გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.07.2018
საქმის ნომერი
340210017002027151
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
06.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340210017002027151

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.07.2018 წ. ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი

მოსარჩელე სს ,,საქართველოს ნ--------------------- კორპორაცია''

მოსარჩელის წარმომადგენელი დ-----------–----–---–-, მ----------------

მოპასუხე ბე---- მუ----–-–--ლი, ხვ--- სი-----–--ლი, ეთ---- ზა----–--ლი

მოპასუხის წარმომადგენელი მ-----–-------–---, ნ-------------–---–-

დავის საგანი : აუცილებელი გზის უფლების მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით, სს ,,საქართველოს ნ--------------------- კორპორაცია”ს (შემდგომში „კორპორაცია“) მიენიჭოს მოპასუხეების ბე---- მუ----–-–--ლის, ხვ--- სი-----–--ლის და ეთ---- ზა----–--ლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი გზის მოწყობის უფლება, სარჩელზე თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად, კერძოდ:

1) ბე---- მუ----–-–--ლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 51.12.59.1-- - 218.00 კვ.მ მიწის ფართობის გამოყენებაზე;

2) ხვ--- სი-----–--ლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 51.12.59.1--- 322.00 კვ.მ მიწის ფართობის გამოყენებაზე;

3) ეთ---- ზა----–--ლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 51.12.59.1--- 244.00 კვ.მ მიწის ფართობის გამოყენებაზე;

 

1.2. მოპასუხეებს დაეკისროს სს ,,საქართველოს ნ--------------------- კორპორაციის” მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა -თითოეულს 120 ლარის ოდენობით.

 

1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად .

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს, თუმცა როგორც შესაგებელში, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაში სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელისთვის აუცილებელი გზის უფლების მინიჭების აუცილებლობა და სხვა ალტერნატიული გზის არარსებობა. მოპასუხეებმა სადავოდ შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა გახადეს და მიუთითეს, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის კორპორაციისთვის გადაცემა ამ ნაკვეთის ფუნქციური ღირებულების დაკარგვას გამოიწვევს, და მიწა გამოუსადეგარი გახდება, ამიტომ კომპენსაციის ოდენობა მიწის საბაზრო ფასით უნდა განისაზღვროს .

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. სს „საქართველოს ნ--------------------- კორპორაცია“ დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად, ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების და ნავთობსადენების მართვას და განვითარებას, რომელთა საშუალებით ხორციელდება ბუნებრივი გაზისა და ნავთობის საქართველოში იმპორტირება, საქართველოს მოსახლეობისა და საწარმოების მომარაგება, აგრეთვე ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ტრანზიტი, როგორც მეზობელ, ასევე ევროპის ქვეყნებში.

3.1.2. მაგისტრალური გაზსადენის რუსთავი-თელავი-ჟინვალის მონაკვეთი წარმოადგენს „კორპორაციის“ საკუთრებას 1997 წლიდან, როდესაც, საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 20.06.1997 წლის N1-3/390 ბრძანების საფუძველზე, საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენები აისახა „კორპორაციის“ საწესდებო კაპიტალში.

3.1.3. აღნიშნული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ბრძანება N1-3/390) საფუძველზე, გაზსადენის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელდა 2010 წლის 20 იანვარს, საკადასტრო კოდით: 53.00.0--

3.1.4. 2016 წლის 04 აგვისტოს განხორციელდა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და მილსადენი დაიყო სამ ნაწილად. შედეგად მილსადენის საკადასტრო კოდებად განისაზღვრა: 53.00.1--, 53.00.1-- და 53.00.1--.

3.1.5. მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მდებარეობს „კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული, მაგისტრალური გაზსადენის რუსთავი-თელავი-ჟინვალის მონაკვეთი, საკადასტრო კოდით: 53.00.1--. მიწის მესაკუთრეებმა, მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს, მილსადენის „კორპორაციის“ საკუთრებაში რეგისტრაციის შემდგომ.

3.1.6. ხსენებული მაგისტრალური მილსადენი აშენებულია 1986 წელს, შესაბამისად, მისი ექსპლოატაციის დაწყებიდან გასულია 30 წელზე მეტი. მილსადენზე მრავლად არის დაზიანებული მონაკვეთები (ზოგ ადგილას კოროზიული, ზოგ ადგილას მექანიკური ზემოქმედების გამო). მილსადენზე ჩატარებული ტექნიკური კვლევების (შემოწმების) შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მდებარე (60 მეტრიან) მონაკვეთზე, მილსადენი დაზიანებულია და საჭიროებს გადაუდებელ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, რაც ემსახურება პირველ რიგში, მიწის მესაკუთრეების უსაფრთხოების ამაღლების, მილსადენის უსაფრთხო ექსპლოატაციის და კახეთის რეგიონის საიმედო გაზმომარაგების მიზნებს.

3.1.7. მოპასუხეების მიწის ნაკვეთები განლაგებულია სამშენებლო დერეფანში, ამიტომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის, „კორპორაციას“ ესაჭიროება მოპასუხეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილის, კერძოდ, თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზებზე სერვიტუტის უფლებისთვის განსაზღვრულ ფართობებზე სარგებლობის/აუცილებელი გზის უფლების მოპოვება, ნახაზზე მითითებული მდებარეობის შესაბამისად.

3.1.8. მილსადენის სამშენებლო-საექსპლუატაციო დერეფნის ფართობზე სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, 2017 წლის 05 ივლისს, „კორპორაციამ“ წერილობით მიმართა მოპასუხეებს, მიაწოდა ინფორმაცია სერვიტუტის ხელშეკრულების პირობების, საკომპენსაციო თანხის ოდენობის და მისი გამოთვლის საფუძვლების შესახებ და თანდართული ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა. მოპასუხეებმა უარი განაცხადეს ხელშეკრულების გაფორმებაზე, იმ საფუძვლით, რომ შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა მათთვის მიუღებელია.

3.1.9. მოპასუხეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოც დადგენილად თვლის, რომ მოსარჩელე ,,კორპორაციის" კუთვნილ ხაზობრივ ნაგებობასთან დაკავშირება მოპასუხეების მიწის ნაკვეთის გვერდის ავლით შეუძლებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ბრძანება

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სიტუაციური რუკა, მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი გზისთვის საჭირო ფართის / სამშენებლო დერეფნის და არსებული მილსადენის განლაგების ჩვენებით

- ექსპერტიზის დასკვნა

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს მეზობელ ნაკვეთზე აუცილებელი გზის უფლების მინიჭება წარმოადგენს, ამიტომ დავა სამეზობლო სამართლის ნორმების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით მეზობლად

მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია

გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა კუთვნილი უძრავი ქონებიდან ორმხრივი ზემოქმედება გამომდინარეობს, ამიტომ ეს ნაკვეთები მეზობელ ნაკვეთებად მიიჩნევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ

მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეების კუთვნილი მიწის ნაკვეთები განლაგებულია მოსარჩელის კუთვნილი მაგისტრალური გაზსადენის დაცვის ზონაში, სამშენებლო დერეფანში, სადაც უნდა ჩატარდეს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები. მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ კორპორაციის კუთვნილ ხაზობრივ ნაგებობასთან დაკავშირება მოპასუხეების მიწის ნაკვეთის გვერდის ავლით შეუძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე აუცილებელი გზის უფლების მინიჭების საკითხი სადავოდ არ გაუხდიათ, მათ განმარტეს, რომ კორპორაციის კუთვნილ ხაზობრივ ნაგებობასთან დაკავშირება მოპასუხეების მიწის ნაკვეთის გვერდის ავლით ნამდვილად შეუძლებელია. მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს თმენის სანაცვლოდ შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა , რაც მათ კანონის შესაბამისად ეკუთვნით , თუმცა მოპასუხეებს მოთხოვნა საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე სასამართლოს წინაშე არ დაუყენებიათ, ამიტომ ამ დავის ფარგლებში სასამართლო ვერ იმსჯელებს თმენის სანაცვლოდ მოპასუხეებისთვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობაზე, თუმცა აღნიშნული აუცილებელი კავშირისათვის ქონების გამოყენებას არ გამორიცხავს. მხარეეებს შეუძლიათ თვითონ შეთანხდნენ საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე, ხოლო იმ შემთხვევაში , თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მათ შეუძლიათ დამოუკიდებელი სამართალწარმოების გზით იდავონ სასამართლოში, ამიტომ სარჩელი აუცილებელი გზის უფლების მინიჭების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს .

 

6.2. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის

„ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის

„ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ამ უფლებამოსილების გამოყენება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა მის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს, შეძლებს იმგვარი გარემოებების დადასტურებას, რომელიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართებულობას და აუცილებლობას უპირობოდ წარმოაჩენს. მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგის მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მიქცევას ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ საერთო სასამართლოებში დავების განხილვის და დასრულებისთვის საჭირო პროცედურების და ვადების, ასევე საქმეთა სიჭარბის გათვალისწინებით, შესაძლოა დავა 2,5,-3 წელი გაგრძელდეს, რაც სარემონტო სამუშაოების დასრულებისთვის გათვალისწინებულ ვადას მინიმუმ 12-ჯერ აღემატება. სამუშაოების მინიმუმ 2 წლის განმავლობაში განუხორციელებლობა კი კორპორაციის მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს გამოიწვევს, გაზსადენის სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე მილსადენის მეშვეობით გაზის მიწოდება შეჩერებულია, სარემონტო სამუშაოების განუხორციელებლობის გამო ვერ გაიზრდება მილის გამტარიანობა, დაბალი წნევით გაზის მიწოდების შემთხვევაში კი ზარალდება როგორც მოსახლეობა, ასევე საწარმოები, რომელთაც მოთხოვნაც გაზმომარაგებაზე გაზრდილია. ასევე ზიანი მიადგება კორპორაციის შესაძლებლობას, მიიღოს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაზრდილი შემოსავალი,ასევე მნიშვნელოვანია მილსადენის დაზიანებული სახით ექსპლუატაციისას დიდი მასშტაბის ავარის მოხდენის და მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩენის საფრთხე, რაც განუზომლად დიდ ზარალს გამოიწვევს, ხოლო მოპასუხის შესაძლო ზიანი, რაც მათ დაუყოვნებლივ აღსრულების რეჟიმში მილსადენზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოების დროს მიწის ნაკვეთის გამოუყენებლობით და მოსავლის მიუღებლობით მიადგებათ, სრულად იქნება ანაზღაურებული, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოპასუხე მის კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ამავე მიზნებით და დანიშნულებით გამოიყენებს, ხოლო კორპორაციისთვის, გარემოსთვის და მოსახლეობაზე მიყენებული ზიანი კი სოლიდური იქნება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობის პირობებში დასაბუთებულია, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობით მიყენებული ზიანი მისი აღსრულებით გამოწვეულ, სავარაუდო ზიანს მნიშვნელოვნად აჭარბებს და, ამავდროულად, მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირება გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგაც სავსებით შესაძლებელი იქნება, ამიტომ, გადაწყვეტილება, აუცილებელი გზის მოწყობის ნების დართვის ნაწილში, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა იქნას მიქცეული.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს სახ. ბაჟი 360 ლარი გადახდილი აქვს და ქვითარი ერთვის სარჩელს

 

სსს კოდექსის 49-ე მუხლის 2 ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს აუცილებელი გზის უფლების მინიჭება, მოპასუხეები როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის აღნიშნულ მოთხოვნას დაეთანხმნენ და სადავოდ გახადეს თმენის სანაცვლოდ კომპენსაციის ოდენობა, რაც ამ დავის ფარგლებში არ განხილულა, ამიტომ მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს, რაც მათი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია .

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,საქართველოს ნ--------------------- კორპორაციის" სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. სს ,,საქართველოს ნ--------------------- კორპორაცია"ს მიენიჭოს მოპასუხეების ბე---- მუ----–-–--ლის, ხვ--- სი-----–--ლის და ეთ---- ზა----–--ლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი გზის მოწყობის უფლება, სარჩელზე თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად, კერძოდ:

1) ბე---- მუ----–-–--ლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 51.12.59.1-- - 218.00 კვ.მ მიწის ფართობის გამოყენებაზე;

2) ხვ--- სი-----–--ლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 51.12.59.1--; 322.00 კვ.მ მიწის ფართობის გამოყენებაზე;

3) ეთ---- ზა----–--ლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 51.12.59.1--; 244.00 კვ.მ მიწის ფართობის გამოყენებაზე;

 

3. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 360 ლარი დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან ;

 

4. აუცილებელი გზის მოწყობის უფლების მინიჭების ნაწილში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე- 6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი