გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.05.2018
საქმის ნომერი
190210017001795958
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/251-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 მაისი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს მ-------------------ი"

წარმომადგენელი ნინო დათუკიშვილი

მოპასუხე მ--–---- კ-------ე

დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მ--–---- კ-------ისათვის 1410 ლარის დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2013 წლის 16 ოქტომბერს შპს „მ-------------------სა“ და მ--–---- კ-------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N8455, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 300 ლარი 30 დღის ვადით 2013 წლის 15 ნოემბრამდე დაბრუნების ვადით. სესხის სარგებელი შეადგენს 90 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების დაგვიანებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1,5%, ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი.

 

მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მას 2013 წლის 16 ნოემბრიდან დაერიცხა პირგასამტეხლო, რამაც შეადგინა 900 ლარი. პირგასამტეხლო დარიცხულია 200 ვადაგადაცილებული დღისათვის.

მოსარჩელე მოითხოვს 1410 ლარის დაკისრებას, საიდანაც 300 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 90 ლარი სარგებელი, 900 ლარი პირგასამტეხლო. მოსარჩელე ასევე მოითხოვს აღსრულების ეროვნული ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის დაკისრებას, რადგან გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვათ იმის, რომ მოპასუხე ვერ მოიძებნა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა. მას სარჩელისა და თანდართული საბუთების შინაარსი, ასევე სხდომის თარიღი ეცნობა საჯარო შეტყობინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 16 ოქტომბერს შპს „მ-------------------სა“ და მ--–---- კ-------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N8455, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 300 ლარი 30 დღის ვადით 2013 წლის 15 ნოემბრამდე დაბრუნების ვადით. სესხის სარგებელი შეადგენს 90 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების დაგვიანებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1,5%, ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 14-21. 29. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 3-6. ტომი 1)

 

3.1.2. მ--–---- კ-------ემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მას 2013 წლის 16 ნოემბრიდან დაერიცხა პირგასამტეხლო, რამაც შეადგინა 900 ლარი. პირგასამტეხლო დარიცხულია 200 ვადაგადაცილებული დღისათვის. მოსარჩელემ მალხხაზ კ-------ის მიმართ გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სადაც გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი.გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მოვალეს განაცხადი ვერ ჩაბარდა. განმცხადებელს სააპლიკაციო საფასური არ დაუბრუნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი1)

- მოსარჩელის განმარტება (23.05.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

- სააპლიკაციო საფასურის გადახდის საგადახდო დავალების ასლი (ს.ფ. 33)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოპასუხეს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

ამ ნორმის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სესხის ხელშეკრულების დადების, ხელშეკრულების პირობების შეთანხმების და სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, დამტკიცებულად ითვლება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სასესხო ვალდებულების შესრულება, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 625-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება. ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

2013 წლის 16 ოქტომბერს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 300 ლარი 30 დღის ვადით. სესხი სარგებლიანია და სარგებელი შეადგენს 90 ლარს. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, მან არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა შეესრულებინა 2013 წლის 15 ნოემბრამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ასეთი გარემოებები საქმიდან არ გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს იმ პირობების ზუსტი დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. სესხის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება ვალდებულების, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

მოპასუხეს სხდომის თარიღი ეცნობა კანონით დადგენილი წესის დაცვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის დადგენილი წესით, საჯარო პუბლიკაციის გზით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი დამტკიცებულად ითვლება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არ ქმნის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივ წინაპირობას შემდეგი საფუძვლის გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1,5%-ს, ასევე გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის ფიქსირებულ თანხას 20 ლარს. საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულია და მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილია ძირითადი თანხის დავალიანების 1,5%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეში შეადგენს 4.5 ლარს. პირგასამტეხლო დარიცხულია 2013 წლის 15 ნოემბრიდან 200 დღის ვადაგადაცილების პერიოდისათვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია გასესხებული თანხის ოდენობის და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხის თანაფარდობის აშკარა შეუსაბამობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ სესხის საერთოდ არ დააბრუნა, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მეტისმეტად მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრება იქნება ისეთ ვითარებაში, როცა სესხის თანხაა 300 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 200 დღეში დარიცხულია 900 ლარი. მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის სესხის დავალიანების სამმაგი თანხა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა უფრო მეტად მოვალის დასჯას ისახავს მიზნად და არ ემსახურება კრედიტორის სავარაუდო ზიანის პრევენციას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

 

სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა გონივრულობის ფარგლებში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხად გაცემული თანხის ოდენობის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არაგინივრულად მაღალია და მოვალისათვის მისი დაკისრება მეტისმეტად მძიმე ტვირთი იქნება და ვალდებულების შესრულებას გაართულებს, რაც არც კრედიტორის მართლზომიერ ინტერესში შედის. პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ყოველდღიურად სესხის გადაუხდელი ნაწილის 0,35%-ის ოდენობით, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეში შეადგენს 1.05 ლარს, ხოლო 200 ვადაგადაცილებული დღისათვის 210 ლარს. სესხის დაბრუნების ვალდებულება 4 წელზე მეტი დროის მანძილზე არ შესრულებულა, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ვადაგადაცილების ხანგრძლივი დროის გამო, პირგასამტეხლოს ამ ოდენობით დაკისრება ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული პასუხისმგებლობის ზომაა. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 ლარი რაც ასევე უნდა გადაიხადოს მოპასუხემ.

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის გადახდა. სს „საქართველოს ბანკის“ მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე 2014 წლის 7 მარტს გადახდილია სააპლიკაციო საფასური 100 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელემ დავალიანების გადახდევინების მიზნით გამარტივებული წარმოების განსახორციელებლად გადაიხადა სააპლიკაციო საფასური. განმცხადბელს გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა იმის გამო, რომ მოვალეს განცხაების ასლი ვერ ცაბარდა ადგილსმაყოფელის დაუდგენლობის გამო. ასეთ შემთხვევაში "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი საფასურის დაბრუნებას არ ითვალისწინებს. ამავე მოთხოვნაზე სს „საქართველოს ბანკმა“ სასამართლოში წარმოადგინა სარჩელი, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამდენად, სააპლიკაციო საფასურის გადახდით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, გასწია ხარჯი დავალიანების იძულებით გადახდევინების მიზნით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელებიდან რაც საკმარისი არ არის მთელი ვადამოსული ვალის გადასახდელად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ ძირითადი შესრულება ( ვალი) და ბოლოს პროცენტები. ამ ნორმით დადგენილია პრინციპი რომლის მიხედვით, ვალდებულების შესრულებისას პრიორიტეტულია სასამართლო ხარჯების დაფარვა, ხოლო სასამართლო ხარჯები სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით სასამართლოში საქმის განხილვის საპროცესო ხარჯს არ გულისხმობს და მასში იგულისხმება მოთხოვნის იძულებით აღსრულებისათვის გაწეული ხარჯებიც.

 

სააპლიკაციო საფასურის გადახდით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, რადგან გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა და საჭირო გახდა დავის საერთო სასარჩელო წესით დაწყება საერთო სასამართლოში, სადაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, ამ ხარჯის ანაზღაურება ეკისრება მსესხებელს.

 

მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხაა 720 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 300 ლარი, პროცენტი 90 ლარი, პირგასამტეხლო 210 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, სააპლიკაციო საფასური 100 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს 1410 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 720 ლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 55%. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 55% არის 26.5 ლარი, რაც სსსკ 53-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ 53-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე იურიდიული მომსახურების ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს დაკისრებული თანხიდან 720 ლარიდან, რომლის 4%-ია 28.8 ლარი. მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებას ამ საქმეზე უწევს შპს ჯიელსი, რომლისთვისაც 2017 წლის 17 აგვისტოს გადახდილია 40 ლარი, რაც აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ პროცენტს. მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯიდან უნდა აუნაზღაურდეს 28,8 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს მ-------------------ის სარჩელი;

 

1.1. მ--–---- კ-------ეს დაეკისროს შპს მ-------------------ისათვის 720 ლარის გადახდა;

 

2. მ--–---- კ-------ეს დაეკისროს შპს მ-------------------ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 26.5 ლარის, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად 28,8 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი