გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2018
საქმის ნომერი
100210018002404640
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

100210018002404640

საქმე #2/130 -18 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07.06.2018წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე

 

მოსარჩელე: შ.პ.ს. ,,ე--- კ--------ი“

მოსარჩელის წარმომადგენელი: შ.პ.ს.,,ჯ---–--–“

წარმომადგენელი: ე---------- ნ------ე

მოპასუხე: გ--–- კ--–--ე

წარმომადგენელი: გ---–- კ--–--ე

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - შპს ,,ე--- კ--------ი”-ს (ს.ნ.4--------) მოპასუხე - გ--–- კ--–--ის (პ.№3----------, მის: ს-------, სოფელი კ----------–-) მიმართ, დავალიანების გადახდევინების თაობაზე. მოსარჩელე მხარე წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 750 ლარის გადახდა, საიდანაც 250 ლარი არის ძირითადი თანხა, 70 ლარი არის სარგებელი 20 ლარი არის ერთჯერადი ჯარიმა, 410 ლარი კი არის პირგასამტეხლო.

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2015 წლის 30 ოქტომბერს შ.პ.ს. ,,ე--- კ--------”-ს და გ--–- კ--–--ეს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N210956, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 250 ლარის ოდენობით, 2015 წლის 27 ნოემბრამდე. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 250 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 70 ლარი დაებრუნებია 28 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც სარგებლის გადახდა. შესაბამისად მსესხებელს ხელშეკრულების 7.4. პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულების 7.5. პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5. პროცენტის ოდენობით, რამაც შეადგინა 410 ლარი. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად დავალიანების თანხის დაფარვა არ მომხდარა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა საქმის განხილვის მოსამზადებელი სხდომის მიმდინარეობისას დააფიქსირა სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შესახებ, კერძოდ მოსარჩელე მხარე ითხოვს გ--–- კ--–--ეს, შპს „ე--- კ--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების თანხის - 408 ლარის ოდენობით გადახდა. ამასთან მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და იურიდიული მომსახურების - 42 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხე მხარემ შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით დააფიქსირა სარჩელის ნაწილობრივ ცნობის შესახებ. მოპასუხე ცნობს სასარჩელო მოთხოვნას 350 ლარის ფარგლებში, კერძოდ ძირ თანხას, სარგებელს და პირგასამტეხლოს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ოქტომბერს შ.პ.ს. ,,ე--- კ--------”-ს და გ--–- კ--–--ეს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N210956, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 250 ლარის ოდენობით, 2015 წლის 27 ნოემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება(ს.ფ.13-21)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ოქტომბრის N210956 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე სარჩელით ითხოვდა მოპასუხისათვის 750 ლარის დაკისრებას, საიდანაც 250 ლარი არის ძირითადი თანხა, 70 ლარი არის სარგებელი 20 ლარი არის ერთჯერადი ჯარიმა , 410 ლარი კი არის პირგასამტეხლო. საქმის განხილვის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის 408 ლარის დაკისრება შპს „ე--- კ--------ი“-ს სასარგებლოდ. ასევე დამატებით ბაჟის დაკისრება და იურიდიული მომსახურების ხარჯების დაკისრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ.1-12)

- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. ოქმი).

 

3.2.3.სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ--–- კ--–--ის მიერ 2015 წლის 30 ოქტომბრის N210956 ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სესხის და მასზე რიცხული სარგებელის დაბრუნების თაობაზე არ შესრულებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

1. სასამართლო თვლის, რომ შ.პ.ს. ,,ე--- კ--------ი”-ს სარჩელი გ--–- კ--–--ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სარგებელი უნდა დაეკისროს მთლიანად, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საერთო ჯამში უნდა დაეკისროს 350 ლარის გადახდა (საიდანაც 250 ლარი არის ძირითადი თანხა, 70 ლარი არის სარგებელუ და 30 ლარი არის პირგასამტეხლო). სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხის ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი )

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 30 ოქტომბერს შ.პ.ს. ,,ე--- კ--------”-ს და გ--–- კ--–--ეს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N210956, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 250 ლარის ოდენობით, 2015 წლის 27 ნოემბრამდე.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა პირგასამტეხლო 1.5% პროცენტი ყოველ გადაცილებულ დღეზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო , რომელიც სხვადასხვა პოზიციით არის წარმოდგენილი, შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ფარგლებში, კერძოდ პირგასამტეხლო უნდა 30 ლარით.

 

6.5. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.“

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ.პ.ს. ,,ე--- კ--------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შ.პ.ს. ,,ე--- კ--------ი“-ს სასარგებლოდ გ--–- კ--–--ეს დაეკისროს 350 (სამასორმოცდაათი) ლარის გადახდა (საიდანაც 250 ლარი არის ძირითადი თანხა, 70 ლარი არის სარგებელი და 30 ლარი არის პირგასამტეხლო). სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ე--- კ--------ი“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 46 (ორმოცდაექვსი) ლარისა და 15 (თხუთმეტი) თეთრის ოდენობით (საგადასახადო დავალება №641555494, გადამხდელის ბანკი - სს ”თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი - TRESGE22, გადახდის თარიღი 21.03.2018, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 50(ორმოცდაათი) ლარი, გადამხდელი - შპს ”ე--- კ--------ი”) კანონით დადგენილი წესით.

 

3. გ--–- კ--–--ეს შ.პ.ს. ,,ე--- კ--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდული მომსახურების ხარჯი 7 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი