გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2018
საქმის ნომერი
160210018002308212
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/161-18

160210018002308212

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ივნისი, 2018 წელი ქ.ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე - რუ---–-----–--ვა

წარმომადგენელი - მზ---------–---–ი

მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე- სა--------------ვი

წარმომადგენელი - მა-------------–-ძე

დავის საგანი - განქორწინება

დავის საგანი შეგებებული სარჩელით - ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სასარჩელო მოთხოვნა

სა--------------ვსა და რუ---–-----–--ვას შორის 2005 წლის 31 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;

მოსარჩელე სა--------------ვი და მოპასუხე რუ---–-----–--ვა დაქორწინდნენ 2005 წლის 31 ოქტომბერს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2004 წლის 6 აპრილს შეეძინათ შვილი აით--------------ა, 2008 წლის 2 დეკემბერს - რა---–-----------ი, ხოლო 2005 წლის 12 მარტს - აი---–-----------ა. მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მათ შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია. მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნება და მათი ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელია.

 

1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით

მოპასუხე სა--------------ვისთვის მისი არასრულწლოვანი შვილების - 2004 წლის 6 აპრილს დაბადებული აით--------------ას, 2008 წლის 2 დეკემბერს დაბადებული რა---–-----------ის და 2005 წლის 12 მარტს დაბადებული აი---–-----------ასთვის ალიმენტის სახით, სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 5 მარტიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვეს მოპასუხისთვის, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის სახით (150 ასორმოცდაათი) ლარის დაკისრება.

 

2. ძირითადი სარჩელით მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას.

რუ---–-----–--ვამ წარმოდგენილ შეგებებულ სარჩელში, რომელიც სასამართლომ სარჩელთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვის ნაწილში მიიჩნია ასევე შესაგებლად, არ ცნო მოთხოვნა სა--------------ვთან ქორწინების შეწყვეტის თაობაზე და განმარტა, რომ მოსარჩელე სა--------------ვთან განქორწინების წინააღმდეგია. მოპასუხეს სურს ქორწინებაში იმყოფებოდეს სა--------------თან.

 

2.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხე მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ.

 

2.2.1 მოპასუხე ეთანხმება სარჩელს 2004 წლის 6 აპრილს დაბადებული აით--------------ას, 2008 წლის 2 დეკემბერს დაბადებული რა---–-----------ის და 2005 წლის 12 მარტს დაბადებული აი---–-----------ას სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 110 (ასათი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

 

მოპასუხე სა--------------ვი არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვას თავს არ არიდებს. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. სა--------------ვს სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია, ჰყავს მოხუცი მშობლები გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობით, მათ მუდმივად ესაჭიროებათ მკურნალობა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იგი ვერ შეძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სა--------------ვსა და რუ---–-----–--ვას შორის 2018 წლის თებერვლიდან საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია. მხარეებს პერიოდულად უხდებათ ერთ საცხოვრებელ მისამართზე (აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქ.ბაქოში) ცხოვრება, თუმცა ერთიან მეურნეობას აღარ ეწევიან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. რუ---–-----–--ვა შრომისუნარიანია, იგი სარჩელის განხილვის დროისთვის არის დასაქმებული და მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია, თუმცა ცდილობს მოიძიოს სამუშაო ადგილი, სწორედ ამის გამო სასამართლოს მთავარ სხდომაზე იგი არ გამოცხადებულა, და მისი წარმომადგენლის განმარტებით იმყოფებოდა ქ.ბაქოში სამსახურის მოსაძიებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 19 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სა--------------ვი და რუ---–-----–--ვა დაქორწინდნენ 2005 წლის 31 ოქტომბერს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2004 წლის 6 აპრილს შეეძინათ შვილი აით--------------ა, 2008 წლის 2 დეკემბერს რა---–-----------ი, ხოლო 2005 წლის 12 მარტს აი---–-----------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 11 იანვარს გაცემული ქორწინების მოწმობა N1--------19, აქტის ჩანაწერი N00----3 ;

_ ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 11 იანვარს გაცემული აით--------------ას დაბადების მოწმობა.

- ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 11 იანვარს გაცემული რა---–-----------ის დაბადების მოწმობა.

- ბოლნისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 11 იანვარს გაცემული აი---–-----------ას დაბადების მოწმობა.

 

3.2.2. სა--------------ვი შრომისუნარიანია. იგი დაკავებულია სოფლის მეურნეობით

(2018 წლის 31 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი), საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება რომ მის მშობლებს აქვთ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.

 

3.2.3. სა--------------ვისა და რუ---–-----–--ვას ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია;

მოსარჩელე სა--------------ვის განმარტებით, მხარეები ფაქტობრივად არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება, ერთიანი მეურნეობის წარმოება შეწყვეტილია. უდავოა, რომ მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა ხუთჯერ - 2018 წლის 8 მაისს, 17 მაისს, 31 მაისის და 8 ივნისს, თუმცა ამ პერიოდის მანძილზე მხარეები არ შერიგებულან. თავად მოპასუხე რუ---–-----–--ვამ განაცხადა, რომ მოსარჩელე სა--------------ი რამდენიმე თვეა ცხოვრობს სხვა ქალბატონთან. სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ძირითადი სარჩელით მოსარჩელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი მარწმუნებელი კატეგორიულად იყო წინააღმდეგი ქორწინების შენარჩუნებაზე, კვლავ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც განქორწინების შესახებ სა--------------ვის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველია.

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილებისთვის მოპასუხე სა--------------ვის მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით თითოეული ბავშვის სასარგებლოდ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე, 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

სა--------------ვი და რუ---–-----–--ვა დაქორწინდნენ 2005 წლის 31 ოქტომბერს თანაცხოვრების პერიოდში, 2004 წლის 6 აპრილს შეეძინათ შვილი აით--------------ა, 2008 წლის 2 დეკემბერს რა---–-----------ი და 2005 წლის 12 მარტს აი---–-----------ა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის დასაწყისიდან სა--------------ვსა და რუ---–-----–--ვას შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია. მხარეები პერიოდულად ცხოვრობენ ერთ საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა ერთიან მეურნეობას აღარ ეწევიან. საქმის განხილვის მიმდინარეობისას, ოჯახის შემდგომი ერთად ცხოვრებისა და მათ შორის ოჯახის შენარჩუნების ვარაუდი არ გამოიკვეთა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ კვლავ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებაზე, მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე. ამდენად, მხარეები ვერ შეთანხმდნენ ოჯახის შენარჩუნების თაობაზე და მოსარჩელის პოზიცია განქორწინების საკითხის მიმართ არ შეცვლილა.

 

ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე რუ---–-----–--ვასთან ოჯახის შენარჩუნებისა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გამოიკვეთა. აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე არ უშვებს რუ---–-----–--ვასთან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას და წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავად მოპასუხე მხარეც მიუთითებს, რომ რამდენიმე თვეა სა--------------ვი ცხოვრობს უცხო ქალბატონთან ერთად.

 

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან სა--------------ვისა და რუ---–-----–--ვას ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელე რუ---–-----–--ვამ შეგებებული სარჩელით ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები 2004 წლის 6 აპრილს დაბადებული აით--------------ა, 2008 წლის 2 დეკემბერს დაბადებული რა---–-----------ი და 2005 წლის 12 მარტს დაბადებული აი---–-----------ა, მას შემდეგ რაც იგი შვილებთან ერთად წამოვიდა მოპასუხის სახლიდან, იგი ცხოვრობს ბოლნისის რაიონის სოფელ ჭაპალაში და ბავშვები მასთან იმყოფებიან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ აითაჯ, აისელ და რა---–-----------ები სწავლობენ ქ.ბაქოში მდებარე სკოლაში. მეუღლეთა განქორწინების შემთხვევაში რუ---–-----–--ვას მოუხდება ბინის დაქირავება, რადგან მას უძრავი ქონება ქ.ბაქოში არ გააჩნია. არასრულწლოვანი შვილისათვის ხარჯების ყოველთვიურად აუცილებლობის თაობაზე საწინააღმდეგო პოზიცია მოპასუხე მხარეს თავის ახსნა განმარტებაში არ დაუფიქსირებია. დადგენილია, რომ რუ---–-----–--ვა შრომისუნარიანია, იგი არ არის დასაქმებული და ფულადი შემოსავალი არ აქვს. თუმცა აქვს წარსულში მზარეულად მუშაობის გამოცდილება.

 

არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.

 

მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე რუ---–-----–--ვა მიუთითებს სა--------------ვის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების თაობაზე, თუმცა მხარეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს. მხოლოდ ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი მოპასუხე მხარის დასაქმების თაობაზე გარემოების დასადგენად, თუმცა ამ შემთხვევაში თავად მხარემ არ უარყო, რომ სოფლის მეურნეობიდან აქვს გარკვეული შემოსავალი

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

მოპასუხე სა--------------ვი თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით თანახმაა, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს 110 (ას ათი) ლარი. მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს 120 (ას ოცი) ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე სა--------------ვის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, სა--------------ვის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს მოპასუხე რუ---–-----–--ვას მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე რუ---–-----–--ვა გათავისუფლდა შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოპასუხე სა--------------ვმა მოსამზადებელ სხდომაზე ცნო ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ნაწილობრივ, შესაბამისად, სა--------------ვს უნდა დაეკისროს სახელმწიფ ბაჟი დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს სა--------------ვის სარჩელი მოპასუხე რუ---–-----–--ვას მიმართ:

 

2. შეწყდეს ქორწინება რუ---–-----–--ვას (პირადი №10001019563) და სა--------------ვს (პირადი №10001007361) შორის რეგისტრირებული 2005 წლის 31 ოქტომბერს (ქორწინების სააქტო ჩანაწერი №00----3);

 

3. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ რუ---–-----–--ვას შეგებებული სარჩელი მოპასუხე სა--------------ვის მიმართ:

 

4. დაეკისროს მოპასუხე სა--------------ვს (პირადი №10001007361) არასრულწლოვანი შვილების 2004 წლის 6 აპრილს დაბადებული აით--------------ას, 2008 წლის 2 დეკემბერს დაბადებული რა---–-----------ის და 2005 წლის 12 მარტს დაბადებული აი---–-----------ას ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 5 მარტიდან) ყოველთვიურად 120 (ას ოცი) ლარის გადახდა;

 

5. დაეკისროს ძირითადი სარჩელით მოპასუხე რუ---–-----–--ვას მოსარჩელე სა--------------ვის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

6. დაეკისროს შეგებებული სარჩელით მოპასუხე სა--------------ვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

7. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;

 

8. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი