განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/43-18 (N041021117001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
05.06.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნანა გაბედავა
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი: ნ---- ზ-------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული მ------ ქ--------–---–ი
მამის სახელი: გ--–-
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: ქ. ახმეტა, შ-----------------–-ს გამზ. N106
მცხოვრები: ქ. თბილისი, მეტრო ავლაბარი, ც--–------ის ქ. N22
ადვოკატი: მ------- ა----------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
მ------ ქ--------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის 01 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. ,,ყვავილების ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი მ------ ქ--------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თ----- ლ-–---ს კუთვნილ ,,Lenovo A319“ მოდელის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 100 (ას) ლარად.
- 2015 წლის 06 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მ------ ქ--------–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2017 წლის 22 ნოემბერს დაახლოებით 21:45 საათზე ქალაქ თბილისში მეველის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთაზე გადაადგილდებოდა მ------ ქ--------–---–ი, რა დროსაც პირადი გასიჯვის შედეგად მისი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს დანა, რომელსაც უკანონოდ ატარებდა. აღნიშნული დანა დამზადებულია ქარხნული წესით. არის მჩხვლეტავ მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 24 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მ------ ქ--------–---–ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი ( წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს მ------ ქ--------–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მ------ ქ--------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა - რ---- ჭ---–-----ის, თ----- ლ-–---ს, ვ-–-------- ა------ის და ნ-------- ქ-----ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; ტელეფონის დათვალიერების ოქმით; ამოღების ოქმით; ნივთიერი მტკიცებულებებით, პირის ამოცნობის ოქმით; დაკავებისა ოქმით; პირადი გასინჯვის და ნივთის გასინჯვის ოქმით; საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N163/ს დასკვნით; ტრასოლოგიური ექსპერტიზის N2039/ცი დასკვნით; შეტყობინებებით; ნასამართლობის ცნობით; განაჩენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა მ------ ქ--------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. ასევე, მ------ ქ--------–---–მა ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ------ ქ--------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა. ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავად შეტყობინა პატრულ-ინსპექტორ გ. ს-----ეს წინა დღეს მობილური ტელეფონის მოპარვის შესახებ (ტ.1.ს.ფ.2), გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას, რაც წარმოადგენს გამოძიებასთან თანამშრომლობის კლასიკურ ნიმუშს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: მ------ ქ--------–---–მა სრულად აღიარა დანაშაულები. ბრალის აღიარებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და დანაშაულის გახსნა მოხდა უშუალოდ მისი ხელშეწყობით. ზიანი აანაზღაურა ნებაყოფლობით-მოპარული ნივთი დაბრუნებულია. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ვინაიდან წინა ნასამართლობები წარმოადგენს დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, რაც თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, ასევე გათვალისწინებული ვერ იქნება სასჯელის ზომის განსაზღვრისას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულების ხასიათიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მ------ ქ--------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული უდაბლესი სასჯელის ზომა - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის ერთი მესამედი - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 02 (ორი) წლით გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული უდაბლესი სასჯელის ზომა - 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი.
ამასთან, მ------ ქ--------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ------ ქ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით. მართალია, მ------ ქ--------–---–მა ბრალად შერაცხული დანაშაულები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, მაგრამ იმის გამო, რომ წინა განაჩენით უკვე გაუქმებულია მოცემული პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულია საბოლოო სასჯელი, აღნიშნული პირობითი მსჯავრი მეორედ ვეღარ გაუქმდება, რის გამოც უნდა მოხდეს წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენთან ერთობლიობით ახალი საბოლოო სასჯელის დანიშვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე სასჯელთა შთანთქმის წესით. კერძოდ, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით. მას, ასევე საბოლოო სასჯელში უნდა ჩაეთვალოს სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ ქ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
1.1 საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 02 (ორი) წლით გამოსაცდელი ვადით.
1.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ ქ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 02 (ორი) წლით გამოსაცდელი ვადით.
3. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ------ ქ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 02 (ორი) წლით გამოსაცდელი ვადით.
4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ------ ქ--------–---–ს სასამართლო განხილვამდე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და წინა განაჩენით მოხდილი სასჯელი მთლიანად უნდა ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 04 დეკემბრიდან.
5. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ------ ქ--------–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
6.1. მ------ ქ--------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლ განყოფილებაში - განადგურდეს.
6.2. მ------ ქ--------–---–ის მიერ წარმოდგენილი „ლენოვოს“ მობილური ტელეფონი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.
7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე