გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001673154
2-65/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16/05/2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: შპს “ვ----------------–---------------–------–--------------------“
წარმომადგენელი: მ------------------
მოპასუხე: შპს „S---------------”
წარმომადგენელი: ე-----------------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოსარჩელის პოზიცია:
შპს “ვ----------------–---------------–------–--------------------“ სასარჩელო განცხადებით მოთხოვს შპს „S---------------”-ს დაეკისროს 83 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2015 წლის 26 აგვისტოდან 2015 წლის 22 ოქტომბრამდე მხარეებს შორის ხორციელდებოდა კომცერიული ურთიერთობები. ამ პერიოდში მოსარჩელემ მოპასუხეს მიყიდა 277 668.86 აშშ დოლარის ღირებულების დასუფთავების საშუალებები. შეძენილი საქონლის ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველი თვის ბოლო რიცხვში. მოპასუხემ ნაკირი მოვალეობა ჯეროვნად არ შეასრულა. მას გადასახდელი აქვს შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი 83 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ. მისი წარმომადგენელი ადასტურებს მხარეებს შორის არსებულ კომერციულ ურთიერთობას. ასევე ადასტურებს მოსარჩელისაგან საქონლის შეძენას, მაგრამ ამტკიცებს, რომ მას გადასახდელი აქვს არა 83 000 აშშ დოლარი, არამედ 20 000 აშშ დოლარი.
ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 26 აგვისტოდან 2015 წლის 22 ოქტომბრამდე მხარეებს შორის ხორციელდებოდა კომცერიული ურთიერთობები. ამ პერიოდში მოსარჩელემ მოპასუხეს მიყიდა 277 668.86 აშშ დოლარის ღირებულების დასუფთავების საშუალებები.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- სასაქონლო ზედნადებები, საბაჟო დეკლარაციიები. ს.ფ. 119-182.
3.1.2. შეძენილი საქონლის ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველი თვის ბოლო რიცხვში.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.3. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ მოპასუხემ შეძენილი საქონლის ნაწილი 194 668.86 აშშ დოლარი გადაიხადა.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
3.4.. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა , რომ მოპასუხეს გადასახდელი აქვს შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი - 20 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებებაა 63 000 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე ამტკიცებს, რომ მას სადაო თანხიდან 63000 აშშ დოლარი გადახდილი აქვს, რასაც მოსარჩელე კატეგორიულად არ ეთანხმება.
3.2.2. სადო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებებს. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თურომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მან მოსარჩელეს მიაწოდა 277 668.86 აშშ დოლარის ღირებულების დასუფთავების საშუალებები. ეს გარემოება მხარეებს შორის სადაო არაა, ამიტომ მოსარჩელეს რომელიმე ფაქტი დასამტკიცებელი არ აქვს. საქონლის მიწოდების დადასტურების შემდეგ, მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ მას გადახდილი აქვს შეძენილი საქონლის ღირებულება 277 668.86 აშშ დოლარი. ამ თანხიდან სადაოა მხოლოდ 63 000 აშშ დოლარი. მისი გადახდა უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რადგანაც თანხის გადამხდელი მოპასუხეა და მხოლოდ მას მოეთხოვება ჰქონდეს გადახდის მტკიცებულება. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება სალაროს შემოსავლის ორდერით, საბანკო გადარიცხვის ქვითარით, ხელწერილით, მოწმის ჩვენებით ან ნებისმიერი იმ მტკიცებულებით, სადაც ასახული იქნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისათის ნასყიდობის ღირებულების გადახდა.
3.2.4 . სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.5. ნასყიდობის საფასურის სახით დარჩენილი დავალიანებიდან 83 000 აშშ დოლარიდან 63 000 აშშ დოლარის გადახდას მოპასუხე ამტკიცებს ზეპირად. მას სხვა ტიპის მტკიცებულება არ აქვს.
3.2.6. სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ფასის გადახდა, ფაქტობრივი გარემოებებაა. მისი არსებობის ან არარსებობის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მოპასუხის ზეპირი განმარტება არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს ნასყიდობის ფასის გადახდას. ფაქტია, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ზეპირი განმარტება, თავისი ზეპირი განმარტებითვე უარყო და განმარტა, რომ მოპასუხეს სადაო 63 000 აშშ დოლარი გადახდილი არ აქვს. ზეპირ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ამათუიმ ფაქტის არსებობა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს, მასზედ, რომ კანონი მხარეებს არ უკრძალავს ისარგებლონ ხელშეკრულების თავისუფლებით და ნასყიდობისას ანგარიშსწორება მოახდინონ ზეპირად. (საგადასახადო პოლიტიკიდან გამომდინარე მეწარმე სუბიექტებს ეკრძალებათ დოკუმენტების გარეშე ანგარიშსწირება, თუმცა ამის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის). დასაშვებია, რომ დოკუმეტის გარეშე ანგარიშსწორებაც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ანგარიშსწორება და თანხის გადახდა მაშინ ითვლება დადგენილად, როცა თანხის მიმღები ამ ფაქტს სადაოდ არ გახდის. მსგავსი გადაცემის სადოდ გახდომისას თანხის გადახდის მტკიცება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მყიდველს გაუჭირდეს ფასის გადახდის მტკიცება. სწორედ ამიტომაც მყიდველმა უფლება უნდა გამოიყენოს მართლზომიერად. ისე უნდა გადაიხადოს ფასი, რომ დავის შემთხვევაში მისი გადახდის მტკიცების უნარი ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახდას მტკიცებას, თავიდანვე აყენებს რისკის ქვეშ. რისკვეშ ქვეშ დაყენებაა ღირებულების გადახდა იმ ვარაუდით, რომ სადაოობისას გამოიყენოს თავისი ზეპირი განმარტება. ობიექტურობა მოითხოვს, რომ მხოლოდ ზეპირი განმარტებით არ უნდა გადაწყდეს ფასის გადახდის საკითხი. იგი სხვა მტკიცებულებებითაც უნდა დგინდებოდეს. მოპასუხეს სხვა მტკიცებულება არ აქვს. შესაბამისად მან ვერ დაამტკიცა, რომ ნასყიდობის საფასურის ნაწილი 63 000 აშშ დოლარი გადახდილი აქვს. სწორედ ამიტომაც სასამართლომ ფასის გადახდასთან დაკავშირებით მოპასუხის განმარტებები არ გაიზიარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. მოპასუხეს უნდა დაეკისროს შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდა.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს კონსტიტუცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრებოდა შეძენილი საქონლის ფასის გადახდის მოვალეობა. მას გადასახდელი აქვს - 83 000 აშშ დოლარი. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ შეიძინა საქონელი და მის მესაკუთრეს არ გადაუხადა ნასყიდობის საფასური სრულად, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს შეძენილი საქონლის ფასის გადახდა.
6.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ გადაუხადოს თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს ნასყიდობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში ნასყიდობაზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.
6.3. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებს შორის არსებობს სავაჭრო ურთიერთობები. 2015 წლის 26 აგვისტოდან 2015 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში მოსარჩელემ მოპასუხეს მიყიდა 277 668.86 აშშ დოლარის ღირებულების დასუფთავების საშუალებები. ასეთი ურთიერთობა წარმადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას და რეგულირდება ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით: - ,,1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი”.
,,2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება”.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ შპს “ვ----------------–---------------–------–--------------------სგან“ მოეთხოვა ნასყიდობის საგნის გადაცემა. მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და შპს „S---------------”-ს 2015 წლის 26 აგვისტოდან 2015 წლის 22 ოქტომბრამდე გადასცა ნასყიდობის საგანი 277 668.86 აშშ დოლარის ღირებულების დასუფთავების საშუალებები. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და საქონლის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა უფლება მოითხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება, ანუ ნასყიდობის საფასურის გადახდა. ნასყიდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, რომლის დადებასაც უნდა მოჰყვეს ნასყიდობის საგნის გადაცემა, ხოლო საგნის გადაცემას უნდა მოჰყვეს ფასის გადახდა. მოპასუხე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ნასყიდობის ფასი მესაკუთრისათვის გადაეხადა დათქმულ ვადაში და ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ ნასყიდობის საგნის გადაცემას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი - გადაიხადა. არ გადაიხადა 83000 აშშ დოლარი. მართალია მოპასუხის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მის მარწმუნებელს 20 000 აშშ დოლარის გარდა სხვა თანხა გადასახდელი არ აქვს, მაგრამ მან ვერ შეასრულა თავისი საპროცესო მოვალეობა და სარჩელისაგან თავი ვერ დაიცვა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მას გადასახდელი აქვს 83 000 აშშ დოლარი. მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან და ამიტომაც სახელშეკრულებო პირობები უნდა შესრულდეს ისე, როგორც შეთანხმებულნი არიან. ფასის გადახდა, მოპასუხის მოვალეობა იყო. მიუხედავად ამისა მას ფასი გადახდილი არ აქვს. მოპასუხემ ფასის ნაწილობრივი გადაუხდელობით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ნასყიდობის ფასის სრული გადახდა. მოპასუხისათვის 83000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრებით აღსდგება მხარეთა თანასწორობა და ვალდებულებაც შესრულდება სრულად. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას დავის საგნის ღირებულებიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს. დასახელებული ნორმების დაცით საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. ბაჟი მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს. მან სარჩელი სცნო 20 000 ლარის ნაწილში ანუ 24.09 %. მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელის ცნობის გამო მოპასუხე სახ. ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება (საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეროე ნაწილი). შესაბამისად მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს ამ ნაწილში კუთვნილი ბაჟის - 1204.81 ლარის გადასახადისაგან. მას უნდა დაეკისროს დანარჩენ ნაწილში ბაჟის გადახდა 3795.19 ლარის ოდენობით. მასვე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქ. სსკ–ის 1991–ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო სატრანსპორტო საშუალებებს. სარჩელი დაკმაყოფილდა.შესაბამისად დასახელებული ქონება გამოყენებული უნდა იქნას გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. შესაბამისად საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის საშუალება საქ. სსკ–ის 1991–ე მუხლის საფუძველზე უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს “ვ----------------–---------------–------–--------------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს „S---------------”-ს, შპს “ვ----------------–---------------–------–--------------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 83 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
3. შპს „S---------------”-ს, შპს “ვ----------------–---------------–------–--------------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის 3795.19 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათის გადახდილი სახ. ბაჟის 150 ლარის ანაზღაურება.
4. შპს “ვ----------------–---------------–------–--------------------“-ს უკან დაუბრუნდეს მ-----------------ის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი 1204.81 ლარი (საგადასახადო დავალება 1, გადამხდელის ბანკი - სს თიბისი ბანკი, გადახდის თარიღი - 09/01/2017 წელი, სახაზინო კოდი - 300693150)
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე