გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
35---------------1
საქმე №2-84-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
20 აპრილი, 2018 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - შპს ,,ემ------------ი“
წარმომადგენელი - ნი-------------–---–ი
მოპასუხე - და-------------–---–ი
დავის საგანი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე და-------------–---–ს მოსარჩელე შპს ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ 1050 (ათას ორმოცდაათი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 350 ლარი, სარგებელი - 59,20 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი და პირგასამტეხლო - 620,80 ლარი.
1.2. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და საბოლოოდ მოითხოვა 983 ლარის და 20 თეთრის დაკისრება მოპასუხისთვის, საიდანაც 350 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 59,20 ლარი - სესხის სარგებელი, 20 ლარი - ერთჯერადი ჯარიმა და 554 ლარი - პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის.
სარჩელის მიხედვით, 29.01.2016 წელს შპს ,,ემ------------სა“ და და------------–---–ს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება №278681, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 350 ლარის ოდენობით 2016 წლის 10 მარტამდე. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენა მსესხებლის მიერ მისი შინაარსის გაცნობის შემდეგ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით. მსესხებელი იყო ვალდებული სესხი - 350 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი - 59.20 ლარი დაებრუნებინა 40 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
წერილობითი შესაგებლით მოპასუხე და-------------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ხოლო მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა, რომ ცნობს სარჩელს 429 ლარისა და 20 თეთრის მოთხოვნის ნაწილში, არ ცნობს 554 ლარის მოთხოვნის ნაწილში, რომელიც წარმოადგენს შემცირებულ პირგასამტეხლოს თანხას. ამასთან, მის მიერ სხვადასხვა დროს მოსარჩელის ანგარიშზე შეტანილი თანხა, ჯამში - 66,80 ლარის ოდენობით უნდა გამოაკლდეს მოთხოვნილ პირგასამტეხლოს თანხას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. და-------------–---–მა 2016 წლის 29 იანვარს ინტერნეტით მიმართა შპს ,,ემ------------ს“ და მოითხოვა სესხის გაცემა 350 ლარის ოდენობით, 40 დღის ვადაში თანხის დაბრუნებით. შპს ,,ემ------------ი“ დათანხმდა მოთხოვნას და გასცა სესხის სახით მოთხოვნილი თანხა 2016 წლის 29 იანვარს, რაც გადარიცხული იქნა და-------------–---–ს საბანკო ანგარიშზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ინფორმაცია მსესხებელზე (ს.ფ. 33).
- თანხის გადარიცხვის ქვითარი (ს.ფ. 34);
- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები.
3.1.2. და-------------–---–ის ანგარიშიდან რამდენიმეჯერ, კერძოდ: 02.11.2016 წელს, 03.11.2016 წელს, 04.11.2016 წელს, 05.11.2016 წელს, 08.11.2016 წელს, 09.11.2016 წელს, 10.11.2016 წელს, 11.11.2016 წელს, 19.04.2017 წელს, 20.04.2017 წელს, 25.04.2017 წელს, 13.06.2017 წელს მოხდა თანხის ჩამოჭრა შპს ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ, ჯამში - 66,80 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თანხის გადარიცხვის ქვითრები (ს.ფ. 55-68; 85-93 ).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - არ დაფარა კრედიტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ და-------------–---–მა 2016 წლის 29 იანვარს ინტერნეტით მიმართა შპს ,,ემ------------ს“ და მოითხოვა სესხის გაცემა 350 ლარის ოდენობით, 40 დღის ვადაში თანხის დაბრუნებით. შპს ,,ემ------------ი“ დათანხმდა მოთხოვნას და გასცა სესხის სახით მოთხოვნილი თანხა 2016 წლის 29 იანვარს, რაც გადარიცხული იქნა და-------------–---–ს საბანკო ანგარიშზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
დადგენილია, რომ და-------------–---–ის ანგარიშიდან რამდენიმეჯერ, კერძოდ: 02.11.2016 წელს, 03.11.2016 წელს, 04.11.2016 წელს, 05.11.2016 წელს, 08.11.2016 წელს, 09.11.2016 წელს, 10.11.2016 წელს, 11.11.2016 წელს, 19.04.2017 წელს, 20.04.2017 წელს, 25.04.2017 წელს, 13.06.2017 წელს მოხდა თანხის ჩამოჭრა შპს ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ, ჯამში - 66,80 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ და-------------–---–ის ანგარიშიდან შპს ,,ემ------------ის ანგარიშზე“ განხორციელდა ჯამში 66,80 ლარის გადარიცხვა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიქსირებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 42 ლარი და 90 თეთრი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
დადგენილია, რომ 23.02.2018 წელს მოსარჩელე მხარეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ 09.11.2017 წელს შპს ,,ემ------------მა“ იურიდიულ კომპანიას შპს ,,ჯ----–---ი“-ს გადაურიცხა იურიდიული მომსახურების თანხა 42 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის და იურიდიული მომსახურების თანხის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 49-ე, 53-ე, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ემ------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე - და-------------–---–ს მოსარჩელე - შპს ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 472 (ოთხას სამოცდათორმეტი) ლარის და 10 (ათი) თეთრის გადახდა, საიდანაც 350 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 59,20 ლარი - სარგებელი, 20 ლარი ერთჯერადი ჯარიმა, 42,90 ლარი - პირგასამტეხლო;
3. მოპასუხე - და-------------–---–ს მოსარჩელე - შპს ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 2 (ორი) ლარის და 18 (თვრამეტი) თეთრის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად;
4. მოპასუხე - და-------------–---–ს მოსარჩელე - ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 42 (ორმოცდაორი) ლარის გადახდა, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;
5. მოსარჩელე - შპს ,,ემ------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 21 (ოცდაერთი) ლარი და 82 (ოთხმოცდაორი) თეთრი;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი