გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140210116001244247
საქმე №2/140-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე -სს „კ------------ი“
წარმომადგენელი - გ------------–--–ი
მოპასუხეები - ე----------------–---–ი, ე-–-------------–---–ი, მ-----–-------–-–---–ი, რ------–-–--–--–---–ი, ლ-–-----------–---–ი
წარმომადგენელი - გ--------–---–---–ი
დავისსაგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეებს: ე----------------–---–ს, მ-----–-------–-–---–ს, ე-–-------------–---–ს, რ------–-–--–--–---–ს და ლ-–-----------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ 14971.18 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა მოპასუხეებს: ე----------------–---–ს, მ-----–-------–-–---–ს, ე-–-------------–---–ს, რ------–-–--–--–---–ს და ლ-–-----------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ 14 603.71 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 9164.79 აშშ დოლარი, სარგებელი - 4805.46 აშშ დოლარი, დაზღვევა - 500 აშშ დოლარი, საკომისიო - 133.46 აშშ დოლარი.
მოსარჩელის პოზიცია:
2015 წლის 15 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხე ე----------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 10 000 აშშ დოლარი 48 თვის ვადით, 1.42% ყოველთვიური სარგებლით. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით. მსესხებლის მიერ გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის დაგვიანება დაიწყო პირველივე თვიდან. მსესხებელს არაერთხელ ჩაბარდა გაფრთხილების წერილები. 2015 წლის 07 და 15 მაისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა ელენე თათარაშვილმა, მ-----–-------–-–---–მა, რ------–-–--–--–---–მა და ლ-–-----------–---–მა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულებას. თავდებებს ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ, თუმცა ვალდებულება არ შესრულებულა, რის გამოც მოპასუხეების დავალიანება სარჩელის წარმოდგენის მომენტისათვის შეადგინა 14971.18 აშშ დოლარი.
მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ მოპასუხეებმა სარჩელის სასამართლოში შემოტანის შემდეგ გადაიხადეს 367.47 აშშ დოლარი, რითაც დავალიანებიდან დაიფარა ჯარიმა სრულად და პროცენტის ნაწილი. შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 14 603.71 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 9164.79 აშშ დოლარი, პროცენტი - 4805.46 აშშ დოლარი, დაზღვევა - 500 აშშ დოლარი, საკომისიო - 133.46 აშშ დოლარი (იხ. სარჩელი და 16.04.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და მიუთითეს, რომ მათი დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს 284.62 აშშ დოლარს (იანვრის თვის დავალიანება), 363.44 აშშ დოლარს (თებერვლის თვის დავალიანება) და 14.02 აშშ დოლარს - პირგასამტეხლო სულ 662.08 აშშ დოლარს, ვინაიდან სრული დავალიანების დაკისრების წინაპირობა არ არსებობს. მოსარჩელე არ მიუთითებს საფუძველზე, თუ რატომ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს 14971.18 აშშ დოლარი, რადგან მართალია მსესხებლის მიერ დარღვეულია საბანკო კრედიტის გადახდის გრაფიკი, მაგრამ ხელშეკრულება არ შეწყვეტილა კანონით დადგენილი წესის დაცვით. კანონი ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტის რეგულაციებს, ესენია: გაფრთხილება, დამატებით ორკვირიანი ვადის მიცემა და ამ ვადის უშედეგოდ გასვლა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულება დაირღვა და ვადის გადაცილებას ადგილი ჰქონდა ორზე მეტჯერ, სადავოა ხელშეკრულება შეწყდა თუ არა კანონით დადგენილი წესის დაცვით. მოცემულ შემთხვევაში კრედიტორს მსესხებლისათვის დამატებითი ვადა არ მიუცია, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობა იქნებოდა და მართალია ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების შეწყვეტის წიინაპირობა, მაგრამ მხარეებს არ შეუძლიათ თუნდაც ორმხრივი შეთანხმებით გაითვალისწინონ შეწყვეტის წინაპირობები, რადგან კანონის დანაწესი იმპერატიულ ხასიათს ატარებს და მისი შეცვლა მხარეებს არ შეუძლიათ. ამდენად, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მხრიდან არ ყოფილა დაცული სამოქალქო კოდექსის შესაბამისი ნორმების მოთხოვნები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედი ხელშეკრულებაა და შესაბამისად არ არსებობს მთლიანი თანხის დაკისრების წინაპირობა. რაც შეეხება სარგებლის მოთხოვნას კრედიტის მთელი პერიოდისათვის მაშინ, როდესაც ხელშეკრულების ვადა არ არის გასული, ირღვევა სამოქალქო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპები, კონკრეტულად, იგი ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრიციპს, ვინაიდან კრედიტის მთელ პერიოდზე სარგებლის დარცხვა გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლო გადიდრებას რადგან მას ექნება შესაძლებლობა დაბრუნებული კრედიტი გაასესხოს და მიიღოს ორმაგი მოგება (იხ. შესაგელი და 16.04.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ მან არაეთხელ დაარღვია გადახდის გრაფიკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2015 წლის 15 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხე ე----------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 10 000 აშშ დოლარი, სესხის ვადა იყო 48 თვე, სესხი იყო სარგებლიანი - თვეში 1.42%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, ყოველთვიური დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 15.05.2015 წლის №20150515ETHAT სესხის ხელშეკრულება
3.2.2. 2015 წლის 07 და 15 მაისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა: ე-–-------------–---–მა, მ-----–-------–-–---–მა, რ------–-–--–--–---–მა და ლ-–-----------–---–მა კრედიტორის წინაშე იკისრეს ვადებულება ძირითადი მოვალის დავალიანების სოლიდარულად დაფარვის შესახებ, აგრეთვე მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისას ან შეუსრულებლობისას ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხის დაფარვის შესახებ მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებთა განცხადებები;
- 15.05.2015 წლის თავდებობის ხელშეკრულებები
3.2.3. მოპასუხეებმა სარჩელის აღძვრის შემდეგ გადაიხადეს 367.47 აშშ დოლარი, რის შემდეგაც მოპასუხე მხარის დავალიანება შეადგენს 14 217.60 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა - 9164.79 აშშ დოლარი, სარგებელი - 4 419.35 აშშ დოლარი, 500 აშშ დოლარი - დაზღვევის თანხა, 133.46 აშშ დოლარი საკომისიო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 10.02.2016 წლის ცნობა ე----------------–---–ის დავალიანების შესახებ
3.2.4. მოპასუხე მხარემ აღიარა მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვანდებულების, კერძოდ 9810 აშშ დოლარის (სესხის ძირი თანხა - 5390.65 აშშ დოლარი, პროცენტი - 4419.35 აშშ დოლარი) გადახდის ვალდებულება
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის აღიარება (16.04.2018 წ. და 14.05.2018 წლის სხდომის ოქმები)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შესფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს „კ------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალქო კოდექსის : 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 352-ე, 361-ე, 405-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 873-ე, 891-ე და 895-ე მუხლები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2015 წლის 15 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხე ე----------------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა 10 000 აშშ დოლარი 48 თვის ვადით, ყოველთვიური სარგებლით - 1.42%-ის ოდენობით.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში სს „კ------------სა“ და ე----------------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნამდვილობა, ასევე სადავო არ გამხდარა, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია თანხის გადახდის ვალდებულება, სადავოა მხოლოდ კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება.
6.7. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
6.8. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულია დამტებითი ვადის დაწესების პირობები ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო მოცემული მუხლის შესაბამისი პუნქტების მიხედვით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი, თუმცა არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა ) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილი ის ფაქტი რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და გადახდის გრაფიკი. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, რომ მოსარჩელემ არ დაიცვა ხელშეკრულების შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული პროცედურები, აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის პოზიცია საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან პირველ რიგში მოპასუხემ დააღვია სამოქალაქო კანონდებლობის ფუძემდებლური კეთილსინდისიერების პრინციპი და არ შეასრულა ვალდებულება ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მეორე რიგში - მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი არერთხელ, 2016 წლის 31 იანვარს და 03 თებერვალს, რა დროსაც ერთ შემთხვევაში შენიშვნის სახით მიუთითა, რომ იგი ერთ დღეში გრაფიკით გადასახდელი თანხის გადახდას ვერ შეძლებდა,ხოლო მეორე შემთხვევაში გაფრთხილების წერილი დატოვა რეაგირების გარეშე და გაფრთხილების გაგზავნის მიუხედავად მოპასუხე მხარე თავის ვალდებულებას არ ასრულებდა, შესაბამისად, დამატებითი ვადის დაწესებას არავითარი შედეგი არ მოჰყვებოდა. აქედან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება შეწყდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და მოპასუხის პოზიცია საფუძველს მოკლებულია. ამდენად, კრედიტორს სრული უფლება ჰქონდა მოეთხოვა მის მიერ სესხის სახით გადაცემული თანხის ვადაზე ადრე დაბრუნება.
რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორმა (მოსარჩელემ) შეწყვიტა ხელშეკრულება, მოითხოვა მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის დაკისრება ხელშეკრულების მოქმედების ვადის მთლიან პერიოდზე, რაც მოპასუხე მხარემ სადავო გახადა და მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა მოეთხოვა სარგებელი ხელშეკრულების მოქმედების მთლიან პერიოდზე, მას შეეძლო მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება, რაც არ გაუკეთებია.
მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ მისთვის სარგებლის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ ცნო სარჩელი, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ შეაფასოს მხარეთა პოზიციები. აღნიშულ გარემოებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენასმა სასამართლომ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო სარგებლისა და ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით ერთერთ გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-1701-1685-2011) განმარტა, რომ „სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში“. საკასაციო პალატამ ამავე გადაწყვეტილებით განმარტება გააკეთა ასევე სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებულ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდასთან მიმართებით და აღნიშნა შემდეგი: „მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. დასახელებულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე“.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ (კრედიტორმა) შეწყვიტა რა სესხის ხელშეკრულება, მას წარმოეშვა უფლება მოეთხოვა მის მიერ გადაცემულის უკან დაბრუნება, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სარგებლის მოთხოვნის საფუძველი აღარ არსებობდა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ, იქიდან გამომდინარე, რომ იგი არ მიიჩნევდა ხელშეკრულებას შეწყვეტილად, აღიარა რომ მას გადასახდელი ჰქონდა ხელშეკრულებით და გრაფიკით გათვალისწინებული ძირი თანხა და სარგებელი (14.05.2018 წლის მდგომარეობით).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნას სარგებლის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანად მიიჩნევს მოპასუხე მხარის მიერ აღიარებული თანხის ოდენობით, ვინაიდან სასამართლო საქმეს იხილავს სარჩელისა და შესაგებლის ფარგლებში.
რაც შეეხება საკომისიოს და სადაზღვევო შენატანს, აღნიშნული ვალდებულებები ს შესრულება მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულებით, ამასთან, მოპასუხე მხარემ აღიარა სარგებლის გადახდის სარგებლის გადახდის ვალდებულება 2018 წლის 14 მაისის, თუმცა არ აღიარა ამავე გრაფიკით დადგენილი სხვა შესასრულებელი ვადებულებების არსებობა მაშინ, როცა მას სესხის მომსახურების საკომისიოს გადახდა უნდა დაესრულებინა 2018 წლის 18 მაისის მდგომარეობით. ამდენად, მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს როგორც საკომისიო, ისე დაზღვევის თანხა.
რაც შეეხება თავდებებს, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია თავდებობის ხელშეკრულებებით.
8.9. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
8.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სს „კ------------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. პროცესის ხარჯები:
7.1. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1117 ლარი სარჩელზე და 150 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე. ასევე დადასტურებულია, რომ მან სასარჩელო მოთხოვნა მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა, რის გამოც სარჩელზე, შემცირებული დავის საგნის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განისაზღვროს 1089.58 ლარით.
გარდა აღნიშნული გარემოებისა, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნეს სარჩელი. შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1117 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 759.35 ლარი, ხოლო 357.65 უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის და ასევე მის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის ანაზღაურება, კერძოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თახის ანაზღაურება 478.85 ლარის (სარჩელისა და უზრუნველყოფის ბაჟი) ოდენობით და საპროცესო ხარჯის სახით - 64 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
გორის რაიონული სასამრთლოს 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით ყადაღა დაედო კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მდებარე რ------–-–--–--–---–ის (პ/ნ №50001000033) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №67.12.99.016 და ასევე კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში მდებარე მ-----–-------–-–---–ის (პ/ნ №24001007448) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №67.11.33.219, რომელიც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უნდა დარჩეს ძალაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე სს „კ------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს: ე----------------–---–ს, ე-–-------------–---–ს, მიხეილ მამულაშვლს, რ------–-–--–--–---–ს, ლ-–-----------–---–ს მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროს დავალიანების - 14217.60 აშშ დოლარის - გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 9164.79 აშშ დოლარი, პროცენტი - 4419.35 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 500 აშშ დოლარი, საკომისიო -133.46 აშშ დოლარი;
3. მოსარჩელე სს „კ------------ს“ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 1117 ლარიდან დაუბრუნდეს 759.35 ლარი, ხოლო 357.65 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. მოპასუხეებს: ე----------------–---–ს, ე-–-------------–---–ს, მიხეილ მამულაშვლს, რ------–-–--–--–---–ს და ლ-–-----------–---–ს მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 478.85 (328.85+150) ლარის გადახდა და ასევე მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება 64 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი