გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210117002070584
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.07.2018 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკი",მოსარჩელის წარმომადგენელი ქ----------–---–-,მოპასუხეები: თი-- ნა-------–--ლი, ბე-------- რე-----–--ლი, და---- ბი----–--ლი, ალ---- ნა-------–--ლი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებს: თი-- ნა-------–--ლს, ბე-------- რე-----–--ლს, და---- ბი----–--ლს და ალ---- ნა-------–--ლს სს ,,კ------- ბანკი"ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6 432.64 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 3 820 აშშ. დოლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი- 2 344.59 აშშ დოლარს, დაზღვევა 254.27 აშშ დოლარს, ჯარიმა 13.78 აშშ დოლარს;
1.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პროცესის ხარჯების ანაზღაურება
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------"ს და თი-- ნა-------–--ლს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 3820 აშშ დოლარი 47 თვის ვადით, 1.95 % ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთით. მსესხებელს სესხის ძირი თანხა უნდა გადაეხადა სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად საპროცენტო სარგებელთან ერთად. მხარეთა შეთანხმებით მსესხებელს ასევე უნდა გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის პრემია. მსესხებელთან გაფორმებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და მოპასუხეებს: ბე-------- რე-----–--ლს, და---- ბი----–--ლს და ალ---- ნა-------–--ლს შორის 2016 წლის 30 ოქტომბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რითაც თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე თი-- ნა-------–--ლის მიერ 2016 wlis 31 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. ძირითადმა მოვალემ დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი, რის გამოც სესხის ხელშეკრულება შეწყდა .
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებელით და საქმის სასამართლო განხილვის დროს სარჩელი ნაწილობრივ ცნეს .
2.2. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე თი-- ნა-------–--ლმა განმარტა, რომ 2015 წელს სს ,,კ------- ბანკს" და მის მეუღლეს- ალ---- ნა-------–--ლს შორის დადებული იყო სესხის ხელშეკრულება 7500 ლარზე, რაც ვერ გადაიხადეს შვილის მძიმე ავადმყოფობის გამო, ამიტომ მიმართეს ბანკს და თანხის გადანაწილება ითხოვეს. ბანკმა თანხის გადანაწილების ნაცვლად მოტყუებით ახალი სესხის ხელშეკრულება დადო, კერძოდ, 2016 წლის 31 ოქტომბერს მასთან სახლში გამოცხადდა ბანკის წარმომადგენელი, რომელმაც სესხის ხელშეკრულებაზე ისე მოაწერინა ხელი, რომ არ გააფრთხილა, რომ ძველი სესხის გადანაწილების ნაცვლად მასთან ახალი სესხის ხელშეკრულება იდებოდა, სადაც მისი მეუღლის- ალ---- ნა-------–--ლის ნაცვლად მსესხებლად მას უთითებდნენ. ასევე არ გააფრთხილა, რომ სესხის თანხა ლარის ნაცვლად დოლარში იყო განსაზღვრული. არც ის აცნობა, რომ დაზღვევის ვალდებულება დაეკისრა და არც დაზღვევის ბუკლეტი ჩააბარა. მოპასუხის განმარტებით, ის გარემოება, რომ სესხის თანხა აშშ დოლარში იყო განსაზღვრული, შეიტყო სალაროს გასავლის ორდერზე ხელის მოწერის დროს, თუმცა ხელშეკრულებაში მითითებული 3820 აშშ დოლარის ნაცვლად რეალურად 3709.56 აშშ დოლარი მიიღო, რაც ხელშეკრულების დადების დროს არსებული კურსის მიხედვით 8851,01 ლარს შეადგენდა, ამიტომ თანახმაა, ბანკის სასარგებლოდ დაეკისროს მხოლოდ ხელშეკრულების დადების დროს ძირი თანხის ექვივალენტი 8851,01 ლარი, ხოლო სარჩელის დანარჩენ მოთხოვნას არ ეთანხმება.
2.3. მოპასუხეები: ბე-------- რე-----–--ლი, და---- ბი----–--ლი და ალ---- ნა-------–--ლი დაეთანხმნენ სარჩელის მოთხოვნას მხოლოდ ხელშეკრულების დადების დროს ძირი თანხის ექვივალენტი 8851,01 ლარის ფარგლებში, ხოლო სარჩელის დანარჩენ მოთხოვნას არ დაეთანხმნენ. მოპასუხე თავდებებმა განმარტეს, რომ ბანკის წარმომადგენელმა თი-- ნა-------–--ლის სახლში თავდებობის ხელშეკრულებაზე მოტყუებით მოაწერინა ხელი, ისე, რომ არ განუმარტათ სესხის ხელშეკრულების პირობები, მათ შორის ის, რომ სესხის თანხა დოლარში განისაზღვრა, ასევე არ განუმარტათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი, დაზღვევის ვალდებულება და აშ. ასეთი განმარტების შემთხვევაში შესაძლოა არც დათანხმებოდნენ თავდებობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი უდავო გარემოება მხარეთა შორის არ არსებობს.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 wlis 31 ოქტოmbers სს „კ------- ბანკს“ (სამართლებრივი ფორმის შეცვლამდე სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------", შემდგომში ბანკი, კრედიტორი) და თი-- ნა-------–--ლს (მსესხებელი, სოლიდარული მოვალე) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 3820 აშშ დოლარი 47 თვის ვადით, 1.95 % ყოველთვიური საპროცენტო სარგებელით.
ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 5 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 5 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22)
--ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.2.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და ბე-------- რე-----–--ლს, და---- ბი----–--ლს და ალ---- ნა-------–--ლს შორის 2016 წლის 30 ოქტომბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რითაც თითოეულმა თავდებმა პირმა კრედიტორის წინაშე იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე მსესხებლის მიერ 2016 წლის 31 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე: სესხის ძირ თანხაზე (3820 აშშ დოლარი), მასზე დარიცხულ პროცენტზე (2344,59 აშშ დოლარი), სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე (254,27 აშშ დოლარი), რაც ჯამში 6418,86 აშშ დოლარს შეადგენს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 24-32)
3.2.3. მსესხებელს სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხიდან- 3820 აშშ დოლარიდან დაექვითა SMS და დისტანციური მომსახურების საფუძველზე გადაცემული თანხა - 110.44 აშშ დოლარი და 2016 წლის 31 ოქტომბერს ხელზე მიიღო 3709,01 აშშ დოლარი. მსესხებელს აღნიშნული თანხა უნდა გადაეხადა თანდართული გრაფიკის მიხედვით, ნაწილ-ნაწილ, იმდაგვარად , რომ გადახდას იწყებდა 2017 წლის 24 აგვისტოს და ოთხი წლის განმავლობაში, 2017- 2020 წლებში, წელიწადში ორჯერ - 24 აგვისტოს და 24 სექტემბერს უნდა გადაეხადა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ძირი თანხა, სარგებელი და სიცოცხლის დაზღვევის თანხები. ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელს 2020 წლის 24 სექტემბრამდე, ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე, სულ უნდა გადაეხადა ძირითადი თანხა- 3820 აშშ დოლარი, სარგებელი-2344,59 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა- 254-27 აშშ დოლარი, რაც ჯამში- 6418,86 აშშ დოლარს შეადგენს, რითაც ვალდებულება სრულად იქნებოდა შესრულებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკი (ს.ფ. 23)
- დოლარის გაცემის ვაუჩერი
3.2.4. მსესხებელმა სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულება დაარღვია პირველივე გადახდაზე, მას 2017 წლის 24 აგვისტოს გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების შესახებ, თუმცა მსესხებელმა და თავდებებმა ვალდებულების დარღვევის თაობაზე გაფრთხილების წერილების ჩაბარებაზე უარი განაცხადეს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები. (ს.ფ. 37-40)
- გადახდების ისტორია (ს.ფ 45)
3.2.5. მსესხებელმა და თავდებებმა 2017 წლის 25 და 26 აგვისტოს განცხადებით მიმართეს სს „კ------- ბანკს“ და აცნობეს, რომ აქვთ ფინანსური პრობლემები, არიან გადახდისუუნაროები და ვერ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხეების განცხადება ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებაზე ( ს.ფ. 41-44)
3.2.6. 2017 წლის 01 სექტემბერს სს ,,კ------- ბანკი“ს წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში, მოპასუხეების მიმართ 6 432.64 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე,რითაც მხარეებს შორის დადებული სესხის და თავდებობის ხელშეკრულებები შეწყდა .
3.2.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს, რომ სს „კ------- ბანკს“ და თი-- ნა-------–--ლს შორის სესხის ხელშეკრულების და სს „კ------- ბანკს“ და ბე-------- რე-----–--ლს, და---- ბი----–--ლს და ალ---- ნა-------–--ლს შორის თავდებობის ხელშეკრულების დადების დროს მოპასუხეები მოატყუეს ან შეცდომაში შეიყვანეს, და მათთვის ხელშეკრულების პირობები უცნობი იყო .
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა სიას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად კი სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
მოპასუხეები მათ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მათ ხელშეკრულებაზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი და ხელშეკრულების დადების დროს არ იცოდნენ, თუ რა პირობებით დადეს სესხის და თავდებობის ხელშეკრულება .
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს: სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. პირის მიერ ამა თუ იმ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია ხელშეკრულების შინაარსს და იცის მისი პირობები. მართალია, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით თუ შეცდომით, თუმცა მოტყუებისა და შეცდომის ფაქტები შესაბამისი მტკიცებულებებით და სათანადო გარემოებებზე მითითებით უნდა დადასტურდეს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მსესხებლის და თავდებების მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია როგორც სესხის ხელშეკრულებაზე, ასევე თავდების განცხადებაზე და თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ მოპასუხეები მართლაც არ გაცნობიან ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერეს ხელი, აღნიშნული წარმოადგენს სწორედ მოპასუხეთა მხრიდან დაშვებულ უხეშ გაუფრთხილებლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა პირმა, უპირველეს ყოვლისა, თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, ხელშეკრულების კონტრაჰენტთან არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთანაც არის დაკავშირებული, ამიტომ მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზეც, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმცია გაქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს.
საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას მოპასუხეებს რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამთ, მათ მოაწერეს ხელი და ჩაიბარეს ხელშეკრულების პირი, ასევე მსესხებელს გასავლის ორდერზე ხელმოწერის დროს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სესხის თანხა განსაზღვრული იყო დოლარში და არა ლარში, და მიიღო სესხის თანხა, რაც დადასტურებულია გასავლის ორდერზე მისი ხელმოწერით, ამიტომ როგორც მსესხებელი, ასევე თავდებები ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ფაქტობრივად დაეთანხმნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და აიღეს ვალდებულება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რაც მათი მხრიდან არ შესრულდა.
საგულისხმოა, რომ თავად მოპასუხეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით დადგენილია, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე მათ ჩაბარდათ ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულების შინარსი, მათ შორის სესხის ვალუტა, საპროცენტო განაკვეთი და აშ, მათ სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის მიერ სარჩელის სასამართლოში წარმოდგენამდე და ვალდებულების შესრულების მოთხოვნამდე, რაც სასამართლოს უქმნის იმის რწმენის საფუძველს, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოპასუხეებისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების პირობები და ეთანხმებოდნენ მას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველმა მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზეც ამყარებს თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეებს მათ მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, გარდა თავიანთი ახსნა-განმარტებისა, არ წარმოუდგენიათ. მხარის ახსნა-განმარტება კი, მართალია, საქართველოს სს კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მტკიცებულებას წარმოადგენს, მაგრამ მას მოსარჩელის ახსნა-განმარტებასთან ერთად უპირისპირდება და აბათილებს წერილობითი მტკიცებულებები - სესხის და თავდებობის ხელშეკრულებები, თავდებების განცხადებები, სალაროს გასავლის ორდერი, დოლარის გაცემის ვაუჩერი, გაფრთხილების წერილები, გადახდისუუნარობის განცხადება. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოპასუხეებს სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებზე არც თავისი ხელმოწერები გაუხდიათ სადავოდ და არც ამ გარიგებების ბათილად ცნობა მოუთხოვიათ, ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებმა იცოდნენ, რა შინაარსის გარიგებას დებდნენ და სურდათ იმ გარიგების დადება, რაზეც ხელი მოაწერეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკი“ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის 3 820 აშშ დოლარის და სესხზე დარიცხული პროცენტის 2 344.59 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383. მუხლით, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2016 წლის 31 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება; დადგენილია, რომ აღნიშნული სესხის ხელშეკრულების საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა სესხის სახით 3820 აშშ დოლარი, 47 თვის ვადით-2020 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით. მხარეებმა სესხისთვის გაითვალისწინეს პროცენტი. სესხის ხელშეკრულების 3.8. პუნქტით განისაზღვრა სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი, რაც შეადგენს ყოველთვიურ 1.95%.
ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, ,,გამსესხებელს" უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ,,მსესხებელი" არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას, ხოლო ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, ,,გამსესხებლის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელი დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის დარიცხული ჯარიმა.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის საბანკო კრედიტის პროცენტზე შეთანხმება მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე, ამიტომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ძირი თანხა და სარგებელი მთლიანად.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეებს შორის 2016 წლის 31 ოქტომბერს დადებული სესხის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას გამოსახულია აშშ დოლარით, და შესაბამისი თანხა გადახდილი უნდა იქნეს აშშ დოლარით გადახდის მომენტისთვისთვის გამსესხებლის მიერ დადგენილი კომერციული კურსით. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხის და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ამავე ხელშეკრულების 7.4. პუნქტი კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს ყველა სესხის ვადამდე დაფარვა.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტორს არ გადაუხადა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხა. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და ეთხოვათ დავალიანების თანხის დაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით , მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლის თანახმად, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რაც მსესხებლის მიერ დარღვეულია, მას გაფრთხილების მიუხედავად, საერთოდ არ გადაუხდია სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა, ხოლო 2017 წლის 25 და 26 აგვისტოს როგორც მსესხებელმა, ისე თავდებებმა განცხადებით მიმართეს კრედიტორს და აცნობეს, რომ აქვთ ფინანსური პრობლემები, არიან გადახდისუუნაროები და ვერ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 627-ე და 873-ე მუხლების თანახმად, კრედიტორს აქვს უფლება, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და დაუყოვნებლივ მოითხოვს დავალიანების დაფარვა, რომელიც შეადგენს ძირი თანხა 3 820 აშშ დოლარი და სესხზე დარიცხული პროცენტი 2 344.59 აშშ დოლარი. საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და გაანგარიშების საწინააღმდეგო მტკიცება წარმოდგენილი არ არის, ამიტომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს არსებული დავალიანების დაფარვა.
6.2. პირგასამტეხლოს დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარს და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერთჯერადად პირგასამტეხლოს სახით 13.78 აშშ დოლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალი თანხა და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
6.3. მოსარჩელის მოთხოვნა სადაზღვევო პრემიის თანხის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს
დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას, კერძოდ ხელშეკრულების 5.1. და 5.2. პუნქტების თანახმად, ,,მსესხებელი" ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დააზღვიოს სიცოცხლე და გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი. „გამსესხებლის„ და მსესხებლის„ რისკების შემცირების მიზნით მსესხებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. ხელშეკრულების 5.3. და 5.4. პუნქტები შეიცავს შემდეგ დათქმას: მსესხებელი ვალდებულია, დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახადის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად. მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო დაზღვევის პირობებს და გამონაკლისებს, რომლებზეც ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება, ასევე ადასტურებს, რომ გადაეცა სიცოცხლის დაზღვევის პირობების შესახებ მცირე ბუკლეტი.
სესხის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად მსესხებელს სესხი უნდა გადაეხადა სესხის ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის მიხედვით, გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას; ამდენად, სიცოცხლის დაზღვევის თანხაზე შეთანხმება მოხდა სესხის ხელშეკრულებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვილს და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, მსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გრაფიკით შეთანხმებული წესით, ნაწილ-ნაწილ გადაეხადა სადაზღვევო პრემია, სულ ჯამში 254,27 აშშ დოლარი. მოპასუხემ ვალდებულების შესრულება, მათ შორის სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების შესრულება არ განუხორციელებია და საერთოდ არ გადაუხდია გრაფიკით გათვალისწინებული თანხა. მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2017 წლის 01 სექტემბერს შეწყვიტა ხელშეკრულება, რითაც ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა, ხოლო მხარეები სადაზღვევო პრემიის გადახდაზე მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში შეთანხმდნენ. ამასთან, დაზღვევა აქცესორულად დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების - სესხის ხელშეკრულების არსებობაზე, შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა მხარესთან დადებული სადაზღვევო ვალდებულების შეწყვეტის საფუძველია, ამიტომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ანუ 2017 წლის 24 აგვისტოს მდგომარეობით გადაუხდელი სადაზღვევო პრემია-54.10 აშშ დოლარი, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგი პერიოდის სადაზღვევო პრემიის თანხის- 200,17 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან შეწყდა ხელშეკრულება, რომელიც მოპასუხეს სადაზღვევო პრემიის გადახდას ავალდებულებდა .
6.4. თავდების პასუხისმგებლობა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდებობის ყველა არსებითი პირობა, მათ შორის თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა, ამიტომ თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ხოლო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ მოსარჩელემ მსესხებელთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხად გადაცემული თანხის, დარიცხული სარგებლის, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში სადაზღვევო პრემიის და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იკისრა.
გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტით დადგენილია, რომ მსესხებელთან გაფორმებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და ბე-------- რე-----–--ლს, და---- ბი----–--ლს და ალ---- ნა-------–--ლს შორის 2016 წლის 30 ოქტომბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რითაც თითოეულმა თავდებმა პირმა კრედიტორის წი--შე იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე მსესხებლის მიერ 2016 წლის 31 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, სესხის ძირ თანხაზე (3820 აშშ დოლარი), მასზე დარიცხულ პროცენტზე (2344,59 აშშ დოლარი), სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე (254,27 აშშ დოლარი), რაც ჯამში 6418,86 აშშ დოლარს შეადგენს, და ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდებები თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში მსესხებელთან ერთად პასუხისმგებელები არიან ვალდებულების შესრულებაზე. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულების შესაბამისად, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელით დავის საგანია 6432,64 აშშ დოლარის ექვივალენტი- 15631.95 ლარის დაკისრება. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 469.01 ლარი, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 8851,01 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო მოსარჩელეს უარი ეთქვა (200,17 აშშ დოლარი*2.43) 486,41 ლარის მოთხოვნაზე, ამიტომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნაწილი- (8851,01*3%) 265,53 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ასანაზღაურებლად- (6294*3%) 188,82 ლარი. დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახ. ბაჟი რჩება ხაზინაში
მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარის და უძრავ ქონებაზე შეზღუდვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯის - 63 ლარის ანაზღაურება .
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სსს კოდექსის 1991 მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,კ------- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხეებს თი-- ნა-------–--ლს, ბე-------- რე-----–--ლს, და---- ბი----–--ლს და ალ---- ნა-------–--ლს სესხის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 6 232.47 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3 820 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი 2 344.59 აშშ დოლარი, ჯარიმა 13.78 აშშ დოლარი და სადაზღვევო პრემია-54.10 აშშ დოლარი.
1.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის დაზღვევის თანხის- 200.17 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. სს ,,კ------- ბანკს “ს ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი - 265,53 ლარი.
3. მოპასუხე თი-- ნა-------–--ლს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს: მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი- 188,82 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახ. ბაჟი- 50 ლარი, ასევე სასამართლოგარეშე ხარჯები- უძრავ ქონებაზე შეზღუდვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი- 63 ლარი.
4. დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახ. ბაჟი გადახდილია წინასწარ
5. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 01.09.2017 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დარჩეს ძალაში
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი , გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი