განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140100117002499143
№1/502-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
04.07.2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი მარიამ გამგებელი
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოთარ ხორგუაშვილი
დაცვის მხარე
ადვოკატი - ნოდარ ცინცაძე
ბრალდებული - ი-–-- კ-------ის ძე ქ--------–-–---–-, დაბადებული 1--- წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კ---ის რაიონი, ს------–- რ----–- ჭ--–-.
კვალიფიკაცია
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ილია ქ--------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ასევე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2017 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, კ---ის რაიონის სოფელ რ----– ჭ--–-ში, მდინარე ლ------ის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკებისას, ი-–-- ქ--------–-–---–მა, დანის განზრახ დარტყმით, მეუღლის მამას - ზ---- მ--–---ს მიაყენა გულმკერდისა და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანების მძიმე ხარისხს, ხოლო გ------- მ--–---ს დანა განზრახ დაარტყა მარცხენა დუნდულოსა და მარცხენა ბარძაყის არეში, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
1.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-–-- ქ--------–-–---–- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლით ი-–-- ქ--------–-–---–-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ ემყარება ერთმანეთთან შეჯერებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა ანალიზის საფუძველზე, დაცვის მხარის პოზიცია ქმედების აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში განხორციელების შესახებ არ იქნა გაზიარებული. სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს როგორც ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის წარსულში არსებულ ურთიერთობას, ასევე, უშუალოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს, ქმედებებს, რაც წინ უძღვოდა შემთხვევის ადგილზე ი-–-- ქ--------–-–---–-ს, ზ---- მ--–---სა და გ------- მ--–---ს შეხვედრას და ვერსიას, რაც ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას სასამართლო სხდომაზე ჩამოაყალიბა.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგენილ არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს და დეტალურად იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს.
2.3. თავდაპირველად, სასამართლო აღნიშნავს, რომ კ---ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან მიღებული ქორწინების აქტის №----------- ჩანაწერით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, უტყუარად დადგენილია 2----–-–----- სექტემბრიდან დღემდე ბრალდებულ ი-–-- ქ--------–-–---–-სა და ლ--- მ--–---ს რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტი.
2.4. როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის ყველა მოწმის ჩვენებების ერთობლიობით დასტურდება, რომ ქორწინებიდან მოკლე ხანში, დედამთილთან - ლ---- ქ--------–-–---–თან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის გამო, ი-–-- ქ--------–-–---–სა და ლ--- მ--–---ს შორის წარმოიშვა უთანხმოება. ამის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ლ--- მ--–--- საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ი-–-- ქ--------–-–---–ს მეუღლესთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია. იგი ხშირად მიდიოდა ლ--- მ--–---სთან, სისტემატურად აქცევდა ყურადღებას მას და მათ საერთო შვილს, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისით, თხოვდა მეუღლეს არ მოესმინა მშობლებისათვის, შეენარჩუნებინა ოჯახი და სახლში დაბრუნებულიყო. იყო შემთხვევა, როდესაც აღნიშნულ პერიოდში, ი-–-- ქ--------–-–---–- და ლ--- მ--–--- ერთად წავიდნენ ნათესავის ქორწილში. თავის მხრივ, ლ--- მ--–---ც გამოხატავდა მზადყოფნას, შერიგებოდა დედამთილს და დაბრუნებულიყო ი-–-- ქ--------–-–---–-ს სახლში. ამასთან, ლ--- მ--–---ს და ი-–-- ქ--------–-–---–-ს მშობლები და ახლო ნათესავები ცდილობდნენ სიტუაციაში გარკვევას და მეუღლეებს შორის წარმოქმნილი უთანხმოების მოგვარებას, რა მიზნითაც ლ--- მ--–---ს მამა, ახლო ნათესავებთან ერთად, რამდენჯერმე მივიდა კიდეც ი-–-- ქ--------–-–---–თან სახლში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მეუღლეებს შორის უთანხმოება ვერ მოგვარდა და ლ--- მ--–--- დარჩა მშობლების სახლში, რის გამოც მ--–---ებსა და ქ--------–-–---–ებს შორის იყო უკმაყოფილება.
2.5. სასამართლოს მოსაზრებით, დედამთილთან არსებული კონფლიქტის გამო, მეუღლეებს შორის წარმოქმნილი დროებითი უთანხმოება თავისთავად არ ნიშნავს ცოლქმრული ურთიერთობის შეწყვეტას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა სახლში ცხოვრობდნენ. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი არც ერთი მტკიცებულება პირდაპირ არ მიუთითებს იმაზე, რომ ი-–-- ქ--------–-–---–-, 2017 წლის 4 ნოემბრისათვის, დაშორებული იყო ლ--- მ--–---სთან, რამდენადაც ცალ-ცალკე ცხოვრების პერიოდში მათ შორის ურთიერთობა კვლავ გრძელდებოდა, ამასთან, რეგისტრირებული ქორწინება მეუღლეების ინიციატივით არ შეწყვეტილა.
2.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის მეუღლის მშობელი ითვლება ოჯახის წევრად. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზ---- მ--–--- წარმოადგენს ი-–-- ქ--------–-–---–-ს ოჯახის წევრს.
2.7. დაცვის მხარის მოწმის - ლ---- ქ--------–-–---–-ს, ბრალდებულ ი-–-- ქ--------–-–---–-ს, მოწმეების - ლ--- მ--–---ს, ი------------------------ ქ--------–-–---–-ს, თ------------------–-----------------------------–---–---------------------–-–---–--, დაზარალებულების - ზ---- და გ------- მ--–---ების ჩვენებების ერთობლიობით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 4 ნოემბერს, კ---ის რაიონის ს------– რ----– ჭ--–-ში, მდინარე ლ------ის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის განვითარებულ მოვლენებს წინ უსწრებდა ი-–-- ქ--------–-–---–-ს მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე უხამსი ე.წ. „პოსტის“ გამოქვეყნება, რომელიც დაზარალებულებმა სავარაუდოდ ლ--- მ--–---ს მისამართით დაწერილ კომენტარად მიიჩნიეს და აღნიშნულის გასარკვევად შეხვდნენ ბრალდებულს. სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულთან შეხვედრამდე, ზ---- და გ------- მ--–---ები არ იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, რომ ი-–-- ქ--------–-–---–-ს მიერ გამოქვეყნებული ე.წ. „პოსტი“ ნამდვილად ლ--- მ--–---ს ეკუთვნოდა. მათ სურდათ ი-–-- ქ--------–-–---–თან დალაპარაკება და თუ ეს ე.წ. „პოსტი“ ლ---ს ეკუთვნოდა, იმის გარკვევა, რამ გამოიწვია ბრალდებულის ამგვარი ქმედება. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, ი-–-- ქ--------–-–---–თან შეხვედრისას, ზ---- და გ------- მ--–---ებს ი-–-- ქ--------–-–---–-ს მიმართ რაიმე დანაშაულებრივი განზრახვა არ ჰქონიათ.
2.8. დაზარალებულ გ------- მ--–---ს ჩვენებით, 2017 წლის 4 ნოემბერს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ი-–-- ქ--------–-–---–ს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული ჰქონდა უხამსი ე.წ. „პოსტი“ სავარაუდოდ მისი დის - ლ--- მ--–---ს მისამართით, რის შემდეგაც გადაწყვიტა, ენახა ი-–-- ქ--------–-–---–- და გაერკვია აღნიშნული საკითხი. იმავე დღეს, გ------- მ--–---, კ---ის რაიონის ს------– რ----–- ჭალის ე.წ. „ბირჟაზე“, შეხვდა მეგობარს - ვ------- (ბექა) თ-------–---–ს, რომელსაც უთხრა, რომ სურდა ი-–--ს ნახვა. იმის გამო, რომ ი-–--ს გ-------ს სატელეფონო ზარისათვის შესაძლოა არ ეპასუხა, გ------- მ--–---მ ვ-------------- თ-------–---–ს თხოვა, ი-–--სთან დაერეკა. ვ-------------- თ-------–---–ს მობილური ტელეფონის ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა, ამიტომ მან თორნიკე ჩ--------–ის მობილური ტელეფონით დაურეკა ი-–-- ქ--------–-–---–ს და უთხრა, რომ გ------- მ--–---ს მასთან შეხვედრა და დალაპარაკება სურდა. დაახლოებით 15–20 წუთში, თ-------- ჩ--------–მა გ------- მ--–---ს შეატყობინა, რომ მას გადმოურეკა ი-–-- ქ--------–-–---–მა და უთხრა, რომ გ------- მ--–---ს ს------– რ----–- ჭალის სტადიონთან შეხვდებოდა. ამის შემდეგ გ------- მ--–---, ზ---- მ--–--- და ვ-------------- თ-------–---–ი წავიდნენ სტადიონისაკენ, სადაც მათ დახვდათ ი-–-- ქ--------–-–---–- და მისი ძმა - ტ----- ქ--------–-–---–-. იმის გამო, რომ გზა იყო ვიწრო და ხელი არ შეეშალათ ავტომანქანების მოძრაობისათვის, ისინი ჩასხდნენ ავტომანქანებში და მივიდნენ მდინარე ლ------ის ხიდთან. ზ---- მ--–---მ ი-–--ს ჰკითხა, თუ რატომ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე შეურაცხმყოფელი ე.წ. „პოსტი“ და საბოლოოდ ჩამოყალიბებულიყო თუ რა სახის ურთიერთობის გაგრძელება სურდა ცოლ-შვილთან. საუბარში ასევე ჩაერთო ტ----- ქ--------–-–---–-. გ------- მ--–---მ ტ-----ს უთხრა, არ ჩარეულიყო საუბარში და თუ რაიმე სათქმელი ჰქონდა, მოგვიანებით მასთან ესაუბრა. ამის შემდეგ გ------- და ტ-----ი ი-–-- ქ--------–-–---–ს და ზ---- მ--–---ს მოცილდნენ დაახლოებით 6–7 მეტრით და გააგრძელეს საუბარი. ამ დროს მათგან დაახლოებით ერთ მეტრში იდგა ვ-------------- თ-------–---–ი. ამავე დროს, თავისი კუთვნილი ავტომანქანით, შემთხვევის ადგილზე მივიდა თ-------- ჩ--------–ი, გადმოვიდა ავტომანქანიდან და დაახლოებით 15–20 მეტრის მოშორებით გაჩერდა. საუბრისას ტ----- ქ--------–-–---–- და გ------- მ--–--- ერთმანეთში შეკამათდნენ, რის შემდეგაც, დაეჭიდნენ ერთმანეთს და მიწაზე წაიქცნენ ისე, რომ გ------- მ--–--- ზემოდან მოექცა. მათ ერთმანეთზე შემოხვეული ჰქონდათ ხელები, ხოლო ვ-------------- თ-------–---–ი ცდილობდა მათ გაშველებას. ამ დროს გ------- მ--–---მ იგრძნო ორჯერ მწარე ჩხვლეტა საჯდომის და მარცხენა ბარძაყის არეში, თუმცა, მას და ტ-----ს ერთმანეთისთვის ხელი არ გაუშვიათ. საბოლოოდ, ვ-------------- თ-------–---–მა შეძლო მათი გაშველება. როდესაც გ------- მ--–--- წამოდგა, დაინახა, რომ ი-–-- ქ--------–-–---–- ჯდებოდა ავტომანქანაში. ამ დროს ზ---- მ--–---მ დაიძახა, რომ დაჭრილი იყო. გ------- მ--–---მ თვითმხილველი პირებისაგან შეიტყო, რომ მას ი-–-- ქ--------–-–---–მა მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. გ------- მ--–---მ განმარტა, რომ მას და ზ---- მ--–---ს თან არც დანა და არც სხვა იარაღი არ ჰქონიათ. დაზარალებულის განმარტებით, მას ასევე არ ჰქონია ვინმესთვის დაზიანების მიყენების სურვილი, ი-–-- ქ--------–-–---–ს კი შეხვდა მხოლოდ მის მეუღლესთან - ლ--- მ--–---სთან ურთიერთობის გარკვევის მიზნით.
2.9. გ------- მ--–---ს ჩვენება სრულ თანხვედრაშია მეორე დაზარალებულის - ზ---- მ--–---ს ჩვენებასთან, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 4 ნოემბერს, კ---ის რაიონის ს------– რ----– ჭ--–-სთან, მდინარე ლ------ას ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-–-- ქ--------–-–---–თან შეხვედრის მიზეზი იყო სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული უხამსი ე.წ. „პოსტი“, რომელიც დაზარალებულებმა სავარაუდოდ ლ--- მ--–---ს მისამართით დაწერილ კომენტარად მიიჩნიეს და აღნიშნულის გასარკვევად შეხვდნენ ბრალდებულს. შემთხვევის ადგილზე ზ---- მ--–---მ ი-–--ს ჰკითხა, თუ რატომ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე შეურაცხმყოფელი ე.წ. „პოსტი“ და უთხრა, საბოლოოდ ჩამოყალიბებულიყო თუ რა სახის ურთიერთობის გაგრძელება სურდა ცოლ-შვილთან. ამ დროს ტ----- ქ--------–-–---–- და გ------- მ--–--- შეკამათდნენ, დაეჭიდნენ ერთმანეთს და მიწაზე წაიქცნენ. ი-–-- ქ--------–-–---–- მათკენ გაიქცა, რომელსაც გაშველების მიზნით უკან გაყვა ზ---- მ--–---ც. ზ---- მ--–---მ დაინახა, რომ ი-–-- ქ--------–-–---–მა გ------- მ--–---ს რამდენჯერმე საჯდომზე ხელი დაარტყა. ზ----ს სურდა ი-–-- ქ--------–-–---–-ს შეჩერება და სწორედ ამიტომ უკანა მხრიდან ხელით შეეხო ბრალდებულს. ამ დროს ი-–-- ქ--------–-–---–- შემოტრიალდა და ზ---- მ--–---ს ხელი დაარტყა, რის შედეგადაც მან მარცხენა ფერდის არეში იგრძნო ძლიერი წვა. ამის შემდეგ ი-–-- ქ--------–-–---–- გაიქცა თავისი ავტომანქანის მიმართულებით. ამ დროს ზ---- მ--–---მ დაინახა, რომ ი-–-- ქ--------–-–---–ს ხელში ეჭირა მუქი ფერის ტარიანი დანა. ზ---- მ--–---მ განმარტა, რომ მას და გ------- მ--–---ს თან არც დანა და არც სხვა იარაღი არ ჰქონიათ. დაზარალებულის განმარტებით, მას ასევე არ ჰქონია ვინმესთვის დაზიანების მიყენების სურვილი, ი-–-- ქ--------–-–---–ს კი შეხვდა მხოლოდ მის მეუღლესთან - ლ--- მ--–---სთან ურთიერთობის გარკვევის მიზნით.
2.10. დაზარალებულების ჩვენებებში ჩამოყალიბებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობა დადასტურებულია დანაშაულის თვითმხილველი მოწმის - თ-------- ჩ--------–ის ჩვენებით. მისი განმარტებით, 2017 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, კ---ის რაიონის ს------– რ----– ჭ--–-ში გავიდა ე.წ. „ბირჟაზე“, სადაც იდგნენ ზ---- მ--–---, გ------- მ--–--- და ვ-------------- თ-------–---–ი. გ-------მ და ვ----------------- მას თხოვეს მობილური ტელეფონი, რის შემდეგაც ვ----------------- ვიღაცას დაურეკა, თუმცა, ვის ესაუბრა, თ-------- ჩ--------–ისთვის უცნობია. დაახლოებით 20 წუთში, თ-------- ჩ--------–ის მობილურ ტელეფონზე დარეკა ი-–-- ქ--------–-–---–მა და უთხრა, რომ მისი ნომრით დარეკილი ჰქონდათ ვ-------------- თ-------–---–ს და გ------- მ--–---ს, რომლებსაც სურდათ ი-–--სთან შეხვედრა და ის მათ ს------– რ----–- ჭალის სტადიონთან დაელოდებოდა. თ--------მ ი-–-- ქ--------–-–---–-ს დანაბარები გადასცა გ------- მ--–---ს და ვ-------------- თ-------–---–ს, მოგვიანებით კი თვითონაც წავიდა სტადიონისკენ. როდესაც სტადიონთან მივიდა, დაინახა, რომ იქ იმყოფებოდნენ ვ-------------- თ-------–---–ი, გ------- მ--–---, ზ---- მ--–---, ი-–-- ქ--------–-–---–- და მისი ძმა - ტ----- ქ--------–-–---–-. ი-–-- ქ--------–-–---–- და ზ---- მ--–--- იდგნენ ერთმანეთის პირისპირ, ხოლო მათგან დაახლოებით ათ მეტრში იყვნენ ტ----- ქ--------–-–---–- და გ------- მ--–---, მათ სიახლოვეს კი, დაახლოებით ერთ მეტრში, იდგა ვ-------------- თ-------–---–ი. თ-------- ჩ--------–მა გაიგო ყვირილის ხმა და დაინახა, რომ გ------- მ--–--- და ტ----- ქ--------–-–---–- ერთმანეთს დაეჭიდნენ. ამ დროს მათკენ გაიქცა ი-–-- ქ--------–-–---–-, რომელსაც უკან გაეკიდა ზ---- მ--–---ც. ი-–-- მივარდა გ------- მ--–---სთან, მარჯვენა ხელი ორჯერ ზედიზედ მოუქნია და მოარტყა საჯდომის არეში. ამ დროს ი-–--სთან მიირბინა ზ---- მ--–---მაც, ი-–-- ქ--------–-–---–- შემოტრიალდა და ისევ მარჯვენა ხელი მოუქნია უკვე ზ---- მ--–---ს, რომელსაც ხელი ერთხელ დაარტყა მარცხენა ფერდის არეში. ხელის დარტყმისთანავე ი-–-- მოშორდა მათ, გაირბინა თ--------ს სიახლოვეს და გაიქცა გზისკენ. ამ დროს თ-------- ჩ--------–მა დაინახა, რომ ი-–-- ქ--------–-–---–ს მარჯვენა ხელში ეჭირა დანა, ანუ იმ ხელში, რომელიც დაარტყა ჯერ გ------- მ--–---ს, ხოლო შემდეგ ზ---- მ--–---ს. სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, დამაზუსტებელი შეკითხვის პასუხად, თ-------- ჩ--------–მა დაადასტურა, რომ მან პირადად დაინახა, თუ როგორ დაარტყა ი-–-- ქ--------–-–---–მა დანა ჯერ გ------- მ--–---ს და შემდეგ ზ---- მ--–---ს. თ-------- ჩ--------–ის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე არც გ------- მ--–---ს და არც ზ---- მ--–---ს დანა ან სხვა რაიმე სახის იარაღი თან არ ჰქონიათ.
2.11. სასამართლო სხდომაზე ანალოგიური ჩვენება მისცა პირდაპირმა მოწმემ - ვ-------------- თ-------–---–მაც. მისი განმარტებით, სტადიონთან, მდინარე ლ------ის პირას, როდესაც გ------- მ--–--- და ტ----- ქ--------–-–---–- ერთმანეთს დაეჭიდნენ, ვ-------------- თ-------–---–ი ცდილობდა მათ გაშველებას. როდესაც ისინი ერთმანეთს გაშორდნენ, ვ-------------- თ-------–---–მა დაინახა, რომ ი-–-- გარბოდა თავისი ავტომანქანის მიმართულებით, რომელსაც მარჯვენა ხელში დანა ეჭირა. მან დაინახა ისიც, რომ გ------- მ--–---ს საჯდომიდან მოსდიოდა სისხლი, ხოლო ზ---- მ--–---ს აღენიშნებოდა სისხლიანი ჭრილობა მარცხენა ფერდის არეში. ვ-------------- თ-------–---–მა დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე გ------- და ზ---- მ--–---ებს დანა ან სხვა რაიმე სახის იარაღი თან არ ჰქონიათ, შესაბამისად, არც მათი გამოყენება უცდიათ.
2.12. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დადგენი-–--, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის ლაქები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 13 დეკემბრის №------ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, განეკუთვნება დაზარალებულების - ზ---- და გ------- მ--–---ების სისხლის ჯგუფს.
2.13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 15 დეკემბრის №--------- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დადასტურებულია, რომ დაზარალებულების ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები სრულად შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ მათ სხეულზე მიყენებულ დაზიანებებს.
2.14. ი-–-- ქ--------–-–---–-ს ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი - ი-–-- ქ--------–-–---–-ს კუთვნილი დანა, რომელიც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 20 ნოემბრის №-----–- კრიმინალისტიკური ექსპერიტიზის დასკვნით, განეკუთვნება ცივ იარათა კატეგორიას.
2.15. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 6 ნოემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0----------------------- დასკვნებით, ასევე მათი ავტორის - ექსპერტ მ--–---- მ----------ის ჩვენებით დადგენი-–--, რომ გ------- მ--–---ს მიყენებული აქვს ზურგის ქვედა ნაწილისა და მენჯის ღია ჭრილობა, ბარძაყის ღია ჭრილობა, რომელიც განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ზ---- მ--–---ს დაუდგინდა დიაგნოზი: გულმკერდისა და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ელენთის, პანკრეასის, წვრილი ნაწლავის, დიაფრაგმის, ბადექონის და ჯორჯლის დაზიანებებით, მარცხენა მხრივი ჰემოპნევმოთორაქსი, ჰიპოველემიური შოკი, რომელიც განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაიკითხა ზემოაღნიშნული დასკვნის ავტორი - ექსპერტი მ--–---- მ----------ი, რომელმაც დაადასტურა დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ შეუძლებელია ზ---- მ--–---ს სხეულის დაზიანებამდე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა (ფილტვების ტუბერკულოზი, რაზეც აპილირებდა დაცვის მხარე) რაიმე სახით კავშირში იყოს დამდგარ შედეგთან, რადგან მისი ჯანმრთელობის დაზიანება პირდაპირ გამოწვეულია მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ამ შემთხვევაში, დანის გამოყენებით.
2.16. ბრალდებულმა ი-–-- ქ--------–-–---–მა, სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, წარდგენილ ბრალდებებში, თავი არ ცნო დამნაშავედ და მიუთითა, რომ ქმედების განხორციელებისას იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ი-–-- ქ--------–-–---–ს ზ---- და გ------- მ--–---ების ჯანმრთელობის დაზიანების წინასწარი განზრახვა არ ჰქონია. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულისა და დაზარალებულების შეხვედრის ინიციატორი იყო დაზარალებული - გ------- მ--–---, ხოლო ი-–-- ქ--------–-–---–-ს მათთან შესახვედრად მისვლის ერთადერთ მიზანს მხოლოდ იმის გარკვევა წარმოადგენდა, თუ რა პრეტენზია ჰქონდათ მასთან დაზარალებულებს. ბრალდებულის განმარტებით, მას ზ---- და გ------- მ--–---ებისათვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების განზრახვა თანნაქონი დანის გამოყენების მომენტშიც კი არ ჰქონია, რადგან მისი ქმედება განპირობებული იყო მხოლოდ ძმის - ტ----- ქ--------–-–---–-ს დაცვის მოტივით, რომელიც მიწაზე იწვა, ზემოდან კი მოქცეული იყო გ------- მ--–--- და ცდილობდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას.
2.17. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას ბრალად შერაცხული ქმედებების აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში განხორციელების შესახებ, ვინაიდან არც ერთი მტკიცებულება პირდაპირ არ მიუთითებს იმაზე, რომ ი-–-- ქ--------–-–---–- ძმის - ტ----- ქ--------–-–---–-ს დაცვის რეჟიმში იმყოფებოდა, ასევე არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს იმას, რომ გ------- მ--–--- დანით თავს დაესხა ტ----- ქ--------–-–---–ს, რის გამოც ბრალდებულმა, სწორედ მისი მოგერიების მიზნით, გამოიყენა თანნაქონი დანა.
2.18. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული ყველა მოწმის, მათ შორის, დაზარალებულების, ბრალდებულის და თავად ტ----- ქ--------–-–---–-ს ჩვენებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ გ------- და ზ---- მ--–---ებისათვის დანის დარტყმის შემდეგ ი-–-- ქ--------–-–---–მა ტ----- ქ--------–-–---–-, გ------- მ--–---სთან, ზ---- მ--–---სთან, თ-------- ჩ--------–თან და ვ------- თ-------–---–თან ერთად, შემთხვევის ადგილზე მიატოვა და გაიქცა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კიდევ ერთხელ გამორიცხავს ბრალდებულის ყოფნას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
2.19. რაც შეეხება აუცილებელი მოგერიების, როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების სამართლებრივ მხარეს, სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი მოგერიებისას პირი აზიანებს ხელმყოფს, რომელმაც მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა განახორციელა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების მიზნით. თავდაცვის მიზანია მომგერიებლის ან სხვა პირის სამართლებრივი სიკეთის დაცვა. აუცილებელი მოგერიება, მისი ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, შედგება სამი სავალდებულო კომპონენტისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. სასამართლო მიმოიხილავს თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე:
· აუცილებელი მოგერიების დროს ყოველთვის სახეზეა სამართლებრივად დაცული სიკეთის ან ინტერესის ხელყოფა, რომელიც ადამიანის აქტიური ან პასიური ქცევით -მოქმედებით ან უმოქმედობით არის გამოწვეული;
· ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი, ე.ი. უკვე დაწყებული ან ჯერ კიდევ მიმდინარე. ხელყოფა იმწუთიერად უნდა განხორცილედეს მისი განგრძობადობის თვალსაზრისითაც, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს სამართლებრივი სიკეთის დაზიანების მიმყენებელი ქმედების კვლავ განმეორების საშიშროება;
· ხელყოფა ასევე უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს კულტურის ნორმებით დადგენილ მართლწესრიგს. იგი უნდა იყოს არამარტო მომგერიებლის გონებაში წარმოსახული, არამედ - რეალური და ობიექტურად არსებული;
· აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანი - უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც სრულ შესაბამისობაშია თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან (ანუ ფიზიკური ძალის გამოყენებისას, მაგალითად, ხელის მოქნევის თუ დარტყმის საპირწონედ არ შეიძლება ცივი იარაღის გამოყენება, როგორც ეს ბაჩანა მარჯანიშვილმა განახორციელა). არ შეიძლება ადამიანს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენონ მაშინ, როდესაც შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით ნაკლები ზიანის მიყენების გზით;
· აუცილებელი მოგერიების მესამე ნიშანი - თავდაცვის სურვილი, ასევე რეალურად, ობიექტურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შედეგად უნდა დადგინდეს. თუ მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ მომგერიებელს გაცნობიერებული აქვს, რომ მის მიერ გამოყენებული თავდაცვის საშუალება აშკარად შეუსაბამოა თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან, რომ ასეთი საშუალება არ არის საჭირო მოგერიებისათვის და იგი თავდაცვას სხვა გზითაც შეძლებს, ასევე იგი ითვალისწინებს იმას, რომ ჩადენილი ქმედებით მძიმე შედეგი აუცილებლად დადგება ან სურს ასეთი შედეგის დადგომა, ამ შემთხვევაში ქმედების მოტივი თავდაცვა კი არ არის, არამედ შურისძიებაა, შესაბამისად, ამ დროს ადგილი აქვს არა აუცილებელი მოგერიებას, არამედ განზრახ დანაშაულს.
2.20. სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, დაზარალებულებისათვის მიყენებული დაზიანების სიმძიმე და ლოკალიზაცია უტყუარად ადასტურებს იმას, რომ ბრალდებული, ინტელექტუალური თვალსაზრისით, შესაძლო შედეგს (მხედველობაშია ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) უცილობლად ითვალისწინებდა და სურდა ამ შედეგის დადგომა. გარდა ამისა, ი-–-- ქ--------–-–---–- აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში რომ არ იმყოფებოდა, დადასტურებულია მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით: ი-–-- ქ--------–-–---–- იყო დანით შეიარაღებული, რაც თავადაც არაერთხელ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, ხოლო გ------- და ზ---- მ--–---ების ხელში დანის არსებობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც დაზარალებულების ტანსაცმლის ჯიბეებში დაფიქსირდა მეტალიზაციის კვლები, რამდენადაც ერთი მხრივ, დანაშაულის თვითმხილველი არც ერთი ნეიტრალური მოწმე დაზარალებულების ხელში ან ტანსაცმელში დანის ან სხვა მეტალის იარაღის არსებობას არ ადასტურებს, მეორე მხრივ კი არასაგნობრივი გამოსახულების გაფანტული რკინის კვალი შესაძლებელია დარჩეს ნებისმიერი მეტალის საგნის (მონეტების, მობილური ტელეფონის, სანთებელის და ა.შ.) ტანსაცმელზე შეხების შედეგად. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენი-–--, რომ 2017 წლის 4 ნოემბერს, შემთხვევის ადგილზე, ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის განვითარებულ მოვლენებს წინ უსწრებდა ი-–-- ქ--------–-–---–-ს მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე უხამსი ე.წ. „პოსტის“ დაწერა, რომელიც დაზარალებულებმა სავარაუდოდ ლ--- მ--–---ს მისამართით გამოქვეყნებულ კომენტარად მიიჩნიეს და სწორედ აღნიშნულის გასარკვევად შეხვდნენ ბრალდებულს. ი-–-- ქ--------–-–---–-ს მიერ დაზარალებულებისათვის დანის დარტყმას წინ უსწრებდა შელაპარაკება როგორც ბრალდებულსა და ზ---- მ--–---ს შორის, ასევე, ტ----- ქ--------–-–---–სა და გ------- მ--–---ს შორის, რაშიც მოიაზრება როგორც სიტყვიერი დაპირისპირების დაწყება, ისე მიმდინარეობა და დასრულება. აუცილებელი მოგერიების დროს კი მომგერიებელი ინსტიქტებით არ მოქმედებს, იგი ცდილობს გააზრებული, აქტიური ქმედებით დაიცვას თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთე. მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენი-–--, რომ ი-–-- ქ--------–-–---–ს დანა შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე უკვე თან ჰქონდა, თუმცა, რატომ გადაწყვიტა მან გ------- მ--–---ზე თავდასხმა, რომელიც მხოლოდ დაჭიდებული იყო ტ----- ქ--------–-–---–თან და მითუმეტეს, რატომ დაარტყა შემდეგ დანა ზ---- მ--–---ს, დაცვის მხარის მიერ რელევანტური და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებული ვერ იქნა.
2.21. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ჩვენების იმ დეტალებს, სადაც იგი შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს აღწერს. სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ აღნიშნული დეტალების გაანალიზების შედეგად დასტურდება, რომ ი-–-- ქ--------–-–---–-, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მოტივით, ცრუობს და ურთიერთგამომრიცხავ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს. ერთი მხრივ, ბრალდებული განმარტავს, რომ როდესაც იგი ზ---- და გ------- მ--–---ებს სტადიონთან პირველად შეხვდა, ისინი ერთმანეთს მშვიდ ვითარებაში მიესალმნენ და ხელი ჩამოართვეს, თუმცა, მას დაზარალებულების ხელში დანა ან სხვა რაიმე სახის იარაღი არ დაუნახავს. ბრალდებულის განმარტებით, იქ მყოფ სხვა პირებს - ტ----- ქ--------–-–---–ს, თ-------- ჩ--------–ს და ვ------- თ-------–---–ს დანა ასევე არ ჰქონიათ. როდესაც ისინი მდინარის პირას ჩავიდნენ, მან დაზარალებულების ტანსაცმელში დანები დაინახა, გ------- მ--–---ს კი დანა იმიტომ დაარტყა, რომ სურდა ძმის - ტ----- ქ--------–-–---–-ს დაცვა. მეორე მხრივ კი ბრალდებული ვერ ხსნის, თუ რატომ გაიქცა და რატომ მიატოვა შემთხვევის ადგილზე ტ----- ქ--------–-–---–- გ------- მ--–---სთან და მის თანმხლებ პირებთან ერთად, რომლისგანაც, მისი განმარტებით, ძალადობის საფრთხე მომდინარეობდა?!. დაცვის მხარემ ასევე ვერ დაასაბუთა რატომ დაარტყა დანა ი-–-- ქ--------–-–---–მა ზ---- მ--–---ს, რომელიც ბრალდებულის და მისი ძმის - ტ----- ქ--------–-–---–-ს განმარტებებით, ასევე დანით იყო შეიარაღებული. თუ ამ ნაწილში დაცვის მხარის პოზიციას გავიზიარებთ და მივიჩნევთ, რომ ზ---- მ--–---ს სურდა ბრალდებულის ან მისი ძმისთვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენება, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რატომ არ გამოიყენა ზ---- მ--–---მ დანა, რომელიც ხედავდა როგორ ურტყამდა ი-–-- ქ--------–-–---–- მის შვილს - გ------- მ--–---ს, როდესაც იგი ბრალდებულის უკან იდგა და ამაში ხელს არაფერი უშლიდა?!.
2.22. სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენისას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-–-- ქ--------–-–---–- მოქმედებდა შეგნებულად, მას გათვიცნობიერებული ჰქონდა თუ რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის ქმედებას და სურდა ამ შედეგის დადგომა. დაცვის მხარის პოზიცია, თითქოს ი-–-- ქ--------–-–---–მა ზ---- და გ------- მ--–---ებს დაზიანებები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიაყენა, რომ ტ----- ქ--------–-–---–-ს დაცვის მიზანი ამოძრავებდა, არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან და წარმოადგენს ბრალდებულის მცდელობას, თავი აარიდოს მოსალოდნელ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა სახეზეა მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი ობიექტურად იმყოფება ამ მდგომარეობაში, ე.ი. საფრთხე ემუქრება მის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს და ხელყოფა რეალურია, ხოლო სუბიექტურად მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი სიკეთის გადარჩენისკენ და გამოწვეული იყოს უკიდურესი აუცილებლობით. მოცემულ შემთხვევაში, ი-–-- ქ--------–-–---–-ს ქმედებას აუცილებელი მოგერიების არც ერთი ელემენტი არ ახასიათებს. სასამართლოს შეფასებით, იგი არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რადგან არც მის და არც ტ----- ქ--------–-–---–-ს სამართლებრივ სიკეთეს ზ---- და გ------- მ--–---ებისაგან საფრთხე არ ემუქრებოდა. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის ვითარება, რომელიც აუცილებელს გახდიდა ბრალდებულის მხრიდან ცივი იარაღის გამოყენებას. როგორც მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, ტ----- ქ--------–-–---–- და გ------- მ--–--- დაჭიდებულნი იყვნენ ერთმანეთზე და ფაქტობრივად იმყოფებოდნენ თანაბარ მდგომარეობაში. გ------- მ--–---საგან არ მოდიოდა რაიმე სახის საფრთხე ტ----- ქ--------–-–---–-ს ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ხელყოფის თვალსაზრისით. თავად ტ----- ქ--------–-–---–-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ გ------- მ--–---ს მისთვის ხელიც კი არ დაურტყამს. ობიექტურად ასევე არ მომდინარეობდა რაიმე სახის საფრთხე ზ---- მ--–---სგან, რომელიც ი-–-- ქ--------–-–---–ს ჩააყენებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. როგორც ზემოთ აღინიშნა, ზ---- მ--–---ს არც კი უცდია ი-–-- ქ--------–-–---–-ს ან ტ----- ქ--------–-–---–-სთვის დაზიანებების მიყენება. იგი ი-–--ს შეეხო მხარზე (რასაც თავად ბრალდებულიც ადასტურებს) მხოლოდ გაშველების მიზნით, რა დროსაც ი-–-- ქ--------–-–---–- შემოტრიალდა და მას დანა დაარტყა.
2.23. ბრალდებულის და მისი ძმის - ტ----- ქ--------–-–---–-ს ჩვენებებში აღწერილი გარმოებები, თითქოს ზ---- მ--–---ს და გ------- მ--–---ს თან ჰქონდათ დანები, რომლების გამოყენებასაც აპირებდნენ, გამოირიცხა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. დაზარალებულებს რომ რაიმე სახის იარაღი ჰქონოდათ, მათ არაფერი შეუშლიდათ ხელს ი-–--ს ან ტ-----ის მისამართით მათ გამოყენებაში. აღსანიშნავია, რომ ტ----- ქ--------–-–---–-, ი-–-- ქ--------–-–---–-ს გაქცევის შემდეგ, გ------- და ზ---- მ--–---ებთან ერთად, რამდენიმე წუთით, დარჩა შემთხვევის ადგილზე, თუმცა, აღნიშნულ პერიოდში, არც გ-------ს და არც ზ----ს მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებიათ. სასამართლოს აზრით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გონივრულ ეჭვს მიღმა გამორიცხავს იმას, რომ დაზარალებულებს ჰქონდათ ი-–-- ქ--------–-–---–-ს ან ტ----- ქ--------–-–---–-სათვის სხეულის დაზიანების მიყენების განზრახვა და მათგან რაიმე ტიპის დანაშაულებრივი საფრთხე მომდინარეობდა. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათი დაჭრის შემდეგ, დაზარალებულებს, ლოგიკურად, უფრო მეტად უნდა გამძაფრებოდათ შურისძიების განზრახვა, მათ რეალურად შეეძლოთ ტ----- ქ--------–-–---–-სათვის ზიანის მიყენება და ამაში ხელს არაფერი უშლიდათ, თუმცა, როგორც აღინიშნა, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებიათ ბრალდებულის ძმისთვის. სასამართლოს მოსაზრებით, შემთხვევის ადგილზე დაზარალებულებს დანები რომც ჰქონოდათ, ეს თავისთავად არ წარმოშობს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას, რადგან მათ შემთხვევის ადგილზე რაიმე ტიპის იარაღის გამოყენება არ უცდიათ. შესაბამისად, მტკიცებულებების ერთობლიობით არ დადასტურდა შემთხვევის ადგილზე დაზარალებულებისაგან მომდინარე რეალური და ხელშესახები საფრთხის არსებობა, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია ბრალდებულის ჩაყენება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
2.24. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ი-–-- ქ--------–-–---–-ს ქმედება დანაშულის ჩადენის შემდეგ კიდევ ერთხელ გამორიცხავს მის განზრახვას დაეცვა ტ----- ქ--------–-–---–-. ბრალდებულმა, მას შემდეგ, რაც ზ---- და გ------- მ--–---ებს მიაყენა სხეულის დაზიანებები, სირბილით დატოვა ტ----- ქ--------–-–---–-, არ დალოდებია მას და არ უცდია მისი წაყვანა შემთხვევის ადგილიდან. ბრალდებულის ამგვარი ქცევა კი, იმ ვითარებაში, როდესაც ტ-----თან სიახლოვეს დარჩნენ დაზარალებულები, გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას. ეჭვგარეშეა, რომ ბრალდებულის ქმედება, ობიექტურად, მისი ძმის გადარჩენის მოტივით რომ ყოფილიყო განპირობებული, იგი ტ----- ქ--------–-–---–ს შემთხვევის ადგილზე არ მიატოვებდა. ამდენად, სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულის ქმედება გამოწვეული იყო შურისძიების მოტივით და არ იყო მიმართული თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამასთან, თუ დაზარალებულებს ჰქონდათ ი-–--სათვის ან ტ-----ისთვის დაზიანების მიყენების სურვილი, მათ ამაში ხელს არაფერი უშლიდათ. ტ----- ქ--------–-–---–- და გ------- მ--–--- ერთმანეთისაგან დაშორებულები იყვნენ სულ რამდენიმე მეტრით ისევე, როგორც ი-–-- ქ--------–-–---–- და ზ---- მ--–---. მათ ამ ვითარებაში რეალურად ჰქონდათ შესაძლებლობა, განეხორციელებინათ ან სულ მცირე ეცადათ ძალადობის ჩადენა ქ--------–-–---–ების მიმართ. ბრალდებულის დანაშაულებრივ განზრახვაზე მიუთიუთებს მისი ჩვენების ის ნაწილიც, სადაც იგი, ერთი მხრივ, განმარტავს, რომ როდესაც გ------- მ--–---ს დანა დაარტყა, მას მხარზე მსუბუქად ვიღაც შეეხო, მაშინვე მოუტრიალდა და მასაც დაარტყა დანა ისე, რომ იმ მომენტში დაზარალებული არ დაუნახავს, მეორე მხრივ კი ბრალდებული მიუთითებს, რომ იქ მყოფი სხვა პირებისაგან მას არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა, რადგან ვ-------------- თ-------–---–თან და თ-------- ჩ--------–თან აქვს ახლო ურთიერთობა. თუ ბრალდებულის ჩვენების ამ ნაწილს გავიზიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ი-–-- ქ--------–-–---–-სათვის სულერთი იყო ვის მოხვდებოდა დანა - იმას, ვისი მხრიდანაც, მისი წარმოდგენით, მომდინარეობდა რაიმე სახის საფრთხე, თუ სხვა ნებისმიერ პირს. ეს კი ცალსახად გამორიცხავს ბრალდებულის ყოფნას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
2.25. სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია ი-–-- ქ--------–-–---–-ს მიერ გ------- მ--–---ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ზ---- მ--–---ს სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენა. შესაბამისად, სწორედ ი-–-- ქ--------–-–---–მა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებებისათვის.
2.26. ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ი-–-- ქ--------–-–---–-ს ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს. ზ---- და გ------- მ--–---ებს სწორედ ი-–-- ქ--------–-–---–-ს მიერ განზრახ განხორციელებული დანის დარტყმებით განუვითარდათ სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები. მოწმეთა ჩვენებებით და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დადგენი-–--, რომ ი-–-- ქ--------–-–---–-ს ძალადობრივი ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგებთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგები არ განხორციელდებოდა. რომ არა ი-–-- ქ--------–-–---–-ს ძალადობრივი ქმედებები გ------- მ--–---სა და ზ---- მ--–---ს მიმართ, ვერც ერთი მათგანი ვერ მიიღებდა ჯანმრთელობის დაზიანებას.
2.27. რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. დანაშაულის ჩადენისას, ი-–-- ქ--------–-–---–ს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი, რაც განპირობებული იყო შემთხვევის ადგილზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირებით. ბრალდებულის ძალადობრივი მოქმედებების უმთავრეს მიზანს სწორედ დაზარალებულებისათვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენება წარმოადგენდა, რაც მან ზ---- და გ------- მ--–---ებისათვის დანის დარტყმებით სისრულეში მოიყვანა.
2.28. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
2.29. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.30. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.32. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ი-–-- ქ--------–-–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
2.33. დაბოლოს, სასამართლო, შეფასების სახით, მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას და მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევისას, საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.
3. სამართლებრივი შეფასება:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი-–-- ქ--------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ი-–-- ქ--------–-–---–-ს მსჯავრდება უნდა მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებდა ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის დროს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის რედაქციით) და 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისის რედაქციით).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-–-- ქ--------–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს ბრალდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობას და წარდგენილი ბრალდების ნაწილობრივ აღიარებას, დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები კი სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.
5.2. ი-–-- ქ--------–-–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულები განეკუთვნება ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა რიგს, რომელიც იმავდროულად საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლის ხელშეუვალ უფლებას.
5.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად ბრალდებულის ქმედებების შედეგად გამოწვეული მართლსაწინააღმდეგო შედეგებისა, ი-–-- ქ--------–-–---–ს და მის ოჯახს დღემდე არ უცდია დაზარალებულებთან შერიგება, მით უმეტეს, როდესაც გ------- მ--–---მ და ზ---- მ--–---მ დაკითხვისას დაადასტურეს, რომ მათ ბრალდებულთან არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ. საგულისხმოა, რომ ბრალდებულს და მისი ოჯახის წევრებს დაზარალებულების მიმართ არათუ მატერიალური, არამედ მორალური მხარდაჭერაც კი არ გამოუხატავთ. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე, ი-–-- ქ--------–-–---–მა, მისმა დამ - ნ----- ქ--------–-–---–მა და დედამ - ლ---- ქ--------–-–---–მა გამოხატეს უარყოფითი განწყობა დაზარალებულების და, განსაკუთრებით, ბრალდებულის მეუღლის - ლ--- მ--–---ს მიმართ, ამასთან, ბრალდებულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მოტივით, ისინი სასამართლო სხდომაზე ჩვენებების მიცემისას, შეეცადნენ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. დასახელებული გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-–-- ქ--------–-–---–-ს რესოციალიზაცია შესაძლოა მიღწეულ იქნეს ადეკვატური საპატიმრო სასჯელის გამოყენებით.
5.4. სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის ასაკს, მის ოჯახურ მდგომარეობას და სხვა დადებით პიროვნულ მახასიათებლებს. ი-–-- ქ--------–-–---–- 27 წლისაა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, აღიარებს დაზარალებულებისათვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების ფაქტს, ჰყავს მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ი-–-- ქ--------–-–---–- თანასოფლელებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით. ამასთან, სასამართლო, გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, დარწმუნდა, რომ ბრალდებული, თავისი ბუნებით და პიროვნული თვისებებით, არ არის კონფლიქტური ადამიანი, ტიპური მოძალადე. სასამართლოს აზრით, ი-–-- ქ--------–-–---–სა და ლ--- მ--–---ს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზია მეუღლეების ურთიერთობაში მშობლების მენტორული, უხეში ჩარევა, რაც განპირობებულია საქართველოში დამკვიდრებული არასწორი სტერეოტიპებით.
5.5. ამდენად, პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, სამართლიანობისა და სასჯელის საკმარისობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, სასამართლოს აზრით, ი-–-- ქ--------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ამგვარი სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან ბოლომდე გაიაზროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგების სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა", ”გ” და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
6.2. ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ავტომანქანა „ჰონდა სივიკი“, სახელმწიფო ნომრით „-------“, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ---ის რაიონული სამმართველოს იგოეთის პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ნ----- ქ--------–-–---–ს;
· ერთი ცალი გამხმარი ფოთოლი წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, ოთხი ცალი გამხმარი ფოთოლი და მცირე ზომის ქვა მათზე არსებული წითელი ფერის ლაქებით, სისხლის ნიმუშები და ხელის კვლები უნდა განადგურდეს;
· უნდა განხორციელდეს დანის საპროცესო კონფისკაცია, რომელიც უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
· ი-–-- ქ--------–-–---–-ს ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს ი-–-- ქ--------–-–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
· გ------- მ--–---ს ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს გ------- მ--–---ს;
· ზ---- მ--–---ს ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს ზ---- მ--–---ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი-–-- ქ--------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის რედაქციით) და 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2016 წლის 24 ივნისის რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-–-- ქ--------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ ი-–-- ქ--------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 4 ნოემბრის 13:55 საათიდან.
3. მსჯავრდებულ ი-–-- ქ--------–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ავტომანქანა „ჰონდა სივიკი“, სახელმწიფო ნომრით „-------“, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ---ის რაიონული სამმართველოს იგოეთის პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ნ----- ქ--------–-–---–ს;
· ერთი ცალი გამხმარი ფოთოლი წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, ოთხი ცალი გამხმარი ფოთოლი და მცირე ზომის ქვა მათზე არსებული წითელი ფერის ლაქებით, სისხლის ნიმუშები და ხელის კვლები განადგურდეს;
· განხორციელდეს დანის საპროცესო კონფისკაცია, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
· ი-–-- ქ--------–-–---–-ს ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს ი-–-- ქ--------–-–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
· გ------- მ--–---ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს გ------- მ--–---ს;
· ზ---- მ--–---ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს ზ---- მ--–---ს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე