გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200210017002138366
საქმე №2/792-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 ივნისი, 2018 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე თ-------------ძე
წარმომადგენელი თ----------------–ი
მოპასუხე გ---------------–---ი
წარმომადგენელი ბ-------------–---–ი
დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე გ---------------–---ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ა-–------------------–---ის (დაბადებული 2-----–-–----------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 20 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარის დაკისრება, მის სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელის განმარტებით, თ-------------ძე 2014 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე გ---------------–---თან 2016 წლამდე, თუმცა გარკვეული უთანხმოების გამო ერთად აღარ ცხოვრობენ და მოახდინეს განქორწინება. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2----–-–---------------- დაბადებული ა-–------------------–---ი. ა-–------------------–---ი ცხოვრობს დედასთან. ბავშვის მამა მონაწილეობას არ იღებს მის აღზრდაში, არ ეხმარება ფინანსურად. გ---------------–---ი არის შრომისუნარიანი, იგი მუშაობს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში და აქვს ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი 480 ლარი. ამასთან მთელი წლის განმავლობაში აქვს პრემია დანამატები და საშუალოდ მოპასუხის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 700 ლარს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გ---------------–---ის ოჯახს გაქირავებული აქვს ორი კომერციული ფართი, სადაც განთავსებულია მაღაზიები და აღნიშნული ფართების გაქირავების შედეგადაც იღებენ სოლიდურ შემოსავალს. გ---------------–---ი ასევე ეწევა სასოფლო სამეურნეო ბიზნესს და აქედანაც აქვს მას დამატებითი შემოსავლები.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ა-–------------------–---ის (დაბადებული 2-----–-–-----------------) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში (სასამართლო სხდომაზე დააზუსტა).
მოპასუხის განმარტებით, მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენს 600 ლარს, საიდანაც უკავდება საშემოსავლო გადასახადი და ხელზე იღებს 480 ლარს, არც პრემია და არც დანამატი არ აუღია. ასევე განმარტა, რომ ბავშვისთვის გახსნილი აქვს საბავშვო ანაბარის ანგარიში სს ,,თ----------–-’’, რომელზეც ა-–------------------–---ის სახელზე შეაქვს თანხა პერიოდულობით შესაძლებლობის ფარგლებში. ბოლო შეტანა განხორციელებული აქვს 2017 წლის ივნისში 150 ლარის ოდენობით, სულ ანგარიშზე დღეისათვის შეტანილია 675 ლარი. ამავე პერიოდში ფარავდა იმ კრედიტებს, რომლებიც აღებული ჰქონდა ოჯახის საჭიროებისათვის, იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობდა, რის გამოც საბავშვო ანაბარზე თანხა წყვეტილად შეაქვს და აგრძელებს ანგარიშზე თანხის შეტანას. მის სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხება და არანაირი ბიზნესს არ აწარმოებს და არ აქვს დამატებითი შემოსავალი. აღებული აქვს კრედიტი ბანკიდან და იხდის გრაფიკის მიხედვით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე თ-------------ძე და მოპასუხე გ---------------–---ი 2014 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2016 წლამდე. გარკვეული უთანხმოების გამო ერთად აღარ ცხოვრობდნენ და მოახდინეს განქორწინება. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი 2----–-–---------------- დაბადებული ა-–------------------–---ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–------------------–---ის დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 18);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
3.1.2. არასრულწლოვანი ა-–------------------–---ი ცხოვრობს მოსარჩელესთან, თ-------------ძესთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.1.3. მოსარჩელე თ-------------ძე არ არის დასაქმებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.4. გ---------------–---ს კმაყოფაზე სხვა პირი არ ჰყავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე გ---------------–---ი მუშაობს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში და აქვს ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი 480 ლარი. ამასთან მთელი წლის განმავლობაში აქვს პრემია დანამატები და საშუალოდ მოპასუხის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 700 ლარს.
3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით, მოპასუხე გ---------------–---ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2015 წლის მარტის თვეში - 620.5 ლარს, აპრილის თვეში - 603.3 ლარს, მაისის თვეში - 654.6 ლარს, ივნისის თვეში - 618.3 ლარს, ივლისის თვეში - 681.8 ლარს, აგვისტოს თვეში - 1200.0 ლარს, სექტემბრის თვეში - 600.0 ლარს, ოქტომბრის თვეში - 600.0 ლარს, ნოემბრის თვეში - 600.0 ლარს, დეკემბრის თვეში - 1200.0 ლარს; 2016 წლის იანვრის თვეში - 600.0 ლარს, თებერვლის თვეში - 600.0 ლარს, მარტის თვეში - 600.0 ლარს, აპრილის თვეში - 1200.0 ლარს, მაისის თვეში - 600.0 ლარს, ივნისის თვეში - 600.0 ლარს, ივლისის თვეში - 600.0 ლარს, აგვისტოს თვეში - 1200.0 ლარს, სექტემბრის თვეში - 600.0 ლარს, ოქტომბრის თვეში - 600.0 ლარს, ნოემბრის თვეში - 600.0 ლარს, დეკემბრის თვეში - 900.0 ლარს; 2017 წლის იანვრის თვეში - 600.0 ლარს, თებერვლის თვეში - 600.0 ლარს, მარტის თვეში - 600.0 ლარს, აპრილის თვეში - 900.0 ლარს, მაისის თვეში - 600.0 ლარს, ივნისის თვეში - 600.0 ლარს, ივლისის თვეში - 600.0 ლარს, აგვისტოს თვეში - 600.0 ლარს, სექტემბრის თვეში - 600.0 ლარს, ოქტომბრის თვეში - 600.0 ლარს, დეკემბრის თვეში - 1557.1 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 650.0 ლარს, თებერვლის თვეში - 950.0 ლარს, მარტის თვეში - 800.0 ლარს;
3.2.3 ის გარემოება, რომ მოპასუხე მონაწილეობას არ იღებს ბავშვის აღზრდაში, არ ეხმარება ფინანსურად. მოპასუხემ მიუთითა, რომ ბავშვისთვის გახსნილი აქვს საბავშო ანაბარის ანგარიში თ----------–-. ასევე ის, რომ გ---------------–---ს საბანკო დაწესებულებებში უფიქსირდება ფულადი გზავნილები, მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ საბანკო კრედიტის დასაფარად ხდება ფულადი თანხის გამოგზავნა გ---------------–---ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ 37-38)
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 23 აპრილის N21-04/52670 მიმართვა, დანართი (ს.ფ. 176-182);
- საბანკო დაწესებულებიდან ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია (ს.ფ. 160-161, 165, 173-174, 187-188, 200-204);
3.2.4. საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გ---------------–---ის ოჯახს გაქირავებული აქვს ორი კომერციული ფართი, სადაც განთავსებულია მაღაზიები და აღნიშნული ფართების გაქირავების შედეგადაც იღებენ სოლიდურ შემოსავალს. გ---------------–---ი ასევე ეწევა სასოფლო სამეურნეო ბიზნესს და აქედანაც აქვს მას დამატებითი შემოსავლები. აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით, მათ შორის, არც ფაქტების კონსტატაციის მასალებით, არ დასტურდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოპასუხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
სასამართლო, დასაკისრებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში იღებს მოპასუხის ქონებრივ მდგომარეობას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის რჩენა-აღზრდის საჭიროებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 225 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1222-ე, 1234-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–---------------- დაბადებული ა-–------------------–---ის, რომელიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ თ-------------ძე და გ---------------–---ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მხარეებს შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.
აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.
,,სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.
აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი, მოპასუხე მხარე დასაქმებულია. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, გ---------------–---ს 2015 წლის მარტიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით, უფიქსირდება კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები, რაც იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ გ---------------–---ს აქვს უნარი უზრუნველყოს შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიური ხარჯები. ამასთან, ყურადსაღებია ფაქტი იმის თაობაზე, რომ მის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებსაც, რომ მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მის აღზრდა-განვითარების ხარჯებს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან თ-------------ძე არ არის დასაქმებული. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვი საჭიროებს მშობლების დახმარებას, ვინაიდან არის მცირეწლოვანი და მის აღზრდა-განვითარების, ჯანმრთელობის და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები.
მცირეწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, მათ რჩენაზე მყოფი პირების, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 225 ლარის ოდენობით. ა-–------------------–---ისათვის გადასახდელად განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა – 225 ლარი ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ამავდროულად, შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას, ვალდებულება უპირობოა და არ არის დამოკიდებული რაიმე სხვა გარეფაქტორებზე. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2017 წლის 20 ოქტომბრიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 225 ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე თ-------------ძე ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, გ---------------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე თ-------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე გ---------------–---ს (პირადი N2----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, ა-–------------------–---ის (დაბადებული: 2----–-–----------------, პირადი N0----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, 225 (ორასოცდახუთი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 20 ოქტომბრიდან, მის სრულწლოვანებამდე.
3. გ---------------–---ს (პირადი N2----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი