გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110310018002269296
N3/7-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.06.2018 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელეები: დ----------------–-, ბ----------------,წარმომადგენელი: ნ-------------------,მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი: მ-----–--------------–-;
დავის საგანი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები
1.1. ბათილად იქნას ცნობილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №45 2659 ბ----------------- მიმართ ჯარიმის დაკისრების თაობაზე;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის №45 2660 ბრძანება დ----------------–-ს მიმართ ჯარიმის დაკისრების თაობაზე;
მოსარჩელეების განმარტებით, ჩაბარდათ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ შედგენილი მითითებია ქტი, სადაც აღწერილია მათი მხრიდან თითქოსდა სამართალდარღვევის აღწერა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის №45 2659 ბრძანებით ბ---------------- დაჯარიმდა 200 ლარით, ხოლო თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის №45 2660 ბრძანებით დ----------------–- დაჯარიმდა ასევე 200 ლარით. მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანება არის უკანონო, დაუსაბუთებელი, გარდა ამისა, გასულია მათი დაჯარიმების ოთხთვიანი ვადები, რის გამოც ითხოვენ ბრძანებების ბათილად ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ სადაო ბრძანებები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, დასაბუთებულია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ შემოწმებულ იქნა თერჯოლის რაიონის სოფელ რ--------–- მდებარე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც ბ----------------- მიერ განხორციელებულია უნებართვო შენებლობა. აღნიშნულზე გაცემულია მითითების აქტი 2017 წლის 04 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მითითების აქტი;
3.2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ შემოწმებულ იქნა თერჯოლის რაიონის სოფელ რ--------–- მდებარე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც დ----------------–-ს მიერ განხორციელებულია უნებართვო მშენებლობა. აღნიშნულზე გაცემულია მითითების აქტი 2017 წლის 27 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მითითების აქტი;
3.3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის №45 2659 ბრძანებით ბ---------------- ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 43-ე მუხლის ,,გ’’ პუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 200 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის №45 2659 ბრძანება;
3.4. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის №45 2660 ბრძანებით დ----------------–- ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 43-ე მუხლის ,,გ’’ პუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 200 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის №45 2660 ბრძანება;
3.5. ბ----------------- მიმართ შედგენილი მითითების აქტიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დაჯარიმების ბრძანების გაცემამდე გასულია სახდელის დადების ორთვიანი ვადა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მითითების აქტი;
- თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის №45 2659 ბრძანება;
3.6. დ----------------–-ს დაჯარიმება თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განხორციელდა სახდელის დადების ორთვიან ვადაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მითითების აქტი;
- თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის №45 2660 ბრძანება;
3.7. სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის №45 2659 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნულის საპირისპიროს სასამართლო განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. ბ----------------- დაჯარიმება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა ორთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, რაც ბრძანების კანონიერების გამომრიცხავია გარემოეებაა, რაც შეეხება დ----------------–-ს მიმართ შეფარდებულ სახდელს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ორგანოს მიერ სახდელი დადებულია კანონით დადგენილ ვადაში, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოპასუხე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, ამასთან, მოსარჩელის მხრიდანაც ნაწილობრივ იქნა დასაბუთებული სარჩელის სამართლებრივი საფუძვლიანობა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოპასუხე ორგანოს ბრძანება მხოლოდ ბ----------------- დაჯარიმების ნაწილში, ხოლო დ----------------–- უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის №45 2659 და №45 2660 ბრძანებები ბ-------------- და დ-----------–-- დაჯარიმების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც დამოუკიდებლად ექვემდებარება გასაჩივრებას კანონდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში, დავის განხილვისას კი უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.
6.2. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
6.3. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;გ) მითითება არადროულად სრულდება.
6.4. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა განმარტებებითა და საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობის და ზედამხედველობის სამსახურმა 2017 წლის 04 ივლისს გასცა მითითების აქტი ბ----------------- მიმართ, ხოლო დ----------------–-ს მიმართ გასცა 2017 წლის 27 ნოემბერს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სახდელის დადების ვადის ათვლა ორივე მოსარჩელესთან მიმართებაში უნდა აითვალოს 2017 წლის 27 ნოემბრიდან, რადგან მოსარჩელე ბ------------- მიმართ მითითების აქტი მოპასუხე ორგანომ თავდაპირველდა გასცა 2017 წლის 04 ივლისს და მისთვის სახდელის დადების ვადის ათვლაც უკავშირდება სწორედ აღნიშნულ თარიღს, საიდანაც მის დაჯარიმებამდე გასულია ორ თვეზე მეტი დრო.
რაც მთავარია, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სამართალდარღვევის საქმის წარმოება იწყება დამრღვევის მიმართ მითითების გადაცემით, სადაც გაწერილია თუ რა სახის მოქმედებები უნდა შესრულოს სამართალდამრღვევმა და განსაზღვრულია ამ მითითებების შესრულების დრო. მითითებაში განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდგომ დამრღვევს ამოწმებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო და შემოწმების აქტში ასახავს ობიექტის ფაქტობრივ მდგომარეობას მითითების პირობებთან მიმართებით(25-ე მუხლის მე-5 ნაწ.), რამდენად შეასრულა დამრღვევმა მითითება.
6.5. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება.
6.6. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის №45 2659 ბრძანებით ბ---------------- დაჯარიმდა 200 ლარით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43-ე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ამასთან, იმავე საფუძველზე 2017 წლის 19 დეკემბრის №45 2660 ბრძანებით დ----------------–- დაჯარიმდა 200 ლარით. ბ-----------------ათვის მითითების მიცემიდან დაჯარიმდე გასულია სახდელის დადების ორთვიანი ვადა, ხოლო დ----------------–- დაჯარიმდა კანონით დადგენილ ვადაში.
6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
6.8. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
6.9. სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
6.10. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება ბ----------------- დაჯარიმების ნაწილში არის კანონშეუსაბამო, სახდელის დადების კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო, რაც შეეხება დ----------------–---- მიმართებაში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა კანონით მინიჭებული უფლებითა და კანონით დადგენილი ვადაში, რის გამოც ამ ნაწილში მისი მოქმედება კანონშესაბამისია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე ბ----------------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის ანაზღაურება;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინებით დ----------------–-სა და ბ----------------- სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღებით შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების - თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის N45 2660 და N45 2659 ბრძანებების მოქმედება - სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე,208-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ----------------–-სა და ბ----------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნას ცნობილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №45 2659 ბ----------------- მიმართ ჯარიმის დაკისრების თაობაზე;
3. მოსარჩელე დ----------------–- უარი ეთქვას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 დეკემბრის №45 2660 ბრძანების ბათილად ცნობაზე;
3. მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე ბ----------------- (პ.ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი