გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2018
საქმის ნომერი
080210017001789279
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2153-16, # 2/263-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

 

სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე

 

მოსარჩელე- თ------- კ-------ე

წარმომადგენელი- ა-–---------- თ-----–-–---–ი

 

მოპასუხე- მ------ კ--------–--

წარმომადგენელი- ვ-–- ხ--------–---–ი

 

დავის საგანი: და---–---ების თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე მ------ კ--------–--ს თ------- კ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 20000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის გადახდა, მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს იპოთეკით დატვირთული საგნის, მდებარე ქ. ბ-------, ჭ-------ის ქ. #78/80, ბინა 106, საკ.კოდი #0------------------- რეალიზაციის გზით.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2012 წლის 18 ივნისს მხარეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 6 თვის ვადით, თვეში 5%-ის დარიცხვით და გაიცა სესხი 20000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ------ კ--------–--ს საკუთრებაში არსებული ქონება, მდებარე ქ. ბ-------, ჭ-------ის ქ. #78/80, ბინა 106, შემდეგში ,,იპოთეკის საგანი’’.

 

მ------ კ--------–--მ დათქმულ ვადაში ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე 2012 წლის 13 ნოემბერს ქ. ბ-------ს ნოტარიუსის ლ---–- ჭ-----ს მიერ მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც წარდგენილ იქნა გურიის სააღსრულებო ბიუროში აღსასრულებლად.

 

მ------ კ--------–--მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება. 2013 წლის 11 ოქტომბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეჩერებულ იქნა მისი მოქმედება, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით იგი გაუქმებულ იქნა, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. მანამდე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ------ კ--------–--ს სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი მ------ კ--------–--ს და ც---- ა---–---ს შორის 2012 წლის 05 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ბინაზე, მდებარე ქ. ბ-------, ი--------ის ქ.#78/88, ბინა 106, ხოლო მ------ კ--------–--ს სარჩელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ნოტარიუსმა ლ---–- ჭ-----მ, რომელიც უზენაესი სასამართლოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

აღნიშნული დავით მოსარჩელემ მოპასუხეს დააკარგვინა ორი წელი და მიაყენა მნიშვნელოვანი მორალური და მატერიალური ზიანი.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა თვის მოთხოვნას, ითხოვა მისი დაკმაყოფილება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა და წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა, მოსარჩელეს უარი ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2012 წლის 18 ივნისს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 6 თვის ვადით, თვეში 5%-ის დარიცხვით და მ------ კ--------–--მ თ------- კ-------ისაგან მიიღო თანხა 20000 აშშ დოლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეადგენდნენ მიღება-ჩაბარების აქტს. ასევე შეთანხმდნენ სარგებლის გადახდის გრაფიკზე, ხოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში გამსესხებლისათვის პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე თანხის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან პირგასამტეხლო სესხის თანხას დაერიცხებოდა სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებამდე.

 

3.2. სესხის უზრუნველსაყოფად, ასევე ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანის, პირგასამტეხლოს, სასამართლოს და რეალიზაციის ხარჯების ასანაზღაურებლად, იპოთეკით დაიტვირთა მ------ კ--------–--ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ-------, ი---------ის ქ. #78/88, ბინა 106, ს/კოდი #0------------------.

 

3.3. მოპასუხის მიერ, მიუხედავად გაფრთხილებისა, დათქმულ ვადაში ხელშეკრულების პირობები არ შესრულებულა, რის გამოც მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე 2012 წლის 13 ნოემბერს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- 18.06.2012 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს/ფ 54-57);

- წინადადებები გადაწყვეტილების შესრულებაზე (ს/ფ 49 -51),-სააღსრულებო ფურცელი (ს/ფ 24- 26 ),3.4. დადგენილია, რომ მ------ კ--------–--მ 2012 წლის 12 ნოემბერს ნოტარიუს ლ---–- ჭ-----ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი #121228986 გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მისი აღსრულების შეჩერება მოითხოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის ოქტომბრის განჩინებით ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მანვე სარჩელით მიმართ იმავე სასამართლოს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ------ კ--------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ: 1.1. ბათილად იქნა ცნობილი მ------ კ--------–--ს და ც---- ა---–---ს შორის 2012 წლის 05 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ბინაზე, მდებარე ქ. ბ-------, ი---------ის ქ. #78/88, ბინა 106, ს/კოდი #0------------------; 1.2. მ------ კ--------–--ს სასარჩელო მოთხოვნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით მ------ კ--------–--ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში ბ-------ს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ლ---–- ჭ-----ს მიერ კრედიტორ თ------- კ-------ის სასარგებლოდ 2012 წლის 13 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #121228986), დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სასამართლოს გადაწყვეტილებები (ს/ფ 27-48)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის და შეფასების საფუძველზე, მიაჩნია, რომ თ-------ი კ-------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 128-130-ე, 131-ე, 138-ე, 268-ე- 269-ე, 286-ე, 289-ე, 301-ე, 316-ე - 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, გარიგება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედეგების გამომწვევია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება ზუსტად აისახა 2012 წლის 18 ივნისის ხელშეკრულებაში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319.1. მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად კი, განსაზღვრულია, რომ სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

სსკ-ის 316.1. მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317.1.-ე მუხლის მიხედვით-ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისა და მოპასუხის ურთიერთობა ეფუძნებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, რაც არის მათ შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 287-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მისი საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა), ხოლო 289-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

ამდენად, იპოთეკა წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, ეს არის კრედიტორის გარანტია, მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით.

 

6.4. მოცემულ შემთხვევაში სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკის ხელშეკრულების #120634321-ის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მ------ კ--------–--ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ-------, ი---------ის ქ. #78/88, ბინა 106, ს/კოდი #0------------------, იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებულია წერილობით და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. იპოთეკა უზრუნველყოფს როგორც მოთხოვნას, ასევე მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301 -მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო 301-ე მუხლის 11 ნაწილით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ვინაიდან მოპასუხე მ------ კ--------–--მ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ დაუბრუნა ნასესხები თანხა მოსარჩელე თ------- კ-------ეს, უნდა მოხდეს ,,იპოთეკის საგნის’’, არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლების თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, რომლის ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. ხოლო 139.1-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.

 

6.7. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე თ------- კ-------ემ 2012 წლის 18 ივნისს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სესხის დასაბრუნებლად საჭირო ღონისძიების განხორციელება იმავე წელს. თუმცა მოპასუხე მ------ კ--------–--მ ჯერ განცხადებით, ხოლო შემდეგ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა როგორც გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, ასევე სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ------ კ--------–--ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი მ------ კ--------–--ს და ც---- ა---–---ს შორის 2012 წლის 05 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ბინაზე, მდებარე ქ. ბ-------, ი---------ის ქ.#78/88, ბინა 106, ხოლო მ------ კ--------–--ს სარჩელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

მ------ კ--------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით. კერძოდ, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმების ნაწილში, ხოლო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ნოტარიუსმა ლ---–- ჭ-----მ, რომელიც უზენაესი სასამართლოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი და შევიდა კანონიერ ძალაში.

 

09.09.2016 წელს კი თ------- კ-------ემ წინამდებარე სარჩელით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან განსახილველ შემთხვევაში არ არის გასული მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.

 

ამდენად, თ------- კ-------ის მოთხოვნა საფუძვლიანია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

6.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ახსნა-განმარტების ეტაპზე იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და ზოგადად მიუთითა საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობა, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: ,,მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცესის ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1383.60 ლარის ანაზღაურება. ამასთან, მართალია საქმეს არ ერთვის მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა დავის არსიდან გამომდინარე მხარის სამართლიანი დაკმაყოფილებისათვის გონივრულია ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობა განისაზღვროს დავის საგნის ღირებულების 1%-ით, რაც შეადგენს 461.38 ლარს, რომლის გადახდაც ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ (საქმე №ას-789-754-2014).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 268-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თ-------ი კ-------ის (წარმომადგენელი ა-–---------- თ-----–-–---–ი) სარჩელი მ------ კ--------–--ს მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე მ------ კ--------–--ს მოსარჩელე თ-------ი კ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს - 20 000 (ოციათასი) აშშ დოლარის გადახდა:

 

3. მოხდეს იპოთეკის საგნის, უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ-------, ჭ-------ის ქ. #78/80, ბინა #106, საკად.კოდი: #0------------------ - იძულებითი რეალიზაცია;

 

4. მოპასუხე მ------ კ--------–--ს მოსარჩელე თ-------ი კ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1383.60 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის გადახდა 461.38 ლარის ოდენობით;

5. მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.#32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ.#11);

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე