გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2018
საქმის ნომერი
010210017001674387
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001674387

№2-70/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე შპს „-----ი“

წარმომადგენელი ნ-----------ი

მოპასუხე მ----------------ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მ----------------ეზე შპს „-----ის“ სასარგებლოდ 10 920 ლარის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 04 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, სამოქალაქო საქმეზე N:2/2181-13წ შპს ,,გ----ის’’ მიერ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე, მოპასუხე ი-------------ის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ი-------------ეს შპს „-----ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 10920 ლარის გადახდა. 2014 წლის 06 თებერვალს აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ იქნა სააღსრულებლო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი.);

- 04.12.2013წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საქმეზე N2-2181.

- სააღსრულებო ფურცელი.

 

3.1.2. ვინაიდან ი-------------ის მიერ ნებაყოფლობით არ მოხდა დავალიანების თანხის გადახდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის მიერ მოხდა შემდგომში აუქციონზე გატანის მიზნით ი-------------ის საკუთრებაში არსებული გარკვეული ქონების დაყადაღება.

 

2014 წლის 15 დეკემბერს დაყაღებული ქონების ამოღების მიზნით აღმასრულებლები მივიდნენ მოპასუხე ი-------------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ი-------------ის შვილმა მ----------------ემ მოითხოვა შპს ,,გ----ის’’ წარმომადგენელთან შეხვედრა, რომელიც შედგა იმავე დღეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სადაც მხარეებს შორის მოხდა ზეპირი შეთანხმება, ხოლო მეორე დღეს 2014 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა წერილობითი ორმხრივი შეთანხმება, რომლითაც მ----------------ემ თავის თავზე აიღო ვალდებულება გადაეხადა ი-------------ის (მამის) დავალიანება 10920 ლარის ოდენობით, რომლისთვისაც მიეცა ვადა 2015 წლის ბოლომდე. შეთანხმების თანახმად შპს ,,გ----ის’’ წარმომადგენლის განცხადებით ი-------------ის მიმართ შეწყდა სააღსრულებლო საქმის წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი.);

- 2014 წლის 16 დეკემბრის შეთანხმება.

- აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილი.

 

3.1.3. მ----------------ემ არ შეასრულა 2014 წლის 16 დეკემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც შპს „-----ის“ წარმომადგენელმა გამარტივებული წარმოების წესით დავალიანების გადახდევინების მიზნით განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თუმცა მოპასუხე მ----------------ემ უარყო მის მიერ ადრე აღიარებული დავალიანების არსებობა. შესაბამისად 2016 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით გამარტივებული საქმის წარმოება შეწყდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი.);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.

- აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხე მ----------------ეს დღემდე არ შეუსრულებია 2014 წლის 16 დეკემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და დღეის მდგომარეობით მამუკა დაიასამიძის დავალიანება შპს ,,გ----ის წინაშე შეადგენს 10920 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი.);

- 2014 წლის 16 დეკემბრის შეთანხმება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „-----ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხე მ----------------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელე შპს „-----ის“ სასარგებლოდ 10920 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 341-ე, 400, 427-ე, 623-ე, 624-ე, 361-ე მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულია ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება) აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებული იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623 მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 16 დეკემბრის შეთანხმებით მ----------------ემ იკისრა ვალდებულება 2015 წლის ბოლომდე გადაეხადა შპს „-----ისათვის“ მისი ოჯახის დავალიანება 10 920 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია მოსარჩელისათვის ზ/აღნიშნულ შეთანხმებაში მითითებული თანხა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ დღეისათვის შეადგენს 10920 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილია, რომ მოვალემ გადააცილა ფულადი თანხის გადახდის ვადას. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია.

 

ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე 10920 ლარის დაკისრების შესახებ არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 327,60 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი სასამართლოს მთავარ სხდომაზე.

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 163, 80 ლარის ოდენობით. ხოლო დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 49-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს „-----ის“ სასარჩელო მოთხოვნა მ----------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე;

 

1.1. მოპასუხე მ----------------ეს მოსარჩელე შპს „-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 10 920 ლარის გადახდა.

 

2. მოსარჩელე შპს „-----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2017 წლის 10 იანვარს სს „თიბისი ბანკში“ (ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 693 150, საგადასახადო დავალება №1484027296 ) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნახევარი - 163,8 ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხე მ----------------ეს მოსარჩელე შპს „-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 163,80 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე