გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/426-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 მაისი 2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს „ტ----------ი"
წარმომადგენელი ანა გოთაძე
მოპასუხეები ზ---- ა-----–---–ი
შ--–-- ც-–--–-–---–ი
დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ---- ა-----–---–ის და შ--–-- ც-–--–-–---–ისათვის 5420,88 ლარის სოლიდარულად დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4158,81 ლარი, სარგებელი 1062,07 ლარი, პირგასამტეხლო 200 ლარი.
1.2. ზ---- ა-----–---–ისა და შ--–-- ც-–--–-–---–ისათვის 2017 წლის 13 თებერვლიდან პირგასამტეხლოს დაკისრება ძირითადი თანხის დავალიანების 0,1%-ით ყოველდღიურად 4,15 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
სარჩელის საფუძვლები
2014 წლის 13 ივნისს სს „კ----------------------სა“ (უფლებამონაცვლეა სს ტ---------ი)და ზ---- ა-----–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 5000 ლარი 2 წლისა და 11 თვის ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13,50%-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%-ის ოდენობით კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის.
2014 წლის 13 ივნისს სს "კ----------------------სა" და შ--–-- ც-–--–-–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 6080,57 ლარის ფარგლებში. თავდებმა სრულად იკისრა ზ---- ა-----–---–ის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება.
მოპასუხეს კრედიტი არ დაუბრუნებია, მას სესხი არ გადაუხდია 2014 წლის დეკემბრის შემდეგ. მისი დავალიანებაა ძირითადი თანხა 4158,81 ლარი, პროცენტი 1062,07 ლარი. მოთხოვნილია პირგასამტეხლო 200 ლარი სარჩელის აღძვრის დღემდე ვადაგადაცილების პერიოდისათვის.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წერილობით შესაგებელი არ წარმოადგინეს.
სასამართლო სხდომაზე ზ---- ა-----–---–მა განმარტა, რომ ცნობს სარჩელს, თანახმაა გადაიხადოს სარჩელით მოთხოვნილი თანხა.
მოპასუხე შ--–-- ც-–--–-–---–ი სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 13 ივნისს სს „კ----------------------სა“ (უფლებამონაცვლეა სს „ტ---------ი“) და ზ---- ა-----–---–ს შორის წერილობით დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 5000 ლარი 2 წლისა და 11 თვის ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13,50%-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%-ის ოდენობით კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, ზ---- ა-----–---–ს კრედიტის თანხა უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად თვის 30 რიცხვში თანხის გადახდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 12-19. ტომი 1)
- მოპასუხეების განმარტებები (16.05.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.1.2. 2014 წლის 13 ივნისს სს "კ----------------------სა" და შ--–-- ც-–--–-–---–ს შორის წერილობით დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 6080,57 ლარის ფარგლებში. თავდებმა სრულად იკისრა ზ---- ა-----–---–ის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- თავდებობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 20-22. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი 1)
3.1.3. მსესხებელმა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. 2015 წლის იანვრიდან თანხა არ გადაუხდია. გადასახდელი სესხის ძირითადი თანხაა 4158,81 ლარი, პროცენტი 1062,07 ლარი. მოთხოვნილია პირგასამტეხლო 200 ლარი, რაც არის ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე ვადაგადაცილების პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 25. ტომი 1)
- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 23-24. ტომი 1)
- მოსარჩელის განმარტება (16.05.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. მოპასუხე შ--–-- ც-–--–-–---–ს სხდომის თარიღი ეცნობა სსსკ-ის 74-ე მუხლის დადგენილი წესით, რადგან უწყება 2018 წლის 20 აპრილს ჩაიბარა ოჯახის სრულწლოვანმა, ქმედუნარიანმა წევრმა რძალმა ტასო ცეცლაშვილმა. მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობია), რის გამოც სარჩელში მითითებული გარემოებები, შ--–-- ც-–--–-–---–თან თავდებობის ხელშეკრულების დადების შესახებ, დამტკიცებულად ითვლება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების სოლიდარულად შესრულება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 401-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 892-ე, 893-ე, 895-ე , 361-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, მუხლები, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი.
· საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 230-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო მიაჩნია, რომ მოპასუხე შ--–-- ც-–--–-–---–ის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად, საქმეზე გამოტანილი უნდა იქნას საერთო გადაწყვეტილება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად. განსახილველი სარჩელით საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნილია სესხის სოლიდარულად დაკისრება. ამდენად, მოპასუხეების მიმართ მოთხოვნას აქვს საერთო საფუძველი და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის საკრედიტო ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი საფუძვლების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სს „ტ---------სა’’ და ზ---- ა-----–---–ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 5000 ლარი 2 წლისა და 11 თვის ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 13,50 %-ით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, 2015 წლის იანვრიდან მოპასუხეს კრედიტი არ დაუბრუნებია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---- ა-----–---–ისათვის სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაკისრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხემ ცნო მოსარჩელის ეს მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.
განსახილველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული საკრედიტო და თავდებობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სადაო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ზ---- ა-----–---–ისათვის 5920,88 ლარის დაკისრების თაობაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების ვალდებულება სოლიდარულია, რადგან შ--–-- ც-–--–-–---–მა იკისრა ზ---- ა-----–---–ის კრედიტის დაფარვის ვალდებულება მსესხებელთან თანაბარწილად. შესაბამისად, საკრედიტო ვალდებულების შესრულება ასევე უნდა დაეკისროს შ--–-- ც-–--–-–---–ს. .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის მიხედვით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
შ--–-- ც-–--–-–---–თან წერილობითი ფორმითაა დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც იგი კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ზ---- ა-----–---–ის მიერ 2014 წლის 13 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება, გადაიხადოს კრედიტის თანხა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის მიხედვით, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მსესხებელმა საკრედიტო ხელშეკრულება ჯეროვნად არ შეასრულა. არ დააბრუნა მიღებული თანხა სრულად, რაც წარმოშობს მსესხებელთან ერთად სოლიდარული თავდების ვალდებულებას შეასრულოს სასესხო ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. მოპასუხემ არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ დააბრუნა კრედიტის თანხა და შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდევინება კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, რის გამოც სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გარდა მოპასუხეები ვალდებულები არიან გადაიხადონ პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს, კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს, ხოლო სარჩელით მოთხოვნილია ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე 200 ლარის დაკისრება, ასევე 2017 წლის 13 თებერვლიდან ერთი წლის მანძილზე ყოველდღიურად ძირითადი თანხის დავალიანების 0,1%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარის დაკისრება .
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს არსი განმარტებულია შემდეგნაირად: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პირველ რიგში გააჩნია პრევენციული ფუნქცია, იგი მოვალეზე ერთგვარი ზეწოლის საშუალებაა და უბიძგებს მიიღოს ყველა ზომა ხელშეკრულების ჯეროვნად და დროულად შესასრულებლად. კრედიტორის ინტერესი პირგასამტეხლოს მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად აინაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი და მოვალე აიძულოს პირგასამტეხლოს დაკისრების შიშით ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
განსახილველ დავაში სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის საერთო ოდენობაა 5220,88 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილია საერთო ჯამში 700 ლარი.
მოპასუხემ კრედიტის დაბრუნება შეწვიტა 2015 წლის 30 იანვრიდან, შესაბამისად, თანხის დაბრუნება ვადაგადაცილებულია თითქმის სამი წელია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია. ვალდებულება არ შესრულებულა თითქმის სამი წლის განმავლობაში, მართალია ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა, მაგრამ შესრულებულია ვალდებულების მცირე ნაწილი (სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 4158,81 ლარი, ხოლო სესხად მიღებული თანხაა 5000 ლარი). სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილების ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით და იმის გამო, რომ სესხის მცირე ნაწილია დაბრუნებული, მოთხოვნილი 700 ლარი გონივრული პირგასამტეხლოს თანხაა, მოპასუხისათვის სამართლიანი სანქციია ვალდებულების დარღვევის ხასიათის გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამ ნორმის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია მოპასუხეებს მოსთხოვოს კრედიტის სოლიდარულად დაბრუნება, ხოლო მოვალეეები ვალდებულნი არიან შეასრულოს ვალდებულება, რადგან დადგენილ ვადაში საკრედიტო ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის.
მოპასუხეების ვალდებულების მოცულობაა სესხის ძირითადი თანხა 4158,81 ლარი, სარგებელი 1062,07 ლარი, პირგასამტეხლო სარჩელის აღძვრამდე პერიოდის 200 ლარი, 2017 წლის 13 თებერვლის შემდგომ გადასახდელი პირგასამტეხლო 500 ლარი, საერთო ჯამში 5920,88 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხეები საპროცესო თანამონაწილეები არიან, რადგან მათ მიმართ საერთო მოთხოვნაა წარდგენილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის მიხედვით, თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად. მოპასუხე ზ---- ა-----–---–მა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი და მის მიმართ გადაწყვეტილება გამოტანილია სარჩელის ცნობის საფუძველზე.
მართალია მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, თუმცა ვინაიდან დავა შეეხება მოპასუხეებისათვის ვალდებულების სოლიდარულად დაკისრებას, საერთო და განუყოფელია ასევე სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებაც. შესაბამისად, მოსარჩელისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს შ--–-- ც-–--–-–---–ს, რადგან მის მიმართ გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად და მასზე სსსკ 49-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა იყო 17735,07 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 532,05 ლარი. მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 5920,88 ლარის დაკისრება, რაც არის თავდაპირველი მოთხოვნის 34 %. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მოპასუხეების მიერ მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟი უნდა განისაზღვროს ამ პროპორციით, რაც შეადგენს 177,6 ლარს.
შესაბამისად, მოპასუხე შ--–-- ც-–--–-–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის 177,6 ლარის გადახდა, ხოლო სს ტ---------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 354,9 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 208-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს სს „ტ-----------ის“ სარჩელი;
1.1. შ--–-- ც-–--–-–---–ს და ზ---- ა-----–---–ს დაეკისროთ სს „ტ---------ისათვის“ 5920,88 ლარის სოლიდარულად გადახდა;
2. სს „ტ---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2017 წლის 14 თებერვალს, 2016 წლის 30 ივნისს და 2016 წლის 16 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 354,9 ლარი (საგადასახადო დავალება N2, N3, N21). თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში სახაზინო კოდი 300063150. ბანკის კოდი TRESGE22.
3. შ--–-- ც-–--–-–---–ს დაეკისროს სს „ტ---------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 177,6 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი