განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/369-18
(№012160418001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
სტაჟიორ-პროკურორი: ლაშა მერაბიშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული ზ-------------ა, დაბადებული 1----–-–------------ს, პ--------------------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ-----------------–---------------–------------–-----------–-------;
ადვოკატები კობა კობიაშვილი და გელა ჯალიაშვილი,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტი - ადევნება - პირადად პირის, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, ჩადენილი არაერთგზის.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენით ზ-------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით.
2018 წლის 26 აპრილის ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მომართვის თანახმად, ზ-------------ამ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით, შეასრულა 2018 წლის 25 აპრილს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ზ-------------ა გასამართლების მიუხედავად კვლავ სისტემატურად ახორციელებდა ვ---------------------–თან ამ უკანასკნელისათვის არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონითა და სოციალური ქსელის FACEBOOK-ის საშუალებით, კერძოდ 2018 წლის 13 მარტს, 18 მარტს და 15 აპრილს მიწერა მოკლეტექსტური შეტყობინებები, დაურეკა 2018 წლის 15 აპრილს და 2018 წლის 1 მარტს მივიდა მასთან სახლში, აღნიშნულმა გამოიწვია ვ---------------------–ის ტანჯვა და შეექმნა იმის რეალური საჭიროება, რომ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. ვ---------------------–ს ეშინია, რომ ზ-------------ა მას რაიმეს დაუშავებს ან ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცებს, რადგან მიუხედავად პასუხისგებაში მიცემისა მან მაინც არ დაანება თავი და გააგრძელა მასთან მისთვის არასასურველი კომუნიკაცია.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს დასკვნა, ზ-------------ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ვ---------------------–ის განცხადებას და მასზე დართული დოკუმენტებს, ვ---------------------–ის გამოკითხვის ოქმს, მის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათების დათვალიერების ოქმს, ო----------------–ის გამოკითხვის ოქმს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენს და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, გარდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულის ჩვენებისა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული საშუალებით, რომელიც ხორციელდება სისტემატიურად:
დაზარალებულმა ვ---------------------–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული 2016 წლის 28 თებერვალს გარე ბიძაშვილ გიორგი მიგრიაულის მეშვეობით გაიცნო და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ჰქონდა მასთან კომუნიკაცია, მანამდე მას არ იცნობდა. ამ დროიდან წერდა სასიყვარულო მესიჯებს, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და მოთხოვნისა, არაფერი ესმის. სახლშიც მიაკითხა და აუხსნეს, რომ თავი დაენებებინა, ჩაერია არაერთი ნათესავი, არ პასუხობდა მის შეტყობინებებს, ზარებს, არ ახსენდება, მომენტი, რომ მასთან დიალოგში შესულიყო, გარდა ერთი შეხვედრისა, რომელიც მისივე მოთხოვნით შედგა და დათანმხდა, რათა აეხსნა, რომ არ სურდა მასთან არანაირი ურთიერთობა. პირველ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, კვლავ მივიდა მასთან სახლში, რამდენჯერმე მისწერა მესიჯი და დაურეკა კიდეც. ფიქრობს, რომ მას ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, იმდენად ვერ აცნობიერებს რეალობას. შეუმჩნევია, რომ უთვალთვალებდა ხოლმე, ხვდებოდა სახლთან, ქუჩაში, რაც მასში შიშს იწვევდა. მისი ყოველი მესიჯი არის გაურკვეველი და ორაზროვანი, არ გამორიცხავს მოტაცებას, რადგან წერდა, მსგავსი შინაარსის მესიჯებს. პირველი საქმის დასრულების შემდეგ, მის ტელეფონზე დაბლოკვა გააუქმა და ამან თითქოს სტიმული მისცა, ნებისმიერ მის აქტივობაზე სოციალურ ქსელში, ის მიიჩნევდა რომ მისგან ურთიერთობის ინტერესი გაჩნდა, თუმცა ვერ ხსნის რის გამო შეიძლებოდა მას ასე ეფიქრა. იგი პედაგოგია, ამეცადინებს მოსწავლეებს, ტელეფონში ჰქონდა უამრავი საჭირო საკონტაქტო ნომერი და იძულებული გახდა ტელეფონის ნომერი გამოეცვალა, ასევე ფიქრობს საქართველოდან წასვლას, რადგან ეშინია, უნდა, რომ მშვიდად იცხოვროს, მან შეურაცხყოფა მიაყენა მის მშობლებლსაც. მას არ აქვს მისი დასჯის ინტერესი, თუმცა ითხოვს უსაფრთხოებას და ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომ იყოს დაცული.
ვ---------------------–მა გამოძიებისას წარადგინა ზ-------------ას მიერ მისთვის გაგზავნილი მესიჯები: 2018 წლის 13 მარტს, "რწმენას ნუ დაგარგავ, ბედნიერი იყავი სიმძიმილშიც", 2018 წლის 15 აპრილს, "ჩემი ცხოვრება ხარ გოგო შენ", "ჭირი მაცალე, ეს ნაგავიც მოვიშორო, ჩემი სამყარო ხარ", 2018 წლის 18 მარტს "არ ვეძებდი ვინ იყავი ან რა იყავი, არც მაინტერესებდა რა მომელოდა მომავალში, თუმცა როგორც მიგებდი ისე გიგებდი, მეჯავრებოდა სხვისი ჩარევა და იქ მადგავდი წიხლს, ბოლოს მიგიშვი აბა რამდენი თქო. დაგამსხვრევინე ყველაფერი და მაინც მიყვარხარ, დოგმას არ აუარე ეს ეგოიზმია, მეცოდება ჩემი სიყვარული დოგმებზეა აგებული, დამეკარგა ფასიც და შეგრძნებაც პატივია მხოლოდ. ესაა ჩემი სიმართლე", "მედალს ორი მხარე აქ? ბედნიერი იყავი სანამ მიხვდები".
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლით დასჯადია ადევნება - პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
სსკ-ის 1511-ე მუხლის შემადგენლობა მატერიალურია. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ ქმედებათაგან ერთ-ერთის განხორციელება და მის მიერ ამავე მუხლში ჩამოთვლილ შედეგთაგან ერთ-ერთის გამოწვევა.
ზ-------------ას ბრალად წარდგენილი აქვს არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება.
ტელეფონი კომუნიკაციის ისეთი საშუალებაა, რომლის მეშვეობით ადამიანი იღებს და გადასცემს ინფორმაციას შორ მანძილზეც. ელექტრონული საშუალება არის ისეთი სახის ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ელექტროენერგიის გამოყენებით გარკვეული მოქმედებები განხორციელდეს, მათ შორის, მოხდეს ინფორმაციის განთავსება, მიღება, გაცვლა, კომუნიკაციის დამყარება და სხვა. თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე შექმნილია ელექტრონული საშუალებები, რომელთა მეშვეობით ადამიანები ამყარებენ კომუნიკაციას ერთმანეთთან. კომუნიკაცია გულისხმობს მოკლევადიან ან გრძელვადიან ურთიერთობას, ინფორმაციის, ემოციების გადაცემას. როდესაც პირს არ სურს ჰქონდეს ურთიერთობა სხვა პირთან, ასეთი სახის ურთიერთობა არასასურველი კომინიკაციაა.
აქვე უნდა განიმარტოს, რომ სისტემატური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით.
რაც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვან შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
საქართველოს სსკ-ის 1511-ე პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - თვალთვალს და არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, შედეგს - ფსიქოლოგიურ ტანჯვას და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებებსა და შესაძლო შედეგს შორის.
ფსიქიკური ტანჯვა გულისხმობს უსიამოვნო გრძნობით გამოწვეულ წვალებას, ხანგრძლივ, აუტანელ წუხილს. რაც შეეხება ცხოვრების წესს, ის კომპლექსური გარემოებების ერთობლიობას გულისხმობს, რაც მოიცავს სოციალურ ურთიერთობებს, სამსახურს, ოჯახურ, პირად ურთიერთობებს, თავისუფალი დროის გამოყენებას ნება-სურვილის მიხედვით და ა.შ.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
განაჩენში მითითებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, ის ფაქტი, რომ მიუხედავად დაზარალებულის აშკარა უარისა ბრალდებულთან რაიმე ფორმის კომუნიკაციაზე (არ შედიოდა კონტაქტში, არ პასუხობდა ზარებს, დაბლოკა სოციალურ ქსელში), ზ-------------ა განაგრძობდა მობილური ტელეფონის და სოციალური ქსელით მასთან დაკავშირებას, ცდილობდა მასთან კონტაქტს, რაც იწვევდა ვ---------------------–ის ფსიქიკურ ტანჯვას, როგორც მისი ჩვენებით დადგინდა, მან შეიცვალა მობილური ტელეფონის ნომერი, დახმარება სთხოვა არაერთ ნათესავს, ყოველ მის დანახვაზე განიცდიდა შიშს, რომ შესაძლებელია აღეკვეთა მისთვის თავისუფლება (მოტაცება), ფიქრობს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, რათა ბრალდებულმა ვერ შეძლოს მისი ნახვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-------------ას ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - ადევნების შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც გამოიხატა ვ---------------------–თან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქმედებაზე და ქმედების შესაბამისობაზე დანაშაულის ნიშნებთან. ზ-------------ას ქმედება, რასაც დაცვის მხარე სიყვარულის გასამართლებას უწოდებს, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, ვინაიდან ”სიყვარულის სახელით” მოქმედება, მაშინ როდესაც აღნიშნული გამოიხატება არასასურველ კომუნიკაციაში და გრძელდება დროის გარკვეულ პერიოდში - შედეგად იწვევს პირის ტანჯვას და ცხოვრების წესის შეცვლას. აღნიშნულის დარწმუნების საფუძველს სასამართლოს სრულად აძლევს დაზარალებულის ჩვენება და მისი ემოციური მდგომარეობა. დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, სასამართლო დარწმუნდა, რომ ვ---------------------–ი არ არის დაკავებული ფლირტით და არ აქვს არანაირი სიმპატია ბრალდებულის მიმართ. ბრალდებულის ორაზროვანი მესიჯები, რომელიც თითქოსდა სიყვარულის გამოხატვასაც გულისხმობს, იმავდროულად თითქოს შეიცავს ”დასასრულზე” მითითებას - ბედნიერი იყავი სანამ მიხვდები, მედალს ორი მხარე აქვს, რამაც დაზარალებულს აფიქრებინა, რომ მიუხედავად ერთხელ უკვე სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვისა, მისგან მომდინარეობდა საფრთხე და ამ ვითარებამ უფრო გაამძაფრა მის მიმართ ინტერესი. სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ზ-------------ას ქმედება არ არის ძალადობრივი, თუმცა შედეგის თვალსაზრისით, ვ---------------------–ის მიმართ ზ-------------ას მესიჯები, თვალთვალი, სატელეფონო ზარები, გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის მიუხედავად, დაჟინებული მოთხოვნა, რომ სურს მასთან ურთიერთობა, იწვევს პირის ტანჯვას, შიშს სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნით, რაც ამ დანაშაულის შემადგენელი გარემოებებია და კანონმდებელი არ მიუთითებს ძალადობაზე, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხზე.
საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ზ-------------ა ნასამართლევია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენით ამ კოდექსის იმავე მუხლით.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ზ-------------ას შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი რომელიც უნდა განესაზღვროს ბრალდებულს, უნდა შეესაბამებოდეს მის პიროვნებას, ჩადენილ ქმედებას და უნდა უზრუნველყოფდეს სასჯელის მიზნების მიღწევას. სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება ერთი მხრივ არ დაუშვას პირის დასჯა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე და მეორე მხრივ უზრუნველყოს იმ პირთა უსაფრთხოება, რომელთაც დანაშაულის შედეგად ზიანი მიადგა. სხდომაზე დაზარალებულმა განმარტა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი პირველი განაჩენის შემდეგ, ზ-------------ა გააცნობიერებდა, რომ ქმედება, რასაც ის ჩადის დანაშაულია და აღარ ჩაიდენდა მას განმეორებით, თუმცა ზ-------------ას მიმართ გამოყენებულმა მსუბუქმა სასჯელმა ცალსახაა, რომ ვერ შეუწყო ხელი ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას და მიუხედავად იმისა, რომ ზ-------------ასათვის ცნობილი იყო, რომ მისი ქმედებით ვ---------------------–ი განიცდიდა ტანჯვას და მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, რამაც დაზარალებული კიდევ უფრო შეაშინა და უფრო სარწმუნო გახადა ზ-------------ასაგან მომდინარე საფრთხე, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-------------ას მიმართ სასჯელი ამჯერად უნდა იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე ეს იყო პირველი განაჩენით და აუცილებელია მისი იზოლაცია. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, დანაშაულის საშიშროება და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, რის გამართლებასაც დაცვის მხარე ”სიყვარულით” ცდილობს. მითითებული გარემოებები ერთობლიობაში იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია ბრალდებულს სასჯელი განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ზ-------------ა ითვლება ნასამართლევ პირად და სასამართლო აღნიშნავს, რომ რეციდივი მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან სახეზეა მაკვალიფიცირებელი ნიშანი - პირის ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი არ გაქარწყლებული არ არის.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ნახევარი.
იმის გათვალისწინებით, რომ ზ-------------ა აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას (თავს დამნაშავედ ცნობდა გამოძიების მიმდინარეობის პერიოდშიც), მის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულს, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტით დანიშნული სასჯელის ნაწილი უნდა განესაზღვროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანიშნული სასჯელის ნახევარი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ზ-------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-271-ე, 272-ე, 273-ე, 274 - 277-ე, 279-ე, 280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 1511-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წელი განესაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ზ-------------ას დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 აპრილიდან.
ზ-------------ას მიმართ შეფარდებული აღვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე