გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2018
საქმის ნომერი
140210117002074216
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
18.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210117002074216

საქმე № 2/1359-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელე - სს „ს-----------ი“

წარმომადგენელი - თ------------------ე

მოპასუხე - დ--------------–ი

შპს „ნ--------“

წარმომადგენელი - ხ---------------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

11. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს: დ--------------–სა და შპს „ნ--------ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „ს-----------ისთვის“ მიყენებული ზიანის - 13 397 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 2 აპრილს კასპში, კონსტიტუციის ქუჩაზე, დ--------------–ის მართვის ქვეშ მყოფ შპს „ნ--------ს“ კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა სს „ს-----------ის კუთვნილ მილსადენს. აღნიშნულის შედეგად დაზიანდა 1.3 ატმოსფერული წნევის 220 მმ-იანი მილსადენი, რამაც გამოიწვია ბუნებრივი გაზის ატმოსფეროში გაფრქვევა. შემთხვევიდან 10 წუთში განხორციელდა გაზსადენი მილის გადაკეტვა, ხოლო შემდგომში მისი აღდგენა. მომხდარის შედეგად „ს-----------ისადმი“ მიყენებული ზიანის ოდენობამ 13 397 ლარი შეადგინა, აქედან 8 872 ლარი გაფრქევული გაზის ღირებულებაა, ხოლო 4525 ლარი - მილსადენი გაზის აღდგენის ღირებულება. კომპანიამ მოახდინა დ--------------–ის ინფორმირება მიყენებული ზიანის ოდენობისა და ანაზღაურების მოთხოვნით, რაზედაც მან უარი განაცხადა. ასევე, კომპანიის წარმომადგენლის მიერ შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა შემთხვევაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალების საინფორმაციო ბარათი (მესაკუთრის დადგენის მიზნით) და დადგინდა, რომ ავტომანქანა რომელსაც დ--------------–ი მართავდა, ეკუთვნოდა შპს „ნ--------ს“. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურებაზე არავითარი შედეგი არ მოჰყვა მოპასუხეთა მხრიდან, მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და ითხოვს დ--------------–სა და შპს „ნ--------ს“ სოლიდარულად დაეკისროთ სს „ს-----------ისათვის“ მიყენებული ზიანის - 13 397 ლარის - ანაზღაურება (იხ. სარჩელი და და სასამართლო სხდომის ოქმი).

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს „ნ--------ს“ წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს „ნ--------“ აწარმოებს სხვადასხვა სამშენებლო ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოებს. შესაბამისად მის სახელზე რეგისტრირებულია ის ტექნიკა და სატვირთო ავტომობილები, რომლებიც უშუალოდ ემსახურებიან შპს „ნ--------ს“. აღნიშნული სატვირთო ავტომობილი, რომლის საშუალებითაც დ--------------–მა უკანონოდ, მფლობელის ნებართვის გარეშე მოძრაობისას 2017 წლის 2 აპრილს კასპში, კონსტიტუციის ქუჩაზე, დაარღვია კანონი და მის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაზიანდა გაზსადენი მილი, რამაც გამოიწვია ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე, დ--------------–თან ერთად, ითხოვს შპს „ნ--------ს“ ხელმძღვანელობისაგან მაშინ, როცა თავად შპს „ნ--------“ წარმოადგენს დ--------------–ისაგან დაზარალებულ მხარეს, რადგან დ--------------–ი უნებართვოდ შედიოდა შპს „ნ--------ს“ მიერ აღებულ სამშენებლო ობიექტზე და სარგებლობდა რა იმით, რომ იცოდა სამუშაო მანქანის გასაღების ავტომანქანაში შენახვის ფაქტი, როგორც მათთვის გახდა ცნობილი, დ--------------–ი ხშირად მიდიოდა ობიექტზე და სავარუდოდ შპს-ს დირექტორის და მფლობელის ნებართვის გარეშე, პირადი მიზნებისათვის სარგებლობდა სატვირთო ავტომობილით. ამასთან, დ--------------–ი არ ყოფილა დასაქმებული შპს „ნ--------ში“ და კომპანიას არ ჰქონია მასთან რაიმე სახის შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული (იხ. შესაგებელი და 25.04.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. მოპასუხე დ--------------–მა შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მის მიერ სატვირთ მანქანის არასწორად გამოყენების გამო მოსარჩელეს მიადგა ზიანი, მაგრამ დროის ამ მცირე მონაკვეთში (10) წუთი) დაზიანებული მილის დიამეტრის და გაზის წნევის გათვალისწინებით შეუძლებელია ატმოსფეროში გაფრქვეულიყო 8613.6 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი. სპეციალისტების განმარტებით, ეს შეიძლება ყოფილიყო მაქსიმუმ 4 000 კუბური მეტრი. ამასთან, მოსახლეობაზე მიწოდებული ბუნებრივი გაზის ტარიფი შეადგენდა 55 თეთრს და გაუგებარია რატომ ითხოვს მოსარჩელე 1.03 ლარს. სარჩელზე დანდართულ ტეფექტურ აქტში №17, რომელიც შედგენილია მამუკა ახლოურის მიერ, მითითებულია, რომ გაითიშა 3698 აბონენტი, ე.ი. ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა დასახლებულ პუნქტებს და შესაბამისად, მოსახლეობას გაზი მიეწოდებოდა 55 თეთრიანი ტარიფით. რაც შეეხება დაზიანებული მილის აღდგენას, დ--------------–ის განმარტებით, იგი მისი ხარჯებით იქნა აღდგენილი და რაიმე ხარჯი მოსარჩელეს არ გაუღია.

 

მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ დააკონკრეტა შესაგებელში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მან სადავო არ გახადა ის ფაქტი, რომ ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა მისი ქმედებს შედეგად, სადავოდ არ გახადა მილის დაზიანების შედეგად გაფრქვეული აირის მოცულობა, ასევე ნაწილობრივ აღიარა სასარჩელო მოთხოვნა ბუნებრივი აირის ატმოსფეროში გაფრქვევის შედეგად მიყენებული ზიანის, კერძოდ 4909.75 ლარის ნაწილში და მიუთითა, რომ დ--------------–ის ვალდებულებას წარმოადგენდა დაზიანებული მილის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, თუმცა მოსარჩელემ ძველი კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც იყო ლითონის და გაყვანილი იყო მიწის ზემოთ, შეცვალა და მიწის ქვეშ გააკეთა ახალი პოლიეთილენის მილები, რის გამოც უფრო მეტი თანხა დაიხარჯა. ამასთან, ზოგი ნაწილი თვითონ შეიძინა. რაც შეეხება გაფრქვეული აირის ღირებულებას, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელის განმარტებით, გაითიშა 3690 აბონენტი კასპსა და მიმდებარე სოფლებში, ე.ი. გაზის მიწოდება შეუწყდათ ფიზიკურ პირებს და არა კომერციულ ორგანიზაციებს და გაფრქვეული აირის ფასიც უნდა დაანგარიშებულიყო მითითებული ტარიფით და არა იმ ტარიფით, რომლითაც მოსარჩელეს აქვს დაანგარიშებული (იხ. შესაგებელი და 25.04.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი - 13:07:47; 13:36:59).

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 02 აპრილს კასპში, კოსტრუქციის ქუჩაზე დ--------------–ის მართვის ქვეშ მყოფი შპს „ნ--------ს“ კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა სს „ს-----------ის“ საკუთრებაში არსებულ ბუნებრვი გაზის მილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსაჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სს „ს-----------ის“ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი აირის მილი, რამაც გამოიწვია ბუნებრივი აირის გაფრქვევა რითაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი 13 397 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს, როგორც დაზიანებული მილსადენის აღდგენისათვის გაწეულ ხარჯს (4 525 ლარი), ისე გაფრქვეული გუნებრივი გაზის ღირებულებას (8 872 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- შპს „სოკარ ჯორჯია გაზი ქართლის“ გაზსადენის დაზიანების ოქმი;

- 2017 წლის 04 აპრილის დეფაქტური აქტი;

- ლოკალური რესურსული ხარჯთაღრიცხვა №ფ/150

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 2 აპრილს სს „ს-----------ის“ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა და დაზიანება გამოიწვია დ--------------–ის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის შეჯახებამ და რომ აღნიშნული სატვირთო ავტომანქანა ეკუთვნოდა შპს „ნ--------ს“.

 

მოპასუხე მხარემ სადავოდ მიიჩნია, როგორც გაფრქვეული ბუნებრივი გაზის ღირებულების შეფასება 1მ3 - 1.03 ლარად, ანუ იმ ფასად, რა ფასშიც სს „ს-----------ი“ მიაწვდის გაზს არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლებს, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოსარჩელეს ბუნებრივი აირის ღირებულების დაანგარიშებისას 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი უნდა ეანგარიშა იმ ფასად (0.55 თეთრად), რა ფასშიც იგი მიაწვდის ფიზიკურ პირებს საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის, ანუ დაბალ ფასად.

 

მოპასუხე შპს „ნ--------“ სადავოდ მიიჩნევს მისი მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

საქმეში წარმოდგენილი აქტის მიხედვით, ერთის მხრივ სოკარ ჯორჯია გაზის ცენტრალური რეგიონული ოფისის ს/ც ინჟინერმა, ოსტატმა, ზეინკალმა და დ--------------–მა შეადგინეს აქტს, მასზედ, რომ დ--------------–მა სატვირთო ავტომანქანით დააზიანა ფოლადის მილი დ220მმ გატყდა სრულად და 0,04 ჭარბი წნევით 1,3 ატმ გაედინებოდა 10 წუთის განმავლობაში ბუნებრივი აირი, გაითიშა კასპის ნაწილი და სოფელი მიქელწყარო, ასევე კავთისხევის თემი - 3698 აბონენტი. დ--------------–ი ვალდებულებას იღებდა აღადგინა დაზიანებული მილი და გადაეხადა ჰაერში გაფრქვეული ბუნებრივი აირის ღირებულება, აქტს ხელს აწერენს მ. ახლოური, ი. ბიტარიშვილი, ზ. მერებაშვილი და თავად დ. კორხელი.

 

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 02 აპრილს შედგენილი დეფექტური აქტის მიხედვით, ჩასატარებელი სამუშაოების აღწერილობაა: დაზიანებული გაზსადენის აღდგენა, გაითიშა 3698 აბონენტი; სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო მასალები და მექანიზმების ჩამონათვალია: პოლიეთილენის გადამყვანი 200მმ*200მმ 2ც; პოლ. მუხლი დ200მმ 2ც; 3. პოლ. ელ ქურო დ200 მმ 4 ც.

 

2017 წლის 25 აპრილის №ფ/150 ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, დაზიანებული გაზსადენის აღდგენისას მომსახურების სრული ღირებულება განისაზღვრა 4525.50 ლარით (გადამყვანი პოლ/ლით დ-200/200 – 2ც - 2269.58 ლარი; პოლიეთილენის ელ მუხლი დ-200მმ - 2ც - 435.46 ლარი; პოლიეთილენის ქურო დ-200მმ - 4 ც - 250.44 ლარი; სატრანსპორტო ხარჯი 88.66 ლარი; ზედნადები ხარჯი - 410.96 ლარი; გეგმიური დაგვროვება - 380.06 ლარი; დღგ - 690.33 ლარი).

 

საქმეში წარმოდგენილია ბუნებრივი გაზის გაფრქვევის შესახებ 2016 წლის 24 თებერვლის აქტის, რომელიც შედგენილია შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ქართლის რეგიონალური ოფისის ტექნიკური სამსახურის უფროსის მიერ და შპს „სოკარ ჯორჯის გაზის“ იურიდიული სამსახურის უფროსის წერილის მიხედვით, გაზის გაფრქვევის დროის მონაკვეთია 10 წუთი, რის შედეგადაც 1.3 წნევის გაზსადენი მილიდან გაიფრქვა 8613,6მ3, მოცულობის ბუნებრივი გაზი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 8872.008 ლარს (1მ3 – 1.03 ლარი).

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელშიც ბრალი მიუძღოდა მოპასუხე დ--------------–ს დაზიანდა მოსარჩელე სს „ს-----------ის“ კუთვნილი მილსადენი, რომლის აღდგენისთვისაც მოსარჩელე მხარემ გასწია ხარჯი 4 525 ლარის ოდენობით და გაიფრქვა 8613,6 მ3 მოცულობის 8872 ლარის ღირებულების ბუნებრივი გაზი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს-----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს კერძოდ, მოპასუხეებს: შპს „ნ--------ს“ და დ--------------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით უნდა დაეკისროს დაზიანებული მილსადენის აღდგენისათვის გაღებული ხარჯის - 4525 ლარის, ისე გაფრქვეული ბუნებრივი გაზის ღირებულების - 8 872 ლარის - გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე, 999-ე მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა გამომდინარეობს ზიანიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან (დელიქტიდან) და, შესაბამისად, უნდა განისაზღვროს, თუ რამდენად არსებობს ზიანის ანაზღაურებისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგელობის დაკისრებისათვის კანონით გათვალისწინებული საფუძველი. 6.3. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 6.4. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის თანახმად; 1. მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი; 4. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმებში მითითებულ კონსტრუქციას. ზემოაღნიშნულიდან ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 02 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სს „ს-----------ის“ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი აირის მილი, რის შედეგადაც მესაკუთრეს მიადგა ზიანი, ეს ზიანი გამოწვეულია, მოპასუხე დ--------------–ის ბრალეული ქმედებით. ასევე დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა დ--------------–ი, მეორე მოპასუხის - შპს „ნ--------ს“ - საკუთრებას წარმოადგენს. 6.5. რაც შეეხება შპს „ნ--------ს“ პოზიციას იმის შესახებ, რომ დ--------------–ი უნებართვოდ სარგებლობდა მათი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. 6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად მოპასუხეს შპს „ნ--------ს“ ეკისრებოდა ვალდებულება წარმოედგინა სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ მისი კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას - სატვირთო ავტომანქანას - მისი ნების საწინააღმდეგოდ იყენებდა დ--------------–ი. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, გარდა ზეპირი განმარტებისა, მითუმეტეს, რომ ამ განმარტებით მხარე მიანიშნებს დანაშაულის ნიშნებზე, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, პირიქით მან მიუთითა, რომ სამართალდამცავი ორგანოებისათვის საჩივრით არ მიუმართავთ. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ნორმის შემადგენლობის ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია ზიანის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრებისათვის. 6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი ნორმის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება დაზიანებული მილსადენის აღდგენის ხარჯის და დაკარგული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურებას. ამდენად, ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს გაზსადენი მილების დაზიანების აღმოფხვრის და გაფრქვეული გაზის ხარჯების გათვალისწინებით. 6.9. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის მილის დაზიანებისას გაზის გაფრქვევის შედეგად დამდგარ ზიანს, მოპასუხე მხარემ, როგორც უკვე აღინიშნა, სადავოდ არ გახადა გუნებრივი გაზის გაფრქვევის შესახებ 2017 წლის 04 აპრილის აქტში მითითებული გაზის მოცულობა, მან სადავო გახადა მხოლოდ მისი შეფასება - 1მ3 1,03 თეთრად და არა საყოფაცხოვრებო კატეგორიის მამხმარებლებზე დადგენილი ტარიფით. მოპასუხის აღნიშნულ მოსაზრებას სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: 6.10. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, გატარების, მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების, დადგენა და რეგულირება, გარდა ავტოგაზგასამართ სადგურებში რეალიზებული ბუნებრივი გაზის ტარიფებისა, ??????????? ???????????? ?? ??????????????? ?????????????? ???????? ???????? ???????? ??????????? , რასაც ახორციელებს მის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით. 6.11. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ტარიფები ასახავს მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მომსახურების განსხვავებულ ღირებულებას. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების, განსხვავებული ტარიფების დადგენა შესაძლებელია მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიების (ჯგუფების) მიხედვით, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის მიწოდების განსხვავებული ტარიფის დადგენა შესაძლებელია მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიების (ჯგუფების) მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6.12. „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ფიზიკური პირი, რომელიც ბუნებრივ გაზს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა საცალო მომხმარებელი. ამავე დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვა და გადახდა საცალო მომხმარებლის მიერ ხორციელდება ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე მიწოდებისას ბუნებრივი გაზის ტარიფს, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ სემეკ-ის 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების თანახმად, 2006 წლის 1 იანვრიდან რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში იმპორტირებული ბუნებრივი გაზის ფასის მკვეთრის გაძვირების გამო სახელმწიფოს მხრიდან გატარდა მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით დამატებითი ღონისძიებები - გაზრდილი ხარჯების სუბსიდირება - მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე და დადგინდა როგორც მიწოდების, ისე განაწილებისა და განაწილების ქსელით მოხმარების ზღვრული ტარიფები და აღნიშნული დადგენილება არ ეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებზელზე მიწოდებული ბუნებრივი გაზის ტარიფებს. 6.13. სემეკის 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებით „ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის“ დამტკიცების შესახებ, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, მეთოდოლოგია ვრცელდება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილებისა და მიწოდების საქმიანობისას ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილების და გატარების მომსახურებებსა და მოხმარების სფეროებზე; უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის სექტორში ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, “ტარიფები“ არის ფასების განაკვეთების სისტემა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ანგარიშსწორება ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილების, გატარების და მოხმარების სტადიებზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის პოზიცია ზიანის დაანგარიშებისას საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის განსაზღვრული ტარიფის გამოყენების შესახებ, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, როგორც კანონმდებლობითაა დადგენილი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის განსაზღვრულია სხვადასხვა ტარიფი და ეს ტარიფები რეგულირდება სემეკ-ის მიერ მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. ამასთან, როგორც კანონმდებლობითაა დადგენილი, ბუნებრივი გაზის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვა და გადახდა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით, შესაბამისად გარკვეული მოცულობის ბუნებრივი გაზის ღირებულების დაანგარიშება საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის დადგენილი ტარიფით მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, როდესაც ამ მოცულობის გაზი დაფიქსირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის გათვალისწინებულ და დარეგისტრირებულ მრიცხველზე, რომელიც სუბსიდირებულია სახელმწიფოს მიერ, სხვა შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი არ არის ვალდებული ბუნებრივი გაზის ფასი დაიანგარიშოს სოციალური ფასში. 6.14. რაც შეეხება მოპასუხე დ--------------–ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ევალებოდა მის მიერ დაზიანებული მილის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა და არა იმ ფორმით, რა ფორმითაც აღდგა გაზსადენი მილი და რასაც იმაზე მეტი თანხა დასჭირდა, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი აქტის თანახმად, დ--------------–ისათვის ცნობილი იყო რა სახის სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო გაზსადენის აღდგენის მიზნით, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო აღდგენით სამუშაოებში და პრეტენზია არ გამოუხატავს, ამასთან, აღდგენით სამუშოებში მონაწილე პირებმა, რომლებიც სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმის სახით, მიუთითეს, რომ გაზსადენი მილის პირვანდელ მდგომარეობში აღდგენას და შემდგომ ბუნებრივი აირის მიწოდებას აბონენტებამდე ბევრად მეტი დრო დასჭირდებოდა, რის გამოც აბონენტები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ მიიღებდნენ ბუნებრივ აირს და შესაბამისად, ყველამ ერთად მიიღო გადაწყვეტილება გაზსადენი მილის მიწის ქვეში გაყვანის შესახებ და დ--------------–ს წინააღმდეგობა არ გაუწევია (იხ. 04.04.2018წ. სასამართლო სხდმის ოქმი). ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს-----------ის“ სარჩელი დ--------------–ისა და შპს „ნ--------ს“ მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს როგორც დაზიანებული გაზსადენი მილების აღდგენისათვის გაწეული ხარჯების, ისე დაზიანებული მილიდან გაფრქვეული ბუნებრივი გაზის ღირებულებით, რაც შეადგენს 13 397 ლარს. 7. საპროცესო ხარჯები 7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. 7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმადთუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ დ--------------–მა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი 4909.75 ლარის ნაწილში, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი ბაჟიდან - 451.91 ლარიდან - უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 147.29 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 304.62 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები: გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე შპს ”ნ--------ს” (ს/№400112971) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების (სახ. ნომერი DD-174-SS) გასხვისება და ვალდებულებით დატვირთვა. შესაბამისადა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი. სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. მოსარჩელე სს „ს-----------ის“ სარჩელი დ--------------–ისა და შპს „ნ--------ს“ მიმართ დაკმაყოფილდეს. 2. მოპასუხეებს: დ--------------–სა და შპს „ნ--------ს“ მოსარჩელე სს „ს-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 13 397 ლარის ოდენობით; 3. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟი სახით გადახდილი 451.91 ლარიდან დაუბრუნდეს 147.29 ლარი, დანარჩენი 304.62 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. 4. მოპასუხეებს: დ--------------–სა და შპს „ნ--------ს“ მოსარჩელე სს „ს-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 304.62 ლარის - ანაზღაურება; 5. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დარჩეს უცვლელი; 6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. 7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე მაია კუთხაშვილი