გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017001857564
საქმე №2/280 - 17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13.06.2018 წ. ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი ნათია გოჩიტაშვილი;
მოსარჩელე: უ-–-----------------ა (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე);
წარმომადგენელი: დ-------------–---–ი;
მოპასუხე: ჰ--------------ი (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე);
მოპასუხის წარმომადგენელი: შ--–--------------–---–ი;
მცირეწლოვნების: ს---------------ის და მ----------------ის წარმომადგენელი: თ----------------ე;
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება (ძირითად სარჩელში), მცირეწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (შეგებებულ სარჩელში).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა (ძირითად სარჩელში);
1.1. მოპასუხე ჰ--------------ს მისი მცირეწლოვანი შვილების ს---------------ის (დაბადებული: 03.02.2--- წელს) და მ----------------ის (დაბადებული: 22.07.2--- წელს) სასარგებლოდ სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე დაეკისროს ალიმენტის გადახდა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ბავშვზე.
ძირითადი სარჩელის დასაბუთება.
მოსარჩელის წარმომადგენლმა დ-------------–---–მა განმარტა, რომ უ-–-----------------ა და ჰ--------------ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ს---------------ი (დაბადებული: 03.02.2--- წელს) და მ----------------ი (დაბადებული: 22.07.2--- წელს). ოჯახური უსიამოვნების გამო მეუღლეები გაცილდნენ ერთმანეთს და ორივე მცირეწლოვანი ამჟამად დედასთან ერთად ცხოვრობს. მოსარჩელეს არ გააჩია შემოსავალი იმ ოდენობით, რომ უზრუნველყოს ბავშვების მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. ყოფილი მეუღლე თავს არიდებს ბავშვების რჩენის მოვალეობას და მოპასუხეს გააჩნია მატერიალური შესაძლებლობა, რომ ალიმენტის სახით ბავშვებს გადაუხადოს 800 ლარი.
შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენლმა დ-------------–---–მა სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ ბავშვები დედასთან ცხოვრობენ კარგ პირობებში, მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის. მართალია, რომ ოჯახის წევრები ბავშვებთან ერთად გადაადგილდებოდნენ საზაფხულო საძოვრებზე, მაგრამ ბავშვები კარგ პირობებში იმყოფებოდნენ. მისი უფროსი შვილი ს---------------ი ამ წელს წავა სკოლაში და ბავშვები მთელი წელი სოფელში იქნებიან.
2. მოპასუხის (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეს) პოზიცია
ჰ--------------ის წარმომადგენელმა შ--–--------------–---–მა ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ს---------------ი (დაბადებული: 03.02.2--- წელს) და მ----------------ი (დაბადებული: 22.07.2--- წელს) და ორივე მცირეწლოვანი ამჟამად დედასთან ერთად ცხოვრობს დედის მამის ს---- გ---------ის სახლში. მეუღლეების გაშორებამდე ბავშვები ცხოვრობდნენ მამის სახლში სოფელ კ----–---ში, სადაც ბავშვებს ქონდათ კარგი საცხოვრებელი პირობები. დღეის მდგომარეობით ბავშვები უ-–-----------------ას მამის ს---- გ---------ის სახლში იმყოფებიან, ს---- გ---------ის მთელი ოჯახი ეწევა მომთაბარე ცხოვრებას, საქონელთან ერთად მუდმივად გადაადგილდებიან სხვადასხვა საძოვრების მიმართულებით და ბავშვებიც თან დაყავთ, რის გამოც ბავშვებს არ გააჩნიათ ნორმალური ცხოვრების პირობები, არ გააჩნიათ ჯანსაღი კვება, არ არიან აცრილები და ვერ სწავლობენ სკოლაში, რითიც ირღვევა მათი უფლებები. ამრიგად, მიაჩნია, რომ ბავშვების მუდმივი საცხოვრებელი უნდა იყოს მამის საცხოვრებელი სახლი სოფელ კ----–---ში, სადაც ბავშვებს ექნებათ ნორმალური პირობები ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის.
ჰ--------------ის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მოსარჩელე ეწევა მესაქონლეობას, ყავს 30 ძროხა და მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენს 300 (სამას) ლარს.
3. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
მცირეწლოვანი შვილების ს---------------ის (დაბადებული: 03.02.2--- წელს) და მ----------------ის (დაბადებული: 22.07.2--- წელს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის ჰ--------------ის საცხოვრებელი ადგილი, რ---------------------------–-------–---ი.
4. არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენელმა თ----- ტ--------მ მხარი დაუჭირა 2018 წლის 19 თებერვლის სოციალური მუშაკის დასკვნას და განმარტა, რომ სოციალური მუშაკის დასკვნაში ასახული პრობლემები გამოსწორებული აქვს უ-–-----------------ას და ბავშვები უკვე იმყოფებიან სამედიცინო აღრიცხვაზე საგარეჯოს რაიონ სოფელ ი------------–--ს ამბულატორიაში. ასევე, საბუთები უკვე შეიტანეს საგარეჯოს რაიონ, სოფელ ლამბალოს სკოლაში. ამასთან განმარტა, რომ მიზანშეწონილი იქნება თუ, ბავშვებს ორივე მშობელთან ექნებათ ურთიერთობა. თუმცა ისინი უნდა დარჩნენ დედასთან და ეტაპობრივად უნდა მოხდეს მამასთან ურთიერთობის აღდგენა.
5. ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.1.1. უ-–-----------------ა და ჰ--------------ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ს---------------ი (დაბადებული: 03.02.2--- წელს) და მ----------------ი (დაბადებული: 22.07.2--- წელს). ოჯახური უსიამოვნების გამო მეუღლეები გაცილდნენ ერთმანეთს და ორივე მცირეწლოვანი დღეის მდგომარეობით დედასთან უ-–-----------------ასთან ერთად ცხოვრობენ ს-----------------------------–------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა, მოწმეთა განმარტებები,5.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.2.1. დედას და შვილებს შორის არის კარგი ურთიერთობა. დედასთან ბავშვები თავს კარგად გრძნობენ, დედა მათზე კარგად ზრუნავს, ბავშვები ცხოვრობენ ნორმალურ პირობებში, მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა, ბავშვის წარმომადგენლის და მოწმეთა განმარტებები;
5.2.2. მოსარჩელე ჰ--------------ი ეწევა მესაქონლეობას, ყავს 30 სული ძროხა და მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენს 300 (სამას) ლარს.
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ ძირითად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შეგებებული სარჩელის მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას.
7. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე ,1200-ე მუხლები, ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენცია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. შეგებებული სარჩელის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას სასამართლოს მიაჩნია, რომ მცირეწლოვანების საცხოვრებელ ადგილად უნდა დარჩეს დედის უ-–-----------------ას საცხოვრებელი ადგილი და ამ მოთხოვნაზე ჰ--------------ს უარი უნდა ეთქვას, შემდეგ გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლი უკრძალავს იმ მშობელს შეზღუდოს მეორე მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, რომელიც მასთან ცხოვრობს. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.
ბავშვის უფლებათა კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები. კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.
ზემოთაღნიშნული ნორმების საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას ბავშვების მცირე ასაკის გათვალისწინებით გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ იმ არგუმენტაციით, თუ რა პირობები შეიძლება მიჩნეული იქნეს ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის საუკეთესოდ. ასეთ პირობებში პირველ რიგში მოაზრებული უნდა იქნეს ის სოციალური გარემო და კონკრეტული ჰუმანური რესურსები, რაც აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიის პოზიტიური განვითარებისათვის. საუკეთესოდ ფასდება ის გარემო, სადაც ბავშვმა შეიძლება მიიღოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ემოციური რესურსები. ამასთან ყველა ბავშვის უფლებაა, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, ეს წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას.
მხარეთა, მოწმეთა და არასრულწლოვანების წარმომადგენლის განმარტებიდან, საქმეში წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დედის ოჯახის სანიტარულ - ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოა, ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ აქვთ თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება, ოჯახში დამაკმაყოფილებელია ბავშვების ძირითადი მოთხოვნები, ბავშვები უზრუნველყოფილი არიან ადეკვატური საკვებით, აქვთ ნორმალური საცხოვრებელი პირობები, ოჯახის წევრებისგან გარემოცული არიან მზრუნველი გარემოთი. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გამო, რომ ს---------------ი (დაბადებული: 03.02.2--- წელს) და მ----------------ი (დაბადებული: 22.07.2--- წელს) მცირეწლოვნები არიან, მათი ასაკიდან და საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია და ბავშვების ინტერესია, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი დარჩეს დედის საცხოვრებელი ადგილი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე დედის და ბავშვების პროცესუალური წარმომადგენლის ჩვენებიდან დადგენილი იქნა, რომ უფროსი ბავშვი დედის მიერ უკვე დარეგისტრირებულია და სექტემბრიდან შედის საშუალო სკოლის პირველ კლასში და ასევე დედამ უ-–-----------------ამ სხდომაზე განაცხადა, რომ ცხვარში მამამისს აღარ წაყვებოდა და ბავშებთან ერთად მუდმივად იქნებოდა სოფელში.
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რეალურად არსებული ვითარებიდან გამომდინარე ისეთი რადიკალური ღონისძიების გატარება, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მათი იძულება დატოვონ დედის სახლი და საცხოვრებლად გადავიდნენ მამის სახლში გაუმართლებელია. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ბავშვებს ესაჭიროებათ სტაბილური და უსაფრთხო გარემო და ამ თვალსაზრისით ნებისმიერი ძალდატანებით ცვლილებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ბავშვების სტრესული მდგომარეობა. ამავე დროს მიზანშეწონილია, რომ მამას მიეცეს უფლება ნებისმიერ დღეს მოინახულოს თავისი შვილები და დროებით წაიყვანოს თავის სახლში.
8.2. ძირითადი სარჩელით დაყენებული ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა მცირეწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოპასუხეს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის (800 ლარის) დაკისრება არ შეიძლება გონივრული იყოს. ალიმენტი არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომლის გადახდაც მხარეს რეალურად არ შეუძლია ან მას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.
აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად და გონივრულად მიაჩნია, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხე ჰ--------------ს არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის დაეკისროს ალიმენტი 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე მათ სრულწლოვანებამდე.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტის თანახმად: დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. სარჩელი (ალიმენტის მოთხოვნა) დაკმაყოფილდა 150 ლარის ნაწილში, ხოლო მოპასუხემ სარჩელის ეს მოთხოვნა არ ცნო. მოსარჩელე მხარე კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული სარჩელის მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს 54 ( ორმოც და თოთხმეტი) ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.მოსარჩელე უ-–-----------------ას სარჩელი ალიმენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ჰ---- მ------ეს, მისი მცირეწლოვანი შვილების ს---------------ის (დაბადებული: 03.02.2--- წელს) და მ----------------ის (დაბადებული: 22.07.2--- წელს) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა 75 (სამოც და თხუთმეტი) ლარის ოდენობით, თითოეულ ბავშვზე.
3.ალიმენტის დარჩენილი თანხის დაკისრებაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.
4. არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის დაკისრებული ალიმენტის გადახდევინება მოხდეს სარჩელის შემოტანიდან (2017 წლის 24 მარტიდან) ბავშვების სრულწლოვანებამდე.
5.ჰ--------------ის შეგებებული სასარჩელის მოთხოვნა, რომ მცირეწლოვანი შვილების ს---- მ------ევის და მ----------------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მისი (ჰ--------------ის) საცხოვრებელი ადგილი, არ დაკმაყოფილდეს.
6. ჰ--------------ს მიეცეს თავისი არასრულწლოვანი შვილების ს---------------ის (დაბადებული: 03.02.2--- წელს) და მ----------------ის (დაბადებული: 22.07.2--- წელს) ნებისმიერ დღეს ნახვის უფლება და ბავშვების თანხმობის შემთხვევაში თავის საცხოვრებელ სახლში დროებითი წაყვანის უფლება შემდეგნაირად: ყოველი კვირის პარასკევს 16 (თექვსმეტი) საათიდან - კვირა დღის 16 (თექვსმეტ) საათამდე წაიყვანოს ბავშვები თავის (მამის) საცხოვრებელ სახლში ღამე დარჩენის უფლებით საგარეჯოს რაიონის სოფელი კ----–---ში, დედის უ-–-----------------ას საცხოვრებელ სახლში კვირა დღის 16 (თექვსმეტ) საათამდე დაბრუნების პირობით.
7. ჰ--------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 54 ( ორმოც და თოთხმეტი) ლარის გადახდა.
8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილს მე-9 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.
9.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე