განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/50-18
(N012040118001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი ხატია გოგრიჭიანი,დაცვის მხარე: ადვოკატი იამზე ჯღარკავა,ბრალდებული: ვ------------------ი, დაბადებული 11.05.1--- წ., პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, დ------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით (ორი ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
- 2017 წლის ოქტომბერში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ქალაქ რუსთავში, დ------------------------------ის სადარბაზოში ვ------------------მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს თ-------------ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მისი არასრულწლოვანი შვილის - მ-------------–---–ის თანდასწრებით თავში ჩაარტყა თავისივე ხელჩანთა, რითაც თ-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2018 წლის 03 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. რუსთავში, ლ----------------------ში მდებარე ი-------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში, ვ------------------მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს თ-------------ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მისი არასრულწლოვანი შვილების - ი--------–---–ის, მ-------------–---–ისა და ე---------------------ის თანდასწრებით, მუშტი დაარტყა მხრის არეში, რითაც წააქცია თ-------------ი და თავი ჩამოარტყა მაგიდას და ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული თ-------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2012 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ვ------------------თან. ჰყავთ საერთო შვილი ე---------------------ი. ასევე მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი ი--------------------–---–ები. 2017 წლის 17 ოქტომბერს სადარბაზოში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვ------------------მა, შელაპარაკებისას, ეჭვიანობის გამო მისი არასრულწლოვანი შვილის, მ-------------–---–ის თანდასწრებით, რომელიც სადარბაზოს კიბის თავზე იდგა, თავში ჩაარტყა თავისივე ხელჩანთა, აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი, წუთიერად გონების დაკარგვით.
ასევე, 2018 წლის 03 იანვარს, როდესაც იმყოფებოდნენ სტუმრად დედასთან, მათი შვილის, ე---------------------ის ნათლობაზე, მთვრალი ვ------------------ი გამოხატავდა აგრესიას მის მიმართ: მისი ორი შვილის თანდასწრებით, მუშტი მოუქნია სახეში, რაც აიცდინა და მოხვდა მხარში. ხელის კვრის გამო თავი დაარტყა მაგიდის კიდეს. აღნიშნულით ქმედებებით განიცადა ფიზიკური ტკივილი. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მისი შვილი თ-------------ი და ვ------------------ი დაახლოებით ექვსი წლის მანძილზე ცხოვრობენ ერთად. იგი სისტემატიურად ემუქებოდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა თ-------------ს. მისი შვილი ხშირად ჩალურჯებული და თავგატეხილი იყო. 2018 წლის 03 იანვარს ჰქონდათ ბავშვის ნათლობა, რა დროსაც ვ------------------ი დათვრა. დაახლოებით 22:00 საათის შემდეგ დაუწყო უმიზეზოს ჩხუბი მის ქალიშვილს, მოუქნია მუშტი, რა დროსაც თ-------------ი დაეცა და მაგიდის კუთხეს ჩამოარტყა თავი. ამ ყველაფერს ესწრებოდნენ ი--------------------–---–ები, რომლებმაც გამოიძახეს პოლიცია (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული არასრულწლოვანი (14 წლის) მ-------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2012 წლიდან ცხოვრობს მამინაცვალთან, რომელიც ეჭვიანობდა დედის მიმართ და გამოხატავდა აგრესიას. 2017 წლის ოქტომბერში, რიცხვი არ ახსოვს, საღამოს საათებში ელოდებოდა სამსახურიდან დაბრუნებულ დედას სადარბაზოში, კიბის თავზე. სადარბაზოში შემოსვლისას მას და ვ------------------ს მოუვიდათ ჩხუბი, რა დროსაც ვ-------მა ჩანთის რკინიანი სახელური ჩაარტყა დედას თავში, რა დროსაც დედას სისხლი წამოუვიდა თავიდან.
2018 წლის 03 იანვარს, მისი დის, ე---------------------ის ნათლობაზე, ბებიის, ი-------------–---–ის სახლში, ვ------------------მა მათი თანდასწრებით დედას მუშტი მოუქნია სახეში, რაც მხარზე მოხვდა; შემდეგ ხელი ჰკრა, რა დროსაც დედა წაიქცა და მაგიდის კიდეს ჩამოჰკრა თავი. მან ამის გამო გამოიძახა პოლიცია. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ხ-------------–--ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მისი და თ-------------ი თავის სამ შვილთან ერთად ცხოვრობს ვ------------------თან ერთად. 2018 წლის 3 იანვარს მისი დისშვილის ე---------------------ის ნათლობას აღნიშნავდნენ დედამისის ი-------------–---–ის სახლში, ქ. რუსთავში, ლ----------------ში. ვ-------მა დალია და დათვრა. ცოტახანში შემოესმა, რომ სამზარეულოში ლოჯიდან თ-- და ვ-------ი ჩხუბობდნენ, დაახლოებით 22:00 საათზე. ვ-------მა თ--ს მუშტი დაარტყა მხარზე, თ--მ თავი ვერ შეიკავა და მაგიდის კიდეს ჩამოარტყა თავი. ამ ინციდენტის დროს ამავე ოთახში იყვნენ მისი დის არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც შიშისგან კიოდნენ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
გამოძიების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან - შემთხვევის ადგილის დათვალიერებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა ასევე ექსპერტ-კრიმინალისტმა მანანა გოგოლაძემ. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში. მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილით დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება იგივე ქმედების ჩადენა, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისი ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით, ოჯახში ძალადობა, როგორი ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს, მის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ძალადობის უშუალო მსხვერპლს არ წარმოადგენს, ძალადობის მოწმედ ყოფნა, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან ადამიანებს შორის, როგორიც მშობლებია, უარყოფითად აისახება მის კეთილდღეობაზე და მოწყვლადს (განსაკუთრებული ზრუნვისა და საჭიროების მქონეს) ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №1გ/79-17 განჩინებაში ნათქვამია, რომ ,,ოჯახური ძალადობა, რაც ტრადიციულად მიიჩნეოდა ოჯახის ,,შიდა საქმედ’’, გასცდა ამ ვიწრო გაგებას და იგი, დღეის მდგომარეობით მიჩნეულია ისეთ დანაშაულად, რომელიც საფრთხეს უქმნის არამარტო ცოლ-ქმრის ურთიერთობას, არამედ მცირეწლოვანი შვილების ნორმალურ ფსიქიკურ გარემოში განვითარებას”.
დანაშაულთა ერთობლიობა არის დანაშაულის სიმრავლის ერთ-ერთი სახე. იგი ნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული (რეალური ერთობლიობა). დანაშაულთა ერთობლიობად ითვლება აგრეთვე ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის ორი ან მეტი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს (იდეალური ერთობლიობა) (სისხლის სამართლის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი). დანაშაულთა ერთობლიობას გააჩნია შემდეგი ნიშნები: ა) ორი ან მეტი დანაშაული უნდა იყოს განხორციელებული; ბ) ეს დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით ან მუხლის ნაწილით უნდა იყოს გათვალისწინებული; გ) ამ დანაშაულთაგან პირი არც ერთისათვის არ უნდა იყოს მსჯავრდებული; დ) ეს დანაშაულები განხორციელებული უდა იყოს ორი ან მეტი ქმედებით (რეალური ერთობლიობა), ანდა ერთი ქმედებით (იდეალური ერთობლიობა).
4. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ვ------------------მა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის მიზნით სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ დაზარალებული სასამართლოს აძლევდა გამოძიებისას და სასამართლოში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს, რადგან არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება.
სასამართლო სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში იზიარებს თ-------------ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში, ინციდენტის დროს სახლის სადარბაზოში ბრალდებულმა თავში ჩაარტყა მისივე ჩანთის სახელური, რომელსაც რკინის ელემენტი ჰქონდა და გაუტყდა თავი. აღნიშნული დადასტურებულია ასევე თვითმხილველი მოწმის, მ-------------–---–ის ჩვენებით, რომელიც დაკითხული იქნა საპროცესო წარმომადგენლის თანდასწრებით, თავისუფალი თხრობით, რა დროსაც მოწმემ დაწვრილებით აღწერა რა გარემოებაში განახორციელა დედის მიმართ ბრალდებულმა ძალადობა ორივე ეპიზოდში. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების, ი------------–-–---–ის, ხ-------------–--ის განმარტებით დადსტურებულია, რომ 2018 წლის 03 იანვარს ვ------------------მა მეუღლეს თ-------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
5. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ვ------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ (ორი ეპიზოდი) ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ვ------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ აქვს, დამამძიმებელია - მის მიერ დანაშაულის სიმთვრალეში ჩადენა 2018 წლის 03 იანვრის ეპიზოდში.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------------------ს, საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლო ჰუმანურობის, სამართლიანობის პრინციპების და პრევენციის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ვ------------------ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ისეთი სასჯელი, რაც იქნება ჩადენილი ქმედების ადეკვატური და ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაციას.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სსკ-ის 59-? ?????? 1-?? ??????? ???????? დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. მოცემულ შემთხვევაში, ვ------------------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს თითოეული ეპიზოდისთვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. აღსანიშნავია, რომ ვერც შემაკავებელი ღონისძიებები ვერ გახდა მისი სათანადო ქცევის გარანტი, უფრო მეტიც, ბრალდებულმა ანალოგიური დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის დინების ქვეშ, სადაც სასჯელი სწორედ მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის მოიხადა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------------------ის მიმართ სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი შეესაბამება ასევე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში არსებულ რეკომენდაციებს (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად არაადეკვატური რეაგირება. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ვ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ამოღებული გატეხილი ჭიქა უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორ ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 03 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ვა------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;
2. ვა------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 04 იანვრიდან.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ამოღებული გატეხილი ჭიქა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი