გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210118002452330 (N2/511-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2018 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - ტი------------ძე
მოპასუხეები - ცე-------------ძე, ბა------------ძე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ცე-------------ძესა და ბა------------ძეს მოსარჩელის ტი------------ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 17---- აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 8--- აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 9--- აშშ დოლარი;
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 07 ნოემბერს, ცე-------------ძისა და ბა------------ძის მიერ შედგენილი იქნა ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ, რომლის მიხედვითაც აღიარებენ, რომ მოსარჩელე ტი------------ძისაგან სესხად აიღეს 8--- აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა არა უგვიანეს 2016 წლის 30 დეკემბერი. სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეებმა შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება, მათ ვალის აღიარების ხელწერილით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნებიათ.
სარჩელის აღძვრის დროისათვის ცე-------------ძისა და ბა------------ძის დავალიანება ტი------------ძის მიმართ შეადგენს ძირი თანხის სახით - 8--- აშშ დოლარს, ხოლო შემცირებული პირგასამტეხლოს სახით 9--- აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ცე-------------ძემ და ბა------------ძემ შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხის ნაწილში. ისინი არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ ნამდვილად იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ვალდებულებით ურთიერთობაში მოსარჩელესთან, თუმცა ეკონომიური მდგომარეობის გამო ვერ შესძლეს თანხის დაფარვა და ითხოვენ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ შემცირებას.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქმეში წარმოდგენლია 2016 წლის 07 ნოემბრის ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ, რომლის თანახმად ცე-------------ძემ და ბა------------ძემ იკისრეს ვალდებულება ტი------------ძისათვის სესხის თანხის 8--- აშშ დოლარის 2016 წლის 30 დეკემბრამდე დაბრუნების თაობაზე, ხოლო თანხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა სესხის თანხის 0.3%-ის ოდენობით, ხელწერილი ხელმოწერილია ცე-------------ძისა და ბა------------ძის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ (ს. ფ. 15);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 07 ნოემბრის ვალის აღიარების შესახებ ხელწერილით ნაკისრი ვალდებულება ცე-------------ძისა და ბა------------ძის მიერ არ არის შესრულებული, მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან, გაფრთხილებისა და წაყენებული მოთხოვნისა, მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელწერილით აღებული ვალდებულება, რაც გამოიხატა ძირი თანხისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს გადაუხდელობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-14);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2.2. ცე-------------ძისა და ბა------------ძის დავალიანება მოსარჩელე ტი------------ძის მიმართ შეადგენს 17---- აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 8--- აშშ დოლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 9--- აშშ დოლარი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ტი------------ძის სარჩელი საფუძვლიანია. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 341-ე, 417-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით
გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ამდენად, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ემუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: იმ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. ამდენად, ვალის არსებობის აღიარება თავად არის ხელშეკრულება. ცალმხრივი ხელშეკრულება არის იმიტომ, რომ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. აბსტრაქტული ხელშეკრულება არის იმიტომ, რომ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან, რომლის არსებობა მხარეებისათვის შეიძლება სადავოც კი იყოს. ვალის არსებობის აღიარება ქმნის ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას, რომლის მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა.
საქმეში წარმოდგენელი 2016 წლის 07 ნოემბერს ხელწერილის მიხედვით, ცე-------------ძემ და ბა------------ძემ ტი------------ძისაგან სესხის სახით მიიღეს 8--- აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინათ არა უგვიანეს 2016 წლის 30 დეკემბრისა. მოპასუხეებმა ასევე იკისრეს ვალდებულება ვადაგადაცილებულ დღეზე გადაეხადათ პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.3% ამასთან, მოპასუხეები ადასტურებენ, რომ ხელწერილი ხელმოწერილია მათ მიერ;
აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას გასათვალისწინებელია სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების, კერძო ავტონომიის პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ამასთან, კერძო ავტონომიის ცნება ასევე გულისხმობს თვითპასუხისმგებლობას, რომლის მიხედვითაც პირი თავად აგებს პასუხს თავისი მოქმედებისათვის. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. უფლების კეთილსინდისიერად განხორციელება თავის თავში მოიცავს სამართალ სუბიექტის მიერ ნების გამოვლენისას წინდახედულობის ელემენტარული სტანდარტის გათვალისწინებას, რათა მის მიერ წინდაუხედავად გამოვლენილი ნებით დაუშვებლად არ იქნეს ხელყოფილი სხვათა უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხეებმა ცე-------------ძემ და ბა------------ძემ სარჩელი სცნეს ნაწილობრივ, კერძოდთ ძირი თანხის სახით - 8--- აშშ დოლარი დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება); საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს ცე-------------ძეს და ბა------------ძეს ტი------------ძისათვის დასაბრუნებელი აქვთ 8--- აშშ დოლარი, რაც თავის მხრივ სსკ-ის 417-418-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისათვის პირგასამტელოს სახით 9--- აშშ დოლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. განსახილველ შემთხვევაში, ვალის აღიარების თაობაზე მხარეთა შორის დადებული ხელწერილით დადგენილია, რომ თანხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა სესხის თანხის 0,3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 9--- აშშ დოლარის დაკისრებას (მოსარჩელის მიერ შემცირებულია პირგასამტეხლოს ოდენობა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 9 015 აშშ დოლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. კერძოდ: სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს. გამომდინარე აღნიშნულიდან, პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.3%-დან უნდა შემცირდეს 0.03 %-მდე და მის შესაბამისად, უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილი თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც - 902.6 აშშ დოლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მოცემულ შემთხვევაში, ტი------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს -1269 ლარს. ამასთან, მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი სცნეს ძირითადი დავალიანების - 8 243 აშშ დოლარის ნაწილში, სარჩელის ცნობის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განახევრდეს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1269 ლარიდან - 303 ლარი, ხოლო მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდალურად უნდა დაეკისროთ - 370 ლარის გადახდა. დარჩენილ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 596 ლარი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისი განჩინებით ტი------------ძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია, კერძოდ, 2018 წლის 18 მაისის განჩინებით ტი------------ძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ტი------------ძის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ბა------------ძეს აეკრძალა მის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან მისი კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, მდებარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელე, საკადასტრო კოდით 2------------ საკადასტრო კოდით 2----------8 და საკადასტრო კოდით: 2----------- აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ტი------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს ბა------------ძეს და ცე-------------ძეს ტი------------ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 9 145.6 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 8 243 აშშ დოლარი და ჯარიმა - 902.6 აშშ დოლარი;
3. ძალაში დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ტი------------ძის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ბა------------ძეს აეკრძალა მის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან მისი კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, მდებარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელე, საკადასტრო კოდით 2------------ საკადასტრო კოდით 2----------8, და საკადასტრო კოდით: 2-----------;
4. მოპასუხეებს ბა------------ძეს და ცე-------------ძეს ტი------------ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1269 ლარიდან - 370 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი - 50 ლარის ანაზღაურება;
5. ტი------------ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 15 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 1269 ლარიდან - 303 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი: 300903150, საგადასახადო დავალება N3;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე