გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.03.2018
საქმის ნომერი
010310117001874436
კატეგორია
დავის ტიპი
ჯარიმები
თარიღი
16.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე# 010310117001874436

№3-240/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - ჟუჟუნა აიოზბა

წარმომადგენელი - პაატა ბოლქვაძე

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

წარმომადგენელი - ნინო სურგულაძე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ჟუჟუნა აიოზბამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №37 დადგენილებისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 17 მარტის ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

 

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა განიხილა ჟუჟუნა აიოზბას მიერ თითქოსდა ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე ქ. ბათუმში, თავდადებულის N№13-ში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე (საერთო სარგებლობის ეზოში) ფილის უნებართვოდ განხორციელებულ მოწყობასთან დაკავშირებით. შედეგად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 23 იანვრის N№37 დადგენილებით ჟუჟუნა აიოზბა უნებართვო მშენებლობს წარმოების გამო დაჯარიმდა 3 000 (სამი ათასი) ლარით.

აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა მოსმენა, რა დროსაც მოსარჩელის მხრიდან წარდგენილი იქნა მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ფილის დასხმა განხორციელდა 2005 წელს. ასევე, ზედამხედველობის სამსახურმა მოითხოვა იმ ფაქტის დადასტურება, რომ ეს მოწმეები იყვნენ ამხანაგობის წევრები.

 

ამხანაგობა „სანდო - 2011“ შეიქმნა 2011 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც განხორციელდა ფილების დასხმა. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდებოდა, რომ მოწეები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა და ესწრებოდნენ ამ ფაქტს, კერძოდ ევგენი ზახაროვი - ამხანაგობის თავმჯდომარე; ლევან სურმანიძე - ამხანაგობის წევრი; ბეჟან გოგრაჭაძე - ხელოსანი, რომელაც უშუალოდ დაასხა ფილები; თამარ შანიძე, მანანა ხინკილაძე, ვაჟა დიასამიძე და გოჩა ქერქაძე - მეზობლები, არიან პირები, რომლებმაც დაადასტურეს კონკრეტული ფაქტი და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გასაზიარებლად აუცილებელი არ იყო, რომ ისინი ამხანაგობის წევრები ყოფილიყვნენ.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ფილის დასხმა ეზოში ჟუჟუნა აიოზბამ ჯერ კიდევ 2005 წელს განახორციელა, რაც სახლში შესასვლელი კობის წინა ეზოს ნაწილს მოიცავს და იმ დროს მეზობლების მხრიდან რაიმე სახის პრეტენზიას ადგილი არ ჰქონია. ამხანაგობის თავმჯდომარესთან უთანხმოებას მოჰყვა ის, რომ მან ზედამხედველობის სამსახურს აცნობა, თითქოსდა უკანონო მშენებლობაზე, რაც სინამდვილეს არ შეეფერება.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ საფუძველზე, 2007 წლამდე განხორციელებული უნებართვო მშენებლობები ისედაც კანონიერად მიიჩნევა და ზედამხედველობის სამსახურს ამ მხრივაც არ გააჩნდა საფუძველი, 2005 წელს ფილის დასხმა მიეჩნია უკანონო მშენებლობად და დაეჯარიმებინა ჟუჟუნა აიოზბა.

ჟუჟუნა აიოზბამ საჩვრით მიმართა ქ, ბათუმის მუნიციალეტის მერს, ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 23 იავნარს N№37 დადგენილების გაუქმების თაობაზე, თუმცა ვიცე-მერის ბრძანებით მას უარი ეთქვა, საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

 

გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისათვის არ მოიპოვება სამართლებრივი არგუმენტები. მოსაჩელე მხარე ამის საფუძვლად მიუთთებს იმ გარემოებას, თითქოს მშენებლობა 2005 წელს აწარმოა და მოქმედი კანონმდებლობით ის ლეგალიზებულია, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჟუჟუნა აიოზბას არ გააჩნია.

ის გარემოება, რომ წარმოებულია 1-ლი კლასის უნებართვო მშენებლობა, სადავო არ არის, ვინაიდან ჟუჟუნა აიოზბას არ მიუღია შესაბამისი თანხმობა, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსაგან.

ლეგალიზაციის წესის თანახმად, 2007 წლის 1-ელ იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტები, ან მათი ნაწილები ლეგალიზებას ექვემდებარება, თუმცა ამ შემთხვევაში უდავოა, რომ სამართალდამრღვევს არ მიუმართვას უნებართვოდ მოწყობილი ფილის ლეგალიზების შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილის მშენებლობა 2007 წლამდე განხორციელებულიც რომ იყოს, იგი ლეგალიზებული არ არის.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ჟუჟუნა აიოზბას საკუთრებაში გააჩნია, ქალაქ ბათუმში, დიმიტრი თავდადებულის ქუჩა №13-ში საერთო საკუთრების ეზოში მდებარე, საცხოვრებელი ფართი.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 17 აგვისტოს შედგენილი იქნა №140 მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თავდადებულის ქუჩა №13-ში საერთო ეზოში ჟუჟუნა აიოზბამ ნებართვის გარეშე აწარმოა ბეტონის ფილის დასხმა. მითითებით ჟუჟუნა აიოზბას გამოვლენილი დარღვევის ნებაყოფლობით გამოსწორების, კერძოდ, ფილის დემონტაჟისთვის მიეცა 5 დღის ვადა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 17 აგვისტოს №140 მითითება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 7 დეკემბერს შემოწმებული იქნა 2016 წლის 17 აგვისტოს №140 მითითების პირობების შესრულება. შემოწმების აქტით ზედამხედველობის სამსახურმა დადგენილად ჩათვალა, რომ მითითების პირობები ჟუჟუნა აიოზბამ არ შეასრულა, საერთო ეზოში უნებართვოდ დაგებული ბეტონის ფილის დემონტაჟი არ შესრულებულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 7 დეკემბრის შემოწმების აქტი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურში 2017 წლის 6 იანვარს ჩატარდა ზეპირი მოსმენა ჟუჟუნა აიოზბას მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით.

ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 23 იანვარს მიღებული იქნა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ჟუჟუნა აიოზბას დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ №37 დადგენილება, რომლითაც უნებართვო მშენებლობისა და 2016 წლის 17 აგვისტოს №140 მითითების პირობების შეუსრულებლობისათვის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, ჟუჟუნა აიოზბა დაჯარიმდა 3000 ლარით, ამასთან დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (მოწყობილი ფილის დემონტაჟი“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №37 დადგენილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. ჟუჟუნა აიოზბამ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №37 დადგენილება 2017 წლის 6 თებერვალს ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 17 მარტის №02/67 ბრძანებით, ჟუჟუნა აიოზბას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 17 მარტის №02/67 ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. ჟუჟუნა აიოზბამ 2017 წლის 5 აპრილს სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მერიისა და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ჟუჟუნა აიოზბას დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №37 დადგენილების და „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ქ. ბათუმის ვიცე მერის 2017 წლის 17 მარტის №02/67 ბრძანების ბათილად ცნობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჟუჟუნა აიოზბას სასარჩელო განცხადება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არის დადგენილი, თითქოს ქალაქ ბათუმში, დიმიტრი თავდადებულის ქუჩა №13-ში მდებარე ჟუჟუნა აიოზბას სახლში შესასვლელი ბეტონის ფილა ეზოში მოწყობილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენის დროს, 2016 წლის ზაფხუში და არა, იმ დროს, რასაც მიუთითებს მოსარჩელე მხარე, კერძოდ, 2005 წლამდე პერიოდში.

მოსარჩელე ჟუჟუნა აიოზბა კატეგორიულად უარყოფს, მის მიერ რაიმე სახის მშენებლობის განხორციელებას ბოლო წლების განმავლობაში და მისივე მტკიცებით, ფილის დასხმა განხორციელდა 2005 წელს.

დაუსაბუთებელია მოპასუხე მხარის ის მტკიცებაც, რომ ჟუჟუნა აიოზბას მიერ საერთო ეზოში, თავის სახლში შესასვლელი ფილა წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ ახალ მშენებლობას, რამდენადაც არ დასტურდება, რომ ის ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მშენებლობის სახეობას წარმოადგენს.

სასამართლო მოპასუხე მხარის მიერ, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებსა და საქმის სასამართლო განხილვის დროს მითითებული, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცებასთან დაკავშირებით მიუთითებს შემდეგზე:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენიული, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად და მოსარჩელე მხარის მტკიცების გასაქარწყლებლად არ გააჩნია შესაბამისი დამადატურებელი მტკიცებულებები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს ეს გარემოებები, უკანონო მშენებლობის სახეობა და მისი განხორციელების კონკრეტული დრო, არ ყოფილა სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, რასაც დავის სამართლებრივი რეგულაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №37 დადგენილება;

- ქ. ბათუმის ვიცე მერის 2017 წლის 17 მარტის №02/67 ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ჟუჟუნა აიოზბას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.

_ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი“.

_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება „მშენებლობის

ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია:

ა)ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);

ბ)რეკონსტრუქცია;

გ)რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას);

დ)დემონტაჟი;

ე)ლანდშაფტური მშენებლობა;

ვ)დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.

შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განმარტებულია ახალი მშენებლობა: შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

მოსარჩელე ჟუჟუნა აიოზბას საკუთრებაში გააჩნია, ქალაქ ბათუმში, თავდადებულის ქუჩა №13-ში მდებარე საერთო საკუთრების ეზოში გააჩნია საცხოვრებელი ფართი.

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 17 აგვისტოს შედგენილი იქნა №140 მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ თავდადებულის ქუჩა №13-ში საერთო ეზოში ჟუჟუნა აიოზბამ ნებართვის გარეშე აწარმოა ბეტონის ფილის დასხმა. მითითების თანახმად, სწორედ აღნიშნული ფილის დასხმა მიჩნეული იქნა უნებართვო მშენებლობად.

 

6.2. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა.

ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიჩნეული იქნა, რომ დიმიტრი თავდადებულის ქუჩა №13-ში საერთო ეზოში ჟუჟუნა აიოზბამ მიერ ბეტონის ფილის დსხმა წარმოადგენდა ახალ მშენებლობას, რომელიც საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას და ასეთი ჟუჟუნა აიოზბას არ გააჩნდა.

№140 მითითებით ჟუჟუნა აიოზბას გამოვლენილი დარღვევის ნებაყოფლობით გამოსწორების, კერძოდ, ფილის დემონტაჟისთვის მიეცა 5 დღის ვადა. ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 7 დეკემბერს შეამოწმა №140 მითითების პირობების შესრულება და დაადგინა, რომ მითითება შესრულებული არ იყო, კერძოდ, საერთო ეზოში უნებართვოდ დაგებული ბეტონის ფილა არ ყოფილა დემონტირებული.

ზედამხედველობის სამსახურში 2017 წლის 6 იანვარს ჩატარდა ზეპირი მოსმენა ჟუჟუნა აიოზბას მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით და 2017 წლის 23 იანვარს მიღებული იქნა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ჟუჟუნა აიოზბას დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“ №37 დადგენილება, რომლითაც უნებართვო მშენებლობისა და 2016 წლის 17 აგვისტოს №140 მითითების პირობების შეუსრულებლობისათვის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, ჟუჟუნა აიოზბა დაჯარიმდა 3000 ლარით, ამასთან დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (მოწყობილი ფილის დემონტაჟი).

 

6.3. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვარს მიღებული №37 დადგენილება, „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ჟუჟუნა აიოზბას დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“, სწორედ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43-ე მუხლს ემყარება, რამდენადაც ჟუჟუნა აიოზბას მიერ ეზოში ფილის დასხმა უნებართვო მშენებლობად (1-ლი კლასის) იქნა შეფასებული.

სასამართლო მიიჩნევს, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ჟუჟუნა აიოზბას ნაწარმოები სამუშაოები, კერძოდ, ეზოში ბეტონის ფილის დასხმა უნებართვო მშენებლობად ისე იქნა შეფასებული, რომ ამისთვის არ მომხდარა აუცილებელი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და სწორი სამართლებრივი ანალიზი.

კერძოდ:

- ბეტონის ფილის დანიშნულება და ამ სამუშაოს სახეობის სწორი განსაზღვრა, მშენებლობის კლასიფიკაციის მხრივ; როგორც მოსარჩელე ამტკიცებს, ის ეზოში სახლში შესასვლელი კიბის წინ იქნა მოწყობილი (დასხმული) და წარმოადგენს მიწის ზედაპირიდან მხოლოდ კიბის საფეხურამდე ამაღლებას.

მოპასუხე მხარე არ უარყოფს მშენებლობის ასეთ დახასიათებას, თუმცა ვერ იქნა ახსნილი, რატომ და რა მახასიათებლებით მიიჩნევა ასეთი სახის ფილის დსხმა, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ახალ მშენებლობად.

- მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ეზოში ამ ფილის დასხმა განხორციელდა 2005 წელს (2007 წლამდე) და მისი მტკიცებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი მშენებლობა ნებართვასაც რომ საჭიროებდეს, ის დასჯად ქმედებას აღარ წარმოადგენს.

სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის“ 1-ლი მუხლის თანახმად,1. ეს წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების (შემდეგში – ობიექტები ან მათი ნაწილები) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს.

2. წესის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ ობიექტებისა და მათი ნაწილების მიმართ, რომელთა მშენებლობა ბრძანებულების ძალაში შესვლის დროისათვის დასრულებულია.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კი ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება.

სასამართლო განმარტავს, რომ პრეზიდენტის აქტით განსაზღვრული აღნიშნული რეგულაციის საფუძველზე, ბრძანებულების ამოქმედებამდე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელია, რამდენადაც უნებართვო მშენებლობის განმხორციელებელ პირს ეს სამართლებრივი მოწესრიგების წესი აძლევს შესაძლებლობას, უნებართვო მშენებლობას მიეცეს ლეგალური ხასიათი.

ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ გარემოების სწორად დადგენას, რომ ჟუჟუნა აიოზბამ ფილის დასხმა 2007 წლამდე პერიოდში, თუ მას შემდეგ განახორციელა, არსებითი მნიშვნელობა აქვს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების დასადგენად.

ამასთან, იმ შემთხვევისათვის, თუ ფილის დასხმა 2007 წლის შემდგომ პერიოდში განხორციელებულ მშენებლობად ჩაითვალა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, შეფასდება თუ არა ის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ისეთ სამშენებლო სამართალდარღვევად, რომლისთვისაც პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

 

6.4. სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ საქმის ამ არსებითი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არის დადგენილი, თითქოს ქალაქ ბათუმში, დიმიტრი თავდადებულის ქუჩა №13-ში მდებარე ჟუჟუნა აიოზბას სახლში შესასვლელი ბეტონის ფილა ეზოში მოწყობილი იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენის დროს, 2016 წლის ზაფხულში და არა, იმ დროს, რასაც მიუთითებს მოსარჩელე მხარე, კერძოდ, 2005 წლამდე პერიოდში.

დაუსაბუთებელია მოპასუხე მხარის ის მტკიცებაც, რომ ჟუჟუნა აიოზბას მიერ საერთო ეზოში, თავის სახლში შესასვლელი ფილა წარმოადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ ახალ მშენებლობას, რამდენადაც არ დასტურდება, რომ ის ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მშენებლობის სახეობას წარმოადგენს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად და მოსარჩელე მხარის მტკიცების გასაქარწყლებლად არ გააჩნია შესაბამისი დამადატურებელი მტკიცებულებები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს ეს გარემოებები, უკანონო მშენებლობის განხორციელების კონკრეტული დრო და მშენებლობის სახე არ ყოფილა სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, რასაც დავის სამართლებრივი რეგულაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ ფილის მშენებლობის სახეობისა და მშენებლობის დროის დადგენასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება ზედამხედველობის სამსახურსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში არასრულყოფილად იქნა ჩატარებული.

 

6.5. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი - „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ჟუჟუნა აიოზბას დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ“ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №37 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქ. ბათუმის ვიცე მერის 2017 წლის 17 მარტის №02/67 ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები განისაზღვრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს” პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით.

ამავე კანონის 1-ლი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა.

აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.

სასამართლოს მიაჩნია, მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ქ. ბათუმის მერიამ ისე განიხილეს ჟუჟუნა აიოზბას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხი, არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.

სასამართლო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მიჩნეული იქნას სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

მართალია, სამშენებლო საქმიანობის კონტროლის რეგულაციები დადგენილია სპეციალური კანონით, მაგრამ ამ კანონით განსაზღვრული სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევას და მასზე ჩვეულებრივი წესით ვრცელდება ის ზოგადი ნორმები, რომელიც დადგენილია სამართალდარღვევისათვის.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულია, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციულ ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.

 

6.7. განსახილველ შემთხვევაში, ჟუჟუნა აიოზბას სამართალდამრღვევად მიჩნევისა და მისთვის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №37 დადგენილებით სახდელის დაკისრებისათვის სახეზე უნდა იყოს მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ამასთან, კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს.

სასამართლო განმარტავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, ჟუჟუნა აიოზბას მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, რამდენადაც, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არის დადგენილი, ქ. ბათუმში, თავდადებულის ქუჩა №13-ში ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი, ეზოში ბეტონის ფილის დასხმის სამუშაოს ჩატარების დრო, 2007 წლამდე, თუ შემდეგ პერიოდში და არასრულყოფილად არის გაანალიზებული ასევე, თვითონ ფილის დასხმის, როგორც განხორციელებული სამუშაოს სახეობა, მისი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნიდან გამომდინარე. კერძოდ, ეზოში ბეტონის ფილის დასხმა წარმოადგენს თუ არა, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ ახალ მშენებლობას, რაც არსებითი გარემოებაა, ჩადენილი ქმედების სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნევისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.

 

6.8. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ ექნებოდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საფუძველი, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების შეფასებისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1–ლი და მე–8 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. ამავე კოდექსის 236–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უნდა გამოეკვლია და გაეანალიზებინა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და მხოლოდ აღნიშნული, განმსაზღვრელი მნიშვნელობის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასების შემდეგ უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, ჟუჟუნა აიოზბას მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა შეეფასებინა ეს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ხომ არ გამორიცხავდა მასზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-11 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები;

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ეს კონკრეტული გარემოებები არ ყოფილა გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს, ქ. ბათუმის მერიის, ან ზედამხედველობის სამსახურის მიერ და არ მისცემია მათ სათანადო შეფასება.

 

6.9. სასამართლო აღნიშნავს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ჟუჟუნა აიოზბას დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №37 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 17 მარტის №02/67 ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რამაც გამოიწვია მოსარჩელე ჟუჟუნა აიოზბას კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევასა და მასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს.

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის, და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

6.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

ამის შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი, „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ჟუჟუნა აიოზბას დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №37 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 17 მარტის №02/67 ბრძანება.

ამასთან, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს უნდა დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, ქ. ბათუმში, თავდადებულის ქუჩა №13-ში განხორციელებულ ფილის დასხმის შესახებ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებანი, მოახდინოს ადგილის დათვალიერება, გამოითხოვოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან შესაბამისი ინფორმაცია და შეკრიბოს მტკიცებულებები, გამოიყენოს სპეციალისტის, ექსპერტის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები.

მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად უნდა დადგინოს სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა და ისე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ჟუჟუნა აიოზბას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. ბათილად იქნას ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ჟუჟუნა აიოზბას დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №37 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 17 მარტის №02/67 ბრძანება.

3. ქ. ბათუმის მერიას დაევალოს, დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. ბათუმში, თავდადებულის ქუჩა №13-ში განხორციელებულ უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებულ, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.

4. ქ. ბათუმის მერიას გადახდეს მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი, 50 ლარი

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე