გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210117001892683
საქმე №2/534-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - მ-------–---------ი (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - გ------------–-–---–ი, ს---------------–---ი
მოპასუხე - გ--------------–-–---–ი (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - გ-------------------–ი
დავის საგანი: აქციებზე მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მ-------–---------ის საკუთრებაში აღრიცხოს გ--------------–-–---–ის (პ/ნ 59001074771) სახელზე რიცხული სს „სამშენებლო ტრესტი №3“-ის 28 566 აქციიდან 6799 აქცია.
მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელის განმარტებით, მ-------–---------ი წარმოადგენდა 1996 წელს რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება, “სამშენებლო ტრესტი №3“-ის 6799 აქციის (ფასიანი ქაღალდის) მესაკუთრეს. აღნიშნული აქციები მოსარჩელემ მიიღო მემკვიდრეობით მამისგან, ანზორ შერმადინისგან. თითო აქციის მინიმალური ღირებულება შეადგენდა 1 აშშ დოლარს.
2006 წლის 06 ნოემბერს დადებული ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხე გ--------------–-–---–ს მიჰყიდა ზემოაღნიშნული 6799 აქცია ნომინალურ ფასად - 6799 აშშ დოლარად. მიუხედავად არაერთი მიმართვისა და დამატებითი ვადის დაწესებისა, მოპასუხეს არ გადაუხდია აქციების ღირებულება, რის გამოც მოსარჩელე მოშლილად მიიჩნევს ამბობს მოპასუხესთან დადებულ ხელშეკრულებაზე.
სარჩელის აღძვრის დროისთვის გ--------------–-–---–ი წარმოადგენს, როგორც ზემოაღნიშნული აქციების მესაკუთრეს, ასევე სააქციო საზოგადოება “სამშენებლო ტრესტი №3“-ის გენერალურ დირექტორს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის, დაწესებული ვადის უშედეგოდ გასვლისა და ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელე ითხოვს მის საკუთრებაში აღირიცხოს გ--------------–-–---–ის სახელზე რიცხული სააქციო საზოგადოება “სამშენებლო ტრესტი №3“-ის 6799 აქცია - ფასიანი ქაღალდი (იხ.სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხე გ--------------–-–---–მა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით მ-------–---------ს მამის - ანზორ შერმადინისგან მართლაც მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული 6799 ცალი აქცია, ხოლო ეს აქციები 2006 წლის 6 ნოემბერს მიჰყიდა მას, როგორც ფიზიკურ პირს. თანხის გადაცემა მოხდა 2006 წლის 6 ნოემბერს ნაღდი ანგარიშსწორებით გადასაცემი განკარგულება №000019493-ის გამოცემისთანავე. რაც შეეხება 2006 წლის 6 ნოემბრის ხელშეკრულებას, ასეთს არ იცნობს. მ-------–---------თან მსგავსი ხელშეკრულება არ დაუდია. 2006 წლის 6 ნოემბერს მ-------–---------მა თავისი ნება-სურვილით დამოუკიდებელ რეგისტრატორთან მოახდინა გარიგება აქციების გადაცემის თაობაზე, რაზედაც გაიცა განკარგულება №000019493 და არა ხელშეკრულება, სადაც წერია და ფიქსირდება, რომ მის მიერ დამოუკიდებელ რეგისტრატორთან შედგა ეს გარიგება, რა დროსაც მასზედ აღირიცხა 6799 აშშ დოლარის ღორებულების აქციები, ანუ დადგენილი იქნა როგორც აქციების ასევე, ფულადი თანხის გადაცემის ფაქტი. ამასთან, სააქციო საზოგადოება “სამშენებლო ტრესტი №3“ 2012 წლიდან თვითონ აწამოებს რეესტრს. აქციათა გადაცემა ხდება აქციათა რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს რეესტრში წარმოებაზე უფლებამოსილი პირის მიერ. მ-------–---------ის მიერ 2006 წლის 06 ნოემბერს 6799 აქციის გასხვისება გ--------------–-–---–ზე მოხდა დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ მიღებული განკარგულების მეშვეობით. ამასთან, გარდა მითითებული გარმოებებისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სარჩელი აღძრულია 11 წლის შემდეგ და შესაბამისად, მ-------–---------ის მოთხოვნა ხანდაზმულიცაა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მ-------–---------ი იყო 1996 წელს რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება, “სამშენებლო ტრესტი №3“-ის 6799 აქციის (ფასიანი ქაღალდის) მესაკუთრე და მან აღნიშნული აქციები მიიღო მემკვიდრეობით მამისგან - ანზორ შერმადინისგან. თითო აქციის მინიმალური ღირებულება შეადგენდა 1 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი დამოუკიდებელი რეგისტრატორი შპს „რეგისტრიდან“
3.1.2. 2006 წლის 06 ნოემბერს მ-------–---------სა და გ--------------–-–---–ს შორის შედგა გარიგება ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის შესახებ და მარინე შრმადინმა გ--------------–-–---–ს გადასა 6799 აქცია ნომინალურ ფასად - 6799 აშშ დოლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახნა-განმარტებები;
- 2006 წლის 06 ნოემბრის განკარგულება №00001949312
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოთხოვნა არის ხანდაზმული
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ-------–---------ის სარჩელი გ--------------–-–---–ის მიმართ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 131-ე, 144-ე, 316-ე, 317-ე, 352-ე, 361-ე, 405-ე, 477-ე, 484-ე, 913-ე, 920-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-19 მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულია პირის მიერ თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მასა და მოპასუხე გ--------------–-–---–ს შორის 2006 წლის 06 ნოემბერს დაიდო აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მან მოპასუხეს გადასცა 6799 აქცია ნომინალურ ფასად, 6799 აშშ დოლარად, მყიდველმა კი არ შეასრულა ვალდებულება, კერძოდ არ გადაიხადა ნასყიდობის საგნის საფასური.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთარი ინტერესები ნებისმიერი ხელყოფისაგან. მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარემ სადავოდ გახადა მის მიერ გაყიდული ქონების საფასურის მყიდველის მიერ გადახდა, მოპასუხემ კი თავის მხრივ მოსარჩელის მოთხოვნას დაუპირისპირა მისი მხრიდან ვალდებულების არარსებობა.
განსახილველ შემთხვევაში დასადგენია რა სახის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მხარეთა შორის, უფლებამოსილია თუ არა კრედიტორი მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება და ეკისრება თუ არა მოვალეს რაიმე სახის ვალდებულების შესრულება კრედიტორის წინაშე.
6.2. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან.
მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების არსებობის საფუძველია მხარეთა შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულება. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შინაარსის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული სწორედ ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნაყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-508-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - გამყიდველსა და მყიდველს გააჩნიათ.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგების შედეგად გასხვისებული ქონება მოპასუხეს (მყიდველს) საკუთრებაში გადაეცა ხელშეკრულების დადებისთანავე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს ფასიანი ღაღალდები, აქციები წარმოადგენს.
6.6. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს ეს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.
6.7. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფასიანი ქაღალდებით გარიგებისას მათზე საკუთრების უფლება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება ამ ფაქტის ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო თუ ისინი ნომინალურ მფლობელთანაა, – ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში რეგისტრაციის მომენტიდან.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 913-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დოკუმენტში მოცემული უფლება გადადის მოძრავი ნივთის გადაცემისათვის დადგენილი წესების მიხედვით. იგი შეიძლება გადაიცეს ასევე მესამე პირთან დადებული ხელშეკრულებით.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია უარი თქვას თავისი ვალდებულებების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ შეასრულებს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვინაიდან მყიდველმა არ გადაიხადა აქციების საფასური, ხელშეკრულება მოშლილია, ხოლო თავისი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებისას ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე და 477.2 მუხლებზე.
6.10. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
6.12. აღნიშნულ გარემებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
6.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.
ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
6.14. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამყიდველმა მ-------–---------მა მოპასუხეს, გ--------------–-–---–ს 2016 წლის 06 ნოემბერს საკუთრებაში გადასცა 6799 აქცია. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ეკისრებოდა ვალდებულება წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც იგი დაადასტურებდა თანხის გადაცემის ფაქტს, სასამართლო არნიშნავს, რომ გაურკვეველი და ბუნდოვანია თავად მოსარჩელე მხარის პოზიცია ნასყიდობის ფასის გადაცემასთან დაკავშირებით, კერძოდ იგი არ მიუთითებს დროის მონაკვეთს, თუ როდის უნდა გადაეცა მყიდველს აქციების საფასური, მოპასუხე მხარე კი მიუთითებს, რომ აქციების გადაცემის შესხებ განკარგულება და ამ განკარგულების საფუძველზე აქციების რეესტრში რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ როგორც მყიდველის, ისე გამყიდველის მიერ ვადებულებები შესრულდა. განსახილველ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს დავის გადაწყვეტისათვის საკვანძო ორ საკითხს - 1) შეუძლია თუ არა ხელშეკრულების მხარეს მოშალოს ხელშეკრულება და მოითხოვოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა მაშინ, როცა მყიდველმა ნასყიდობის საფასური არ გადაიხადა; 2) მოცემულ დავაში დასტურდება თუ არა ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის ფაქტი.
გარდა ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოშლილია, თუმცა მას არ აქვს დაცული ხელშეკრულების მოშლილად მიჩნევის (ხელშეკრულებაზე უარის თქმის) წინაპირობები, კერძოდ, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც იგი დაადასტურებდა გარემოებას, რომ 2006 წლის 06 ნოემბრის შემდეგ მან გ--------------–-–---–ს მოსთხოვა აქციების საფასურის გადახდა, ან ამისათვის დამატებითი დრო დაუწესა ან შეატყობინა (გააფრთხილა) საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების მოშლის შესახებ მითუმეტეს, რომ იგი სარჩელში მიუთითებს, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისა და დამატებითი ვადის დაწესებისა, მოპასუხეს არ გადაუხდია აქციების საფასური.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას ხელშეკრულების მოშლილად მიჩნევის შესახებ. გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეს ფულადი ვალდებულება რომც არ შეესრულებინა, გამყიდველს ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი საფუძველი მაინც არ ექნებოდა (სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლები). სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოხმობილი ნორმების შესაბამისად, გამყიდველს შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ნასყიდობის საფასურის გადახდა იმ შემთხვევაში, თუ მან ფულადი ვალდებულება არ შეასრულა.
გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა _ ექვს წელს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც, ხოლო 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ხოლო 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.
6.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო სამართალში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების დადების მომენტის განსაზღვრას, რადგან სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშობათ მხარეებს სახელშეკრულებო უფლებები და იბოჭებიან ნაკისრი ვალდებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ თავისი კუთვნილი აქციები მოპასუხეს საკუთრებაში გადასცა 2006 წლის 06 ნოემბერს, მოსარჩელეს თანხის ანაზღარების შესახებ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა ხელშეკრულების დადებისთანავე, ანუ 2006 წლის 06 ნოემბრიდან, მან კი სასამართლოში სარჩელი შემოიტანა 2017 წლის 11 იანვარს, ანუ ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის და ასევე ათ წლიავი ვადის გასვლის შემდეგ.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პოზიციას მისი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კერძოდ მოსარჩელის მოთხოვნაზა უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 920-ე მუხლით დადგენილი ოცდაათწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან მითითებული მუხლის მიხედვით ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ოცდაათ წელს დოკუმენტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომიდან, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დავა გამომდინარეობს მხარეთა შორის ფასიანი ქაღალდზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან (სახელშეკრულებო მოთხოვნა) და არა იმ მოთხოვნიდან, რომლის მოთხოვნის უფლებას ფასიანი ქაღალდის მფლობელს გააჩნია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გ--------------–-–---–ს აეკრძალა მის სახელზე რიცხული სააქციო საზოგადოება „სამშენებლო ტრესტი №3“-ის 6 799 აქციის გახვისება და ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუველყოფის მიზნით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. მ-------–---------ის სარჩელი მოპასუხე გ--------------–-–---–ის მიმართ, აქციების საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ გ--------------–-–---–ისათვის მის საკუთრებაში რიცხული 6799 აქციის გასხვისებისა და ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის შესახებ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი