გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.07.2018
საქმის ნომერი
340210118002260536
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
13.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 34021011800226053

საქმე #2/38-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.07.2018 წელი ქ. გურჯაანი

(შესავალი ნაწილი)

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - ნა----–-----–-ძე

წარმომადგენელი - ლი---------–---–ი

მოპასუხე - აკ--------------–-–---–ი

წარმომადგენელი - მა----–----------–---–-------–--ე

დავის საგანი - უძრავი ქონების ½ წილზე თანამესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოსარჩელე ცნობილი იქნეს გი-----------------–-–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ. გ-------------------------ს ქ. №1, საკადასტრო კოდი №5------------------, მემკვიდრედ და ½ -ის მესაკუთრედ.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოსარჩელე 1993 წლიდან გი-----------------–-–---–თან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და მასთან ერთად ქ. გ---------–---------------ის №1-ში მდებარე ბინაში ცხოვრობდა. გი-----------------–-–---–ი 1996 წლის 02 დეკემბერს გარდაიცვალა. მოპასუხე აკ--------------–-–---–ი გი-----------------–-–---–ის შვილია და მას მამამ, 1984 წელს შედგენილი ანდერძით, საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა დაუტოვა. გარდაცვალებამდე არსებული ბიზნესიც აკ--------------–-–---–მა მიიღო, ხოლო თ----------ის №1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა მამკვიდრებელმა მოსარჩელეს დაუტვა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 08.04.1997 წლის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ნა----–-----–-ძე გი-----------------–-–---–ის კმაყოფაზე იყო. ამიტომ, ნა----–-----–-ძე, ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიხედვით, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრეს განეკუთვნება და ნოტარიუსის მიერ 1998 წლის 25 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობაც ამასვე ადასტურებს. მართალია სამკვიდრო მოწმობა სასამართლომ ბათილად ცნო და სადავო უძრავი ქონება აკ--------------–-–---–ს მიაკუთვნა, მაგრამ, ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსის მოთხოვნიდან გამომდინარე, ნა----–-----–-ძე, როგორც მამკვიდრებლის კმაყოფაზე მყოფი პირი, კანონისმიერი მემკვიდრეა და საცხოვრებელი ბინის ½ ეკუთვნის.

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

2.1. მოპასუხე აკ--------------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გი-----------------–-–---–ს მოსარჩელისთვის საცხოვრებელი ბინა არ დაუტოვებია. სამკვიდრო მოწმობის გაცემა კი უკანონოდ მოხდა, რადგან ნა----–-----–-ძე მემკვიდრე არ არის. სწორედ ამიტომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნა----–-----–-ძეზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ბათილად ცნო. ნა----–-----–-ძე მემკვიდრეს რომ არ წარმოადგენს, ეს გარემოება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაა დადგენილი. ამიტომ, სადავო ბინის ½ ზე მესაკუთრედ ცნობის საფუძველი არ არსებობს.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. გი-----------------–-–---–მა (მამკვიდრებელი), 1984 წლის 26 ოქტომბერს, სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძი შეადგინა, რომლის მიხედვით მთელ ქონებას, რომელიც მას გარდაცვალების მომენტში ექნებოდა, შვილს - აკ--------------–-–---–ს უტოვებდა.

3.1.2. გი-----------------–-–---–ი 1996 წლის 02 დეკემბერს გარდაიცვალა. მის დანატოვარ სამკვიდრო ქონებაში შედის ერთ ოთახიანი ბინა მდებარე მისამართზე - ქალაქი გ-------------------------ს ქ. №1, რომელიც მამკვიდრებელს, როგორც დიდი სამამულო ომის მონაწილეს, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 05 ივნისის №365 დადგენილების და რაიაღმასკომის №551 გადაწყვეტილების საფუძველზე საკუთრებაში ჰქონდა გადაცემული.

3.1.3. მოსარჩელე ნა----–-----–-ძე გი-----------------–-–---–თან 1993 წლიდან ფაქტობრივ (არარეგისტრირებულ) ქორწინებაში იმყოფებოდა და მასთან ერთად ქალაქ გ---------–---------------ის ქ. №1-ში მდებარე ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. მოსარჩელე ამჟამადაც ამ ბინაში ცხოვრობს.

3.1.4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 08.04.1997 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნა----–-----–-ძის განცხადება და დადგინდა, რომ იგი, 1993 წლიდან 1996 წლის 02 დეკემბრამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ გი-----------------–-–---–თან და ამ ხნის განმავლობაში იყო მის კმაყოფაზე.

3.1.5. 1998 წლის 25 თებერვალს ნოტარიუსმა ნა----–-----–-ძის სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა გი-----------------–-–---–ის დანატოვარ ქონებაზე. მოსარჩელე, 2007 წლის 19 აპრილს საჯარო რეესტრში აღირიცხა ქ. გ---------–---------------ის ქ. №1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ, ხოლო 2010 წლის 07 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონება ვა-------–--ეს მიჰყიდა.

3.1.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.12.2016 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აკ--------------–-–---–ის სარჩელი მოპასუხეების ნა----–-----–-ძის და ვა-------–--ის მიმართ და ბათილად იქნა ცნობილი 25.02.1998 წელს ნა----–-----–-ძის სახელზე გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, ნა----–-----–-ძეს და ვა-------–--ეს შორის 07.10.2010 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და აკაკი ჩალაძე ცნობილი იქნა გი-----------------–-–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების - ქ. გ-------------------------ს ქ. №1-ში მდებარე უძრავი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

3.1.7. ქ. გ---------–---------------ის ქ. №1-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №5------------------, 10.01.2018 წლიდან, საჯარო რეესტრში მოპასუხე აკ--------------–-–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა. უფლების დამდგენ დოკუმენტად ამონაწერში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.12.2016 წლის გადაწყვეტილებაა მითითებული.

3.1.8. ნა----–-----–-ძე არ წარმოადგენს 02.12.1996 წელს გარდაცვლილი გი-----------------–-–---–ის კანონისმიერ მემკვიდრეს.

ეს უკანასკნელი ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელე მხარემ სადავო გახადა, მაგრამ სასამართლო მხარეს მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.12.2016 წლის გადაწყვეტილებით კი დადგენილია, რომ ნა----–-----–-ძე გი-----------------–-–---–ის მემკვიდრეს და შესაბამისად, სავალდებულო წილის უფლებაზე მქონე პირს არ წარმოადგენს. (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პუნქტი 4.10.)

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-20; 121-130);

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 26);

- ანდერძი (ს.ფ. 21);

- ცნობა 31.01.91 წლის (ს.ფ. 44);

- გურჯაანის რაიონული სასამართლოს 08.04.1997 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 37-39);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 64-81)

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, სამართლებრივად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

5.3. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წელი).

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, 1) სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ; 2) იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ; 3) სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ნა----–-----–-ძემ 1996 წლის 02 დეკემბერს გარდაცვლილი გი-----------------–-–---–ის დანატოვარი სამკვიდრო ქონების ½ -ის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა. ვინაიდან სამკვიდრო ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღებამდე გაიხსნა, ამიტომ სადავო საკითხის გადაწყვეტა სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიხედვით უნდა მოხდეს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 539-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდებოდა კანონით და ანდერძით. მემკვიდრეობის კანონისმიერი წესი მოქმედებდა ყოველთვის თუ ანდერძით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლებოდა სამკვიდროს დამტოვებელის გარდაცვალების დღე, ხოლო გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.

საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლში მოცემული კანონისმიერი მემკვიდრეების წრის და რიგითობის მიხედვით, პირველ რიგს განეკუთვნებოდნენ გარდაცვლილის შვილები (მათ შორის შვილობილები), მეუღლე და მშობლები (მშვილებლები), აგრეთვე შვილები, რომლებიც მამკვიდრებლის სიკვდილის შემდეგ დაიბადებოდა. ამავე მუხლის მე-6 აბზაცის მიხედვით, კანონისმიერი მემკვიდრეების წრეს ეკუთვნოდნენ არაშრომისუნარიანი პირები, რომლებიც სამკვიდროს დამტოვებელის რჩენაზე იყვნენ არანაკლები ერთი წლისა მის სიკვდილამდე. თუ მათ გარდა სხვა მემკვიდრეებიც იყვნენ ისინი იღებენ მემკვიდრეობას იმ რიგის მემკვიდრეების თანასწორად, რომლების მოწოდებულნი იყვნენ მემკვიდრეებად.

მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ იგი 1993 წლიდან 1996 წლის 02 დეკემბრამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გი-----------------–-–---–თან და ამ ხნის განმავლობაში მის კმაყოფაზე იყო, ამიტომ იგი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს და მას, მსგავსად სხვა მემკვიდრეებისა, გარდაცვლილის დანატოვარი ქონებიდან წილი ეკუთვნის.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას კანონისმიერ მემკვიდრედ ყოფნასთან დაკავშირებით, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლის მე-6 აბზაცით, კანონისმიერ მემკვიდრედ მიიჩნეოდა პირი რომელიც იყო არაშრომისუნარიანი და სამკვიდროს დამტოვებლის რჩენაზე იმყოფებოდა არანაკლები ერთი წლისა მის გარდაცვალებამდე. ამდენად, მითითებული ნორმა სამ პირობას ითვალისწინებდა, ესენია - 1) პირი უნდა ყოფილიყო არაშრომისუნარიანი; 2) პირი იმყოფებოდა მამკვიდრებლის რჩენაზე; და 3) რჩენაზე ყოფნის ხანგრძლივობა ერთ წელზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. სასამართლო განმარტავს, რომ ნორმის სტრუქტურიდან გამომდინარე მხოლოდ სამივე პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, რომ პირი კანონისმიერ მემკვიდრედ ჩათვლილიყო. რომელიმე პირობის არარსებობა კი გამორიცხავდა მემკვიდრეთა წრისთვის მიკუთვნების შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე თანდართული 08.04.1997 წლის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნა----–-----–-ძე გი-----------------–-–---–ის კმაყოფაზე იმყოფებოდა, თუმცა მოსარჩელე მხარის განმარტებით იგი არაშრომისუნარიან პირს არ წარმოადგენს. იგი მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისთვისაც შრომისუუნარო არ იყო. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებული სამივე პირობა და ამიტომ, მოსარჩელის განმარტება კანონისმიერ მემკვიდრედ მიჩნევის თაობაზე მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

6.3. კანონისმიერ მემკვიდრედ ყოფნასთან დაკავშირებით, სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამავე კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად კი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.12.2016 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა აკ--------------–-–---–ის სარჩელი ნა----–-----–-ძის მიმართ და ბათილად იქნა ცნობილი 25.02.1998 წელს ნა----–-----–-ძის სახელზე გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, ნა----–-----–-ძეს და ვა-------–--ეს შორის 07.10.2010 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და აკ--------------–-–---–ი ცნობილი იქნა გი-----------------–-–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნა----–-----–-ძე არ წარმოადგენს გარდაცვლილი გი-----------------–-–---–ის მემკვიდრეს და შესაბამისად, არც სავალდებულო წილის უფლების მქონე პირს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, პრეიუდიციულ ფაქტებთან დაკავშირებით, თავის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი [...] სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №ას-827-791-2014; №ას-592-560-2015; №ას-895-845-2015; №ას-58-56-2016, №ას-1199-1159-2016; №ას-824-790-2016).

ამავე სასამართლომ 23.02.2018 წლის განჩინებაში განმარტა, რომ [...] პრეზუმირებული ფაქტები ერთმნიშვნელოვნად განაპიროებებს იმას, რომ მხარე, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს ასეთ ფაქტებზე აფუძნებს, თავისუფლდება მტკიცების ტვირთისგან და გასაბათილებლად უბრუნდება მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც მისი გაქარწყლება ევალება. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან იმავე მხარეებს შორის წარმოებულ სხვა სამოქალაქო საქმეზე, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილია პრეიუდიციული ფაქტები, ის შესაძლებელია გაქარწყლდეს (ბათილად გამოცხადდეს) მხოლოდ პროცესუალური საფუძვლით - სსსკ-ის 421-423-ე მუხლის საფუძველზე. მოხმობილი ნორმები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითვალისწინებს. აღნიშნული საფუძვლით შესაძლებელია, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომლებსაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი დაეფუძნა, იმგვარად შეფასდეს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (გადასინჯვა) განაპირობოს. (იხ. სუსგ №ას-964-899-2017)

ამდენად, პრეიუდიციულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი განაპირობა. ასეთი ფაქტობრივი გარემოება კი სავალდებულოა და სანამ მისი ბათილად ცნობა არ მოხდება, მას სავალდებულო ძალა აქვთ საქმეში მონაწილე მხარეების მიმართ.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ აკ--------------–-–---–ის სარჩელით ერთ-ერთ მოპასუხეს ნა----–-----–-ძე წარმოადგენდა და მოსარჩელის მოთხოვნას გი-----------------–-–---–ის სამკვიდრო ქონებაზე ნოტარიუსის მიერ 1998 წლის 25 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობაც იყო. ამდენად, დავის საგანს 1996 წლის 02 დეკემბერს გარდაცვლილი გი-----------------–-–---–ის სამკვიდრო ქონება წარმოადგენდა და ამასთან, დავაში მხარეებად აკ--------------–-–---–ი და ნა----–-----–-ძე მონაწილეობდნენ. მოცემულ შემთხვევაშიც დავის საგანს იგივე ქონება წარმოადგენს, კერძოდ, მოსარჩელემ იმ ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა, რომელ ქონებაზეც მის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. ამის საფუძვლად კი სასამართლომ, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, მიუთითა, რომ ნა----–-----–-ძე არ განეკუთვნება გი-----------------–-–---–ის კანონისმიერ მემკვიდრეთა წრეს და იგი არც სავალდებულო წილის მიღებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი რელევანტური მტკიცებულება, რომლითაც ნა----–-----–-ძის კანონისმიერ მემკვიდრედ ყოფნის ფაქტი დადგინდებოდა, ამიტომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, 1) სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის მიხედვით მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მოსარჩელეების მიერ სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილი არ ყოფილა. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ არ არსებობს მოპასუხეზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების დაკისრების საფუძველი.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 17.01.2018 წლის განჩინების ძალაში დატოვების საფუძველი და იგი უნდა გაუქმდეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 54-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 251-ე, 2591, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე ნა----–-----–-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოპასუხე აკ--------------–-–---–ს (პირადი №1----------) აეკრძალა ქ. გ---------–---------------ის ქუჩა №1-ში მდებარე, საჯარო რეესტრში №5------------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ½ წილის რეალიზაცია და იპოთეკის უფლებით დატვირთვა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე