გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2018
საქმის ნომერი
190210017002229177
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სხვა სახის დავები
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3051-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 ივნისი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ ჩიქოვანი

მოსარჩელე ა----- ი-----–---ი

წარმომადგენლები ლ--–- ბ-----–--ე

მოპასუხე შპს „P-----“

წარმომადგენელი რუსუდან ცერცვაძე

დავის საგანი: სახელფასო დავალიანების გადახდა, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, ხელფასის დაგვიანებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი უცხოური საწარმო შპს „ფ----–-------------ას“ 2017 წლის 19 მაისის ბრძანება ა----- ი-----–---თან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

1.2. შპს „P-----“ დაეკისროს ა----- ი-----–---ისათვის მიუღებელი ხელფასის 18 000 ლარის გადახდა;

1.3. შპს „P-----“ დაეკისროს ა----- ი-----–---ისათვის ხელფასის გადახდის დაგვიანებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა 2017 წლის 20 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად გადასახდელი ხელფასის 0,07%-ის ოდენობით 12,60 ლარი;

სარჩელის საფუძვლები

 

ა----- ი-----–---სა და უცხოურ საწარმოს ფილიალს შპს ფერლით -ჯორჯიას შორის 2017 წლის 20 აპრილს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ა----- ი-----–---ი დასაქმდა პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. სახელფასო განაკვეთი განისაზღვრა ხელშეკრულების 2.1. პუნქტით და შეადგინა 3000 ლარი საშემოსავლო გადასახადის გარეშე ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის 20 ოქტომბრამდე. მოსარჩელეს არ მიუღია კუთვნილი ხელფასი, შრომითი კონტრაქტის ვადა გავიდა 20 ოქტომბერს და მოპასუხემ არ მოახდინა საბოლოო ანგარიშსწორება, არ გადაუხადა სახელფასო დავალიანება. სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 19 მაისის ბრძანებით მასთან შეწყდა შრომის ხელშეკრულება იმ საფუძვლით, რომ არ ცხადდებოდა სამუშაო ადგილზე და არ ასრულებდა შრომით მოვალეობას. მოსარჩელე შრომის ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ასრულებდა დირექტორის დავალებებს, როგორც მენეჯერი ხელს აწერა სამუშაოების შესრულების აქტებს, რომელიც იგზავნებოდა სამშენებლო სამუშაოების დამკვეთთან ანაზღაურების მისაღებად. 2017 წლის ივლისიდან იგი პროექტის კოორდინატორის ფუნქციებსაც ასრულებდა. შესაბამისად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითებული ფაქტები დაუსაბუთებელია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისათვის ხელფასი არ გადაუხდია, რადგან იგი არ ასრულებდა შრომით მოვალეობას, რის გამოც პროექტის დროულად შესრულებას საფრთხე შეექმნა. ა----- ი-----–---ი დანიშნული იყო ბაკურიანში, ველობილიკის სამშენებლო სამუშაოების პროექტის მენეჯერად, თუმცა იგი ამ მოვალეობას არ ასრულებდა, არ ცხადდებოდა სამუშაოების შესრულების ადგილზე. ფილიალის ხელმძღვანელობამ მას არაერთხელ სთხოვა პროექტის შესრულებაზე ზედამხედველობა და ხელმძღვანელობა გაეწია, თუმცა იგი სამუშაო ადგილზე არ ცხადდებოდა. ამის გამო მასთან შრომის ხელშეკრულება შეწყდა, ხოლო ა----- ი-----–---ი საქართველოში საერთოდ არ იყო და მისთვის ბრძანების ჩაბარება შეუძლებელი იყო.

 

სამუშაოების შესრულების გარკვეულ აქტებს ხელს აწერს ა----- ი-----–---ი იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ 2017 წლის აპრილის თვეში მისი მონაწილეობით ჩატარდა აზომვითი სამუშაოები, რის შესახებ აქტები შედგა მომდევნო პერიოდში. რადგან ამ სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობდა მოსარჩელე, აქტებს მან მოაწერა ხელი. 2017 წლის ივნისის შემდეგ სამუშაოების შესრულების აქტებს სხვა პირი აწერს ხელს და ა----- ი-----–---ს სამშენებლო სამუშაოებთან შეხება არ ჰქონია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 20 აპრილს ა----- ი-----–---სა და უცხოური საწარმოს ფილიალს შპს ფ----–-------------ას შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ა----- ი-----–---ი დაინიშნა პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. ხელშეკრულება დადებულია 2017 წლის 20 ოქტომბრამდე. შრომის ანაზღაურება შეადგენს თვეში 3000 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე. ა----- ი-----–---ი დაინიშნა ბაკურიანში ველობილიკის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების მენეჯერად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- შრომის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 3-9. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 80-84. 183-191. ტომი 1)

 

3.1.2. ა----- ი-----–---ისთვის არ არის გადახდილი შრომის ანაზღაურება 2017 წლის 20 აპრილს დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 3-9. ტომი 1)

- მხარეთა განმარტებები (21.06.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.3. შპს „ფ----–-------------ას“ დირექტორის მაჰარრამ ომრუმოვის 2017 წლის 19 მაისის ბრძანებით შეწყდა ა----- ი-----–---თან 2017 წლის 20 აპრილს დადებული შრომის ხელშეკრულება და ა----- ი-----–---ი გათავისუფლდა შპს „ფერლით ჯორჯიაში“ დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების გამოცემის საფუძვლად დამსაქმებელი მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ ასრულებდა შრომით მოვალეობას, არ ცხადდებოდა სამუშაო ადგილზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- ბრძანების ასლი (ს.ფ. 91. ტომი 1)

- დაზუსტებული შესაგებელი (ს.ფ. 183-191. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ა----- ი-----–---ი პროექტის მენეჯერის უფლებამოსილებაში არსებულ მოვალეობებს შრომის ხელშეკრულების მოქმედების სრული ვადის განმავლობაში არ ასრულებდა, შრომის მოვალებას რეალურად ასრულებდა 2017 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში.

 

მხარეებს შორის დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე ა----- ი-----–---ი დაინიშნა პროექტის - ბაკურიანში ველობილიკის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების მენეჯერის თანამდებობაზე. მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე მენეჯერის უფლებამოსილებაში შედიოდა, სამუშაოების მიმდინარეობაზე კონტროლი, სამუშაოების შესრულებისათვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაზე ზედამხედველობა, სამუშაოების შესრულების დროს ხარჯების კონტროლი, შესრულებული სამუშაოების აღწერა და შესაბამის აქტზე ხელმოწერით დადასტურება.

 

დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანებით მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულება შეწყდა იმის გამო, რომ დასაქმებული შრომით მოვალეობას არ ასრულებდა, რასაც დასაქმებული არ ეთანხმება და განმარტავს, რომ იგი შრომის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ასრულებდა შრომით მოვალეობას, ზედამხედველობდა სამუშაოებს, ადგენდა სამუშაოების შესრულების აქტებს, ყიდულობდა მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო მასალებს. ამ გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ მტკიცებულებად წარმოადგინდა წერილობით მტკიცებულებები (დაკვალვის აქტები, სამუშაოების შესრულების აქტები) და მოწმის ჩვენება.

 

2017 წლის 27 აპრილს შედგენილია დაკვალვის აქტი, რომლის თანახმად, დაბა ბაკურიანში ცენტრალური ბილიკის მოწყობის სამუშაოების ფარგლებში მოხდა სამშენებლო მონაკვეთის დაკვალვა, პროექტში მოცემულ კოორდინატთა სისტემაში, ღერძი აღდგენილი იქნა ობიექტზე დამაგრებული რებერების საშუალებით. რებერების კოორდინატების უწყისი ერთვის აქტს. აქტი შედგენილია შპს ფ----–-------------ას პროექტის მენეჯერის ა----- ი-----–---ის, ამავე კომპანიის გეოდეზისტის აზერ ახმედოვის და გზამშენპროექტის ზედამხედველის ნოდარ გოგოლაძის მიერ.

 

2017 წლის 28 ივნისს შედგენილია ფარული სამუშაოების აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ გზის გვერდულის ექტავაციის შემდეგ მოსწორდა დამუშავებული ადგილი. მოსწორება მოხდა ექსკავატორის დაბის საშუალებით. ნება ეძლევათ აწარმოონ სამუშაოები მოსწორებული მონაკვეთის დატკეპნა. აქტის ერთ-ერთი შემდგენელია ა----- ი-----–---ი.

 

2017 წლის 27 ივნისს დაბა ბაკურიანში შედგენილია აქტი სამშენებლო მასალების საკონტროლო ნიმუშების აღების შესახებ. აქტის თანახმად, ნიმუშის მასალაა მთის ქანი - მიწის ვაკისის ყრილის მოსაწყობად. აქტს ფ----–-------------ას მხრიდან ხელს აწერს ა----- ი-----–---ი.

 

2017 წლის 27 ივნისს შედგენილია გრუნტის ნიმუშის აღების აქტი, რომლის მიხედვით, ბაკურიანშში ცენტრალური ბილიკის მოწყობის სამუშაოების პროცესში აღებული იქნა გზის გვერდულიდნ მოხსნილი გრუნტის ნიმუში ლაბორატორიული შემოწმებისათვის. მოხსნილი გრუნტი განთავსებულია ბილიკის მარჯვნივ მთელ სიგრძეზე. ფ----–-------------ას მხრივ აქტს ხელს აწერს ა----- ი-----–---ი.

 

2017 წლის 21 ივნისს შედგენილ აქტში მითითებულია, რომ ბაკურიანის ცენტრალური ბილიკის მოწყობის სამუშაოების პროცესში მოხდა გზის მარჯვენა მხარეს განლაგებული 27 განათების ბოძის დემონტაჟი. ფ----–-------------ას მხრიდან აქვს ხელს აწერს ა----- ი-----–---ი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ აქტებით დასტურდება, რომ ა----- ი-----–---ი 2017 წლის ივნისის თვეში ასრულებდა პროექტის მენეჯერის ფუნქციებს. სასამართლო არ იზიარებს ამ მტკიცებულებების შესახებ მოპასუხის მოსაზრებას, რომლის მიხედვით, სამუშაოები შესრულებულია შრომის ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ხოლო აქტებს ხელს აწერს მოსარჩელე იმის გამო, რომ მასში მითითებული სამუშაოები შესრულებულია ა----- ი-----–---ის უშუალო მონაწილეობით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტამდე.

 

მოპასუხეს ამ გარემოების შესახებ მისი ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტიცებულება არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება არ გამომდინარეობს თავად აქტების შინაარსიდან. აქტებში არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად როდის შესრულდა მათში მითითებული სამუშაოები. ამასთან, საფუძველს მოკლებულია მოპასუხის განმარტება, რომ წინა პერიოდში შესრულებულ სამუშაოებზე შედგენილ აქტებზე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ხელი მოაწერა ა----- ი-----–---მა იმ მიზეზით, რომ სამუშაოები შესრულდა მისი მონაწილეობით. სასამართლო განმარტავს, რომ ეს აქტები არის მრავალმხრივი აქტები, იგი შედგენილია შემსრულებელს (ფ----–-------------ა) და სამუშაოების ზედამხედველ ორგანიზაციას შპს "გზამშენ პროექტს" შორის იმ მიზნით, რომ დამკვეთისათვის წარედგინათ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ მტკიცებულება და სანაცვლოდ ანაზღაურება მიეღოთ. შესაბამისად, ასეთი აქტების სამართლებრივი ძალისათვის საჭიროა ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და არა სამუშაოების უშუალოდ შემსრულებელი პირის ხელმოწერა. თუკი 2017 წლის ივნისისათვის ა----- ი-----–---ი გათავისუფლებული იყო, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის გამო იგი აღარ იყო უფლებამოსილი თანამდებობის პირი დაედასტურებინა სამუშაოების შესრულების აქტები. აქტის შედგენის მიზნებიდან გამომდინარე საკმარისი იქნებოდა აქტზე შემსრულებელი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, იმ პირის ხელმოწერა ვისაც ა----- ი-----–---ის გათავისუფლების შემდეგ დაევალა მენეჯერის ფუნქციების შესრულება. როგორც შემდგომ პერიოდში შედგენილი აქტებით დასტურდება, ფ----–-------------აში ასეთი პირი იყო ნ. რიგვავა, რომელიც ხელს აწერს მსგავს აქტებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის ივნისის შემდეგ ა----- ი-----–---ის შრომითი მოვალეობის შესრულება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მოსარჩელემ ამ გარემოების დასადასტურებლად მიუთითა მოწმე იხტიარ ზეინალოვის ჩვენება. მოწმის განმარტებით, ა----- ი-----–---ი არის მისი მეგობარი. მისთვის ცნობილია, რომ ა----- ი-----–---ი ფ----–-------------აში დანიშნეს პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე ბაკურიანში ველობილიკის სამშენებლო სამუშაოებზე. ა----- ი-----–---ის ძირითადი საცხოვრებელი ადგილია აზერბაიჯანში. საქართველოში ჩამოსვლის დროს ცხოვრობდა მასთან, როცა იმყოფებოდა თბილისში. 2017 წლის ზაფხულში ბაკურიანის პროექტს გარკვეული პრობლემები შეექმნა, ა----- ი-----–---ი უკმაყოფილო იყო, რომ არ უხდიდნენ ხელფასს, ასევე მას ჰქონდა გადახდილი 12 000 აშშ დოლარი პროექტის ტენდერში ავანსის სახით, რომელსაც ასევე არ აძლევდა ფერლითი. ა----- ი-----–---ს სისტემატიურად ურეკავდნენ ფერლითიდან და სთხოვდნენ პროექტის დასრულებას. თბილისში მასთან ყოფნის დროს ივლისის-აგვისტოს თვეებში ა----- ი-----–---ი ადგენდა სამშენებლო სამუშაოების ფორმებს, რომლებსაც შემდეგ ფერლითი წარადგენდა დამკვეთთან. თავად ახლდა ა----- ისამილოვს, როცა ეს აქტი მიიტანა მუნიციპალური განვითარების ფონდში. ა----- ი-----–---მა თბილისში თავისი ხარჯით შეიძინა მშენებლობისათვის საჭირო გარკვეული მასალა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმის ჩვენებით არ დასტურდება, რომ ა----- ი-----–---ი სადაო პერიოდში რეალურად ასრულებდა პროექტის მენეჯერის ფუნქციებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე, რაც მოიცავდა მის მოვალეობას ზედამხედელობა გაეწია სამშენებლო სამუშაოს შესრულების პროცესისათვის, მას უნდა გაეკონტროლებინა სამუშაოების შესრულების პროცესი უშუალოდ, რადგან მისი მონაწილეობით დგებოდა სამუშაოების შესრულების აქტები. შესაბამისად, მენეჯერს უშუალო დაკვირვებით და ჩართულობით უნდა ეხელმძღვანელა სამუშაოების შესრულების პროცესისათვის, უშუალო შემსრულებლებისათვის მიეცა მითითებები, ორგანიზება გაეკეთებინა და დაეგეგმა სამუშაო პროცესი.

 

მართალია, სადაო პერიოდში ა----- ი-----–---ი აზრებაიჯანიდან საქართველოში პერიოდულად ჩამოდიოდა, თუმცა ეს მისი შრომითი მოვალეობის შესრულების მტკიცებულება არ არის. მოსარჩელეს, როგორც პროექტის მენეჯერს უნდა ეხელმძღვანელა სამუშაოების შესრულებისათვის და გაეკონტროლებინა სამუშაოების შესრულების პროცესი, გადაეწყვიტა სამუშაოების შესრულების დროს წარმოქმნილი საკითხები. სასამართლოს მიაჩნია, რომ დისტანციურიად, სამშენებლო სამუშაოების შესრულებისგან მოშორებით ეს უფლება-მოვალეობები ვერ შესრულდება, რადგან სამშენებლო სამუშაოებზე უშუალო დაკვირვების გარეშე სამუშაოების აღწერა შესაძლებელი არ არის.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, ა----- ი-----–---ი შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს რეალურად ასრულებდა 2017 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში, ხოლო შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომდევნო პერიოდში მას პროექტის მენეჯერის ფუნქციები არ შეუსრულებია. ამაზე მიუთითებს მოწმე იხტიარ ზეინალოვის ჩვენება, რადგან ჩვენებაში მოწმემ აშკარად და არაორაზროვნად მიუთითა, რომ ა----- ი-----–---სა და ფ----–-------------ას შორის იყო დავა და შეუთანხმებლობა ხელფასის გადაუხდელობის გამო, ასევე ავანსის სახით გადახდილი თანხის გამო. მოწმის ჩვენების თანახმად, აზერბაიჯანიდან ჩამოსვლის დროს ა----- ი-----–---ი მასთან ცხოვრობდა, ხოლო იმ ფაქტის შესახებ არ მიუთითებია, რომ სადაო პერიოდში მოსარჩელე ძირითადად იმყოფებოდა ბაკურიანში მენეჯერის მოვალეობის შესასრულებლად, სამშენებლო სამუშაოების კონტროლის განსახორციელებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამუშაოთა შესრულების აქტების ასლები(ს.ფ. 116-123, 196-239. ტომი 1. ს.ფ. 57-96. ტომი 2)

- მოსარჩელის პასპორტების ასლები (ს.ფ 24-29. ტომი 2)

- მოწმის ჩვენება (29.05.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნას ცნობილი მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანება მოსარჩელესთან შორმის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 2017 წლის აპრილი-ივნისის თვეების ხელფასი და ამ ხელფასის დაგვიანებისათვის პირგასამტეხლო. მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას შრომის ხელშეკრულების მთელი პერიოდის ხელფასის გადახდაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი;

- საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-6 მუხლი, 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ზ” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება ბათილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ა----- ი-----–---სა და შპს „პერლიტს” შორის სამართლებრივი ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა, რადგან შრომის კოდექსის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომის ხელშეკრულება. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, 1. შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. 2. შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

 

მხარეებს შორის არსებობდა განსაზღვრული ვადით შრომითი ურთიერთობა, რადგან შრომის ხელშეკრულება დაიდო 6 თვით - 2017 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 20 ოქტომბრამდე.

 

დამსაქმებლის გადაწყვეტილებით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა სახელშეკრულებო ვადის გასვლამდე შრომითი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

 

შრომის კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები. ამ ნორმის მე-9 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების ერთერთი არსებითი პირობაა დასაქმებულის თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე.

 

მოსარჩელე შრომის ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდა მენეჯერის თანამდებობაზე. იგი დაინიშნა ბაკურიანში ველობილიკის სამშენებლო სამუშაოების პროექტის მენეჯერის პოზიციაზე, სადაც მისი მოვალეობა იყო სამშენებლო სამუშაოების შესრულების ზედამხედველობა, შესრულებული სამუშაოების აღწერა, ყოველთვიურად სამუშაოების შესრულების შესახებ აქტების შედგენა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმით დადგენილია ვალდებულებითი ურთიერთობის ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს უპირობოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად - დათქმულ ვადაში და ადგილას. ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, რაც უმნიშვნელოვანესია შრომით ურთიერთობაში. შრომითი ურთიერთობა დიდწილად ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა, რის გამოც დამსაქმებელმა მისი მოვალეობა უნდა შეასრულოს გულმოდგინედ, პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით. დასაქმებულმა შრომითი ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს გულისხმიერად, კანონმდებლობით და დასაქმებულის მიერ დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

 

დასაქმებულის მიერ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლების გამო მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება უნდა შეფასდეს იმ თვალსაზრისით, თუ რა სამსახურებრივი მოვალეობა დაარღვია დასაქმებულმა, რაც უნდა დადგინდეს მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შინაარსიდან გამომდინარე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრძანების გამოცემამდე და ბრძანების გამოცემის შემდეგ გარკვეული პერიოდის მანძილზე მოსარჩელე რეალურად ასრულებდა მენეჯერის მოვალეობებს, რაც დასტურდება მის მიერ 2017 წლის აპრილსა და ივნისში ხელმოწერილი სამუშაოების შესრულების აქტებით. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდა, რომ ამ აქტებში მითითებული სამუშაოები შეასრულა მოსარჩელემ, თუმცა განმარტა, რომ ეს სამუშაოები შესრულდა არა გათავისუფლების შემდეგ, არამედ ბრძანების გამოცემამდე. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეს გარემოება არ დასტურდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა ვალდებულებითი ხელშეკრულება, მასზე ვრცელდება სახელშეკრულებო ავტონომიის პრინციპი (სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის) რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება იდება მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენის საფძველზე. თუმცა ხელშეკრულების დადების შემდეგ მხარეთა თანასწორობის პრინციპი ერთგვარად დამსაქმებლის სასარგებლოდაა დარღვეული. „შრომის ხელშეკრულებას სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისგან განასხვავებს ის გარემოება, რომ შრომითი ხელშეკრულების დადების შემდეგ კერძო სამართლის ერთ-ერთი უმთავრესი, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, გარკვეულ სახეცვლილებას განიცდის და დაქირავებული დამოკიდებულია დამქირავებლის ნებაზე, მის მითითებებზე და მის მიერ განსაზღვრულ სამუშაო თუ ორგანიზაციულ პირობებზე.” (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 23 მარტის განჩინება საქმეზე №ას-1261-1520-09).

 

სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე№ ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-1276-1216-2014), 2015 წლის 23 მარტის (საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო კოდექსით დადგენილი ზოგადი წესი გარკვეულად შეცვლილია და მტკიცების ტვირთი უმეტესად დამსაქმებლის მხარეზეა. დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს იმ გარემოებების არსებობა, რამაც გამოიწვია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ასევე აღსანიშნავია, რომ შრომითი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დროს დამსაქმებელს ასევე ევალება დაასაბუთოს, რატომ მიიჩნია დასაქმებულის ქცევა შრომითი მოვალეობის უხეშ დარღვევად, რადგან შრომის ურთიერთობის შეწყვეტას იწვევს არა ყოველგვარი გადაცდომა, არამედ მოვალეობის უხეში დარღვევა.

 

ა----- ი-----–---ი სამსახურიდან გათავისუფლდა 2017 წლის 19 მაისის ბრძანებით იმის გამო, რომ დასაქმებული შრომით მოვალეობას საერთოდ არ ასრულებდა, არ ცხადდებოდა სამუშაო ადგილზე. ა----- ი-----–---ის მიერ შედგენილი და ხელმოწერილია მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების შესახებ აქტები, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე უშუალოდ აკონტროლებდა ამ სამუშაოების შესრულებას, ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოების შესრულებას. ეს აქტები შედგენილი აპრილსა და ივნისის თვეებში, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გამოცემამდე და შემდგომ პერიოდშიც რეალურად ასრულებდა მენეჯერის შრომით მოვალეობებს. შესაბამისად, ბრძანებაში შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებული ფაქტები დაუსაბუთებელია, რის გამოც დამსაქმებლის ბრძანება შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბათილია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს ხელფასი შრომის ხელშეკრულების საფუძველზე იმ თვეების პერიოდისათვის, როცა იგი შრომითი მოვალეობის რეალურად ასრულებდა, ხოლო 2017 წლის ივლისიდან იგი შრომით მოვალეობას არ ასრულებდა, რის გამოც ამ დროის ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შრომა თავისუფალია. ამავე ნორმის მე-4 ნაწილის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამდენად, შრომითი ურთიერთობის არსია დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების გადახდა, ხოლო დასაქმებული ვალდებულია ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მისი შრომითი მოვალეობა.

 

შრომის ანაზღაურება შრომითი ურთიერთობის არსებითი პირობაა და ხელფასის გადახდა დამსაქმებლის მთავარი ვალდებულებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურება დასაქმებულს გადაუხადოს შეთანხმებული ოდენობით და დადგენილ ვადაში.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, 1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.

 

ამდენად, შრომის ანაზღაურების ოდენობა, მისი გაცემის ფორმა და სხვა პირობები არის მხარეთა შეთანხმების საგანი. კანონით დადგენილი წესი გამოიყენება თუ შრომის ხელშეკრულებით სხვა რამ არის გათვალისწინებული.

 

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული თანხით და შეადგენს თვეში 3000 ლარს საშემოსავლო გადასახადის გარეშე. ხელფასი მოსარჩელეს უნდა მიეღო ყოველთვიურად, ხოლო ხელშეკრულება დადებულია 2017 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობაა, რომლის არსია დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობის შესრულება დამსაქმებლის მიერ დადგენილი ორგანიზაციული წესების დაცვით, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს ხელფასი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ანაზაურებადი ხასიათი არის შრომითი ურთიერთობის არსი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის ივლისიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით მოსარჩელისათვის შრომის ანაზღაურების გადახდის საფუძველი არ არსებობს, რადგან მოსარჩელე ამ პერიოდში შრომით მოვალეობას რეალურად არ ასრულებდა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების ბათილობისა, მხარეებს შორის ფაქტობრივად 2017 წლის ივლისიდან შრომითი ურთიერთობა აღარ არსებობდა, ა----- ი-----–---ი შრომით მოვალეობას აღარ ასრულებდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის ივლისიდან შრომითი ურთიერთობა შეწყდა ა----- ი-----–---ის ინიციატივით. მხარეებს შორის ხელფასის გადაუხდელობის და ავანსის სახით ტენდერის ჩატარების დროს გადახდილი თანხის დაბრუნების საკითხზე წარმოშობილი უთანხმოების გამო ა----- ი-----–---ს ბაკურაინში ველობილიკის სამშენებლო სამუშაოების მენეჯერის მოვალეობა არ შეუსრულებია. ამ საკითხზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით - მოწმის ჩვენებით არ დასტურდება მენეჯერის მოვალეობების შესრულების ფაქტები, სამუშაო ადგილზე მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელობის, სამუშაოების კონტროლის განხორციელების ფაქტები. მოწმეს არ მიუთითებია, რომ მოსარჩელე ბაკურიანში სამშენებლო სამუშაოების ადგილზე ორგანიზებას უწევდა სამუშაოებს. მისი ჩვენებით დასტურდება, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეუთანხმებლობა და დავა ხელფასის გადაუხდელობის და საგარანტიო თანხის დაუბრუნებლობის საკითხზე. ამ პერიოდში სამუშაოების შესრულების აქტები ა----- ი-----–---ის მონაწილეობით აღარ არის შესრულებული. ამდენად, მოსარჩელემ საკუთარი ინიციატივით განაცხადა უარი შრომითი მოვალეობის შესრულებაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ა----- ისამილოვისთვის სასამართლოში დავის დაწყებამდე ცნობილი არ იყო მასთან შრომის ხელშეკრულებს შეწყვეტის ბრძნების არსებობა, მისთვის უცნობი იყო დამსაქმებლის ამ გადაწყვეტილების შესახებ. ამ ბრძანების გამოცემის შემდეგაც იგი მთელი თვის მანძილზე აგრძელებდა მენეჯერის მოვალეობის შესრულებას, ხოლო 2017 წლის ივლისიდან მას ეს მოვალეობა აღარ შეუსრულებია ისეთ პირობებში, როცა დამსაქმებელს მისთვის შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ არ უცნობებია. ამდენად, 2017 წლის ივლისიდან მოსარჩელემ საკუთრი ნებით შეწყვეტა შრომითი ურთიერთობა.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მიხედვით, ხელფასი არის დასაქმებულის მიერ მისაღები შრომის ანაზღაურება, რასაც იგი იღებს შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ისეთ ვითარებაში, როცა თავად მოსარჩელემ განაცხადა უარი შრომით ურთიერთობაზე, მას რეალურად შრომითი მოვალეობები აღარ შეუსრულებია. ამ პერიოდის მანძილზე მისთვის ხელფასის გადახდის ვალდებულება აღარ ჰქონდა დამსაქმებელს.

 

რაც შეეხება 2017 წლის აპრილი-ივნისის პერიოდის ხელფასს. მოსარჩელის ხელფასი შეადგენა თვეში 3000 ლარს. აპრილის თვეში სამუშაო პერიოდი შეადგენდა 10 დღეს, რის გამოც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს აპრილის ხელფასი 1000 ლარი, ხოლო მაისის და ივნისის თვეების ხელფასი სრულად უნდა აუნაზღაურდეს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მისაღები ხელფასია 7000 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ხელფასის გადახდის დაგვიანებისათვის საურავის დაკისრების შესახებ.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების შესრულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელია, თუ ეს გათვალისწინებული მხარეთა მიერ წერილობით დადებული ხელშეკრულებით. ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისს ადგენს შრომის კოდექსის ეს ნორმა, რადგან ითვალისწინებს მხარეთა შეთანხმების არსებობის გარეშე ხელფასის დაგვიანებისათვის საუარავის დაკისრებას, რომლის გადახდა დამსაქმებლის ვალდებულებაა დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში. ამდენად, ამ ნორმის საფუძველზე წარმოშობილია კანონისმიერი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

 

ამ ნორმით გათვალისწინებული ხელფასის გადახდის დაგვიანებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა ევალება დამსაქმებელს იმ დროიდან, როცა იგი გადააცილებს ხელფასის გადახდის ვადას. ამდენად, ამ ნორმით წარმოშობილია კანონისმიერი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ხელფასის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, რაც დამსაქმებელს ეკისრება ყოველდღიურად.

 

მოსარჩელე მოითხოვს 2017 წლის 20 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საურავის დაკისრებას, ხოლო საურავის ოდენობა უნდა განისაზღვროს გადაუხდელი ხელფასიდან რაც შეადგენს ჯამურად 7000 ლარს. ამ თანხის 0,07% არის დღეში 4,9 ლარი, რომლიც გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2017 წლის 20 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამ ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლებულია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ანაზღაურების მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სარჩელის ფასი უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად. გადასახდელი ხელფასის თანხა შეადგენს 7000 ლარს, მოპასუხეს ასევე დაეკისრა საურავის - ყოველდღიურად 4,9 ლარის გადახდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. საუარავის დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე სარჩელი ფასი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დადგენილი წესით, რომლის მიხედვით ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელში დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. პირგასმატეხლოს დაკისრების მოთხოვნის სარჩელის ფასი შეადგენს (1788,5* 3=5365,5 ლარს). ამდენად, სარჩელის ფასია ჯამურად 12365,5 ლარი, რომლის 3% არის 370,96 ლარი. ამ თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს. თანხა უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის და სარჩელი უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის აღსრულებისათვის გადახდილი სააღსრულებო საფასურის 100 ლარის და მტკიცებულების უზრუნველყოფის, საჯარო რეესტრიდან ინფორმაციის გამოთხოვისათვის გაწეული ხარჯის 10 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. სანოტარო ფორმით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე მოსარჩელეს სასამართლოში წარმოადგენს ადვოკატი ლ--–- ბ-----–--ე, რომლისთვისაც გადასახდელი იურიდიული ხარჯები რამდენს შეადგენს სარჩელში მითითებული არ არის. ასევე არ არის წარმოდგენილი ასეთი ხარჯების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება ან მათ შორის დადებული შეთანხმება ადვოკატის ხარჯების ოდენობის საკითხზე, რის გამოც ეს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2017 წლის 22 დეკემბრის და 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე,367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ა----- ი-----–---ის სარჩელი;

1.1. ბათილად იქნას ცნობილი უცხოური საწარმოს ფილიალის შპს „ფ----–-------------ას“ 2017 წლის 19 მაისის ბრძანება ა----- ი-----–---თან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

1.2. შპს „P------ს“ დაეკისროს ა----- ი-----–---ისათვის 7000 ლარის გადახდა;

1.2. შპს „P------ს“ დაეკისროს ა----- ი-----–---ისათვის ხელფასის გადახდის დაგვიანებისათვის საურავის, ყოველდღიურად 4,9 ლარის გადახდა 2017 წლის 20 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 2017 წლის ივლისი-ოქტომბრის თვეების ხელფასის დაკისრების შესახებ;

2. შპს „P------ს“ დაეკისროს ა----- ი-----–---ისათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 150 ლარის გადახდა;

3. შპს „P------ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 370,9 ლარის გადახდა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი