბოლო გადახდა ქე-------------იას მიერ სამივე სესხზე განხორციელდა 600 ლარის ოდენობით 13.04.2017 წელს.

 

აღნიშნულის გამო, 12.06.2017 წლის მდგომარეობით მოპასუხე მხარის დავალიანება სს ,,კრ---------კი’’-ს, როგორც შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო’’-ს უფლებამონაცვლის წინაშე შეადგენს შემდეგს:

 

1)2016 წლის 29 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან (სოლიდარული ვალდებულებიდან) გამომდინარე - 3296,36 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2 282,59 აშშ დოლარი, პროცენტია - 823,26 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 143,44 აშშ დოლარი, საკომისიო - 30,19 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 16,88 აშშ დოლარი;

 

2)2016 წლის 23 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 340,50 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 325,48 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 13,92 ლარი და პირგასამტეხლო - 1,10 ლარი;

 

3)2016 წლის 16 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე:

 

-2016 წლის 17 აგვისტოს გატარებულ სესხზე - 521,45 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 493,77 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 23,95 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 3,73 ლარი;

 

-2016 წლის 05 დეკემბერს გატარებულ სესხზე - 185,21 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 166,25 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 18,06 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 0,90 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო და შესაბამისად, კერძოდ, შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და შესაგებელი;

-13.04.2017 წლის შემოსავლის ორდერი;

-ამონაწერები ელექტრონული პროგრამიდან (ს.ფ. 75-78);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.05.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. იმავე კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა); მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა თავისუფლად რეალიზაციის შედეგია მათ შორის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სესხი, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის მეცხრე თავში. მითითებული ნორმატიული აქტის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 634-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სესხი ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა. იგი შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, აგრეთვე, კანონმდებელი აძლევს შესაძლებლობას მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულება დადონ ზეპირად ან მათივე შეთანხმებით წერილობით. ასევე, სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. უსასყიდლო ხელშეკრულებისას მხარეები არ თანხმდებიან სარგებელზე - პროცენტზე. ხელშეკრულების ცალმხრივობა ნიშნავს იმას, რომ მსესხებელი კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი გააჩნია შესაბამისი უფლება _ მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება, ხოლო რეალურობა გამოიხატება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (კონსესუალური ხელშეკრულება), არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს - ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს. ასევე, რამდენადაც სახეზეა სოლიდარული ვალდებულება, ყურადსაღებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ ქე-------------იას სასარგებლოდ გაიცა სასყიდლიანი სესხი. მსესხებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს უნდა მიეღო ასევე სიცოცხლის დაზღვევის თანხა და საკომისიო. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხის, დაზღვევის თანხის, საკომისიოს და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, ქე-------------ია, რითაც მან აიღო ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულება, დათქმულ დროს გადაიხადონ ძირი თანხა, მასზე დარიცხული პროცენტი, საკომისიო და სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-888-834-2012). აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). კონკრეტულ ვითარებაში, ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხის, პროცენტის, საკომისიოს და სიცოცხლის დაზღვევის თანხის გადახდევინება, ამდენად, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია. ამასთან, რამდენადაც სახეზეა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქე-------------იას ვალდებულება გადაიხადოს დავალიანება, შესაბამისად, მისგან გამომდინარე თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ძალაში რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ სოლიდარული მოვალეების (მოპასუხეების) ინ---–-------–--ლის, ლა-–-------–---იას, თა---–--------ას, ელ------------ასა და ელ------------–--იას მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა მითითებული დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაფუძნებულია კანონზე. რაც შეეხება ქე-------------იას და ელ------------–--იას პოზიციას მასზედ, რომ ქე-------------იას მიერ 13/04/2017 წელს 600 ლარის გადახდით სოლიდარული დავალიანება შემცირებულია, სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული არგუმენტი მოკლებულია დასაბუთებას, რადგან 13/04/2017 წლის შემოსავლის ორდერით არ ირკვევა სესხის დაფარვის კონკრეტული დანიშნულება, ანუ ის ფაქტი, რომ 600 ლარით დაფარული იქნა სწორედ 2016 წლის 29 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. ასეთ ვითარებაში სასამართლოს მოსაზრებით გასაზიარებელია მოსარჩელის მითითება და მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ 600 ლარის შეტანით ეს თანხა მიქცეულ იქნა არა ერთი კონკრეტული სესხის დასაფარად, არამედ იგი გადანაწილდა ქე-------------იას სახელზე არსებული და წინამდებარე ხელშეკრულებით სადავოდ ქცეული სამი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის დასაფარად. 6.3.მოპასუხე მხარემ სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირი თანხისა და პროცენტის მსგავსად, მხარეთა შორის წერილობით შეთანხმების მიღწევაა აუცილებელი პირგასამტეხლოზეც, თუმცა ამ ინსტიტუტთან მიმართებით კანონმდებლის მიერ დადგენილია სპეციალური დებულება, კერძოდ, საუბარია სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ქე-------------იას მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის მაისის თვიდან, ხოლო მოსარჩელემ ხელშეკრულება შეწყვიტა 12.06.2017 წლიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს სარჩელში მითითებული ოდენობით დარიცხვით მოსარჩელის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არ არის, რის გამოც იგი სრულად, უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ. 6.4.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

7. საპროცესო ხარჯები

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხოლოდ ქე-------------იასა და ელ------------–--იას მიერ სასარჩელის ნაწილობრივ ცნობისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სოლიდარული ვალდებულების ნაწილში მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 238,37 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 125,27 ლარის გადახდა მოსარჩელისათვის დაეკისროს ყველა მოპასუხეს სოლიდარულად. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეებს ქე-------------იას, ინ---–-------–--ლს, ლა-–-------–---იას, თა---–--------ას, ელ------------ას და ელ------------–--იას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, ამონაწერის განახლების საფასურის - 11 ლარის და საჯარო რეესტრში სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის საფასურის - 21 ლარის ანაზღაურება, ხოლო ინდივიდუალური ვალდებულებების ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს მხოლოდ ქე-------------იამ.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 131-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სს ,,კრ---------კი”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1.მოპასუხეებს ქე-------------იას, ინ---–-------–--ლს, ლა-–-------–---იას, თა---–--------ას, ელ------------ას და ელ------------–--იას მოსარჩელე სს ,,კრ---------კი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 29 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3296,36 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2.მოპასუხე ქე-------------იას მოსარჩელე სს ,,კრ---------კი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ინდივიდუალური ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების - 1047,16 ლარის გადახდა;

 

2.მოპასუხეებს ინ---–-------–--ლს, ლა-–-------–---იას, თა---–--------ას და ელ------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 238,37 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 125,27 ლარის გადახდა მოსარჩელისათვის დაეკისროს ყველა მოპასუხეს სოლიდარულად;

 

3.მოპასუხეებს ქე-------------იას, ინ---–-------–--ლს, ლა-–-------–---იას, თა---–--------ას, ელ------------ას და ელ------------–--იას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, ამონაწერის განახლების საფასურის - 11 ლარის და საჯარო რეესტრში სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის საფასურის - 21 ლარის ანაზღაურება;

 

4.მოპასუხე ქე-------------იას მოსარჩელე სს ,,კრ---------კი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ინდივიდუალური ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

6.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა