გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210116001435769
N2/1427-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ივნისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - სს „კრედო ბანკი“
წარმომადგენელი - ნათია კუჭუხიძე;
მოპასუხე - ფოთოლა ელიავა;
წარმომადგენელი: ლალი ელიავა;
მოპასუხეები – ნანული ცუცქირიძე, მთვარისა სილაგაძე; (არ გამოცხადნენ);
დავის საგანი - დავალიანების დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს - ფოთოლა ელიავას, მთვარისა სილაგაძეს და ნანული ცუცქირიძეს სს „კრედო ბანკის“ (შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 5125,03 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, მოპასუხე ფოთოლა ელიავას წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 24 ივლისს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ და ფოთოლა ელიავას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 5000 აშშ დოლარი 36 თვის ვადით, თვიური 1.33% სარგებლის დარიცხვის პირობით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს 150 დღემდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა სიცოცხლის დაზღვევის თანხის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება, (ს.ფ. 20);
- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 21;)
- მხარეთა ახსნა–განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.2. 2014 წლის 24 ივლისს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ“ მთვარისა სილაგაძესთან, ერისტო ელიავასთან და ნანული ცუცქირიძესთან გააფორმეს თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც თავდებმა პირებმა სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება ფოთოლა ელიავას მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე. თავდებთა პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 7844,29 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულებები და თავდებთა განცხადებები (ს.ფ. 22-27);
3.1.3. მოპასუხე ერისტო ელიავა გარდაცვლილია, მოთხოვნა ერისტო ელიავას მიმართ მოსარჩელემ გაითხოვა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის შუამდგომლობა (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.4. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედომ“ რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, ამასთან შეიცვალა სახელწოდება და გახდა სს ,,კრედო ბანკი“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 115-118)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5125,03 აშშ დოლარს, საიდანაც 3546,49 აშშ დოლარი სესხის ძირი თანხაა, 991,09 აშშ დოლარი – პროცენტი, 228,91 აშშ დოლარი– სიცოცხლის დაზღვევა, 342,43 აშშ დოლარი–ჯარიმა, 16,11 აშშ დოლარი არის საკომისიო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 44);
მოპასუხე ფოთოლა ელიავამ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, თუმცა სხვა მოთხოვნების მიმართ უარის თქმის საფუძველი არც მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგენია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ სს ,,კრედო ბანკის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, მე-400, 361-ე, 417-ე, 418-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსა” და მოპასუხე ფოთოლა ელიავას შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2014 წლის 24 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან, რომლის საფუძველზეც ერთ შემთხვევაში, მოსარჩელემ გასცა და მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 5000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, 1.33% თვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით.
2014 წლის 24 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენდა სიცოცხლის დაზღვევისა და მომსახურების საკომისიო თანხების გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
დადგენილია, რომ ფოთოლა ელიავას მიერ დარღვეულია 2014 წლის 24 ივლისის სესხის ხელშეკრულების პირობები. სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეთა დავალიანება სს ,,კრედო ბანკის“ მიმართ განისაზღვრა 5125,03 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3546,49 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი - 991,09 აშშ დოლარი, 228,91 აშშ დოლარი სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ჯარიმა 342,43 აშშ დოლარი, 16,11 აშშ დოლარი საკომისიო.
შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები მოვალისათვის სესხის ძირი თანხის, პროცენტის, სიცოცხლის დაზღვევისა და საკომისიოს თანხების დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
მხარეებს შორის 2014 წლის 24 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულების შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობა და მისი გადახდის ვალდებულება, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სესხის ხელშეკრულების მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ამ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ 150 დღის განმავლობაში პირველი ვადაგადაცილებიდან) გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0,27%-ის ოდენობით.
ვინაიდან, სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ფოთოლა ელიავას მიერ სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
უდავო გარემოებაა, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 24 ივლისს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრედოსა“ და მოპასუხეებს მთვარისა სილაგაძეს, ერისტო ელიავას და ნანული ცუცქირიძეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა ინდივიდუალურად იკისრეს ვალდებულება სოლიდარულად დაეფარათ ძირითადი მოვალის დავალიანება.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „კრედო ბანკის” მოთხოვნა თავდებების - მთვარისა სილაგაძეს და ნანული ცუცქირიძის მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 361,75 ლარი, უზრუნველყოფისათვის 150 ლარი, მოსარჩელე ასევე ითხოვს სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისთვის გადახდილი 21 ლარის მოპასუხეებზე დაკისრებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ფოთოლა ელიავას წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 361,75 ლარიდან მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 41,47 ლარის გადახდა, ასევე უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის და სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის 21 ლარის გადახდა.
ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს ნანული ცუცქირიძეს და მთვარისა სილაგაძეს სს „კრედო ბანკის“ სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 320,28 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს საქმეზე 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, რომლითაც შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. ქუთაისი ზ. ჭავჭავაძის N26 (ნაკვეთი N1) ბინა N6 (საკადასტრო კოდით 03.01.24.078.01.006).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „კრედო ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეებს - ფოთოლა ელიავას, მთვარისა სილაგაძეს და ნანული ცუცქირიძეს სს „კრედო ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 5125,03 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3546,49 აშშ დოლარი, პროცენტი – 991,09 აშშ დოლარი, ჯარიმა – 342,43 აშშ დოლარი და დაზღვევის თანხა – 228,91 აშშ დოლარი, საკომისიო 16,11 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხეებს - ფოთოლა ელიავას, მთვარისა სილაგაძეს და ნანული ცუცქირიძეს სს „კრედო ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 41,47 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის, ასევე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის 21 ლარის გადახდა .
1.3. მოპასუხეებს - მთვარისა სილაგაძეს და ნანული ცუცქირიძეს სს „კრედო ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 320,28 ლარის გადახდა.
2. ძალაში დარჩეს 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. ქუთაისი ზ. ჭავჭავაძის N26 (ნაკვეთი N1) ბინა N6 (საკადასტრო კოდით 03.01.24.078.01.006).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე