განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100118002442656
1-423/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - გ--–--------ე
ბრალდებული - მ-----–- გ-------ძე
ადვოკატი - ლ------------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N 075080318001
ბრალდებული: მ-----–- გ-------ძე
მამის სახელი: შ------
დაბადებული: 20.12.1-----–--–---------–-------------------–--------------------------------------------–-------–----–-----------------------------------------------–----–------------------–-----------–----–----------------–--–-------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;344-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა;
პირადობის მოწმობის გატაცება.
მ-----–- გ-------ძემ გაიტაცა მისი ნათესავის მადონა სურმანიძის პირადობის მოწმობა, რომლის გამოყენებითად 2018 წლის 08 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ "სარფში" ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შესულიყო თურქეთის რესპუბლიკაში.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული მ-----–- გ-------ძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან მას დანაშაული არ ჩაუდენია.
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაული - აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს ოფიციალური დოკუმენტების ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, ანუ მმართველობის წესი რომელიც არეგულირებს ოფიციალური დოკუმენტით, ბეჭდით, შტამპით ან ბლანკით სარგებლობას. აღნიშნული მუხლის პასუხიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, რაც გულისხმობს პირადი მითითებული დოკუმენტის უკანონოდ ამოღებას სხვისი მფლობელობიდან როგორც მისაკუთრების მიზნით, ისე მის გარეშე ნებისმიერი ხერხით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად, ნივთის გატაცება გულისხმობს კონკრეტული პირისგან მის კუთვნილებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთის სხვა პირის მხრიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას. მოცემულ შემთხვევაში მადონა სურმანიძემ ნივთი - პირადობის მოწმობა თვითონ გადასცა მ-----–- გ-------ძეს, რომელმაც იგი გამოიყენა საზღვრის გადასაკვეთად, რაც თავის მხრივ არამართლზომიერი ქმედებაა, მაგრამ მას პირადობის მოწმობა არ გაუტაცია მისი მესაკუთრისაგან.
ამავე საკითხზე საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლში მსჯავრდებული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე 2009 წლის 22 ოქტომბრის N382აპ-09 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ "...ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების გატაცება, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს პირდაპირი განზრახვით, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მოტივსა და სხვისი დოკუმენტების დაუფლების მიზანს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო დაუფლების გარეშე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სხვა პირთან აღმოჩენა, ან ამ პირის მიერ სხვისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენება ნებისმიერი მიზნით შესაძლოა დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივ დევნას, რაც არაგონივრული და სამართლებრივად გაუმართლებელია.
გარდა ამისა სასამართლო აღნიშნავს, რომ უშუალო ობიექტი, რომელსაც ადგება ზიანი პირადობის მოწმობის გატაცებისას ეს არის თვით პირადობის მოწმობის მესაკუთრე. დაზარალდა თუ არა მ-----–- გ-------ძის მოქმედების შედეგად მადონა სურმანიძე ბრალდების მხარეს შეფასება არ მიუცია. მადონა სურმანიძის სტატუსი სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ განსაზღვრულია, როგორც მოწმე და არა როგორც დაზარალებული. ბრალდების მხარემ ჩათვალა, რომ მ-----–- გ-------ძემ დანაშაული ისე ჩაიდინა და ისე გასტაცა მადონა სურმანიძეს პირადობის მოწმობა, რომ მადონა სურმანიძის ინტერესი არ დარღვეულა. სასამართლო სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილის ამგვარ შეფასებას ვერ გაიზიარებს, რადგან პირადობის მოწმობის გატაცება გულისხმობ პირველ რიგში პირადობის მესაკუთრისგან დოკუმენტის ნების და მისი ინტერესების საზიანოდ დოკუმენტის ამოღებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომ მ-----–- გ-------ძემ ჩაიდინა პირადობის მოწმობის გატაცება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული მ-----–- გ-------ძე საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა;
სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–- გ-------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქ. სსკ-ის 19;344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაული ჩადენაში გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ-----–- გ-------ძის ბრალეულობას, კერძოდ: გამოძიების დაწყების ბარათი, ცნობა საზღვრის კვეთის შესახებ, მოწმეების მადონა სურმანიძის, ჟერლო რუსიძის, დავით კახიძის, მ-----–- გოგიტიძის ჩვენებები, დათვალიერბის ოქმით და სხვა წერილობითი მტკიცებულებები.
ამდენად საქმეში არსებული მტკიცებულებეთა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ-----–- გ-------ძემ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრი უკანონოდ გადაკვეთა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.
მ-----–- გ-------ძის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტი დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ მ-----–- გ-------ძის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა მ-----–- გ-------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა. დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19;344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
მ-----–- გ-------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება.
მ-----–- გ-------ძის მიმართ პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.
სასჯელის დასაბუთება:
ჩადენილი დანაშაულის მოტივის და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ მ-----–- გ-------ძეს უნდა დაენიშნოს ისეთი სახის სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
მ-----–- გ-------ძის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა დანაშაულის ჩადენა, რითაც მან პასუხისმგებლობა იკისრა ჩადენილი დანაშაულისათვის, იმადროულად ჩადენილია არაძალადობრივი და ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასამართლო ითვალისწინებს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მის ყოფაქცევას და მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად საქართველოს სსკ-ის 19;344-ე მუხლის 1 ნაწილით მას ძირითად სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ბრალდებული მ-----–- გ-------ძე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ბრალდებული მ-----–- გ-------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მ-----–- გ-------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მადონა სურმანიძის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. მ-----–- გ-------ძის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი