გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2378185-2/282-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ინასარიზე
მოსარჩელე - ა-–--–ა გ-----–-ა
წარმომადგენელი - დ----- თ--–--–---–ი
მოპასუხე - ე------ი ა-------–---–ი
წარმომადგენელი - ა---- ა--------ი
დავის საგანი - მამობის დადგენა, გვარის მინიჭება და ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2016 წლის 22 ივლისს დაბადეებული დ----- გ-----–-ას (პ/ნ 1----------) მამად ცნიბილი იქნას ე------ ა-------–---–ი (პ/ნ 10---------), შესაბამისი ცვლილება შევიდეს სააქტო ჩანაწერში და გ-----–-ას ნაცვლად მიეთითოს ა-------–---–ი, მამის გრაფაში კი ე------ ა-------–---–ი.
1.2. მოპასუხე ე------ ა-------–---–ს შვილის – დ----- გ-----–-ას სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით მის სრულწლოვანების მიღწევამდე.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2014 წლიდან მოსარჩელე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე------ ა-------–---–თან. მხარეები ცხოვრობდნენ მოპასუხის მშობლებთან. თანაცხოვრების პერიოდში 2015 წლის 04 თებერვალს შეეძინათ შვილი - გ------ი ა-------–---–ი. მეორე შვილზე ფეხმძიმობის პერიოდში - 2016 წლის ივნისში, ხასიათების შეუთავსებლობის გამო ა-–--–ა გ-----–-ა იძულებული გახდა დაეტოვებინა ე------ი ა-------–---–ის სახლი და დაბრუნებულიყო თავის მშობლებთან ქალაქ ბ---------–ი.
2016 წლის 22 ივლისს შეეძინა მეორე შვილი დ----- გ-----–-ა, მისმა ბიოლოგიურმა მამამ ე------ ა-------–---–მა არ ისურვა დაფიქსირებულიყო მამად.
მოსარჩელე უთითებს, რომ არის სოციალურად დაუცველი, ოჯახში არსებული მძიმე სოციალური პირობების გამო უკიდურესად უჭირთ შვილების მოვლა-პატრონობა. ე------ი ა-------–---–ი არ მონაწილეობს შვილის რჩენა-აღზრდაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ მამობის დადგენის და გვარის მინიჭების ნაწილში სარჩელი ცნო, ხოლო ალიმენტის ნაწილში სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ თანახმაა ალიმენტის სახით გადაიხადოს 50 ლარი ყოველთვიურად. ამასთან მიუთითა, რომ ბანკიდან აქვს სესხი აღებული, რომელსაც იხდის ყოველთვიურად. მოპასუხე მონაწილეობას ღებულობს ბავშვების აღზრდაში პერიოდულად უგზავნის თანხას შეძლებისდაგვარად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მცირეწლოვანი დ----- გ-----–-ა ცხოვრობს დედასთან ა-–--–ა გ-----–-ასთან ერთად.
3.1.2. N1---------- დაბადების მოწმობის შესაბამისად, დ----- გ-----–-ას დაბადების თარიღია 2016 წლის 22 ივლისი, დედად რეგისტრირებულია ა-–--–ა გ-----–-ა, მამის გრაფა ცარიელია.
3.1.3. მოპასუხე ე------ი ა-------–---–ი არის ა-–--–ა გ-----–-ას ბიოლოგიური შვილის, დ----- გ-----–-ას (პ/ნ 1----------) ბიოლოგიური მამა.
3.1.4. მხარეებს დ----- გ-----–-ას გარდა, ჰყავთ კიდევ ერთი შვილი გ------ი ა-------–---–ი, რომელიც ასევე ცხოვრობს დედასთან ა-–--–ა გ-----–-ასთან ერთად.
3.1.5. მოპასუხე ე------ ა-------–---–ი მუშაობს შპს „ა--------------–-----ში“ და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს თვეში - 960 ლარს.
3.1.6. მოსარჩელე ა-–--–ა გ-----–-ა მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან ერთად. მისი ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს - 33273-ს და ყოველთვიურად იღებს საარსებო შემწეობის თანხას თვეში - 270 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- დ----- გ-----–-ა დაბადების მოწმობა N1----------;
- ე------ი ა-------–---–ის სამუშაო ადგილის და ხელფასის შესახებ ცნობა;
3.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.2. ე------ი ა-------–---–ს გააჩნია სასესხო დავალიანება სს ,,ლ--------------ს’’ მიმართ - 691,06 ლარის ოდენობით. ასევე, ვალდებულებით-სამრთლებრივ ურთიერთობაშია სს ,,ს----------–--------თან“ და სესხს იხდის გრაფიკის შესაბამისად ყოველთვიურად თვეში 325,75 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,ლიბერთი ბანკის’’ 11.05.2018წ. ცნობა დავალიანების შესახებ;
- სს ,,ს----------–--------ის’’ ამონაწერის ანგარიშიდან;
- მხარის ახსნა-განმარტება;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1190-ე, 1195-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი,6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთ უფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისაგან წარმოშობილ შვილებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ - მამობის დადგენის და გვარის მინიჭების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არაერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ,,ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მიმართული უნდა იყოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა. შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას ამ ვალდებულებათა გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არსრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ დ----- გ-----–-ა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ე------ ა-------–---–ი დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი თვეში 960 ლარი (ხელზე ასაღები). მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს და იზრდება დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მას ფინანსურად, რაც არ არის საკმარისი მისი ასაკისა და საჭიროებებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია საცხოვრებლით. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები. ამასთან, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხეს, დ----- გ-----–-ას გარდა, კმაყოფაზე ყავს კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ასევე მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები, უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
საბანკო სესხის დაფარვის ხარჯებთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო სესხი როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა ბავშვების საჭიროებებისათვის აუცილებელი ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი დ----- გ-----–-ას ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, განვითარების, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, მათ რჩენაზე მყოფი პირებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობის შეფასების გათვალისწინებით, მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 150 ლარის ოდენობით.
სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 30.05.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2017 წლის დეკემბრის თვისათვის - 153,7 ლარს და 2018 წლის იანვრის თვისათვის - 155 ლარს, თებერვლის თვისათვის - 155,3 ლარს, მარტის თვისათვის - 156,7 ლარს და აპრილის თვისათვის - 156,7 ლარს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ შეინიშნება საარსებო მინიმუმის ზრდის და არა კლების ტენდენცია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლებმა სულ მცირე საარსებო მინიმუმით უნდა უზრუნველყონ არასრულწლოვანი, და ეს ვალდებულება თანაბრად გაიყონ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 30 მარტიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 150 ლარის გადახდა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელე ა-----–ა გ-----–-ა განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხე ე------ი ა-------–---–მა სარჩელი მამობის დადგენის ნაწილში ცნო, შესაბამისად ამ ნაწილში მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ალიმენტის ნაწილში სარჩელი ცნო ნაწილობრივ. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა-–--–ა გ-----–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. 2016 წლის 22 ივლისს დაბადებული დ----- გ-----–-ას (პ/ნ 1----------) მამად აღიარებული იქნეს ე------ი ა-------–---–ის (პ/ნ 10---------), რის შესახებაც შევიდეს ცვლილება დ----- გ-----–-ას დაბადების სააქტო ჩანაწერში N2---------- (რეგისტრირებული 2016 წლის 22 ივლისს). დ----- გ-----–-ას მიენიჭოს მამის გვარი - ,,ა-------–---–ი’’.
1.2. მოპასუხე ე------ი ა-------–---–ს (პ/ნ10---------) თავისი არასრულწლოვანი შვილის დ----- ა-------–---–ის (გ-----–-ა) (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 30 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე.
2. მოპასუხე ე------ი ა-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს (ახალციხე, მებაღიშვილის 62) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უარდეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი