გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/379 -16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.05.2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუ-----ე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - შპს „ევ-----------ტ +“
წარმომადგენელი - თ-----ი გ-----ე
მოპასუხე - ზ------ი ჩუ-----ე
წარმომადგენელი: გ---- კუ------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ზ------ი ჩუ-----ეზე, მოსარჩელე შპს „ევ-----------ტ+“-ის სასარგებლოდ, სესხისა და გირავნობის (N115209/კ) ხელშეკრულებით გადაცემული – 2450 აშშ დოლარის (ძირი 1265.00 აშშ დოლარი, სარგებელი - 335,22 აშშ დოლარი) გადასახდელად დაკისრება.
1.2. ავტომობილის შეფასებისათვის გადახდილი 100 (ასი) ლარის მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 10 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N115209/კ; რომელის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 2450 აშშ დოლარის ოდენობით 36 თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის სანაცვლოდ დაიტვირთა ავტომობილი - ბეემვე 325 XI. მოსარჩელის განმარტებით, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გადაეცათ გირავნობის საგანი, რომელიც გაიყიდა 2195 აშშ დოლარად. საიდანაც ხარჯები გადანაწილდა შემდეგნაირად: 170 ლარი- სესხის დაფარვის საკომისიო; 549 ლარი გირავნობის მოწმობისა და აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯი; 709 აშშ დოლარი სესხზე დარიცხული სარგებელი; 1185 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ გადასახდელი თანხა დარჩა 1265 აშშ დოლარი, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება ყოველთვიური სარგებელი 5%-ის ოდენობით. ავტომობილის რეალიზაციიდან გასული 5 თვის და 9 კალენდარული დღის დარიცხული სარგებელი შეადგენს 335,22 აშშ დოლარს.
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების ე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფის მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე ზ------ი ჩუ-----ის წარმომადგენელმა გ---- კუ------ემ შესაგებელით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ ზ------ ჩუ-----ეს დადებული ჰქონდა მოსარჩელე შპს „ევ-----------ტ +“-თან საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N115209/კ; რომელთა საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 2450 აშშ დოლარის ოდენობით 36 თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის სანაცვლოდ დაიტვირთა ავტომობილი - ბე ემ ვე 325 XI.
მოსარჩელე მხარე თვითნებურად დაეუფლა ზ------ ჩუ-----ის კუთვნილ ავტომანქანას და მოახდინა მისი რეალიზაცია მფლობელისათვის შეუტყობინებლად საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად. ზ------ ჩუ-----ეს გირავნობის საგანი არ გადაუცია მოსარჩელე მხარისთვის. მანქანა იდგა ქ.ქუთაისში ე.წ. სამტრედიის ხიდთან არსებულ ავტოსერვისის ტერიტორიაზე, რადგან დაზიანებული ჰქონდა უკანა ხიდი და საჭიროებდა შეკეთებას. ადგილზე მისვლისას ავტომობილი არ დახვდა. როგორც შემდგომში გაიგო მოსარჩელე მხარეს, თვითნებურად, შეტყობინების გარეშე, წაუყვანია ევაკუატორით. ავტომანქანას დაზიანებული ჰქონდა მხოლოდ უკანა ხიდი და რა დაზიანებები მიიღო მანქანამ წაყვანის შემდეგ მოპასუხე მხარისათვის უცნობია. ამიტომ არ ეთანხმება მოსარჩელე მხარის ავტომანქანის ღირებულების შეფასების აქტს და მიაჩნია, რომ მანქანა გაიყიდა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 10 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.
მტკიცებულება:
- ხელშეკრულება N115209/კ;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1.მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა გირავნობის საგანი.
მტკიცებულება:
- მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დასტური 19.06.15;
3.2.2. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გირავნობის საგანი გაიყიდა 2195 აშშ დოლარად. რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და სადავოდ მიიჩნევს ავტომობილის ღირებულების შეფასების აქტს; ავტომობილის მიღება ჩაბარების აქტს და ავტომობილის შესყიდვის ფასს.
მტკიცებულება:
- ნასყიდობის ხელშეკრულება N115209/K;
-მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში (შემფასებელი იოსებ პავლიაშვილი);
-მიღება ჩაბარების აქტი 28.08.15;
- ფოტოილუსტრაცია.
3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხეს დარჩენილი დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით გაეგზავნა წერილი და მიეცა დამატებითი ვადა. მოსარჩელის განმარტებით, წერილი ჩაიბარა მოპასუხის დამ. მოპასუხის განმარტებით მხარე უფლებამოსილი არ იყო ავტომანქანა გაეყიდა და არ ადასტურებს გზავნილის ჩაბარებას.
მტკიცებულება:
-საქართველოს ფოსტის გზავნილი (გაგზავნის თარიღი 05.02.16);
3.2.4. შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის პასუხით გ---- კუ------ისადმი, დადგენილია, რომ ფ/პ იოსებ პავლიაშვილი არ არის შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ სერტიფიცირებული პირი.
მტკიცებულება:
შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ნათია მახარობლიძის პასუხი.
3.2.5.სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მიერ საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია დავალიანება. ვალდებულება წარმოშობილია საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, კერძოდ ის რომ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების ძირითადი პუნქტები. მოპასუხე კი შესაგებელში უარყოფს ვალის არსებობას, რადგან მოპასუხის წარმომადგენლმა საეჭვო გახადა გირავნობის საგნის შემფასებელი ექსპერტის კვალიფიკაციის საკითხი და გამომდინარე აქედან ის მიიჩნევს, რომ ავტომობილის (გირავნობის საგანი) სწორი შეფასების შემთხვევაში კომპანიის წინაშე მას არანაირი ვალდებულება არ უნდა დარჩენოდა.
ამდენად, ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს. ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 919-ე, 327-ე, 115-ე, 361-ე, 623-625-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.2.ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
-დადგენილია, რომ მხარეებმა თავისუფალი ნების გამოხატვით გააფორმეს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.
-სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მსესხებელ შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.5.წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს შორის დავას იწვევს გირავნობის საგნის რეალიზაციის საკითხი. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ არაკვალიფიციურ ექსპერტს შეაფასებინა ავტომანქანა საბაზრო ფასზე ნაკლებად, გაასხვისა გირავნობის საგანი და ამჟამად დამატებით ითხოვს თანხას. მისივე განმარტებით, მოსარჩელე არაკეთილსინდისიერად იყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებას.
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით მას მინიჭებული ჰქონდა უფლება, მოვალის თანხმობის გარეშე გაესხვისებინა გირავნობის საგანი. ამდენად, ეს ვერ შეფასდება უფლების ბოროტად გამოყენებად.
6...სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის პოზიცია ნაწილობრივ საფუძვლიანია. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ას-1338-1376 განმარტა, რომ ,,ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.
კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “ბონა ფიდეს“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „იუს ცივილე“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “ბონა ფიდე“-ს (“ფიდეს“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ეხ ფიდე ბონა“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.
კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქციაურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა,რაცნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლებისარსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“.
6.7.სასამართლო აღნიშნავს, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა ავალდებულებს ხელშეკრულების მეორე მხარეს, დაიცვას პირველი მხარის ქონებრივი ინტერესი.
საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N115209/K ხელშეკრულების მე-4.4 მუხლით, მხარეთა შეთანხმებით, მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა, განისაზღვრება 7350 აშშ დოლარით (შემდომში ,,მაქსიმალური თანხა“).
საქმის განხილვისას, მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გირავნობის საგნის შეფასება პირველ ეტაპზე, სესხის გაცემისას ხდება კრედიტ - ოფიცრის მიერ გირავნობის საგნის ვიზუალური დათვალიერებით. სწრედ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შეფასდა გირავნობის საგანი ბეემ ვე 325 XI 7350 აშშ დოლარად.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გირავნობის საგანი გაიყიდა 2195 აშშ დოლარად. რასაც არ ეთანხმება მოპასუხე და სადავოდ მიიჩნევს იოსებ პავლიაშვილის მიერ ავტომობილის ღირებულების შეფასების აქტს; ამასთან შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის პასუხით გ---- კუ------ისადმი, დადგენილია, რომ ფ/პ იოსებ პავლიაშვილი არ არის შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ სერტიფიცირებული პირი. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გირავნობის საგნის შეფასება მოხდა არაკვალიფიციური სპეციალისტის მიერ და ამ ნაწილში მოპასუხის პრეტენზია საფუძვლიანია. მოცემულ შემთხვევაში, ძირითადი პრეტენზია გამოიწვია გაყიდული ავტომანქანის რეალიზაციის ფასმა და ამავე ნივთის საბაზრო ღირებულებას შორის მნიშვნელოვანმა სხვაობამ, სახელდობრ, მოპასუხის მოსაზრებით, კრედიტორმა ბოროტად გამოიყენა მის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის უფლება, რამაც მოპასუხეს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი დანაკლისი.
6.8. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სესხის უზრუნველყოფის სანაცვლოდ დატვირთული ავტომობილი - ბე ემ ვე 325 XI გასხვისებისას, დაარღვია მხარის ქონებრივი ინტერესი. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს გირავნობის საგნის შეფასებისას დაარღვია წინდახედულების ნორმა და გირავნობის საგანი შეაფასა, რეალურზე ნაკლებ ფასად, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N115209/K ხელშეკრულების მე-4.4 მუხლით, რომლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა, განისაზღვრება 7350 აშშ დოლარით (შემდომში ,,მაქსიმალური თანხა“), ხოლო ავტომანქანის რეალიზაცია განახორციელა არასერტიფიცირებული პირის დასკვნის საფუძველზე.
6.9. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ: დადგენილია, რომ სესხის უზრუნველყოფის სანაცვლოდ დატვირთული ავტომობილი - ბე ემ ვე 325 XI. გაიყიდა 2195 აშშ დოლარად, საიდანაც ხარჯები გადანაწილდა შემდეგნაირად: 170 ლარი- სესხის დაფარვის საკომისიო; 549 ლარი გირავნობის მოწმობისა და აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯი; 709 აშშ დოლარი სესხზე დარიცხული სარგებელი; 1185 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
დადგენილია, რომ სესხის ძირი იყო 2450 აშშ დოლარი, დადგენილია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად, მოსარჩელემ მიიღო 2195 აშშ დოლარი. ამდენად სხვაობა ძირ თანხასა და გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას შორის შეადგენს 255.00 აშშ დოლარს, რომელიც მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად ასევე უნდა დაეკისროს 255 აშშ დოლარის (ავტომობილის რეალიზაციიდან გასული 5 თვის და 9 კალენდარული დღის დარიცხული სარგებელი შეადგენს 67.57 აშშ დოლარს) სარგებელი 67.57 აშშ დოლარი. მთლიანობაში -390.14 აშშ დოლარი.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ იზიარებს ფ/პ იოსებ პავლიაშვილის შეფასებას გირავნობის საგნის მიმართ, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს გადასახდელად ავტომანქანის შეფასების ღირებულება.
6.10.სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით; ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამრიგად, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მთავარი მიზანია სასყიდლიანი კრედიტის სახით მსესხებლისათვის ფულის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო შემდეგ მისგან სარგებელთან ერთად იმავე სახისა და რაოდენობის ფულის მიღება. გირავნობა არის ნივთებზე მხოლოდ ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება, ხოლო საგნის რეალიზაცია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთი სამართლებრივი საშუალება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფულადი ვალდებულების შესრულება არ მოხდება, თუმცა, როგორც აღინიშნა, კრედიტორის მიერ უფლების განხორციელებისას არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის, მოვალის უფლება, რაც სახეზეა, რადგან მოსარჩელემ ავტომანქანა სესხის გაცემისას ვიზუალურად შეაფასა (იხ. მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტება. სასამართლო სხდომის ოქმი) 7350 აშშ დოლარად, ხოლო არასერტიფიცირებული პირის დასკვნის საფუძველზე- გაასხვისა 2195 აშშ დოლარად.
6.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით შეძლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურება, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 122 ლარი, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 390.14 აშშ დოლარი, (კურსი 2.463; 960.91 ლარი), შესაბამისად, დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციით 960.91 ლარის 3%=28.82 აღნიშნული თანხა 28.82 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი - 93.18 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ევ-----------ტ +“ სარჩელი ზ------ი ჩუ-----ის მიმართ - თანხის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხე ზ------ი ჩუ-----ეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 390.14 აშშ დოლარის (ძირი - 255; სარგებელი - 67.57 აშშ დოლარი) გადახდა.
3. მოპასუხე ზ------ი ჩუ-----ეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის - 28.82 ლარის გადახდა.
4. სარჩელზე უარის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 93.18 ლარი დარჩეს ბიუჯეტში.
5. მითითებული თანხის გადახდა მოხდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციით.
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუ-----ე