გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/807-2017
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ნ---- გიორგაძე
მოსარჩელე - რ--------- დ------–---–ი
წარმომადგენელი - დ----- კ----–-ძე
წარმომადგენელი - მ--–------ გ----------ე
მოპასუხე - ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ----- ღ---–--ე
მოპასუხე - ააიპ ბაღდათის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება საბავშვო ბაღების გაერთიანება
წარმომადგენელი - ნ---- გ-----–--ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 16500 (თექვსმეტიათასხუთასი ლარი) ლარის ოდენობით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს ბაღდათის რაიონის სოფელ წ---–---–---ში საკუთრებაში აქვს 766,00 კვ. მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე, საკუთრებაში ჰქონდა ხის მასალისგან აშენებული საცხოვრებელი სახლი.
2015 წლის 5 იანვარს მასსა და ბაღდათის ააიპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რ--------- დ------–---–მა დროებით სარგებლობაში ბაღდათის ააიპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებას გადასცა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ხელშეკრულების 1.6. პუნქტის თანახმად, მისი საცხოვრებელი სახლი გამოყენებული იქნა, როგორც საბავშვო ბაგა-ბაღი. ქონების გადაცემის მომენტისათვის საცხოვრებელი სახლი იყო გარემონტებული, აკმაყოფილებდა მოიჯარის მიერ მოთხოვნილ ყველა კრიტერიუმს.
2015 წლის 31 ოქტომბერს (ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში) საბავშვო-ბაღის თანამშრომლების დაუდევრობისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფის გამო, სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი. მოიჯარემ არ შეასრულა ვალდებულება და დაარღვია იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მე-2 მუხლის 2.2.2. და 2.2.5. პუნქტები.
2015 წლის ნოემბერში მოსარჩელემ განცხადებით მიმართა, როგორც ააიპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებას, ისე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა იგი დღემდე არ აუნაზღაურებიათ.
2. მოპასუხის პოზიცია
ქალაქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და ააიპ ბაღდათის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებმა სარჩელი ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ბაღდათის რაიონი, სოფელ ნერგეთის ტერიტორიული ორგანო, წ---–---–---ში მდებარე უძრავი ქონება: დაზუსტებული ფართობი: 766,00 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1-84,40 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი N30.10.35.0-- ირიცხება რ--------- დ------–---–ის (პ/ნ 0----------) სახელზე, საკუთრების უფლებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 11-12).
3.1.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 5 იანვარს ააიპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებას (დირექტორი ნ---- გ-----–--ე) და რ--------- დ------–---–ს შორის დაიდო N1 იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეიჯარემ აიღო ვალდებულება გადასცეს მოიჯარეს დროებით სარგებლობაში საცხოვრებელი ბინა (1.2.), ქონება გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც საბავშვო ბაგა-ბაღი (1.6.); მოიჯარე ვალდებულია: გამოიყენოს ქონება ამ ხელშეკრულების 1.5. და 1.6. მითითებული პირობების და მიზნების შესაბამისად, შეინარჩუნოს ქონება გამართულ მდგომარეობაში, აწარმოოს მიმდინარე რემონტი საკუთარი ხარჯებით, გასწიოს ხარჯები ქონების შენახვაზე…. (2.2.1, 2.2.2, 2.2.3) საიჯარო ქირა შეადგენს 2460 ლარს (3.1.). ხელშეკრულების მოქმედების ვადაა - 05.01.2015წელი - 31.12.2015 წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 13-15).
3.1.3. დადგენილია, რომ რ--------- დ------–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა ხანძრის შედეგად 2015 წლის 31 ოქტომბერს, მასში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთებით და ავეჯით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 16).
3.1.4. დადგენილია, რომ სსიპ თვითმმართველი ერთეულის ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და აუდიტორული კომპანია ,,კომპაუდის’’ შორის 2016 წლის 15 თებერვალს გაფორმებული N22 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 08 აპრილს აუდიტორული კომპანია ,,კომპაუდის“ მიერ შედგა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების ანგარიში, რომლის თანახმად, 2016 წლის 8 აპრილის მდგომარეობით უძრავი ქონების (ს/კ 30.10.35.0--) საბაზრო ღირებულებას წარმოადგენდა: მთლიანი ქონების ღირებულება - 19000 ლარი, მიწის ნაკვეთის ღირებულება - 2500 ლარი და გაუმჯობესების ღირებულება 16500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აუდიტორული კომპანია ,,კომპაუდის“ დასკვნა ( იხ. ს.ფ 57-68)
3.1.5. დადგენილია, რომ 2015 წლის 17 ნოემბერს რ--------- დ------–---–მა განცხადებით მიმართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის 30 სექტემბრის N41/2956 წერილით აცნობა, რომ ზარალის ასანაზღაურებელი თანხა - 16500 ლარი გათვალისწინებული იქნებოდა მომავალი წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტში. აღნიშნული თანხის ანაზღაურება მოხდებოდა 2017 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში რ--------- დ------–---–ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 30 სექტემბრის N41/2956 წერილი (ს.ფ. 17).
3.1.6. დადგენილია, რომ რეორგანიზააციის ფარგლებში შეეცვალა იურიდიული სახელწოდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დაფუძნების შესახებ’’ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 28 თებერვლის N51 განკარგულებით დამტკიცებული ააიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებას და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ააიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანება (ს/კ 225066932).
დადგენილია, რომ 2018 წლის 5 მარტს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული იქნა N41281 ბრძანება, რომლის თანახმად, განხორციელდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ბაღათის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ლიკვიდაცია. ლიკვიდატორად დაინიშნა ნ---- გ-----–--ე.
საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით, ირკვევა, რომ 2018 წლის 30 მაისის მდგომარეობით ბაღდათის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ იურიდიულ პირად, ს/კ 225066932, დირექტორი - ნ---- გ-----–--ე, სტატუსი ლიკვიდაცია დაწყებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N4170 ბრძანება.
- 41 281 ბრძანება
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს სადაოდ არ ხდიან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეებია ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე განმარტავს (2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №23/630 ,,საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას.
სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებელობის წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო-პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ზიანისათვის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს როგორც ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის მიერ მიყენებული ზიანისათვის, ასევე უშუალოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ვალდებულებითი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობაა, ამასთან, იგი განსხვავდება საჯარო სამართალში არსებული ვალდებულებისაგან, სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, წარმოშობილი ზიანი და ბოლოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
სასამართლოს მოსაზრებით, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ რეალაქტი (დე ფაქტო მოქმედება, რეალური მოქმედება) არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რეალური მოქმედებისაგან პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ქმედების განხორციელების ან მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, ხოლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით უზრუნველყოფილია სასამართლოს იურისდიქცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებასთან დაკავშირებით უფლების დაცვის სამართლებრივ საშუალებების გამოყენებისას.
სასამართლო განმარტავს, რომ რეალაქტის ცნების ქვეშ იგულისხმება ყველა ის მმართველობითი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ (წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ). სწორედ ეს ნიშანი განასხვავებს ამ ინსტიტუტს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სხვა სამართლებრივი ფორმებისაგან. ამავდროულად, რეალაქტს გააჩნია, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური გამოვლენის ფორმა. კერძოდ, უმოქმედობა – როგორც მმართველობითი ღონისძიების ერთ-ერთი საშუალება.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას და ააიპ ბაღდათის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება საბავშვო ბაღების გაერთიანებას რ--------- დ------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 16 500 (თექვსმეტი ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, ააიპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებას და რ--------- დ------–---–ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად ააიპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებას დროებით სარგებლობაში გადაეცა რ--------- დ------–---–ის ბინა. აღნიშნული ბინა მთლიანად დაიწვა ხანძრის შედეგად 2015 წლის 31 ოქტომბერს.
დადგენილია და მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ ხანძრის შედეგად რ--------- დ------–---–ს მიადგა 16,500 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შედეგად განადგურებული მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, რომლის მოვლის ვალდებულება ჰქონდა მოპასუხე მხარეს, რაც მან ვერ უზრუნველყო. ამდენად დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა მმართველობითი ღონისძიების – მოქმედების განუხორციელებლობას, რამაც თავისი ფაქტობრივი შედეგით ფიზიკურ პირს (მოსარჩელეს) მიაყენა ზიანი. ანუ სახეზეა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, გამოხატული უმოქმედობაში, რის გამოც აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია და ბაღდათის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს მისი უმოქმედობის შედეგად წარმოშობილი ზიანი.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას - განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მოპასუხე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და ააიპ ბაღდათის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენელმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ცნეს სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს, რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხეებმა მოსამზადებელ ეტაპზევე ცნეს სარჩელი, მათ არ დაეკისრება სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ, შესაბამისად რ--------- დ------–---–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 495 (ოთხას ოთხმოცდათხუთმეტი ლარი) ოდენობით.
რაც შეეხება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯს, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას და ააიპ ბაღდათის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება საბავშვო ბაღების გაერთიანებას რ--------- დ------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 400 (ოთხასი) ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 22).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რ--------- დ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას და ააიპ ბაღდათის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება საბავშვო ბაღების გაერთიანებას რ--------- დ------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 16 500 (თექვსმეტი ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩლეს დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 495 (ოთხას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი (საგადასახდო დავალება №0, გადამხდელი დ----- კ----–-ძე, გადახდის თარიღი 22.06.2017 წელი, გადამხდელის ბანკი სს ,,თიბისი ბანკი’’, სახაზინო კოდი 300183150).
4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას და ააიპ ბაღდათის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება საბავშვო ბაღების გაერთიანებას რ--------- დ------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 400 (ოთხასი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი