გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.07.2018
საქმის ნომერი
820210018002354015
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820210018002354015

№2-152/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

მოსარჩელე - ბ-–-- დ-------ე

წარმომადგენელი - ჟ--–---- ლ-------------ძე

მოპასუხე - თ----- დ-------ე

წარმომადგენელი - მ------ ა-–--–-–---–-

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ----- დ-------ეს, ბ-–-- დ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს ბ-–-- დ-------ის მიერ გაწეული ხარჯები:

- დაბა შუახევი, ხ--–--–---–-- ქ. N1-ში, 44,88 კვ.მ. ფართობის არასაცხოვრებელი ფართის აუქციონზე შესაძენად გადახდილი 9000 ლარი, რაც ლიბერთი ბანკში გადახდილ სარგებელთან ერთად შეადგენს 13861,97 ლარს;

- 44,88 კვ.მ. ფართობის არასაცხოვრებელ ფართზე სარემონტო სამუშაოების ღირებულება 16637,00 ლარი;

- სასამართლო ხარჯები;

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2011 წელს მოსარჩელე ბ-–-- დ-------ემ აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება - 44,88 კვ.მ. ფართობის არასაცხოვრებელი ფართი დაბა შუახევი, ხ--–--–---–-- ქ. №1-ში. გარკვეული მიზეზების გამო ბ-–-- დ-------ემ ა------- დ-------ესთან შეთანხმებით უძრავი ქონების შემძენად დააფიქსირა ა------- დ-------ე, რაზედაც არსებობას ბ-–-- დ-------ის მიერ გადახდილი ქვითრები უძრავი ქონების შესაძენად საჭირო თანხა 9000 ლარი გამოიტანა ლიბერთი ბანკიდან და დაფარა სარგებელთან ერთად 13861,97 ლარი.

 

2011 წლიდან ბ-–-- დ-------ე ოჯახთან ერთად უწყვეტად ფლობს და სარგებლობს 44,88 კვ.მ. ფართობის არასაცხოვრებელ ფართს დაბა შუახევი, ხ--–--–---–-- ქ. №1, ბინა N8-ში. აღნიშნულ ფართობს, ერთ ოთახს, არ ჰქონდა არც ჭერი არს იატაკი და ა.შ. 2013 წელს ა------- დ-------ე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა რეგისტრირებულმა ცოლმა თ----- დ-------ემ მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა დაბა შუახევი, ხ--–--–---–-- ქ. №1-ში 44,88 კვ.მ. ფართზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. 2014 წლის 25 თებერვალს თ----- დ-------ის სასარგებლოდ გაიცა სამკვიდრო მოწმობა №140162921, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში აღირიცხა დაბა შუახევი, ხ--–--–---–-- ქ. №1 ბინა N8-ში 44,88 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ თ----- დ-------ემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბ-–-- დ-------ის გამოსახლება, რაც დაკმაყოფილდა.

 

თ----- დ-------ეს და ა------- დ-------ეს აღნიშნულ ფართში არასდროს არ უცხოვრიათ. თ----- დ-------ემ არ იცოდა ამ ბინის შესახებ, რადგან ის მეუღლესთან არ ცხოვრობდა, არც რემონტი არ გაუკეთებიათ. აღნიშნული ფართის აუქციონზე შეძენის შემდეგ ბ-–-- დ-------ემ მოახდინა გენერალური სამუშაოების ჩატარება, გადააკეთა 2 ოთახიან კეთილმოწყობილ საცხოვრებლად. ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 16637 ლარი.

 

2.1. მოპასუხეთა პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო და ხანდაზმულია და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სინამდვილეს არ შეეფერება, სადაო ქონება შეიძინა ა------- დ-------ემ, ხოლო ის თანხა რაც გადაიხადა მოსარჩელემ წარმოადგენდა ა------- დ-------ის საკუთრებას. მოცემულ შემთხვევაში სადაო სახლში ცხოვრება არ ნიშნავს, რომ რემონტი მის მიერაა ჩატარებული, უფრო მეტიც არ დასტურდება გაწეული ხარჯების მართლზომიერება. მოსარჩელე ადასტურებს, რომ სადაო ქონებას წლების განმავლობაში ფლობს და აგრძელებს ფლობას, შესაბამისად მას სხვისი ქონებით სარგებლობისათვის არცერთი თეთრი ქირა არ გადაუხდია, შესაბამისად მან ქონების სარგებლობით სარგებელი მიიღო, რაც თუნდაც მის მიერ გაწეული ხარჯების საპირწონეა.

 

მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ყველა მხრივ ხანდაზმულია და მათი დამტკიცების შემთხვევაშიც კი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ქონება აუქციონზე 2011 წელს შეიძინა ა------- დ-------ემ, მოსარჩელის მტკიცებით მან თანხა გადაიხადა იმავე წელს და აღნიშნული გარემოების შესახებ მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში ხანდაზმულია სამწლიანი ვადის გასვლის გამო. ა------- დ-------ე ცოცხალი რომ ყოფილიყო აღნიშნული მოთხოვნა მის მიმართ დადგებოდა. ამდენად გარდაცვლილი პირის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნა უნდა დამდგარიყო 6 თვის ვადაში, რაც მოსარჩელემ არ შეასრულა და ამ მხრივაც მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხის მიერ სადავოა მოთხოვნის ხანდაზმულობა. მოპასუხე მხარემ შესაგებელშიც დააფიქსირა და სასამართლო სხდომაზეც განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი ხანდაზმულია თუ არა, ამ საკითხს სჭირდება სამართლებრივი შეფასება, მაგრამ მოთხოვნის წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გასული ვადა ფაქტობრივი გარემოებაა. ამიტომ ხანდაზმულობის სამართლებრივ შეფასებას, აუცილებლად სჭირდება დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობისა და სარჩელის აღძვრის პერიოდები.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე გახლავთ გარდაცვლილი ა------- დ-------ის მეუღლე, რომელმაც გარდაცვლილი მეუღლის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მიიღო 2014 წლის 25 თებერვალს, მხარეთა ახნა განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი იქნა, რომ ა------- დ-------ის გარდაცვალებისა და თ----- დ-------ის მიერ მემკვიდრეობის მიღების ფაქტი ცნობილი იყო მოსარჩელისთვის იმთავითვე, შესაბამისად თ----- დ-------ისთვის, როგორც გარდაცვლილი მამკვიდრებლის მემკვიდრისთვის მოთხოვნის წარდგენის ვადაა 6 თვე, ხოლო სარჩელის აღძვრამდე ნამდვილად გასულია 6 თვეზე მეტი დრო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა განმარტებები. მოწმეთა ჩვენებეი, საქმეში არსებული წერილობითი მასალები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ხანდაზმულია და მის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ითქვას ხანდაზმულობის გამო.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია მოსარჩელეს უფლება აქვს აღძრას და მოითხოვოს მოპასუხეს დაეკისრო თანხის გადახდა, თუმცა მოპასუხე არ არის ვალდებული მოსარჩელეს გადაუხადოს ხანდაზმული მოთხოვნის გამო რაიმე თანხა.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

6.3 სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა მოსარჩელის მიერ მითითებული მოწმეთა ჩვენებებით, ისევე როგორც თანხის გადახდის ქვითრებით და აუდიტის შეფასებით უტყუარად დასტურდება თუ არა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სადავო ბინა შეიძინა და გაარემონტა თავისი სახსრებით. მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მან სამოქალაქო კოდექსის 1488.1-ე მუხლით დადგენილ ექვსთვიან ვადაში არ წარუდგინა მოთხოვნა თავისი მოვალის მემკვიდრეს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას. დადგენილია, რომ მოპასუხემ (მოვალის მემკვიდრემ) სამკვიდრო მიიღო 2014 წლის 25 თებერვალს, რაც იმთავითვე ცნობილი იყო მოსარჩელისათვის. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ბ-–-- დ-------ეს 6 თვეში უნდა წარედგინა მოთხოვნა. დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა კანონით დადგენილ ვადაში არ წარუდგენია. სამოქალაქო კოდექსის 1488.1-ე მუხლი ცალსახად ადგენს, რომ მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეს, რომელმაც სამკვიდრო მიიღო. მოცემულ შემთხვევაში, სამკვიდრო თ----- დ-------ემ მიიღო და, შესაბამისად, მოთხოვნაც მისთვის უნდა წარედგინა მოსარჩელეს 6 თვეში. ვინაიდან მოსარჩელეს ამ უფლებით არ უსარგებლია, მან დაკარგა მოთხოვნის უფლება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა თ----- დ-------ის მიმართ უსაფუძვლოა და შესაბამისად, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმ საკითხის გარკვევას სადავო ბინა შეიძინა და გაარემონტა თუ არა თავისი სახსრებით მოსარჩელემ.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში –განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ შემოტანილი სარჩელით სადავო თანხა შეადგენდა 30498,97 ლარს და გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 915 ლარი. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს და შესაბამისად აღნიშნული თანხა უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ხელვაჩაურის რაიონული სასამრთლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 248-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბ-–-- დ-------ის სარჩელი თ----- დ-------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი 915 ლარი - გადახდილია წინასწარ.

3. 2018 წლის 27 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას მოპასუხე თ----- დ-------ის (პ/ნ 61010015622) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: შუახევის რაიონი, დაბა შუახევი, ს. ხ--–--–---–-- ქ. №1, საკადასტრო კოდი №24.02.34.018.01.008.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი