გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.07.2018
საქმის ნომერი
080210116001300343
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 080210116001300343

N2/589-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 ივნისი 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე ე----- გ------–---–ი;

წარმომადგენელი ზაზა ხაჟალია, ივანე აფრიდონიძე;

მოპასუხე ხა------ ბ------ე, მ---- მა-----–---–ი, გ------- გე-------;

წარმომადგენელი ირმა ბანძელაძე;

დავის საგანი: ხელშეშლის აღკვეთა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. აეკრძალოს მოპასუხეებს ხა------ ბ------ეს, მ---- მა-----–---–ს და გ------- გე-------ს ქ. ქუთაისში გრ-–-–---–-ს ქ. მეორე შესახვევის N2-ში განთავსებულ 74.44 კვ.მ ფართის ეზოში, ე----- გ------–---–ის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის დაყენების ხელშეშლა, ასევე ე----- გ------–---–ის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული დაწესებულებების თანამშრომლების და ამ დაწესებულებათა ვიზიტორი მოქალაქეების მიმართ, ამავე ეზოს სარგებლობის შემაფერხებელი, შემზღუდველი და ამკრძალავი ნებისმიერი ქმედება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა თანასაკუთრებაში ირიცხება შენობა-ნაგებობები მდებარე, ქ. ქუთაისში გრ-–-–---–-ს ქ. N14/ ქუთაისი, გრ-–-–---–-ს მეოთხე შესახვევი N4 და გრ-–-–---–-ს მეოთხე შესახვევი N2. თავიანთ შენობებს მოპასუხეები იყენებენ საცხოვრებლად, მისი კუთვნილი შენობის ერთ ნაწილში კი 1986 წლიდან ეწევა სანოტარო საქმიანობას, მეორე ნაწილი წარმოადგენს საოფისე ფართს, რომელსაც ის და მისი ოჯახის წევრები გასცემენ იჯარით. შენობა-ნაგებობების გარდა, გრ-–-–---–-ს მეოთხე შესახვევის N2-ში მდებარეობს 74.44 კვ.მ ფართის გაუნაშენიანებელი ეზო, რომელიც წარმოადგენს მისი და მოპასუხების თანასაკუთრებას. აღნიშნულ ეზოს შემოსასვლელი აქვს გრ-–-–---–-ს ქუჩის მეოთხე შესახვევიდან, საიდანაც როგორც მოპასუხეებს, ასევე მას შეუძლია შენობაში შესვლა, გარდა ამისა, თავის კუთვნილ შენობაში შესვლა მას შეუძლია გრ-–-–---–-ს ქუჩიდან, ხოლო მოპასუხეებს მეოთხე შესახვევის N4-ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან. უკვე რამდენიმე წელია მოპასუხეები მას და მისი ოფისის თანამშრომლებს, მოიჯარეებს და ოფისში მიმსვლელ ვიზიტორებს ხელს უშლიან თანასაკუთრებაში რიცხული 74.44 კვ.მ მიწის ფართით სარგებლობაში, კერძოდ, ეზოში ავტომობილის დაყენებაში. ასევე ეზოთი სარგებლობისას ლანძღავენ ვიზიტორებს, რითაც ხელს უშლიან საკუთრებით სარგებლობაში და საფრთხის ქვეშ აყენებენ მის პროფესიულ საქმიანობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, საერთო სარგებლობის ეზოთი არასოდეს უსარგებლიათ ნოტარიუსის თანამშრომლებს და ვიზიტორებს. სარჩელიდან ჩანს, რომ თავად მოსარჩელე უშლის მათ ხელს ისარგებლონ თანასაკუთრების ეზოთი, სწორედ მისი მხრიდან აქვს ადგილი შეურაცხმყოფელ ქმედებებს, რითაც ლახავს მათ პატივს და ღირსებას.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე და მოპასუხეები არიან მეზობლები, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში გრ-–-–---–-ს ქ. N14/ ქუთაისი, გრ-–-–---–-ს მეოთხე შესახვევი 4, N2, საკადასტრო კოდით 03.04.24.068.01.508 წარმოადგენს ე----- გ------–---–ის და ბადრი ზაქარაშვილის თანასაკუთრებას. უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში გრ-–-–---–-ს ქ. N14/ ქუთაისი, გრ-–-–---–-ს მეოთხე შესახვევი 4, N2, საკადასტრო კოდით 0------------------ წარმოადგენს ხა------ ბ------ის საკუთრებას, მხარეთა თანასაკუთრებაში ირიცხება 74.44 კვ.მ ფართის ეზო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება ( იხილეთ სხდომის ოქმი);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხილეთ ს. ფ 57-58)

3.1.2. დადგენილია, რომ მოპასუხეები კუთვნილ უძრავ ქონებას იყენებენ საცხოვრებლად, მოსარჩელე მისი კუთვნილი შენობის ერთ ნაწილში ეწევა სანოტარო საქმიანობას, მეორე ნაწილი წარმოადგენს საოფისე ფართს. მოსარჩელის კუთვნილ შენობას აქვს ორი შესასვლელი გრ-–-–---–-ს მთავარი ქუჩიდან, საიდანაც ერთი შედის სანოტარო ბიუროში, ხოლო მეორე საოფისედ მოწყობილ ფართში. სანოტარო ბიუროში შესვლა შესაძლებელია შენობის უკანა მხრიდანაც, საერთო საკუთრებაში რიცხული ეზოს გავლით, ამავე ეზოშია განთავსებული კიბე, რომლითაც შეიძლება დაკავშირება შენობის მეორე სართულთან, სადაც მოწყობილია ზემოთხსენებული საოფისე ფართი. ამდენად, მოსარჩელეს შეუძლია შესვლა სანოტარო ბიუროში და საოფისე ფართში როგორც გრ-–-–---–-ს მთავარი ქუჩიდან, ასევე გრ-–-–---–-ს მეოთხე შესახვევის N2-ში მდებარე 74.44 კვ.მ ფართის ეზოდან, რომელიც წარმოადგენს მისი და მოპასუხების თანასაკუთრებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება ( იხილეთ სხდომის ოქმი);

- ადგილზე დათვალიერების ოქმი;

- ფოტოსურათები (იხ. ს.ფ. 66, 67, 68)

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მოპასუხეები არ არიან თანახმა, მოსარჩელემ მისი კუთვნილი ავტომანქანა დააყენოს საერთო საკუთრების ეზოში, მათი განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ხელი შეეშლება მ---- მა-----–---–ს ინვალიდის ეტლით გადადგილებაში, რითაც შეიზღუდება მისი კანონით დაცული უფლებები.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ახსნა-განმარტებას, რომ ავტომანქანის დაყენებით დაირღვევა მოპასუხის უფლებები, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი განსაზღვრავს მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციპს, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ავტომანქანის დაყენება შეაფერხებს ან შეუძლებელს გახდის ინვალიდის ეტლის გადაადგილებას, მაშინ როცა ეზოს ფართი შეადგენს 74.44 კვ.მ-ს.

3.2.2. მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან ადგილი აქვს მის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული დაწესებულებების თანამშრომლების და ამ დაწესებულებათა ვიზიტორი მოქალაქეების მიმართ, ამავე ეზოს სარგებლობის შემაფერხებელ, შემზღუდველ და ამკრძალავ ქმედებას.

მოსარჩელემ ხელშეშლის ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგინა მოწმეები, რომელთაგან მოწმე ფიქრია ცერცვაძემ განმარტა, რომ იმყოფებოდა ე----- გ------–---–ის ოფისში, სადაც დაინახა, რომ მის ნაცნობს გოჩა კილასონიას დაურეკა ტელეფონმა, ვინაიდან ოფისში იყო ხალხი, იგი გავიდა ეზოში და იქ გააგრძელა საუბარი. ამ დროს გაიგონა ქალის ხმა, რომელიც უყვიროდა კილასონიას, შედი შენობაში და აქ ნუ საუბრობო.

მოწმე ინგა გიორგაძის განმარტებით, ე----- გ------–---–ს ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება ბანკისათვის შენობის იჯარით გადაცემის შესახებ, რომლის შედგენაშიც თავადაც მონაწილეობდა. იმის გამო, რომ მოპასუხეებმა არახელსაყრელი პირობები შეუქმნეს ბანკს ფუნქციონირებისათვის, ხელშეკრულება შეწყდა. ასევე იგი შემსწრე გახდა, როგორ უყვიროდა ინვალიდის ეტლში მჯდომი ერთ-ერთი მოპასუხე მოქალაქეს, რომელიც „სკაიპის“ მეშვეობით უკავშირდებოდა სხვა პირს სანოტარო ბიუროში და რადგან შენობაში ინტერნეტ კავშირი ვერ განახორციელა, იძულებული გახდა ეზოში გასულიყო, სადაც შედარებით ხმამაღლა საუბრობდა.

მოწმე ანა კილასონიას ჩვენებით, იგი მუშაობს მოსარჩელე ე----- გ------–---–თან, ოფისში სუსტია სატელეფონო კავშირის სიგნალი, ამიტომ ვიზიტორები გადიან უკანა ეზოში და იქ საუბრობენ, რამდენჯერმე გაუგია, რომ მოპასუხე მ---- მა-----–---–ი უკრძალავს მათ საუბარს. მართალია ამ ვიზიტორების ვინაობის დასახელება არ შეუძლია, მაგრამ იგივე შემთხვევას ჰქონდა ადგილი მისი მამის გოჩა კილასონიას მიმართ, რომელიც გასული იყო ეზოში და საუბრობდა ტელეფონზე, რა დროსაც მ---- მა-----–---–მა დაუწყო ყვირილი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ვერცერთი მოწმის ჩვენება ვერ ადასტურებს საკუთრების უფლების ხელყოფას მოპასუხეთა მხრიდან. მათი ჩვენებების და მხარეთა განმარტებების ანალიზით დგინდება, რომ მოპასუხე მ---- მა-----–---–მა ხმამაღლა გამოხატა პროტესტი მოქალაქე გოჩა კილასონიას მიმართ, რომელიც მის საცხოვრებელ ეზოში ხმამაღლა საუბრობდა ტელეფონზე. ის, რომ აღნიშნული პიროვნება ხმამაღლა საუბრობდა მისი ხმის ტემბრის გამო, დაადასტურა შვილმა ანა კილასონიამაც. ბუნებრივია, ხმამაღალი საუბარი შემაწუხებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, მითუმეტეს თუკი ასეთ შემთხვევას ადგილი აქვს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, თუმცა შენიშვნის მიცემა, თუნდაც ხმამაღლა, არ ნიშნავს, საკუთრების უფლების განხორციელებაში ხელშეშლას. რაც შეეხება შეურაცხოფის მიყენების ფაქტებს მოქალაქეებზე, თუკი ასეთ შემთხვევას ადგილი აქვს, იგი უნდა გახდეს საფუძველი სამართალდამცავ ორგანოებზე მიმართვისათვის, ადექვატური ზომების მისაღებად. ამდენად, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას ხელი შეეშალა თავისი კანონით დაცული უფლების განხორციელებაში, ან არსებობს ასეთი ხელშეშლის პერსპექტივა. რაც შეეხება მოწმე ინგა გიორგაძის მიერ მიცემულ ჩვენებას, ბანკთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ ხელშეკრულება შეწყდა მოპასუხეთა ბრალეულობით და მართლსაწინააღმდეგო ქმდებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმეთა ფიქრია ცერცვაძის და ინგა გიორგაძის ჩვენებები ( იხილეთ სხდომის ოქმი 04.04.2018);

- მოწმე ანა კილასონიას ჩვენება ( იხილეთ სხდომის ოქმი 08.05.2018);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მხოლოდ ავტომანქანის საერთო საკუთრების ეზოში დაყენების ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე , 172-ე, 953-ე, 954-ე, 955-ე, 957-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

განსახილველ შემთხვევაში, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში გრ-–-–---–-ს ქ. N14/ ქუთაისი, გრ-–-–---–-ს მეოთხე შესახვევი 4, N2, საკადასტრო კოდით 03.04.24.068.01.508 წარმოადგენს ე----- გ------–---–ის და ბადრი ზაქარაშვილის თანასაკუთრებას. უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში გრ-–-–---–-ს ქ. N14/ ქუთაისი, გრ-–-–---–-ს მეოთხე შესახვევი 4, N2, საკადასტრო კოდით 0------------------ წარმოადგენს ხა------ ბ------ის საკუთრებას, მხარეეთა თანასაკუთრებაში ირიცხება 74.44 კვ.მ ფართის ეზო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლით, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. განსახილველ შემთხვევაში საზიარო ქონება - მიწის ნაკვეთი თითოეულ მესაკუთრეს ეკუთვნის თანაბრად, რადგან მესაკუთრეთა წილი განსაზღვრული არაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლით, ხმათა უმრავლესობით შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება საზიარო საგნის თავისებურებათა შესატყვისი მართვისა და სარგებლობის შესახებ, ხმათა უმრავლესობა გამოითვლება წილთა მიხედვით.

 

თანამესაკუთრეები არ შეთანხმებულან იმ წესზე, რომელიც ე----- გ------–---–ს აუკრძალავდა საერთო სარგებლობის ეზოში ავტომანქანით შესვლას, შესაბამისად, თანასაკუთრებით სარგებლობის მყარი წესი მათ შორის ჩამოყალიბებული არ ყოფილა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 955-ე მუხლით, თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას.

 

მოპასუხეებმა ვერ დაასაბუთეს ის გარემოება, რომ ე----- გ------–---–ის მიერ ავტომანქანის შეყვანა საერთო საკუთრების ეზოში, დააზიანებს მათ ინტერესებს, რადგან ტექნიკურად შეუძლებელი გახდება მ---- მა-----–---–ის ინვალიდის ეტლით მოძრაობა. ეს მოსაზრება ემყარება მხოლოდ მოპასუხეთა განმარტებას და არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებით, შესაბამისად, მას სასამართლო ვერ გაიზიარებს. გარდა აღნიშნულისა, გაურკვეველია რატომ უნდა მიენიჭოს მოპასუხე მხარეს რაიმე უპირატესობა მოსარჩელესთან შედარებით, მაშინ როცა მიწის ნაკვეთი საერთოა და ავტომანქანის გაჩერების უფლებაც ყველა თანამესაკუთრეს თანაბრად გააჩნია.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

„სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით“ (იხ. სუსგ ას-1041-998-2016, 12.02.2016; ას-843-809-2016, 26.10.2016).

საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებული დაწესებულებების თანამშრომლების და ამ დაწესებულებათა ვიზიტორი მოქალაქეების მიმართ, მოპასუხეებმა განახორციელეს საერთო საკუთრების ეზოს სარგებლობის შემაფერხებელი, შემზღუდველი და ამკრძალავი რაიმე ქმედება. ის, რომ მათი მხრიდან ხმამაღალ საუბარს მოჰყვა მოპასუხის პროტესტი, არ ნიშნავს საკუთრების უფლების განხორციელებაში ხელშეშლას. სასამართლო კვლავ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლები გარკვეულ შეზღუდვასაც უწესებს მესაკუთრეს. კერძოდ, საკუთრების ფლობისა და სარგებლობის შეუზღუდავმა თავისუფლებამ არ უნდა შელახოს მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ასევე, ეს მოქმედება არ უნდა წარმოადგენდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრეს კანონმა მიანიჭა სრული ბატონობის უფლება, ამასთან, ამ ბატონობის გამოყენება დააკავშირა უფლების გამოყენების კეთილსინდისიერებასთან. უფლების ბოროტად გამოყენებას კრძალავს სსკ-ის 115-ე მუხლიც, რომლის მიხედვითაც „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“ აღნიშნული ნორმა საერთო ჯამში ემსახურება სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესს, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები და თუ ეს ასე არ ხდება, ამას შეიძლება უფლების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაცია მიეცეს.

ამდენად, არ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან არ დასტურდება საკუთრების უფლების განხორციელებაში ხელშეშლა მოპასუხეთა მხრიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 220 ლარი, საიდანაც 100 ლარი არის ზედმეტად გადახდილი, რომელიც მას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 60 ლარის გადახდა, 60 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ე----- გ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. აეკრძალოს მოპასუხეებს ხა------ ბ------ეს, მ---- მა-----–---–ს და გ------- გე-------ს ქ. ქუთაისში გრ-–-–---–-ს ქ. მეოთხე შესახვევის N2-ში განთავსებულ 74.44 კვ.მ ფართის ეზოში, ე----- გ------–---–ის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის დაყენებაში ხელშეშლა.

3. ე----- გ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. ხა------ ბ------ეს, მ---- მა-----–---–ს და გ------- გე-------ს ე----- გ------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი.

5. ე----- გ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2016 წლის 16 მარტს ივანე აფრიდონიძის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერტიანი ანგარიში ბანკის კოდი REPLGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე