გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210117002053640
№2/3206-2017წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მაისი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე
მოსარჩელე - სს „თი---------ი“
წარმომადგენელი- შპს „ტრ--ა“, ნინო გა------–---–ი
მოპასუხე - ლე-----ი ჭყ----ა
დავის საგანი - სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ლე-----ი ჭყ----ას, სს „თი---------ის“ სასარგებლოდ, გადასახდელად დაეკისროს:
1.1. 2012 წლის 28 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების 1268.11 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა- 799.40 ლარი, პროცენტი - 64.76 ლარი და პირგასამტეხლო 403.95 ლარი;
1.2. 2017 წლის 26 ივნისიდან, 2012 წლის 28 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირ თანხაზე - 799.40 ლარზე, ვალდებულების შესრულებამდე, წლიური 19% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 12.65 ლარს;
1.3. 2017 წლის 26 ივნისიდან, 2012 წლის 28 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირ თანხაზე - 799.40 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.99 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 600 ლარისა;
1.4. 2014 წლის 3 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების 1483.31 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა- 1139.73 ლარი, პროცენტი- 169.45 ლარი და პირგასამტეხლო- 174.13 ლარი;
1.5. 2017 წლის 26 ივნისიდან, 2014 წლის 3 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირ თანხაზე - 1139.73 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 17.09 ლარს;
1.6. 2017 წლის 26 ივნისიდან, 2014 წლის 3 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1139.73 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 5.69 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 900 ლარისა.
2. მოპასუხის პოზიცია
ლე-----ი ჭყ----ას წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას. მისი განმარტებით, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი პირგსამტეხლოს და პროცენტის ნაწილში, ვინაიდან, ბანკმა გამოიყენა დომინანტური მდგომარეობა და ხელოვნურად გააჭიანურა სარჩელის აღძვრა, რითაც ხელოვნურად გაზარდა დარიცხული სარგებლისა დ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, მისივე აზრით, ძირითად სარჩელზე დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 28 მარტს, სს „თი---------სა“ და ლე-----ი ჭყ----ას შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N1956815-2100162, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 800 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით, ოვერდრაფტის სახით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 364 დღე, წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის - 19%. ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი მინიმუმ 25%-ით უნდა შემცირებულიყო, მისი წარმოშობიდან არაუგვიანეს 40 დღისა, ყოველთვიურად. ხელშეკრულებით, ასევე, გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ლე-----ი ჭყ----ამ ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და 2017 წლის 23 იანვრის შემდეგ, საკრედიტო ლიმიტი აღარ შეუვსია.
3.1.2. 2014 წლის 3 ნოემბერს, სს „თი---------სა“ და ლე-----ი ჭყ----ას შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება NC141016NM5LZ97V, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card, 1177 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისებისას და ერთ წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 36%-ით, კრედიტის სს „თი---------ის“ ბანკომატით ათვისებისას და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 27 რიცხვი. ხელშეკრულებით, ასევე, გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ლიმიტის ვადა განისაზღვრა 2034 წლამდე.
ლე-----ი ჭყ----ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვა და 2017 წლის 21 იანვ---ის შემდეგ ვალდებულება არ შეუსრულებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-სესხის ხელშეკრულებები (ს.ფ. 20-43)
-გადახდის გრაფიკები (ს.ფ. 44-69)
3.1.3. მოსარჩელემ მოპასუხესთან ხელშეკრულებები შეწყვიტა 2017 წლის 26 ივნისს. შესაბამისად, ამავე მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენდა: 2012 წლის 28 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა- 799.40 ლარს და 2014 წლის 3 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა- 1139.73 ლარს. მოპასუხეს სესხის ძირი თანხის დავალიანება საცილოდ არ გაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-დავალიანების ცნობა (ს.ფ. 70)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი (მ. ახალაძე "მტკიცების ტვირთი" 2018წ. გვ. 9), რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით, მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. გამონაკლის წარმოადგენს, ზოგიერთი სპეციფიკის სამოქალაქო დავა (მაგ. საოჯახო), სადაც სასამართლოს დისკრეცია მოიცავს შესაძლებლობას, თავად დაადგინოს გამოსაკვლევ გარემოებათა წრე და მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებები. მართალია, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის საფუძველზე ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების შესაძლებლობის რეალიზაცია მხარის უფლებაა, თუმცა ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა იწვევს ამ მხარისათვის არასახარბიელო მატერიალურ-სამართლებრივ სამართლებრივ შედეგს, მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.
მხარეების მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.
3.2.2. მოცემულ შემთხვევაში, მხარე სადავოდ ხდის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის განზრახ გაჭიანურებას ქონდა ადგილი, რამაც გამოიწვია ძირითად დავალიანებაზე დარიცხული სანქციების, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ხელოვნური ზრდა. სხვა რაიმე გარემოებაზე ან მტკიცებულებაზე, რომელიც გააქარწყლებდა სასარჩელო მოთხოვნას ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტის გადახდის ნაწილში, მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას ამ საკითხთან მიმართებაში და დადასტურებულად მიიჩნევს ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტის რაოდენობას: 2012 წლის 28 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე-64.76 ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 3 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 169.45 ლარის ოდენობით. სასამართლო უთითებს პროცენტის, როგორ ხელშეკრულების განმავლობაში მისაღები სარგებლის სამართლებრივ ბუნებაზე და აღნიშნულ საკითხს შეაფასებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
3.2.3 მოპასუხე სადავოდ ხდის დავალიანების ძირითად თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას. სასამართლო აღნიშნულ საკითხსაც შეაფასებს სამართლებრივ ჭრილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანებისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4.3. სასამართლო ნაწილობრივ ეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დავალიანების ძირითად თანხაზე, პროცენტის, როგორც ზიანის დარიცხვის შესახებ. ამასთან, ვერ გაიზიარებს მის პოზიციას, ვალდებულების სრულ შესრულებამდე პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
6.2. 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვ---ოვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით), სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.3. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2012 წლის 28 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება N1956815-2100162 და 2014 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება NC141016NM5LZ97V
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში. იმავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივი ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ამ ნაწილში.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო დავალიანების ძირითადი თანხის ნაწილში, აღნიშნული საკმარისი საფუძველია დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოს 2012 წლის 28 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა - 799.40 ლარი და 2014 წლის 3 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა- 1139.73 ლარი.
6.6. მოცემულ საქმეში მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობას. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს პროცენტისა და პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მათი წარმოშობისა და შეწყვეტის საფუძვლები.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. პროცენტი წარმოადგენს სარგებელს, რომელსაც მსესხებელი იხდის გამსესხებლის ფულადი რესუსრით სარგებლობისათვის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სესხი იყო სასყიდლიანი. კერძოდ, 2012 წლის 28 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის შეადგენდა 19%-ს, ხოლო 2014 წლის 3 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრებოდა 18%-ით - კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთ წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 36%-ით - კრედიტის სს „თი---------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო ავტონომიის ფარგლებში თავისუფალი კონტრაჰირებისა და ხელშეკრულების პირობების ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრის პრინციპი, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მთავ---ი გარანტიაა. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოცემული ნორმების სამართლებრივი ანალიზით დგინდება, რომ მხარეთა შორის ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონს, საზოგადოებრივ წესრიგსა და ზნეობრივ ნორმებს, მხარეებისათვის მართლზომიერი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, მართლზომიერია სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხისათვის სესხის ძირითად თანხაზე პროცენტის (სარგებლის) დარიცხვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცულია სახელშეკრულებო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი. ხელშეკრულებაში მითითებული პროცენტის ოდენობა გონივრულია, არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად შეიძლება გახდეს გარიგების ბათილობის საფუძველი.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით სეთანხმებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში განმარტავს, რომ მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, თუ იგი მნიშვნელოვნად აჭარბებს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანს და განსაზღვროს პირგასამტეხლოს მოცულობა ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერად(სუსგ N ას-1432-1351-2012 20.05.2013წ.).
ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს(სუსგ N ას-1302-1222-2017 15.12.17წ.).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 2012 წლის 28 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.5%-ით, ხოლო 2014 წლის 3 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.5%-ით. ასევე, დადგენილია, რომ 2012 წლის 28 მარტის ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირითადი თანხაა 799,40 ლარი, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 403,95 ლარი. 2014 წლის 3 ნოემბრის ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირითადი თანხაა 1139.73 ლარი და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 174.13 ლარი,მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ 2017 წლის იანვრამდე, თითქმის 4 წლის მანძილზე, მოპასუხე ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, ასევე, ითვალისწინებს მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ ფინანსურ სიძნელეებს და მიაჩნია, რომ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2012 წლის 28 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 100 ლარის ოდენობით; 2014 წლის 3 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 100 ლარის ოდენობით.
6.8 მოსარჩელე ითხოვს, დაეკისროს მოპასუხეს ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან, ვალდებულების სრულ შესრულებამდე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფულადი სახსრების ბრუნვიდან მიღებული შემოსავალი. ამდენად, საბანკო პროდუქტების გაფორმება ხდება იმ მიზნით, რომ გამსესხებელი გრძელვადიან პერსპექტივაში ვ---აუდობს ამ პროდუქტიდან შემოსავლის მიღებას. შემოსავლის წყაროს, ასეთ სამართალურთიერთობებში, წარმოადგენს თავად ფული, ფულის ბრუნვიდან მიღებული სარგებელი. ამდენად, ფულადი რესურსის ბრუნვის შეწყვეტა, მანამ, სანამ აღნიშნული რესურსი არ დაუბრუნდება გამსესხებელს და არ ჩაბრუნდება, კვლავ, ბრუნვაში, წარმოშობს ზიანს, რომლის ანაზღაურების ვალდებულება დადგენილი სამოქალაქო კოდექსით.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი არის ზიანი, რომელიც კრედიტორმა განიცადა ფულადი ვალდებულების დარღვევის გამო (სუსგ N ას-1701-1685-2011 22.10.12წ.). სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებელი, ესაა იმ ზიანის კომპენსირება, რომელიც მიადგა კრედიტორ ვალდებულების დროული შეუსრულებლობის გამო.
ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოთხოვნას, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ძირითად თანხაზე პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ. პირგასამტეხლო, როგორც ვალდებულების უზრუნველყოფის მექანიზმი, უნდა მოქმედებდეს მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, რათა შეასრულოს ერთის მხრის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების და მეორეს მხრივ, განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურება უზრუნველსაყოფა.
სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გასვლის შემდეგ, პირგასამტეხლოს მოთხოვნა, ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს არსს და მის სამართლებრივ ბუნებას. ამდენად, ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 159.66 ლარის ოდენობით. მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი თანხის 1939.13 ლარის ნაწილში, სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ჯამში 234.21 ლარის სარგებლისა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა პირგასამტეხლოს ნაწილში, მოპასუხეს დააკისრა ორივე ხელშეკრულების მიხედვით 200 ლარი. ასევე, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი ვალდებულების სრულ შესრულებამდე ზიანის დაკისრების ნაწილში და არ დააკმაყოფილა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განაწილდეს მხარეებს შორის შემდეგნაირად: იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში (799.4+1139.73=1939.13) მთავ--- სხდომამდე, შესაგებელში, დავის საგნის ღირებულებას უნდა გამოაკლდეს აღნიშნული თანხა და დავის საგანი განისაზღვროს 3382.93 ლარით, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 101.48 ლარით (სსსკ 49.2 მუხლი); სარჩელი დაკმაყოფილდა 1504.85 ლარის ნაწილში (სარგებელი, პირგასამტეხლო, 3 წლის ვადიანი გადასახდელი). ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად 44.6 ლარი, ხოლო მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 58.1 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „თი---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ლე-----ი ჭყ----ას დაეკისროს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ, 2012 წლის 28 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობისათვის, სესხი ძირი თანხა 799.40 ლარი, სარგებელი 64.76 ლარი და პირგასამტეხლო 100 ლარი.
3. მოპასუხე ლე-----ი ჭყ----ას დაეკისროს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ, 2017 წლის 26 ივნისიდან, ძირ თანხაზე 799.40 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური სარგებელი 19%, რაც ყოველთვიურად შეადგენს 12.65 ლარს.
4. ლე-----ი ჭყ----ას დაეკისროს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ, 2014 წლის 3 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობისთვის, სესხის ძირი თანხა 1139.73 ლარი, სარგებელი 169.45 ლარი და პირგასამტეხლო 100 ლარი.
5. ლე-----ი ჭყ----ას დაეკისროს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ, 2017 წლის 26 ივნისიდან ძირ თანხაზე 1139.73 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური სარგებელი 18%, რაც ყოველთვიურად შეადგენს 17.09 ლარს.
6. მოპასუხე ლე-----ი ჭყ----ას სს „თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 44.6 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად; სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით და აკრძალვის რეგისტრაციის საფასური-20 ლარის ოდენობით;
7. დაუბრუნდეს სს „თი---------ს“ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 58.1 ლარის ოდენობით;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ. 30) მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დაარაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე