გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200210018002324212
საქმე №2/191-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2018 წელი ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე - შპს „საქართველოს მელიორაცია“
წარმომადგენელი - ზურაბ ნონიაშვილი, მირანდა გვიშიანი
მოპასუხე - ასკარ ყარა ოღლი
თარჯიმანი - ელბრუზ სულეიმანოვი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხე ასკარ ყარა ოღლს შპს „საქართველოს მელიორაციის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარწყავი წყლის თვითნებურად დატაცებით მიყენებული ზიანის 1350 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს ,,საქართველოს მელიორაცია’’ წარმოადგენს სახელმწიფოს (100%) წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ახორციელებს, საირიგაციო და სადრენაჯე მომსახურებას. შპს ,,საქართველოს მელიორაცია’’ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის №2-89 ბრძანების საფუძელზე ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს, სამელიორაციო სისტემებიდან წყლის თვითნებურად დატაცების ფაქტზე, 2017 წლის 26 ივლისს 07:55 საათზე ,,საქართველოს მელიორაციის’’ ინსპექტორის რევაზ გილაშვილის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000887, რომლის შესაბამისად, ასკარ ყარა ოღლს, ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 250 ლარის ოდენობით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურის ტერიტორიაზე, თვითნებურად წყლის დატაცების ფაქტზე.
ზიანის გაანგარიშების აქტი ეფუძნება კომპანიის ინსპექტორის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს და ასევე ჯი პი ეს (GPS) სისტემის საშუალებით აღებულ კოორდინატებს. აღნიშნული კოორდინატების საფუძველზე, 2017 წლის 26 ივლისს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილზე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურის ტერიტორიაზე, შპს ,,საქართველოს მელიორაციის’’ ინსპექტორის რევაზ გილაშვილის მიერ შედგენილი იქნა სარწყავი წყლის დატაცებით შპს ,,საქართველოს მელიორაციაზე’’ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, რომლის მიხედვით ზიანმა 18 ჰა მიწის ნაკვეთის გასარწყავებაზე შეადგინა 1350 ლარი.
აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000887 შესულია კანონიერ ძალაში, სამართალდარღვევის ოქმი ჩაბარდა 2017 წლის 10 აგვისტოს, რის საფუძველზეც მას უფლება ჰქონდა კანონით დადგენილ ვადებში (30 დღე) გაესაჩივრებინა ზემოაღნიშნული ოქმი, მოპასუხის მიერ აღნიშნული ჯარიმა გადახდილი იქნა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ასკარ ყარა ოღლმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მათ მიერ ზიანის ოდენობა დათვლილია არასწორად. მომსახურების საფასურს იხდიდა მოსარჩელის მოთხოვნისა და დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შპს ,,საქართველოს მელიორაცია’’ წარმოადგენს სახელმწიფოს (100%) წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ახორციელებს, საირიგაციო და სადრენაჟე მომსახურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასარჩელო განცხადება (ს.ფ.3-16);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 17-19).
3.1.2. დადგენილია, რომ შპს ,,საქართველოს მელიორაცია’’ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის №2-89 ბრძანების საფუძელზე ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს, სამელიორაციო სისტემებიდან წყლის თვითნებურად დატაცების ფაქტზე. 2017 წლის 26 ივლისს 07:55 საათზე ,,საქართველოს მელიორაციის’’ ინსპექტორის რევაზ გილაშვილის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000887, რომლის შესაბამისად, ასკარ ყარა ოღლს, ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 250 ლარის ოდენობით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურის ტერიტორიაზე, თვითნებურად წყლის დატაცების ფაქტზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი №000887 (ს.ფ. 20);
3.1.3. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000887 შესულია კანონიერ ძალაში, სამართალდარღვევის ოქმი ჩაბარდა 2017 წლის 10 აგვისტოს, რის საფუძველზეც მას უფლება ჰქონდა კანონით დადგენილ ვადებში (30 დღე) გაესაჩივრებინა ზემოაღნიშნული ოქმი, მოპასუხის მიერ აღნიშნული ჯარიმა გადახდილი იქნა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადახდო დავალება №1 (ს.ფ. 23);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ დადგენილია, რომ ზიანის გაანგარიშების აქტი ეფუძნება კომპანიის ინსპექტორის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს და ასევე ჯი პი ეს (GPS) სისტემის საშუალებით აღებულ კოორდინატებს. 2017 წლის 26 ივლისს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილზე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურის ტერიტორიაზე, შპს ,,საქართველოს მელიორაციის’’ ინსპექტორის რევაზ გილაშვილის მიერ შედგენილი იქნა სარწყავი წყლის დატაცებით შპს ,,საქართველოს მელიორაციაზე’’ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, რომლის მიხედვით ზიანმა 18 ჰა მიწის ნაკვეთის გასარწყავებაზე შეადგინა 1350 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარწყავი წყლის დატაცებით შპს ,,საქართველოს მელიორაციაზე’’ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი (ს.ფ. 21);
მოწმის სახით დაკითხულმა რევაზ გილაშვილმა და ზურაბ კეჩხუაშვილმა განმარტეს, რომ თელავის რაიონის სოფელ ლალისყურის ტერიტორიაზე ირწყვებოდა სიმინდი. 2017 წლის 26 ივლისს მათ მიერ განხორციელდა მიწის ნაკვეთის შემოწმება GPS-ხელსაწყოს გამოყენებით აღებული კოორდინატების საფუძველზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო 18 ჰა. შემოწმების შედეგად ასევე დადგინდა, რომ შპს ,,საქართველოს მელიორაციასთან’’ არ ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული მიწის მფლობელს, რის გამოც მათ მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მოხდა სარწყავი წყლის დატაცებით შპს ,,საქართველოს მელიორაციაზე’’ მიყენებული ზიანის გაანგარიშება. 1 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის გასარწყავების ღირებულება შეადგენს 75 ლარს. შესაბამისად დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ წყალის უკანონო მოხმარებით 1350 ლარის ზიანი მიადგა შპს ,,საქართველოს მელიორაციას’’.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა 25/12/2017 წლით დათარიღებული ქვითარი და განმარტა, რომ მას გადახდილი აქვს მომსახურების საფასური.
აღნიშნულთან მიმართებაში მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეებს შორის სამელიორაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაზე განაცხადი გაკეთდა 2017 წლის 27 ივლისს, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იქნა 2017 წლის 26 ივლისს. რაც შეეხება მოპასუხის მიერ 2017 წლის 25 დეკემბერს გადახდილ მომსახურების საფასურს, აღნიშნული თანხით არ მომხდარა 2017 წლის 26 ივლისის ოქმის საფუძველზე დაანგარიშებული შპს ,,საქართველოს მელიორაციაზე’’ მიყენებული ზიანის თანხის დაფარვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას იმის შესახებ, რომ მომსახურების საფასურს იხდიდა მოსარჩელის მოთხოვნისა და დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სარჩელზე თანდართული №000887 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურის ტერიტორიაზე 2017 წლის 26 ივლისს 07:55 საათზე დაფიქსირდა წყლის დატაცების ფაქტი 18 ჰა ფართობზე.
საქმეში წარმოდგენილია ადმინისტარციული სამართალდარღვევის ოქმი N000887, რომლის თანახმად, მოპასუხე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევი ჩადენისთვის და 250 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა. დაჯარიმების შესახებ ოქმი არ გასაჩივრებულა, შესულია კანონიერ ძალაში და დაკისრებული ჯარიმა გადახდილია.
მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა გაანგარიშება, რომლის თანახმად, 1 ჰა ფართობის გასარწყავების ღირებულება 75 ლარს შეადგენს. შესაბამისად, 18 ჰა ფართობზე წყლის დატაცების შედეგად მოსარჩელეს 1350 ლარის ზიანი მიადგა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „საქართველოს მელიორაციის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე, 53-ე, 102-ე, 105-ე, 30917-30920-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულის წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში მოცემულია დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, კერძოდ, ხსენებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს, რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივლისს მოპასუხის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000887, რომლის მიხედვით, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურის ტერიტორიაზე 2017 წლის 26 ივლისს 07:55 საათზე დაფიქსირდა წყლის დატაცების ფაქტი 18 ჰა ფართობზე ირწყვებოდა სიმინდი. მოპასუხე ასკარ ყარა ოღლს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამელიორაციო სისტემიდან წყლის დატაცებას. შესაბამისად, მან ჩაიდინა ქმედება, რაც გამოიხატა მისი მხრიდან, შესაბამისი ხელშეკრულების არარსებობის პირობებში, თვითნებურად, 18 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის გასარწყავებაში. ამ ქმედებისთვის მას დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
საქმეში წარმოდგენილია სარწყავი წყლის დატაცებით შპს „საქართველოს მელიორაციაზე“ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, რომლის მიხედვით მოპასუხემ თვითნებურად 18 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის გასარწყავება განახორციელა. ამდენად, უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ 1ჰა ფართობის გასარწყავების ღირებულება 75 ლარს შეადგენს. შესაბამისად, მოპასუხემ თავისი ქმედებით შპს „საქართველოს მელიორაციას“ 1350 ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის მიმყენებლისგან მისი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რადგან დადგენილია, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად მოსარჩელე შპს „საქართველოს მელიორაციას“ მიადგა 1350 ლარის ოდენობის ზიანი. ამიტომ, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ასკარ ყარა ოღლს შპს „საქართველოს მელიორაციის“ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის 1350 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულადი გადახდევინების შესახებ სარჩელზე გადასახდელი თანხით განისაზღვრება.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები:
განსახილველ სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6, მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 30916-30921-ე, 364-365-ე, 367- 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ სარჩელი, მოპასუხე ასკარ ყარა ოღლის მიმართ, დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ასკარ ყარა ოღლს მოსარჩელე შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1350 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ასკარ ყარა ოღლს მოსარჩელე შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.თბილისი,გრ. რობაქიძის ქ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს (ქ.თელავი, აღმაშენებლის №41) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. განემარტოთ მხარეებს, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი