გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310017002031571
საქმე №3-2---17
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო გერგაული
სხდომის მდივანი - ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: ლ---- ქ------–---–ი
წარმომადგენელი: ზ---- მ-----–---–ი
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი: გ--------- გ------–-–---–ი
მოპასუხე: კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი: მ------- დ------–---–ი
მესამე პირი: ვ----–---- ფ---–---–-----ი
წარმომადგენელი: ხ------- ზ-----ე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხი №3-2---17 ადმინისტრაციულ საქმეზე.
აღწერილობითი ნაწილი
2018 წლის 28 მარტს გორის რაიონული სასამართლოს მიერ გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი №3-2---17 ადმინისტრაციულ საქმეზე, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ---- ქ------–---–ის სარჩელი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 21 აპრილის №882016611435-30 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივნისის №247817 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 2016 წლის 13 დეკემბრის №00052 ”სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი”, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 14 დეკემბრის №012/531 წერილი და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 აგვისტოს №012/4449 წერილი ”ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ”. სასამართლომ სრულად არ გადაწყვიტა სასამართლო ხარჯების საკითხი - მიუთითა, რომ ლ---- ქ------–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და არ გადაწყვიტა დანარჩენი ხარჯების, მათ შორის მოსარჩელის მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვიანიდან არ არის გადაწყვეტილი სრულად სასამართლო ხარჯების საკითხი აღნიშნულ საქმეზე უნდა გამოტანილი იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ გასწია სასამართლო ხარჯი, კერძოდ საადვოკატო მომსახურებისათვის გადაიხადა თანხა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 700 ლარის გადახდის ქვითრით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის IV თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროცესის ხარჯების საკითხი, და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე პროცესის ხარჯების განაწილებისას ეს ნორმებიც უნდა იქნეს გამოყენებული.
იმავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სრულად უნდა გადახდეს გაწეული ხარჯი, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილია საადვოკატო გაღებული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება - 700 ლარის გადახდის ქვითარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით (იხ. სუს № ბს-1330-1315 (კ-11) გადაწყვეტილება) სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან; ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ხოლო ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.
მოცემულ შემთხვევაში, დავის სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლოს აზრით, ამ ხარჯის 700 ლარით განსაზღვრა გონივრულია, რაც უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, ამგვარ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 100 ლარია.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია, რის გამოც ეს თანხა - 100 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 364-ე 367-ე 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გამოტანილი იქნას დამატებითი გადაწყვეტილება №3-2---17 ადმინისტრაციულ საქმეზე და გადაწყდეს სასამართლო ხარჯების საკითხი.
2.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისს ლ---- ქ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა.
3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისს დაეკისროს ლ---- ქ------–---–ის ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 700(შვიდასი) ლარის გადახდა ლ---- ქ------–---–ის სასარგებლოდ.
4. დამატებითი გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
5. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული