გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2018
საქმის ნომერი
010210018002271067
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210018002271067

N2/3077-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მაისი 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი -თამარ გიორგაძე

მოსარჩელე- შპს „BR-----S”

წარმომადგენელი - რუ--–-ნ გა-------ა

მოპასუხე- გი-----ი ჩა--ა

დავის საგანი- თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა: 1.1. დაეკისროს მოპასუხე გი-----ი ჩა--ას მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად 237 ლარი; 1.2. დაეკისროს მოპასუხე გი-----ი ჩა--ას მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად პირგასამტეხლო 195.29 ლარი 2. მხარეთა პოზიციები მოსარჩელის პოზიცია პაციენტ გი-----ი ჩა--ას სამედიცინო მომსახურება გაეწია შპს „BR-----S”-ის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში. სამედიცინო მოსახურების გაწევის მომენტისათვის მოპასუხეს არ აღმოაჩნდა საკმარისი თანხა გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის სრულად დასაფარად. რის გამოც მხარეებს შორის, 2016 წლის 2 სექტემბერს, გაფორმდა წერილობითი შეთანხმება, რომლის შესამისად გი-----ი ჩა--ამ აღიარა კლინიკის წინაშე არსებული დავალიანება და ასანაზღაურებლად მიეცა ვადა 2016 წლის 2 ნოემბრამდე. შეთანხმებულ ვადაში აღნიშნული თანხის დაუფარაობის შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%-ის ოდენობით. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხის ძირითადი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 237 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 195.29 ლარს.

მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი. მოპასუხე განმარტავს, რომ დავალიანება წარმოეშვა არა თავისი, არამედ მოსარჩელის ადმინისტრაციის დაუდევრობით. მან მიაწოდა კლინიკას სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაცემული ანგარიშ-ფაქტურა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო აფინანსებდა მის მკურნალობას 2800 ლარის ოდენობით. ოპერაციის დაწყების წინ კლინიკის წარმომადგენელმა უარი განუცხადა ანგარიშ-ფაქტურის მიღებაზე მისთვის გაუგებარი მიზეზის გამო და უკან დაუბრუნა. ამდენად, იძულებული გახდა ხელი მოეწერა შეთანხმებისათვის თანხის გადავადებაზე. მოპასუხე განმარტავს, რომ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილი აქვს სრულად და რაიმე დავალიანება კლინიკის მიმართ არ ერიცხება

3. ფაქტობრივიგარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. პაციენტ გი-----ი ჩა--ას სამედიცინო მომსახურება გაეწია შპს „BR-----S”-ის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში. გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1740 ლარი- კორონალური არტერიების ანგიოპლასტიკა სტენდის ჩადგმით კანქვეშა ტრანსლუმინალური მიდგომით ორი სტენდი და 765 ლარი-წამლით დაფარული სტენდი.

 

3.1.2. სამედიცინო მომსახურებისათვის პაციენტ გი-----ი ჩა--ას მიერ გადახდილი თანხის რაოდენობამ შეადგინა 702 ლარი, ხოლო აწარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსდა 1566 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ანგარიშფაქტურა 22 18.05.2017წ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 131-ე მუხლით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 132-ე მუხლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

 

მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოსამართლის კითხვაზე, რა თანხით დააფინანსა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტი გი-----ი ჩა--ა, დაადასტურა, რომ პაციენტის მიერ აღნიშნული ორგანიზაციის დაფინანსებით წარმოდგენილი იქნა ანგარიშ-ფაქტურა 2800 ლარზე. მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენელმა სარწმუნოდ ვერ განმარტა, რატომ არ მიიღო სამედიცინო დაწესებულებამ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა ოპერაციამდე მცირე ხნით ადრე. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხის დაფინანსების მიზნით პაციენტისგან მიიღო ანგარიშ-ფაქტურა 2800 ლარის დაფინანსებაზე, თუმცა არ გაითვალისწინა მასთან ანგარიშსწორებისას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლით სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს, ხოლო მე-8 მუხლის პირველი ნაწილით კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

ნებისმიერი სამოქალაქო სამართალურთიერთობის მთავარი ამოსავალი წერტილია მასში მონაწილე პირთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო უფლებების განხორციელება დაუშვებელია მეორე მხარის უფლებრივი მდგომარეობის სისუსტის გამოყენებით. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. გულისხმიერების ელემენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობებში როცა ხელშეკრულება იდება დომინირებულ მხარესა და ე.წ. სუსტ მხარეს შორის და ხელშეკრულების დადება განპირობებულია განსაკუთრებული, ერთი მხარისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებებით. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ძლიერი სუბიექტის ქმედებამ არ დაარღვიოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით დადგენილი საჯარო წესრიგი ან ზნეობის ნორმები ან ამავე კოდექსის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთნდობის საზღვრები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ნების ავტონომია და სახელშეკრულებო თავისუფლება ირღვევა იქ, სადაც ხელშეკრულების ერთი მხარე იძულებულია ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებში შევიდეს ისეთი გარემოებების საფუძველზე, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ აყენებს მხარეს არათანაბარ პირობებში.

6.2. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ, დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს,რომლებიც დადასტურებულია მხარეთა ახსნა-განმარტებით და წერილობითი მტკიცებულებებით.

მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ უმძიმესი ოპერაციის გაკეთებამდე რამოდენიმე საათით ადრე, მოსარჩელის პასუხისმგებელმა პირმა უარი განუცხადა ანგარიშ-ფაქტურის მიღებაზე, რომლის საფუძველზეც მას სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უნდა მიეღო 2800 ლარიანი დაფინანსება. სასამართლო მთავარ სხდომაზე მოსაჩელის წარმომადგნელმა დაადასტურა მოპასუხის განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა დამაჯერებლად ვერ განმარტა ის მიზეზი, რის გამო არ მიიღო სამედიცინო დაწესებულებამ დაფინანსების დოკუმენტი.

სასამართლოს სარწმუნოდ მიაჩნია მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ იძულებული გახდა ხელი მოეწერა ხელშეკრულებისათვის და აეღო პასუხისმგებლობა თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება წინააღმდეგი იყო განეხორციელებინა ოპერაციული ჩარევა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ასეთ პირობებში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას გი-----ი ჩა--აზე, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების დარიცხვის შესახებ და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმად, კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია. ამავე კოდექსის 391-ე მუხლით კრედიტორმა უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიადგა მოვალეს შესრულებული ვალდებულების მიღების ვადის ბრალეული გადაცილების გამო. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ არ მიიღო მისთვის განკუთვნილი შესრულება. ამასთან, ვერ დაასაბუთა მიზეზი, რის გამოც არ მიიღო შესრულება. ამდენად, იგი ვალდებულია თავად აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც სახეზეა მისი ქმედების შედეგად.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „BR-----S”-ის სარჩელი გი-----ი ჩა--ას მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება არ საჩივრდება და იგი ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე