გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017002237979
საქმე №2/993-17 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ივლისი 2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი;
მოსარჩელე: სს ,, ტ---- ბანკი";
წარმომადგენელი; ქ------- ს--------ა;
მოპასუხე: ა-–---- ზ------;
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სარჩელის მოთხოვნები:
1.1.მოპასუხე ა-–---- ზ------ს სს „ ტ---- ბანკის “ სასარგებლოდ, საბანკო კრედიტის №38.0276884.002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 2 783.43 ლარი, საიდანაც ძირი თანხა - 2 328.41 ლარი, პროცენტი - 103.23 ლარის და ჯარიმა - 351.78 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ა-–---- ზ------ს 2017 წლის 14 დეკემბრიდან სს „ ტ---- ბანკის “ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - (2 328.41 ლარზე) დაეკისროს წლიური 12%-ს სარგებლის გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.
1.3.მოპასუხე ა-–---- ზ------ს სს „ ტ---- ბანკის “ სასარგებლოდ, საბანკო კრედიტის №38.0276884.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 1446.12 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა - 1 226.16 ლარი, პროცენტი - 19.97 ლარი და ჯარიმა - 200 ლარის გადახდა.
1.4. მოპასუხე ა-–---- ზ------ს 2017 წლის 14 დეკემბრიდან სს „ ტ---- ბანკის “ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - (1226.16 ლარზე) დაეკისროს წლიური 14%-ს სარგებლის გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2014 წლის 19 ივლისს სს ,,ტ----ბანკს“ და ა-–---- ზ------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის N38.0276884.002 ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7 440 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 12%-ით. კრედიტის საბოლოო ვადა განისაზღვრა 2018 წლის 19 ივლისამდე. განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარის ოდენობით და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2017 წლი 14 დეკემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს საბანკო კრედიტის N38.0276884.002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება ძირი თანხა 2 328.41 ლარი, პროცენტი - 103.23 ლარი და ჯარიმა 351.78 ლარი.
2014 წლის 30 ივნისს სს ,,ტ---- ბანკსა“ და ა-–---- ზ------ს შორის დაიდო N38.0276884.001 ხელშეკრულება საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ შემდეგი პირობებით: ოვერდრაფტის თანხა: 930 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 14%, ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრებოდა ათვისებული ოვერდრაფტის თანხის 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარგებლობის დღეების შესაბამისად გადახდის ფაქტიურ დღემდე.
2017 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხეს N38.0276884.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება ძირი თანხა 1226.16 ლარი, პროცენტი - 19.97 ლარი და ჯარიმა - 200 ლარი.
სს ,,ტ----ბანკმა“ გაუგზავნა მოპასუხე შეტყობინება, რომლითაც ეცნობა, რომ მსესხებელს ერიცხება დავალიანება და იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების ცაბარებიდან 14 კალენდარულ დღეში არ იქნება დაფარული აღნიშნული დავალიანება, ბანკი უფლებამოსილი იქნება თანხის დაკისრების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის ორივე მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის და პროცენტის ნაწილებში და განმარტა, რომ იგი შეძლებს, მხოლოდ 100 ლარის გადახდას ყოველთვიურად.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2014 წლის 19 ივლისს სს ,,ტ----ბანკს“ და ა-–---- ზ------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის N38.0276884.002 ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7440 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 12%-ით. კრედიტის საბოლოო ვადა განისაზღვრა 2018 წლის 19 ივლისამდე. განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარის ოდენობით და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხეებმა არაერთხელ გადააცილეს პროცენტის გადახდის ვადები და ამის შემდეგ მათ გაეგზავნათ შეტყობინებები ვალდებულების შესრულების მოთხოვნით და მიეცათ გაფრთხილება, რომ 14 დღის ვადაში დაეფარათ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მიმართავდა სასამართლოს. აღნიშნული შეტყობინება მოპასუხეს ჩაბარდა მაგრამ დავალიანება დაფარული არ იქნა და შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად საკრედიტო ურთიერთობა შეწყდა 14 დღის გასვლისთანავე.
ამავე ხელშეკრულების 6.1 პუნქტით „ ბანკი უფლებამოსილია გააგრძელოს პირგასამტეხლოს დარიცხვა, როგორც ვადაგადაცილებულ ძირითად თანხაზე, ისე ვადაგადაცილებულ პროცენტზე, ხოლო ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ასეთი პირგასამტეხლო დავალიანების სრულად დაფარვამდე ან/და აღსრულებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური და საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- სარჩელი; გაფრთხილების წერილები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. 2017 წლი 14 დეკემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს საბანკო კრედიტის N38.0276884.002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება ძირი თანხა 2328.41 ლარი, პროცენტი - 103.23 ლარი და ჯარიმა 351.78 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების შესახებ ცნობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.3. 2014 წლის 30 ივნისს სს ,,ტ---- ბანკსა“ და ა-–---- ზ------ს შორის დაიდო N38.0276884.001 ხელშეკრულება საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ შემდეგი პირობებით: ოვერდრაფტის თანხა: 930 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 14%, ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრებოდა ათვისებული ოვერდრაფტის თანხის 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარგებლობის დღეების შესაბამისად გადახდის ფაქტიურ დღემდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულება N38.0276884.001
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.4. 2017 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხეს N38.0276884.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება ძირი თანხა 1226.16 ლარი, პროცენტი - 19.97 ლარი და ჯარიმა - 200 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ
- გადახდების ისტორია;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 54-ე, 316-ე, 317-ე, 342-ე, 417-418-ე, 420-ე, 867-868-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ი ნაწილით: მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია და მოპასუხეც არ უარყოფს, რომ მათ მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები და ამჟამად ერიცხება დავალიანება ბანკის მიმართ. მოპასუხეს ჩაბარდა შეტყობინება ვალდებულების შესრულების მოთხოვნით და მიეცა გაფრთხილება, რომ 14 დღის ვადაში დაეფარა დავალიანება. დავალიანება დაფარული არ იქნა და შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად საკრედიტო ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა 14 დრის გასვლისთანავე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ კერძოდ ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში და შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის და 131-ე მუხლის თანახმად ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის საფუძვლით. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ, კრედიტის ძირითადი თანხის და ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული პროცენტის გარდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც მოთხოვნის ფარგლებში, რომელიც არ არის შეუსაბამოდ მაღალი.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე სარგებლის (პროცენტის) დაკისრების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სარჩელზე წარმოდგენილი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები არ შეიცავენ დათქმას, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მსესხებელი ვალდებულია გააგრძელოს სარგებლის(პროცენტის) გადახდა ვალდებულების სრულად დაფარვამდე ან გარკვეული ვადით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ წესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგება, რომლის თანახმად მევალეს ეკისრება ვალდებულება საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ იხადოს საბანკო პროცენტი ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს და შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო სარგებლისა და ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ურთიერთ მიმართებასთან დაკავშირებით (საქმე Nას-1701-1685-2011). სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. უზენაესმა სასამართლომ განმარტება, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არა ჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული ჯარიმა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ უნდა მოხდეს მისი შემცირება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 145 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, სულ 3677.77 ლარის ფარგლებში და ამ ნაწილში მოპასუხეს ბაჟისაგან თავისუფლდება სარჩელის ცნობის გამო. მოპასუხეს ტ---- ბანკს უნდა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 16.55 (თექვსმეტი ლარი და 55 თეთრი) ლარი, ხოლო სს ,,ტ---- ბანკს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 110.33 ( ას ათი ლარი და 33თეთრი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 131-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,, ტ---- ბანკის ” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.მოპასუხე ა-–---- ზ------ს სს „ ტ---- ბანკის “ სასარგებლოდ, საბანკო კრედიტის №38.0276884.002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 2 783.43 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2 328.41 ლარი, პროცენტი - 103.23 ლარის და ჯარიმა - 351.78 ლარი.
1.2.მოპასუხე ა-–---- ზ------ს სს „ ტ---- ბანკის “ სასარგებლოდ, საბანკო კრედიტის №38.0276884.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 1446.12 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა - 1 226.16 ლარი, პროცენტი - 19.97 ლარი.
2. სასარჩელო მოთხოვნები სს „ ტ---- ბანკის “ სასარგებლოდ მოპასუხეზე ერთი წლის მანძილზე სარგებლის დაკისრებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.
3. მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი (საგადასახადო დავალება №3, 26.12.2017წ) სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 110.33 ( ას ათი ლარი და 33თეთრი) ლარი.
4. მოსარჩელე სს ,, ტ---- ბანკის “ სასარგებლოდ მოპასუხე ა-–---- ზ------ს დაეკისროს 16.55 (თექვსმეტი ლარი და 55 თეთრი) ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე