გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.07.2018
საქმის ნომერი
080210016001207673
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N080210016001207673

№ 2/4-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ივნისი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - მ--- თა----–-–---–ი;

წარმომადგენელი - ერმილე ჭეიშვილი; .

მოპასუხე - სო-–------ ა-----–--ე;

მოპასუხეები - მზია დოღონაძე;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია, მესაკუთრედ ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. აღიარებული იქნას აწ გარდაცვლილი ალეკო ა-----–--ის დანაშთი ქონების, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირი (საკადასტრო კოდით 2-----------) მესაკუთრედ, მისი პირველი რიგის მემკვიდრე სო-–------ ა-----–--ე და დაევალოს მას საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრაციაში გაატაროს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირი (საკადასტრო კოდით 2-----------).

1.2. სო-–------ ა-----–--ეს მ--- თა----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 11000 აშშ დოლარის გადახდა და დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირი (საკადასტრო კოდით 2-----------), რეალიზაცია.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

თავდაპირველად მ--- თა----–-–---–მა 2016 წლის 04 იანვარს სარჩელი აღძრა ალეკო ა-----–--ის მიმართ და მოითხოვა მასზე 11000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. 2017 წლის 30 იანვარს მან სასამართლოში შემოიტანა დაზუსტებული სარჩელი, მოპასუხეების ალეკო ა-----–--ის და სო-–------ ა-----–--ის მიმართ, იგივე მოთხოვნით. 2017 წლის 26 სექტემბერს კი კვლავ დააზუსტა სარჩელი და მოპასუხედ მიუთითა სო-–------ ა-----–--ე. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მ--- თა----–-–---–მა 2012 წლის 10 მაისს მამა-შვილს ალეკო და სო-–------ ა-----–--ეებს ერთი წლის ვადით ასესხა 6500 აშშ დოლარი, უძრავი ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრეს ალეკო ა-----–--ეს და მ--- თა----–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირი (საკადასტრო კოდით 2-----------). მოვალეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება და მ--- თა----–-–---–ს არ დაუბრუნეს ნასესხები თანხა, თუმცა მხარეთა შეთანხმებით 2013 წლის 05 აგვისტოს კვლავ ისესხეს მ--- თა----–-–---–ისაგან 7000 აშშ დოლარი, ჯამში ნასესხებმა თანხამ შეადგინა 13500 აშშ დოლარი, რომელსაც უნდა დარიცხოდა სარგებელი თვეში 3.5% ოდენობით. სესხის დაფარვის ვადა განისაზღვრა ექვსი თვით, ანუ 2014 წლის თებერვლამდე. მამა-შვილმა ალეკო და სო-–------ ა-----–--ეებმა გადაიხადეს ნასესხები თანხის სარგებელი 473 აშშ დოლარი, ხოლო დავალიანება 15862 აშშ დოლარი, საიდანაც 13500 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხაა, ხოლო 2362 აშშ დოლარი სარგებელი, დღემდე არ დაუფარავთ. მიუხედავად ამისა, მ--- თა----–-–---–ი ითხოვს მხოლოდ 11000 აშშ დოლარის დაკისრებას მოპასუხეზე. თავდაპირველი სარჩელი აღძრული ჰქონდათ მამა-შვილის წინააღმდეგ, თუმცა შემდგომში გაირკვა, რომ ალეკო ა-----–--ე გარდაიცვალა 2016 წლის 7 მარტს, ანუ სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდეგ. როგორც ცესკ-ს ვებ.გვერდიდან მიღებული ინფორმაციით დასტურდება, მისამართზე სადაც ცხოვრობდა ალეკო ა-----–--ე ამჟამად რეგისტრირებულია მისი შვილი სო-–------ ა-----–--ე, ოჯახთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან გასულია ექვს თვეზე მეტი, სო-–------ ა-----–--ე არ ირეგისტრირებს საკუთრებას, რათა არ მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, რითაც ზიანს აყენებს მოსარჩელეს.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ალეკო ა-----–--ეს თავდაპირველ სარჩელთან დაკავშირებით შემოტანილი ჰქონდა შესაგებელი, რომლითაც სარჩელს ცნობდა 6500 აშშ დოლარის ნაწილში. სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2016 წლის 7 მარტს ალეკო ა-----–--ე გარდაიცვალა.

2.2. მოპასუხე სო-–------ ა-----–--ეს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, მისმა წარმომადგენელმა კი სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო არცერთ ნაწილში.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია, რომ 2012 წლის 10 მაისს მ--- თა----–-–---–ს და ალეკო ა-----–--ეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 6500 აშშ დოლარზე, ერთი წლის ვადით, რომლის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ალეკო ა-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირი (საკადასტრო კოდით 2-----------).

 

მტკიცებულებები:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.13-14);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16);

3.2.2. დადგენილია, რომ 2013 წლის 5 აგვისტოს სო-–------ ა-----–--ემ მ--- თა----–-–---–ისაგან ისესხა 13500 აშშ დოლარი, თვეში 5% დარიცხვის პირობით, 2014 წლის თებერვლამდე ვადით.

მტკიცებულებები:

- სესხის ხელწერილი (ს.ფ.17);

3.2.3. დადგენილია, რომ ალეკო ა-----–--ე გარდაიცვალა 2016 წლის 7 მარტს, სო-–------ ა-----–--ე არის მისი შვილი, რომელიც რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც იყო რეგისტრირებული ალეკო ა-----–--ე. ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან 2018 წლის 14 მარტს მიღებული ინფორმაციით, ალეკო ა-----–--ის სახელით დამოწმებული ანდერძი ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნება. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან 2018 წლის 14 მარტს მიღებული ინფორმაციით, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი ალეკო ა-----–--ის სამკვიდრო ქონების თაობაზე.

მტკიცებულებები:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.106);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

- ცესკოს მონაცემები (ს.ფ. 109-111);

- ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან (ს.ფ. 160);

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სო-–------ ა-----–--ეს ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია მამის დანაშთი ქონება და იგი ცხოვრობს სხვა მისამართზე, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

მოპასუხემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 623-ე, 625-ე, 1306-ე, 1319-ე, 1320-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის, 625-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია, რომ ალეკო ა-----–--ე და სო-–------ ა-----–--ე იყვნენ მამა-შვილი. 2012 წლის 10 მაისს მ--- თა----–-–---–ს და ალეკო ა-----–--ეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 6500 აშშ დოლარზე, ერთი წლის ვადით, რომლის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ალეკო ა-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირი (საკადასტრო კოდით 2-----------). 2013 წლის 5 აგვისტოს კი სო-–------ ა-----–--ემ მ--- თა----–-–---–ისაგან ისესხა 13500 აშშ დოლარი, თვეში 5% დარიცხვის პირობით, 2014 წლის თებერვლამდე ვადით. სესხის სახით მიღებული თანხა არცერთ მოვალეს არ დაუბრუნებია, შესაბამისად, კრედიტორს წარმოეშვა დავალიანების მოთხოვნის უფლება, რაც მან შეამცირა 11000 აშშ დოლარამდე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით”. ამავე კოდექსის 1319-ე მუხლით სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ხოლო 1320-ე მუხლით სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

 

დადგენილია, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში (საკადასტრო კოდით 2-----------) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე იყო ალეკო ა-----–--ე, იგი გარდაიცვალა 2016 წლის 7 მარტს, მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო, რომლის მიღებაც მის მემკვიდრეებს შეეძლოთ, როგორც კანონით გათვალისწინებული საფუძვლით, ისე ანდერძით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილით `სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე”. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი პუნქტით ,,კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები)”.

 

დადგენილია და მხარეები არ დაობენ, რომ სო-–------ ა-----–--ე არის ალეკო ა-----–--ის შვილი, შესაბამისად, მისი პირველი რიგის მემკვიდრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ ალეკო ა-----–--ის გარდაცვალების შემდეგ, კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში პირველი რიგის მემკვიდრეებს ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ და სამკვიდრო მოწმობა არ მიუღიათ. ასევე დადგენილია, რომ სო-–------ ა-----–--ე რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც რეგისტრირებული იყო მისი მამა ალეკო ა-----–--ე. მართალია საქმეში არ არის ქონების დაუფლების მტკიცებულება წარმოდგენილი, მაგრამ პირველი რიგის მემკვიდრეს ეს ფაქტი შესაგებლით სადაოდ არ გაუხდია, მეტიც მას საერთოდ არ წარმოდგენია შესაგებელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილით, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად იქნას მიჩნეული პირველი რიგის მემკვიდრის სო-–------ ა-----–--ის მიერ სამკვიდროს მიღება. იმისათვის, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას დაცული იყოს მისი სამკვიდრო უფლება, აუცილებელია მემკვიდრე ამ ქონების მესაკუთრედ აღირიცხოს საჯარო რეესტრში, შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2012 წლის 10 მაისს მ--- თა----–-–---–ს და ალეკო ა-----–--ეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება 6500 აშშ დოლარზე, ერთი წლის ვადით, რომლის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ალეკო ა-----–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირი (საკადასტრო კოდით 2-----------). შესაბამისად, ამ ხელშეკრულების შესრულების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. რაც შეეხება სო-–------ ა-----–--ის მიერ აღებულ ვალს, მისი შესრულება არ ყოფილა უზრუნველყოფილი მოცემული იპოთეკის ხელშეკრულებით, სო-–------ და ალეკო ა-----–--ეები არ ყოფილან სოლიდარული მოვალეები, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიერ 2013 წლის 5 აგვისტოს ხელწერილით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 2----------- რეალიზაციის შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 891 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟი - 50 ლარი.

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ალეკო ა-----–--ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირი (საკადასტრო კოდით 2-----------), უნდა დარჩეს ძალაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ--- თა----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. სო-–------ ა-----–--ეს მ--- თა----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 11000 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. აღიარებული იქნას აწ გარდაცვლილი ალეკო ა-----–--ის დანაშთი ქონების, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირი (საკადასტრო კოდით 2-----------) მესაკუთრედ, მისი პირველი რიგის მემკვიდრე სო-–------ ა-----–--ე და დაევალოს მას საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრაციაში გაატაროს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირი (საკადასტრო კოდით 2-----------).

1.3. სო-–------ ა-----–--ის ვალის - 6500 აშშ დოლარის ამოღების მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირი (საკადასტრო კოდით 2-----------), რეალიზაცია.

1.4. სასარჩელო მოთხოვნა სო-–------ ა-----–--ის ვალის 4500 აშშ დოლარის ამოღების მიზნით უძრავი ქონების, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირი (საკადასტრო კოდით 2-----------), რეალიზაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ალეკო ა-----–--ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირი (საკადასტრო კოდით 2-----------), დარჩეს ძალაში.

3. სო-–------ ა-----–--ეს მ--- თა----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 891 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟი - 50 ლარი.

4. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე