გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210117002167504
საქმე №2/1778-17
გადაწყვეტილება
საქართველოსსახელით
04 მაისი, 2018წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი
მოსარჩელე - ა---------------ე
მოპასუხე - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------–------ი
წარმომადგენელი - ზ-----------–---–ი
დავისსაგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მასში ცვლილების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი, ნოტარიუს თ---------------–---–ის მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს გაცემული №170937449 სააღსრულებლო ფურცელი, კერძოდ სარგებლის 1663.20 ლარის, პირგასამტეხლოს 4895.12 ლარის და სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯის 120 ლარის ნაწილში.
მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, 2016 წლის 28 ნოემბერს მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, სესხის თანხა შეადგენდა 3300 ლარს, სესხი იყო სარგებლიანი - წლიური 120%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს ოდენობა - ერთჯერადად გადასახდელი 20 ლარი, ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ ძირ თანხაზე 1%. მოპასუხემ 2017 წელს მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებლო ფურცლის გაცემის თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, მთლიანობაში მოთხოვნილია 9858.32 ლარი და 120 ლარი. საიდანაც ძირი თანხა არის 3 300 ლარი, სარგებელი - 1663.20 ლარი, პირგასამტეხლო - 4895.12 ლარი. აგრეთვე 120 ლარი სააღსრულებლო ფურცლის გამოწერის ხარჯი.
მოსარჩელის შეხედულებით, სააღსრულებლო ფურცლით მოპასუხის მიერ მოთხოვნილი თანხა არის შეუსაბამოდ მაღალი და არარეალური, რადგან სარგებლის და პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა სცდება ყოველგვარ გონივრულ და მორალურ ზღვარს. ამასთან მოსარჩელე აღნიშნავს რომ მან არაერთხელ სთხოვა მოპასუხეს მიეცა მისთვის უფლება ძირი თანხის დაფარვის თაობაზე, რაზეც მიიღო უარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილზე. მოპასუხე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი რეგულაციები, რომლებიც მიუთითა მოსარჩელემ, არ შეესაბამება სააღსრულებლო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძვლებს. მოპასუხე აღნიშნავს რომ გარიგება არის ცალმხრივი ორმხრივი ან/და მრავალმხრივი ნების გამოვლენა. ამასთან პირის ნება, დადოს ესა თუ ის გარიგება, უნდა იყოს ნამდვილი, ანუ მას უნდა სურდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა. მოპასუხე მითითებს სამოქალაქო კოდექსისი 72-ე და 73-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გარიგება შეიძლება საცილო გახდეს თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. ასეთ შეცდომად კი ითვლება ისეთი შემთხვევა, როცა პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია გარიგების შეცდომით დადების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ ნოტარიუსმა განუმარტა მხარეებს ხელშეკრულების შინაარსი და ამ ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგები. აგრეთვე მიიღეს განმარტება ნოტარიუსის სააღსრულებლო ფურცლის ინსტიტუტის შესახებ. გარდა ამისა, მცდარია მოსარჩელის პოზიცია შეუსაბამო სარგებელსა და პირგასამტეხლოს ნაწილში, რადგან ორივე პირობა და სამართლებრივი შედეგი შეესაბამება და გამომდინარეობს ხელშეკრულების არსებითი პირობებიდან. სესხის ძირითადი პირობა ეფუძნება საპროცენტო სარგებლის ოდენობას, ხოლო სესხის ვადაგადაცილების პირობები პირგასამტეხლოს შეთანხმებულ ოდენობას და მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ პირგასამტეხლო, იგი უნდა გადახდეს მოვალეს ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო სამართლებრი ურთიერთობის მონაწილეებს თავისუფლად შეუძლიათ განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავოფა ქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 28 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხის თანხა განისაზღვრა 3300 ლარით, მოქმედების ვადა 28.11.2017, საპროცენტო სარგებელი - წლიური 120%, პირგასამტეხლო - ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - ძირი თანხის 1%.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება № 161359401;
- მხარეთა ახსნა - განმარტება
3.1.2. მსესხებელს (მოსარჩელეს) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდდებულება არ შეუსრულებია
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნოტარიუს თ---------------–---–ის მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს გაცემული № 170937449 სააღსრულებლო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირითდი თანხა - 3300 ლარი, სარგებელი - 1663.20 ლარი, პირგასამტეხლო - 4895.12 ლარი, საერთო ჯამში მოთხოვნა შეადგენს 9858.32 ლარს და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯები - 126.72 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.08.2017წ. სააღსრულებო ფურცელი № 170937449
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაიცა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, თუმცა პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში სააღსრულებო ფურცელში უნდა შევიდეს ცვლილება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს მათ შორის არსებული სასესხო ურთიერთობიდან.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
მხარეების მიერ მოცემულ შემთხვევაში სესხისათვის გათვალისწინებული იქნა სარგებელი - წლიური 120%.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორმა ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, მსესხებელს გადასცა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, რის საფუძველზეც მსესხებელს ა---------------ეს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაბრუნების ვალდებულება. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ აითვისა სესხის ძირი თანხა 3300 ლარი და ამ თანხით სარგებლობისათვის გათვალისწინებული იქნა პროცენტი - წლიური 120%-ის ოდენობით.
ამდენად, მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება დაუბრუნოს მსესხებელს სესხის ძირი თანხა და დარიცხული სარგებელი სრულად. შესაბამისად, არ არსებობს სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტის შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოვალე ა---------------ეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია.
6.7. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე (მსესხებელი) სადავოდ ხდის სააღსრულებო ფურცლით დადგენილი პროცენტის ოდენობას და მიუთითებს, რომ სააღსრულებო ფურცელი ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი პროცენტის განსაზღვრის ნაწილში, ვინაიდან წლიური 120% სცილდება გონივრულ ზღვარს.
6.8. მოსარჩელის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, ე.ი. სასამართლო საქმეს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სარჩელისა და შესაგებლის ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, შესაბამისად, სასამართლო სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძველს მოკლებულია.
გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებისა, მოვალე (მოსარჩელე) სადავოდ ხდის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული დავალიანების მოცულობიდან პირგასამტეხლოს ოდენობასაც, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის შეუსაბამოდ მაღალია.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემუნდაგადაიხადოსვალდებულებისშეუსრულებლობისანარაჯეროვნადშესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ გადაიხადა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 4895.12 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია. პირგასამტეხლოს ოდენობა აღემატება მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობასაც კი. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსაზღვრული პირგასამტეხლო - 4895.12 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 1300 ლარით. შესაბამისად, ამ კუთხით ცვლილება უნდა შევიდეს სააღსრულებო ფურცელში.
ზემოთ აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე დასაბუთებელია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილია 250 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით, სესხის პროცენტის შემცირების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოპასუხეს, პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 137.10 ლარის გადახდა.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გაწეულ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილა, რომ მოპასუხესა და ადვოკატ ზ-----------–---–ს შორის 18.12.2017წ. დადებულია იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება და მოსარჩელის მიერ გადახდილია საადვოკატო მომსახურების საფასური 267.13 ლარის ოდენობით. სასამართლო კონკრეტული საქმის სირთულისა და დავის საგნის ფასის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 267 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა---------------ის სარჩელი მოპასუხე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ---------–------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს თ---------------–---–ის მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: №170937449), კერძოდ მე-6 პუნქტში, ა---------------ისათვის დაკისრებული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის - პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლო განისაზღვროს 1300 ლარით, ხოლო დანარჩენ ნაწილში ა---------------ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 250 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოპასუხე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ---------–------ს“ მოსარჩელე ა---------------ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 137.10 ლარის გადახდა.
5. ა---------------ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ---------–------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების, იურ. მომსახურების ხარჯების სანაცვლოდ, დაეკისროს 267 ლარის გადახდა.
6. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, დარჩეს უცვლელად.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდ. გორი, ჯორბენაძის ქ. №30).
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი