გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
010210015780885
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210015780885

N2/940-2015წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი -თამარ გიორგაძე

მოსარჩელე- მა----ა მჟ------ე

წარმომადგენელი - ილ---–---–-----ე

მოპასუხეები- ნოტარიუსი ლე--–-------ა, მა----ა კვ-------–-ა, გუ-–--ზ აბ---–----ე, თა---ა ფი---ა, ნა----ზ ბო-–----ე, მა---------------–--ე, ბე--–-რ ვა--–----ე

წარმომადგენლები-გუ---------–--ე, ჯუ---------------–-–---–ი, ვა–-----------–---–ი, ვა--------–-----ა, თი--------ე, რე------------ე

დავის საგანი-მინდობილობის ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფაქტობრივად მიღებული თანხების დადგენა

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა: 1.1. მოსარჩელე მა----ა მჟ------ის მიერ, მოპასუხე მა----ა კვ-------–-აზე გაცემული 2012 წლის 30 მარტის N120335096 მინდობილობის ბათილად ცნობა (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა 23.03.2018 წლის სასამართლო სხდომაზე); 1.2. მოპასუხე მა----ა კვ-------–-ასა (როგორც მოსარჩელის წარმომადგენელს) და მოპასუხე გუ-–--ზი აბ---–----ეს შორის 2012 წლის 4 აპრილს დადებული N120354610 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 1.3. ნოტარიუს ლე--–-------ას მიერ 2012 წლის 27 აგვისტოს გაცემული N120900118 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა და ზიანის 42000 ლარის დაკისრება; 1.4. 2011 წლის 8 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხიდან, მოსარჩელე მა----ა მჟ------ის მიერ, მოპასუხის თა---ა ფი---ასაგან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული 24000 აშშ დოლარიდან 17200 აშშ დოლარის მიღების ფაქტისა და 6800 აშშ დოლარის მიუღებლობის ფაქტის დადგენა და 2012 წლის 12 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, ნა----ზი ბო-–----ისაგან ფაქტობრივად მიღებული თანხის 10000 აშშ დოლარიდან 8500 აშშ დოლარის მიღებისა და წინასწარ სამი თვის პროცენტის ოდენობის 1500 აშშ დოლარის მიუღებლობის, სულ მთლიანობაში ორივე იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული და მსესხებლისათვის გადასაცემი 34000 აშშ დოლარიდან, მოპასუხეთა მხრიდან 25600 აშშ მიღების ფაქტისა და 8400 აშშ დოლარის თანხის მიუღებლობის დადგენა. 2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და წარმოდგენილ შესაგებელში განმარტეს, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2011 წლის 8 დეკემბერს, მოსარჩელეს, როგორც მესაკუთრე-მსესხებელსა და მოპასუხე თა---ა ფი---ას, როგორც იპოთეკარ-გამსესხებელს, შორის გაფორმდა უძრავი ქონების იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება. სესხის თანხად განისაზღვრა 24000 აშშ დოლარი, სესხის ხელშეკრულების ვადად - 2011 წლის 8 დეკემბრიდან 2012 წლის 8 ივნისის ჩათვლით პერიოდი. ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.05%-ის ოდენობით. სესხის ხელშეკრულებით პროცენტი გათვალისწინებული არ ყოფილა.

 

სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 55.61 კვმ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბა-----ი, მელ---–---–-ს ქ. N4-/გო------–-ს ქ. N7-, პირველი სართული (ს/კ 0-.02.42.0--.0--5--). 20-1 წლის 8 დეკემბერს მოხდა ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

2012 წლის 4 აპრილს შედგენილი სანოტარო აქტით თა---ა ფი---ამ დაადასტურა, რომ მა----ა მჟ------ემ მის მიმართ 2011 წლის 8 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა სრულყოფილად, რის გამოც მოითხოვა რეგისტრირებული იპოთეკის მოხსნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 140-141 )

-სანოტარო აქტი (ს.ფ. 23)

 

3.2.2. 2012 წლის 12 იანვარს მოსარჩელეს, როგორც მესაკუთრე-მსესხებელსა და მოპასუხე ნა----ზ ბო-–----ეს, როგორც იპოთეკარ-გამსესხებელს, შორის გაფორმდა უძრავი ქონების იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება. სესხის თანხად განისაზღვრა 10000 აშშ დოლარი, სესხის ხელშეკრულების ვადად - 2012 წლის 12 იანვრიდან 2012 წლის 12 ივლისის ჩათვლით პერიოდი. სესხი იყო სარგებლიანი. სარგებლის ოდენობა შეადგენდა სესხის ძირი თანხის 5%-ს - 500 აშშ დოლარს, ყოველთვიურად.

 

სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 55.61კვმ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბა-----ი, მელ---–---–-ს ქ. N4-/გო------–-ს ქ. N7-, პირველი სართული (ს/კ 0-.0--4--0--.0--5--). 20-2 წლის 12 იანვარს მოხდა ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

2012 წლის 4 აპრილს შედგენილი სანოტარო აქტით ნა----ზ ბო-–----ემ დაადასტურა, რომ მა----ა მჟ------ემ მის მიმართ 2012 წლის 12 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა სრულყოფილად, რის გამოც მოითხოვა რეგისტრირებული იპოთეკის მოხსნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 21-22 )

-სანოტარო აქტი (ს.ფ. 24 )

 

3.2.3. 2012 წლის 30 მარტს, მოპასუხე ნოტარიუს ლე--–-------ას მიერ განხორციელდა პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული რწმუნებულების/მინდობილობის დამოწმება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N120335096). აღნიშნული რწმუნებულების საფუძველზე მა----ა მჟ------ემ (შემდგომში „მიმდობი“) მა----ა კვ-------–-ას (შემდგომში „მინდობილი პირი“) მიანიჭა უფლებამოსილება წარმოედგინა მიმდობის ინტერესები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მისი სახელით მიეღო სესხი, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთა მიმდობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბა-----ი, მელ---–---–-ს ქ. N4-/გო------–-ს ქ. N7-, პირველი სართული (ს/კ 0-.0--4--0--.0--5--). ასევე, აღნიშნულ ქონებაზე დაედო ხელშეკრულება, ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით. მინდობილობა გაიცა 6 თვის ვადით. მოწმის სახით მინდობილობის გაფორმებას დაესწრნენ ბე--–-რ ვა--–----ე და მაია თავართქილაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მინდობილობა (ს.ფ. 25-27)

 

3.2.4. 2012 წლის 4 აპრილს, გუ-–--ზი აბ---–----ეს (შემდგომში „იპოთეკარი/გამსესხებელი“) და მა----ა მჟ------ეს, წარმოდგენილი მინდობილი პირის მა----ა კვ-------–-ას სახით (შემდგომში „მსესხებელი/მესაკუთრე“), შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გამსესხებელმა 3 თვის ვადით, თვეში 4% სარგებლის დარიცხვით, გადასცა მსესხებელს სესხი 40000 აშშ დოლარი, ხოლო მსესხებელმა, რომელსაც წარმოადგენდა მა----ა კვ-------–-ა, მიიღო აღნიშნული თანხა სესხად. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ ხელშეკრულების დადასტურებისთანავე უნდა გადაეხადა 1 თვის პროცენტი 1600 აშშ დოლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცენტის გადახდის ათვლა მოხდებოდა საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო პროცენტის გადახდის შესახებ მხარეები შეადგენდნენ დამატებით პროცენტის გადახდის გრაფიკს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა აგრეთვე პირგასამტეხლო სესხის თანხის 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო სესხის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევაში - 0.3%-ის ოდენობით, სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბა-----ი, მელ---–---–-ს ქ. N4-/გო------–-ს ქ. N7-, პირველი სართული (ს/კ 0-.0--4--0--.0--5--).

 

ამავე ხელშეკრულებით მსესხებელს განემარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარის მოთხოვნით, ნოტარიუსი გასცემდა სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც განხორციელდებოდა იპოთეკის საგნის მესაკუთრისაგან ან სხვა მფლობელისაგან იძულებითი ამოღება იპოთეკარისათვის გადაცემის და რეალიზაციის მიზნით.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მსესხებელს სესხის ხელშეკრულების მიხედვით ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 30-34)

 

3.2.5. 2012 წლის 27 აგვისტოს, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით გუ-–--ზი აბ---–----ემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს. 2012 წლის 27 აგვისტოს ნოტარიუს ლე--–-------ას მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი N120900118. სააღსრულებო ფურცლის თანახმად: ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2012 წლის 4 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება; ვალდებულების შესრულების დრო 2012 წლის 4 ივლისი; აღსასრულებელი ვალდებულების სახე იპოთეკის საგნის რეალიზაცია; აღსასრულებელი ვალდებულების მთლიანი მოცულობა - 52754 აშშ დოლარი (ძირითადი თანხა-40000 აშშ დოლარი, პროცენტი 6026 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 6360 აშშ დოლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 40-42)

-განცხადება (ს.ფ. 36-39)

 

3.2.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის სარჩელს ან შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი (მ. ახალაძე, მტკიცების ტვირთი, 2018 წ. გვ.9), რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. გამონაკლის წარმოადგენს, ზოგიერთი სპეციფიკის სამოქალაქო დავა (მაგ. საოჯახო), სადაც სასამართლოს დისკრეცია მოიცავს შესაძლებლობას თავად დაადგინოს გამოსაკვლევ გარემოებათა წრე და მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებები. მართალია, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის საფუძველზე ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების შესაძლებლობის რეალიზაცია მხარის უფლებაა, თუმცა ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა იწვევს ამ მხარისათვის არასახარბიელო მატერიალურ-სამართლებრივ სამართლებრივ შედეგს, მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.

 

მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის გადაწყვეტისასა მხოლოდ ის ფაქტები და გარემოებები შეფასდეს, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია. სამოქალაქო დავაში სასამართლო კვლევის საგანს შეადგენს მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის რელევანტურია და ადასტურებს ან უარყოფს მხარეთა პოზიციას დავის საგნთან მიმართებაში. ამდენად, მნიშვნელოვანია სასამართლომ სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოებები გამოყოს მხარეთა პოზიციებიდან და მხოლოდ მათი შეფასება და სამართლებრივი ანალიზი დაუდოს საფუძვლად გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელში და ახსნა-განმარტებაში მითითებული არაერთი ფაქტობრივი გარემოებიდან, კონკრეტული დავისათვის მნიშვნელოვანია, სწორედ, ზემოაღნიშნული დადგენილად მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაში, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპის გათვალისწინებით, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია გამსესხებელს, ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს. ამავე პრინციპით, გარიგების ბათილობის მტკიცების ტვირთი აკისრია მხარეს, რომელიც ითხოვს გარიგების ბათილად ცნობას. ამდენად, მოცემულ დავაში, მოსარჩელეს არა მარტო უნდა მიეთითებინა, არამედ უნდა დაემტკიცებინა, რომ სადავო გარიგებები - მინდობილობა და სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა მხარის ნამდვილი ნების გარეშე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები მისთვის არ იყო ცნობილი და გარიგების მხარემ იგი მოატყუა. მასვე ეკისრებოდა სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ფაქტობრივი საფუძვლების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთი. მოსარჩელე მხარემ ვერ მოახდინა საკუთარი საპროცესო უფლების რეალიზება, ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა გაფორმებული გარიგებების ბათილობის ან ზიანის მიყენების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. მოსარჩელის პოზიცია გამოხატული იყო მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებაში და არ იყო გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, რომლებიც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობის შესახებ.

 

სასამართლო უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილად მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს პირველი, მეორე და მესამე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო მეოთხე მოთხოვნა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ქვემოთ მოყვანილი სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

-საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“

-„სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. 2012 წლის 30 მარტის N120335096 მინდობილობის ბათილად ცნობა.

 

მოცემულ საქმეში მოსარჩელის მიერ შეცილებულია მინდობილობის გაფორმების მართლზომიერება. მხარე მიუთითებს, რომ მინდობილობის გაცემისას მოატყუეს და რწმუნებულმა იმოქმედა მარწმუნებლის ინტერესის საზიანოდ (დაზუსტებული სარჩელი გვ. 292). სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მითითებული გარიგების ბათილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება რწმუნებულის მხრიდან მარწმუნებლისათვის ზიანის მიყენების შეფასებას, ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სასამართლო ვერ იმსჯელებს ზიანზე, ვინაიდან 1) რწმუნებული პირის მიერ მარწმუნებლისათვის ზიანის მიყენება არის არა გარიგების ბათილად ცნობის, არამედ ამ ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი 2) მოსარჩელე სარჩელით არ ითხოვს მა----ა კვ-------–-ასათვის, როგორც რწმუნებულისათვის ზიანის დაკისრებას. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ დავალების ხელშეკრულების ბათილობის სამართლებრივ საფუძვლებზე, იმ სადავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც დავის ფარგლებში დადგენილად იქნა მიჩნეული.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 712-ე მუხლის პირველი ნაწილით რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსენსუალური, სინალაგმატური ბუნების, ცალმხრივმავალდებულებელი ხელშეკრულებაა. მისი საგანია რწმუნებულის მხრიდან მარწმუნებლის ინტერესში შემავალი და მისთვის სარგებლის მომტანი საქმიანობის დავალება.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელესა და მოპასუხე მა----ა კვ-------–-ას შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მიმნდობმა მინდობილ პირს მიანიჭა უფლებამოსილება წარმოედგინა მიმნდობის ინტერესები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მისი სახელით მიეღო სესხი, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთა მიმდობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ასევე, აღნიშნულ ქონებაზე დაედო ხელშეკრულება ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით. დავალება გაიცა 6 თვის ვადით. მოსარჩელე განმარტავს, რომ მინდობილობა დაიდო მოტყუებით, მოწმეები იყვნენ დაინტერესებული პირები, რის გამოც დაირღვა სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესი.

 

მოტყუების გამო გარიგების ბათილობის სამართლებრივი საფუძვლებს განმარტავს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ამავე კოდექსის 82-ე მუხლით მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

 

მოცემული სამართლებრივი ნორმების თანახმად ნამდვილი კონტრაჰირება გამორიცხულია თუ მას საფუძვლად უდევს მხარის „მცდარი წარმოდგენა“, რომელიც შექმნილია გარიგების მეორე მხარის მიერ მოტყუების შედეგად. ასეთ დროს, გარიგება იდება არანამდვილი ნების საფუძველზე, რაც გარიგებას აქცევს ბათილად. „მოტყუების დროს ვლინდება ნების ნაკლი, კერძოდ, რომ არა მოტყუების ფაქტი, ისე გარიგება არ დაიდებოდა. შეცილების შემდეგ სასამართლოში დავისას მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა ისეთი მტკიცებულებების წარდგენით და ისეთ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც დაადასტურებენ მოტყუების ფაქტს“ (სუსგ N ას-1214-1156-2014). ნების თავისუფლების ხელყოფა, სათანადო ფაქტობრივი საფუძვლების დამტკიცებისას, ყოველთვის იწვევს გარიგების ბათილობის სამართლებრივ შედეგს.

 

მოტყუებით დადებული გარიგება საცილოდ ბათილი გარიგებაა. იგი ნამდვილია დადებისას, ხოლო „შეცილების შემდეგ ქარწყლდება დადების მომენტიდან“ (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადინაწილი, 2011, გვ. 379). შეცილების ვადა მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლში, რომლის თანახმად მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ. „საცილო გარიგებებში, შეცილების ვადა სარჩელის მატერიალური დაკმაყოფილება–არდაკმაყოფილების წინაპირობაა, რომლის შეცილების განხორციელება ვადაში მუხლის ნორმატიული შემადგენლობის კომპონენტია. არ აქვს მნიშვნელობა, მოპასუხე უთითებს თუ არა მოსარჩელის მიერ გამოყენებულ, გარიგების შეცილების ვადაზე, მოსამართლემ თავად უნდა გამოარკვიოს, თუ როდის და რა მეთოდით გახადა საცილო მოსარჩელემ სადავო გარიგება“ (სუსგ N1504-1424 – 2017 09.02.2018წ).

 

მითითებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო გარიგება-მინდობილობა უნდა შემოწმდეს როგორც მხარეთა ნების ნამდვილობის, ისე, შეცილების ვადის დაცულობის თვალსაზრისით.

 

პირველ საკითხთან მიმართებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ არც სარჩელში, არც ახსნა-განმარტებაში მოსარჩელე მხარეს დავალების (მინდობილობის) შინაარსი სადავოდ არ გაუხდია. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმას, რომ მინდობილი პირისათვის მიცემული დავალების შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები კარგად იყო ცნობილი და შეესაბამებოდა მის ნამდვილ მიზანს - მინდობილი პირის საშუალებით აეღო სესხი და ამ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. როგორც ახსნა-განმარტებაში, ისე სარჩელში მოსარჩელე აფიქსირებს, რომ სწორედ ამ მიზნით გასცა მინდობილობა. მინდობილობა დადასტურებულია სანოტარო წესით. მასში მითითებულია, რომ ნოტარიუსმა პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში წაუკითხა მიმნდობს, მიმნდობმა დაადასტურა, რომ მინდობილობის ტექსტი სრულად შეესაბამება მის ნებას და რომ მინდობილობის შედგენისას იგი არ იმყოფება რაიმე სახის ფიზიკური, ფსიქიკური ან სხვა სახის ზეწოლის ქვეშ და მის ნაცვლად მინდობილობის ტექსტზე ხელმოწერის უფლება მიანდო მოწვეულ მოწმეს. ამდენად, სახეზე არაა მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის ძირითადი ელემენტი ნების ნაკლი, რომელიც გარიგებას არანამდვილად აქცევს.

 

სასამართლო, გარიგების ბათილობისათვის აუცილებელი მეორე ელემენტთან-შეცილების ვადასთან დაკავშირებით, უთითებს შემდეგს. მოსარჩელემ 2013 წლის 23 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველო შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს და აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაიწყო მოკვლევა მა----ა მჟ------ის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე. ამავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2013 წლის 12 თებერვალს, მოწმედ გამოიკითხა მა----ა კვ-------–-ა. მოწმის დაკითხვის ოქმის შინაარსიდან იკვეთება, რომ გამოკითხვის დროისათვის მისთვის ცნობილი იყო მოსარჩელის მიერ მინდობილობის ნამდვილობის შეცილების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მინდობილობის გაფორმებიდან (04.04.2012წ.) დაცულია მოტყუებით დადებული გარიგების შეცილების 1 წლიანი ვადა.

 

6.3 2012 წლის 4 აპრილს დადებული N120354610 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მა----ა მჟ------ესა და გუ-–--ზი აბ---–----ეს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2012 წლის 4 აპრილს დადებული N120354610 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მოსარჩელე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად უთითებს შემდეგ გარემოებებზე: ხელშეკრულების თანახმად სესხის გადაცემა უნდა მომხდარიყო თანხის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე; უნდა შემდგარიყო გადახდის გრაფიკი და ვალის გასტუმრების ვადა უნდა ათვლილიყო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის დღიდან. ამგვარი ოქმი შედგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, თანხის გადაცემა და ვალდებულების შესრულებისა და დამთავრების დრო არ დადგენილა. მოსარჩელის აზრით სახეზეა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის სესხის თანხის გადაცემის ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც სესხის ხელშეკრულები ბათილად ცნობის საფუძველია.

 

სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის ამ მოსაზრებას და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ხელშეკრულებით გამოვლენილი იყო სესხის გადაცემის ნება, სესხის თანხა გადაცემულია და მისი დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკითაა დატვირთული მოსარჩელის უძრავი ქონება, რასაც ადასტურებს თავად სესხის ხელშეკრულების შინაარსი, რომლის თანახმად გუ-–--ზ აბ---–----ემ მა----ა მჟ------ეზე, რომელსაც წარმოადგენდა მა----ა კვ-------–-ა, 3 თვის ვადით, თვეში 4%-ის დარიცხვით გასცა სესხი თანხით 40000 აშშ დოლარი, ხოლო მა----ა მჟ------ემ, რომელსაც წარმოადგენდა მა----ა კვ-------–-ა მიიღო აღნიშნული თანხა სესხად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სესხის იურიდიული ბუნების თავისებურებაზე და აღნიშნავს, რომ სესხი ცალმხრივმავალდებულებელი, რეალური ხასიათის ხელშეკრულებაა, რომელიც დადებულად ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა გამსესხებელი ფულს ან გვაროვნულ ნივთს გადასცემს მსესხებელს. მოცემული ხელშეკრულების ნამდვილობისათვის არ არის გათვალისწინებული სავალდებულო ფორმა. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. აქედან გამომდინარე, იმაზე, თუ რა ფორმისაა ხელშეკრულება, დამოკიდებულია სესხის თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი. თუ სესხი ზეპირი ფორმისაა თანხის გადაცემის მტკიცება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია. სესხის ხელშეკრულების დადების სადავოობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს (გამსესხებელს) ეკისრება (სუსგ ას-N361-343-2015). ამ მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება რთული სანოტარო ფორმითაა დადებული, მისი შემადგენელი დებულებები ცხადად ადასტურებს იმას, რომ გამსესხებელმა ნამდვილად გასცა, ხოლო მსესხებელმა ნამდვილად ისესხა მითითებული თანხა. ამ პრეზუმფციის გასაქარწყლებლად მოსარჩელე მხარეს რაიმე დამაჯერებელი ფაქტი არ მიუთითებია და მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამდენად, სახეზეა ნამდვილი გარიგების ელემენტები: სესხის თანხის გადაცემა და მხარეთა ნამდვილი ნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 719-ე მუხლის თანახმად თუ რწმუნებული უსასყიდლოდ ასრულებს მისთვის დავალებულ მოქმედებებს, იგი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანისათვის. მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელე არაერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ მინდობილი პირის მოქმედებით მას მიადგა ზიანი, თუმცა მხარეს არ დაუყენებია მა----ა კვ-------–-ას მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა მიადგა თუ არა ზიანი მსესხებელს რწმუნებული პირის ქმედებით, გამსესხებლისათვის, რომელიც ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, სესხის ხელშეკრულება იურიდიულ ძალას ინარჩუნებს და ამ მოტივით იგი ვერ გაბათილდება.

 

6.4. 2012 წლის 27 აგვისტოს გაცემული N120900118 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა და ზიანის 42000 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემისას ნოტარიუსმა დაარღვია სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი. ამასთან, სააღსრულებო ფურცელი გასცა მთელ სახლზე, მაშინ როცა იპოთეკით დატვირთული იყო მხოლოდ პირველი სართული.

 

სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის პოზიციას და სადავო სააღსრულებო ფურცელს შეამოწმებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების (შემდეგში „ინსტრუქცია“) მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. ხოლო ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ სანოტარო აქტის აღსასრულებლად, რომლის საფუძველზე დადგენილი ვალდებულების აღსრულება კანონმდებლობის შესაბამისად დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და არ არის გასული ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონმდებლობით დადგენილ რეკვიზიტებს.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საარსრულებო ფურცლის გაცემისას ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს შემდეგი ფაქტობრივი წინამძღვრების არსებობა: 1) სახეზე უნდა იყოს ვადამოსული მოთხოვნა 2) უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე 3) სანოტარო აქტში წერილობით უნდა იყოს განმარტებული სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი შედეგები 4) არ უნდა იყოს გასული ვალდებულების შესრულების კანონმდებლობით დადგენილი ვადა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 4 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელეს ვალდებულება არ შეუსრულებია და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მომენტისათვის სახეზე იყო ვადამოსული მოთხოვნა. ასევე, დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულება შეიცავს მხარეთა შეთანხმებას ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე და მასში განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები და არ არის გასული ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, სააღსრულებო ფურცელი გაცემულია ნოტარიუსის მიერ სწორად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო, ასევე, ვერ დაეთანხმება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სააღსრულებო ფურცელი გაცემული იქნა მთელ უძრავ ქონებაზე, იპოთეკით კი დაიტვირთა მხოლოდ პირველი სართული. დადგენილია, რომ 2012 წლის 4 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, სესხის თანხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბა-----ი, მელ---–---–-ს ქ. N4-/გო------–-ს ქ. N7-, პირველი სართული (ს/კ 0-.0--4--0--.0--5--). იგივე საკადასტრო კოდზე და იგივე მახასიათებლების უძრავ ქონებაზე გაიცა სადავო სააღსრულებო ფურცელი. მოსარჩელე განმარტავს, რომ ფართში მოწყობილი ჰქონდა ანტრესოლი, რომლის რეალიზაციაც განხორციელდა ძირითად ფართთან ერთად, რაც მისი აზრით არაკანონიერია. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის საგანი არ არის იპოთეკის საგანზე აღსრულების პროცესის კანონიერება. საქმეში ცალსახად დადგენილია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებასა და სააღსრულებო ფურცელში უზრუნველყოფის საგნის იდენტურობა.

 

სასამართლო ვერ დაეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე ლე--–-------ას მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. პირველ რიგში, სასამართლომ სამართლებრივად შეაფასა ის სანოტარო მოქმედებები, რომელთა ბათილობას ითხოვდა მოსარჩელე და თვლის, რომ არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამ გარემოების გარდა, სასამართლოსთვის გაუგებარია თუ რას ეყრდნობა მოსარჩელე ზიანის ოდენობის დაანგარიშებისას და საერთოდ რა მატერიალურ -სამართლებრივი საფუძვლები აქვს სასარჩელო მოთხოვნას ამ ნაწილში.

 

6.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა პოზიციას წარმოდგენილი სარჩელის აღიარებითი ბუნების გამო განუხილველად დატოვების შესახებ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეჩერებულია ადმინისტრაციული საქმის განხილვა კასატორ მ. მჟ------ის და მოწინააღმდეგე მხარე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მ. ზოიძესა და გ. აბ---–----ის მიმართ. დავის საგანია სააღსრულებო მოქმედების გაუქმება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. დავის საგანს წარმოადგენს სადავო უძრავ ქონებაზე აუქციონის ჩატარების მართლზომიერება. ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეჩერებულია მოცემული სამოქალაქო საქმის დასრულებამდე. აქედან გამომდინარე, სასამართლოსთვის ცხადია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო გარიგებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

 

6.6. მოსარჩელე ითხოვს 2011 წლის 8 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხიდან, მოსარჩელე მა----ა მჟ------ის მიერ, მოპასუხის თა---ა ფი---ასაგან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული 24000 აშშ დოლარიდან 17200 აშშ დოლარის მიღების ფაქტისა და 6800 აშშ დოლარის მიუღებლობის ფაქტის დადგენა და 2012 წლის 12 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, ნა----ზი ბო-–----ისაგან ფაქტობრივად მიღებული თანხის 10000 აშშ დოლარიდან 8500 აშშ დოლარის მიღებისა და წინასწარ სამი თვის პროცენტის ოდენობის 1500 აშშ დოლარის მიუღებლობის, სულ მთლიანობაში ორივე იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული და მსესხებლისათვის გადასაცემი 34000 აშშ დოლარიდან, მოპასუხეთა მხრიდან 25600 აშშ მიღების ფაქტისა და 8400 აშშ დოლარის თანხის მიუღებლობის დადგენას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თავისი შინაარსით სახეზეა აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნა. ფორმალური თვალსაზრისით მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს იმის დადასტურება, რომ მან ამ ხელშეკრულებაში მითითებული თანხის ნაცვლად მიიღო ნაკლები, თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ფორმით სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბება ეწინააღმდეგება აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის კრიტერიუმებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს. კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულიად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. (სუს დიდი პალატის განჩინება N ას-121-117-2016, 17 მარტი 2016.). აღიარებითი სარჩელი წარმოადგენს იმ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენას, რომელიც სადავოა მხარეთა შორის, რომელიც არ ითვალისწინებს მიკუთვნებითი მოთხოვნის აღძვრას. (სუს დიდი პალატის განჩინება # ას-1607-1509-2012, 1 ივლისი 2013წ.).

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანია მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით -სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალდებულების ოდენობის განსაზღვრა. მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხეებიდან მიიღო იმაზე ნაკლები ვიდრე უნდა მიეღო. სასამართლო განუმარტავს მხარეს, რომ აღნიშნული იურიდიული ინტერესის მიღწევა და შესაბამისად, დარღვეული უფლებისა თუ ინტერესის დაცვა შესაძლებელია როგორც მიკუთვნებითი სარჩელის ფარგლებში, თუ მოსარჩელეს სურს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ (მაგალითად, იმ თანხის მიღება, რომელიც არ მიუღია ხელშეკრულებით), ისე გარდაქმნითი სარჩელის ფარგლებში - თუ მოსარჩელეს სურს სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა (მაგალითად, სესხის ხელშეკრულების იმ პუნქტის შეცვლა, რომლითაც განისაზღვრა გადასაცემი თანხის რაოდენობა).

 

სასამართლო სხდომაზე (იხ. სხდომის ოქმი 23.03.2018წ), მოსარჩელე მხარეს განემარტა, რომ იგი უფლებამოსილია დააზუსტოს სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა მან ამ უფლებით არ ისარგებლა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად სარჩელის დასაშვებობის წინაპირობების შემოწმება სასამართლოს ვალდებულებაა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ამ ნაწილში განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან იგი ვერ აკმაყოფილებს სარჩელის დასაშვებობის კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი: 2014 წლის 10 ნოემბერს-1973.64 ლარი, 2015 წლის 23 მარტს - 100 ლარი და 2015 წლის 23 მარტს - 100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მითითებული თანხები უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1.სარჩელი არ დაკმაყოფილდეს 2012 წლის 30 მარტის N120335096 მინდობილობის ბათილად ცნობის ნაწილში;

 

2.სარჩელი არ დაკმაყოფილდეს 2012 წლის 4 აპრილს დადებული N120354610 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში;

 

3.სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ნოტარიუს ლე--–-------ას მიერ 2012 წლის 27 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის და ზიანის 42000 ლარის ანაზღაურების ნაწილში;

 

4.სარჩელი დარჩეს განუხილველი 08/12/2011 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხიდან, მოსარჩელე მა----ა მჟ------ის მიერ, მოპასუხის თა---ა ფი---ასაგან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული 24000 აშშ დოლარიდან 17200 აშშ დოლარის მიღების ფაქტისა და 6800 აშშ დოლარის მიუღებლობის ფაქტის დადგენის და 12/01/2012 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, ნა----ზი ბო-–----ისაგან ფაქტობრივად მიღებული თანხის 10000 აშშ დოლარიდან 8500 აშშ დოლარის მიღებისა და წინასწარ სამი თვის პროცენტის ოდენობის 1500 აშშ დოლარის მიუღებლობის, სულ მთლიანობაში ორივე იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული და მსესხებლისათვის გადასაცემი 34000 აშშ დოლარიდან, მოპასუხეთა მხრიდან 25600 აშშ მიღების ფაქტისა და 8400 აშშ დოლარის თანხის მიუღებლობის დადგენის ნაწილში;

 

5.გადაწყვეტილების მე-4 პუნქტზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 12 დღის განმავლობაში, მოსარჩელისათვის ამ გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან;

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ N30) მეშვეობით;

 

7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ. N30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე