გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.06.2018
საქმის ნომერი
411210018002301198
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 411210018002301198

საქმე N 2/49-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

4 ივნისი, 2018 წელი ქ. კასპი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი

 

მოსარჩელე: ნ------- წ-----------–---–ი

წარმომადგენელი: გ--------- ქ-------------ე

 

მოპასუხე: მ------ ი-–------ე

 

მესამე პირი: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი: ლ--–- მ-----–-–---–-

 

მოსარჩელის მოთხოვნა: არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის განსაზღვრა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის დროის განსაზღვრა.

 

სარჩელის თანახმად, ნ------- წ-----------–---–ი (პირ. № 2----------) და მ------ ი-–------ე (პირ. № 2----------) არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2015 წლიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2016 წლის 9 მაისს დაბადებული ლ---- წ-----------–---–ი (პირადი ნომერი: 2----------). მხარეებმა ვერ შეძლეს ოჯახის შენარჩუნება და 2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. ამჟამად ბავშვი ცხოვრობს დედასთან და მამას არ აქვს საშუალება ბავშვთან ურთიერთობის.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ არც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი პასუხი (შესაგებელი) წარმოადგინა სასამართლოში და არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადდა; მას არც საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია;

 

სასამართლოს მიერ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილება, რომელმაც წარმოადგინა დასკვნა; მისი წარმომადგენლის განმარტებით, ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, მამამ ინახულოს ყოველი კვირის ოთხშაბათსა და შაბათს ბავშვის ამჟამინდელი ცხოვრების რეჟიმის გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.1.1. მხარეები არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2015 წლიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2016 წლის 9 მაისს დაბადებული ლ---- წ-----------–---–ი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს დედასთან - მ------ ი-–------ესთან, და მამას არ აქვს ბავშვთან ურთიერთობის საშუალება.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა–განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. 2016 წლის 9 მაისს დაბადებული ლ---- წ-----------–---–ი არის ნ------- წ-----------–---–ისა და მ------ ი-–------ის შვილი.

 

მტკიცებულება: დაბადების მოწმობა

 

3.2.2. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილების დასკვნის თანახმად, ლ---- წ-----------–---–ი პრაქტიკულად ჯანმრთელია, მისი გონებრივი და ფიზიკური განვითარება შეესაბამება ასაკს; აქვს ადეკვატური ემოციები, ცნობს ოჯახის წევრებს;

 

ნ------- წ-----------–---–ის საცხოვრებელი სახლის პირობები დამაკმაყოფილებელია; მას აქვს დღიური შემოსავალი; მეზობლებისა და ახლობლების მხრიდან ხასიათდება დადებითად; მისი სურვილია, ბავშვი მოინახულოს ოთხშაბათსა და შაბათს, რაზეც არ არის წინააღმდეგი ბავშვის დედაც - მ------ ი-–------ე.

 

მტკიცებულება: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილების 2018 წლის 15 მაისის N 1907 დასკვნა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელეს მიეცეს შესაძლებლობა, ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილთან, რამდენადაც მშობელს გააჩნია შვილზე ზრუნვის არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც; ამავე დროს, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კასპის რაიონული განყოფილების დასკვნით ამგვარი ურთიერთობა ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ბავშვთა უფლებების კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

იმავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ; მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

,,ბავშვთა უფლებების კონვენციის” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) პრეამბულის მე–7 აბზაცის თანახმად, ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონული განყოფილების დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ლ---- წ-----------–---–თან ურთიერთობა ჰქონდეს მის მამას ყოველ ოთხშაბათს და შაბათ დღეს, რათა ბავშვმა არ გაწყვიტოს მასთან კავშირი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, მოცემული სადავო საკითხის გადაწყვეტისას უპირატესია ბავშვის უფლება და, თავის მხრივ, მშობელთა ვალდებულება, იზრუნონ მასზე; ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

აქედან გამომდინარე, ლ---- წ-----------–---–ის სრულფასოვან განვითრებაზე მამასთან – ნ------- წ-----------–---–თან ურთიერთობა დადებითად აისახება, და მამას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ბავშვის ინტერესებისვე გათვალისწინებით, ურთიერთობა იქონიოს შვილთან ყოველ ოთხშაბათს და შაბათ დღეს, 1600 საათიდან 1900 საათამდე.

 

ამგვარ ფორმატში ურთიერთობის მიზანშეწონილობის შესახებ უთითებს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” კასპის რაიონული განყოფილებაც, რაზეც, დასკვნის მიხედვით, არ არის წინააღმდეგი არც მ------ ი-–------ე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი; იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ნ------- წ-----------–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს მოპასუხე მ------ ი-–------ეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე და 249-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ნ------- წ-----------–---–ს მიეცეს შესაძლებლობა, ურთიერთობა იქონიოს მ------ ი-–------ესთან მცხოვრებ, 2016 წლის 9 მაისს დაბადებულ შვილთან - ლ---- წ-----------–---–თან ყოველ ოთხშაბათს და შაბათ დღეს, 1600 საათიდან 1900 საათამდე, მდგომარეობის შეცვლამდე.

 

3. მ------ ი-–------ეს მოსარჩელე ნ------- წ-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 50 (ორმოცდაათი) ლარი;

 

4. გ--------- ქ-------------ის მიერ ამ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით კასპის მაგისტრატი სასამართლოს (მის: კასპი, გიორგი სააკაძის ქ. N 124) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს კასპის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით პაპუაშვილი