გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.07.2018
საქმის ნომერი
170310018002378086
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
19.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 170310018002378086

საქმე № 3/16-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

19 ივლისი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

მოსარჩელე - ია–-------------ი

წარმომადგენელი - მა----–---------–---ი

 

მოპასუხეები:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი - ცი----------–---–ი;

 

2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, წარმომადგენელი - მა-------------ე.

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სარჩელი:

1.1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 24 თებერვლის N1------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

1.1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 9 თებერვლის N1----- ბრძანება;

 

1.1.3. დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოიჯარე ია–-------------თან დადოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.

 

1.2. სარჩელის საფუძველი:

 

1.2.1. მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 29 ივნისის 42-ე დადგენილებით ია–-------------ს იჯარის უფლებით გადაეცა ავ-----–--ს გამგეობის ტერიტორიაზე მდებარე 50 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რის საფუძველზეც 2004 წლის 10 ივლისს გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის #434 ხელშეკრულება, რომლითაც ია–-------------ს 10 წლით, იჯარით გადაეცა 21,53 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, კერძოდ 16, 21ჰა სახნავი, 0.57 ჰა მდელო და 4,15 ჰა საძოვარი. ამასთან, იჯარის უფლება რეგისტრირებულ იქნა წა-–--ს მუნიციპალიტეტში, სოფელ ავ-----–--ში არსებულ: 46986.0 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------); 111624.0 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------); 50000.0 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------); 1014.0 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) და 4735.0 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------).

 

1.2.2. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 27 აპრილს ია–-------------მა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრში წარადგინა #281/7 განცხადება ზემოაღნიშნული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მოთხოვნით, რასაც ერთვოდა ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი, ასევე ცნობა საიჯარო ქირის გადახდის შესახებ და მარნეულის, წა-–--სა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილის 2015 წლის 8 ოქტომბრის #0------ და წა-–--ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 8 ოქტომბრის #0------ წერილები ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების ია–-------------ისათვის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების მიზანშეწონილობის თაობაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ია–-------------ს უარი ეთქვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 24 თებერვლის N1------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რაც გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელმაც ასევე უარი თქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე 2018 წლის 9 თებერვალს.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. უარის თქმის მთავარ არგუმენტად მიუთითა 2004 წლის 29 ივნისის #42 დადგენილებასა და 2004 წლის 10 ივლისს შედგა #434 შეთანხმებას შორის განსხვავება;

 

2.2. მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი დაეთანხმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელის პოზიციიას და განმარტა, რომ არ არსებობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. წა-–--ს რაიონის გამგეობის 2004 წლის 29 ივნისის #42 დადგენილებით გადაწყდა, რომ ია–------------ს გამოეყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იჯარით, კერძოდ 50 ჰა (სახნავი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წა-–--ს რაიონის გამგეობის 2004 წლის 29 ივნისის #42 დადგენილება - იხ. ს.ფ. 237-241;

 

3.1.2. წა-–--ს რაიონის გამგეობის 2004 წლის 29 ივნისის #42 დადგენილების საფუძველზე 2004 წლის 10 ივლისს შედგა #434 შეთანხმება წა-–--ს რაიონის გამგეობასა და ია–-------------ს შორის 21.53 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გადაცემის შესახებ, 10 წლით, იჯარის საფასური ყოველწლიურად განისაზღვრა 386,41 ლარით. აღნიშნული შეთანხმება დარეგისტრირებულია წა-–--ს რაიონის მიწის სამმართველოში. შეთანხმებით განისაზღვრა, რომ მოიჯარადე მოიჯარეს იჯარით გადასცემს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (ნაკვეთებს) თანდართული გეგმის, ექსპლიკაციის შესაბამისად, საიჯარო ობიექტების აღწერის ოქმის საფუძველზე. იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) ტერიტორიის გეგმის მიხედვით, ექსპლიკაციით განსაზღვრულია ჯამში 21,53 ჰა, საიდანაც 16,21 არის სახნავი, 0,57 მდელო, ხოლო 4,15 საძოვარი. აღნიშნული გეგმა ხელმოწერილია მიწის რესურსების სამმართველოს უფროსის მიერ. გარდა ამისა, შეთანხმებას ერთვის საიჯარო ობიექტის აღწერის 4 ოქმი. #1 ოქმის მიხედვით, პირველი მიწის ნაკვეთია 11,21 ჰა ფართობით, სახნავი; #2 ოქმის მიხედვით, მეორე მიწის ნაკვეთია 5,0 ჰა ფართობით, სახნავი; #3 ოქმის მიხედვით, მესამე მიწის ნაკვეთია 0,57 ჰა ფართობით, სათიბი, ხოლო #4 ოქმის მიხედვით, მეოთხე მიწის ნაკვეთია 4,57 ჰა ფართობით, საძოვარი. ოთხივე ოქმი თარიღდება 2004 წლის 10 ივლისით და ხელმოწერილია შესაბამისი პირების მიერ. იჯარის თანხა გადახდილია და ია–-------------ს დავალიანება არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2004 წლის 10 ივლისის #434 შეთანხმება, თანდართული გეგმითა და ოქმებით - იხ. ს.ფ. 244-258;

- გადახდის დამადასტურებელი ცნობა - იხ. ს.ფ. 288.

 

3.1.3. საჯარო რეესტრიდან ამონაწერების მიხედვით, ქვემოჩამოთვლილი მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია სახელმწიფოზე, ასევე 2004 წლის 2 ნოემბერს მათზე რეგისტრირებულია ია–-------------ის იჯარის უფლება, კერძოდ წა-–--ს მუნიციპალიტეტში, სოფელ ავ-----–--ში არსებულ: 46986.0 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------); 111624.0 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------); 50000.0 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------); 1014.0 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------) და 4735.0 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმები, აზომვითი ნახაზები - იხ. ს.ფ. 208-228.

 

3.1.4. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 27 აპრილს ია–-------------მა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრში წარადგინა #281/7 განცხადება ზემოაღნიშნული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2011 წლის 27 აპრილის წერილი - იხ. ს.ფ. 198.

 

3.1.5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 24 თებერვლის N1------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ია–-------------ს უარი ეთქვა წა-–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ ავ-----–--ში მდებარე საიდენტიფიკაციო კოდებით: 8-----------, 8-----------, 8-----------, 8----------- და 8----------- რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებაზე, რადგან წა-–--ს რაიონის გამგეობის 2004 წლის 29 ივნისის #42 და 30 აგვისტოს #72 დადგენილებებსა და 2004 წლის 10 ივლისის #434 შეთანხმებას შორის არსებობს შეუსაბამობები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 24 თებერვლის N1------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - იხ. ს.ფ. 78.

 

3.1.6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 24 თებერვლის N1------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ოთ------–----–---–ის 2018 წლის 9 თებერვლის N1----- ბრძანებით, იგივე საფუძველზე დაყრდნობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ოთ------–----–---–ის 2018 წლის 9 თებერვლის N1----- ბრძანება - იხ. ს.ფ. 79-81.

 

3.1.7. წა-–--ს რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აგვისტოს #72 დადგენილებით გადაწყდა, რომ ია–------------ს გამოეყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იჯარით, კერძოდ 5 ჰა სახნავი და 20 ჰა სათიბი. აღნიშნული დადგეილებიდან გამომდინარე მხარეთა შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წა-–--ს რაიონის გამგეობის 2004 წლის 30 აგვისტოს #72 დადგენილება - იხ. ს.ფ. 233-235;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ია–-------------ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 24 თებერვლის N1------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 9 თებერვლის N1----- ბრძანება, ხოლო სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ია–-------------ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 24 თებერვლის N1------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 9 თებერვლის N1----- ბრძანება, რომლებიც მიღებულია მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში სააგენტო) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

მითითებული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა; გ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება; დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტო სხვა უფლებამოსილებებთან ერთად ახორციელებს 2007 წლის 1 იანვრამდე იჯარით გაცემული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას.

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა: ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა; ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; ბ.გ) იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვა; გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი.

 

სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც ქონების მმართველი განმარტებულია შემდეგნაირად: სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე სააგენტოსი − მის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებასა და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ფორმით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, წა-–--ს მუნიციპალიტეტის სოფელ ავ-----–--ში მდებარე საიდენტიფიკაციო კოდებით: 8-----------, 8-----------, 8-----------, 8----------- და 8----------- რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომელიც იჯარის უფლებით 2004 წლის 10 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული აქვს ია–-------------ს. შესაბამისად, ამ უკანასკნელის განკარგვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უფლებამოსილებას, რომელსაც ეს უფლებამოსილება დელეგირებული აქვს საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით და ახორციელებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების გზით.

 

6.3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ექვემდებარება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საიჯარო ხელშეკრულების, საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის საფუძველზე“.

 

„?????????? ??????????? ???????? ?????? ????????? ???????-????????? ???????????? ????? ?????? ????????? ?????? ?? ?????????? ??????????? ???????? ?????? ???????? ???????-????????? ???????????? ????? ????????? ???????? ?????? ???????????? ????? ??????????? ??????? “ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის #1-1/1565 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარემ განცხადებით უნდა მიმართოს ქონების სააგენტოს, შესაბამისი რაიონის გამგეობის დადგენილების გამოცემიდან 2011 წლის 1 მაისამდე. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) საიჯარო ხელშეკრულება ან მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. საიჯარო ხელშეკრულების სხვა დანართების წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს განცხადების მიღებაზე ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი; ბ) საიჯარო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ამონაწერზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა; საკადასტრო გეგმის არარსებობის შემთხვევაში ან თუ საკადასტრო გეგმა არ იძლევა დეტალურ სრულყოფილ ინფორმაციას მიწის ნაკევთის თაობაზე, მაშინ განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზი/ნახაზები; გ) ფიზიკური ან იურიდიული პირის ან/და მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების ასლები და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) გამგეობის დადგენილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის თაობაზე. იმავე მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საიჯარო მიწაზე, რომელზეც იჯარით გაცემის გამგეობის დადგენილება გამოცემულია 2005 წლის 30 ივლისის შემდეგ, პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზება არ დაიშვება.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებისათვის საჭირო დოკუმენტები, კერძოდ, გამგეობის დადგენილება, საიჯარო ხელშეკრულება, საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და საკადასტრო გეგმა მოსარჩელემ წარადგინა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონით დადგენილ ვადამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი ადგენს ჩამონათვალს იმ სახელმწიფო ქონებისა, რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი სახის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა: საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე.

 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრის პრივატიზება დაუშვებელია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი 2005 წლის 30 ივლისამდე გადაცემული აქვს პირს იჯარის უფლებით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ია–-------------ის დაინტერესებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (საძოვარი) გადაცემული აქვს 2005 წლის 30 ივლისამდე, ეს არ წარმოადგენს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების დამაბრკოლებელ გარემოებას იმ პირობებში, როდესაც მას გააჩნია პრივატიზებისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას“, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით.

 

კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რადგან მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა - კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს პრივატიზებაზე უარის თქმის საფუძვლად მოპასუხის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ წა-–--ს რაიონის გამგეობის 2004 წლის 29 ივნისის #42 დადგენილებისა და 2004 წლის 10 ივლისის #434 შეთანხმებას შორის არის განსხვავება (აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარემ ერთადერთ არგუმენტად აღნიშნული საფუძველი დაასახელა), ხოლო „?????????? ??????????? ???????? ?????? ????????? ???????-????????? ???????????? ????? ?????? ????????? ?????? ?? ?????????? ??????????? ???????? ?????? ???????? ???????-????????? ???????????? ????? ????????? ???????? ?????? ???????????? ????? ??????????? ??????? “ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის #1-1/1565 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს დადგენილებაც და შეთანხმებაც, რასაც სწორედ ის მიზანი აქვს, რომ, მათ შორის, დადგინდეს აღნიშნული ორი დოკუმენტის შესაბამისობა, მოცემულ შემთხვევაში, კი აღნიშნული შესაბამისობა ვერ დგინდება, რადგან დადგენილებაში საუბარია სახნავზე, ხოლო შეთანხმებაში ასევე საძოვარზეც. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია დადგენილებასა და შეთანხმებას შორის ამ ტიპის განსხვავება არსებობს, თუმცა დადგენილებისა და შეთანხმების ერთი მხარე ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანოა, #434 შეთანხმების დანართს ხელს აწერენ ის პირები, ვინც პასუხისმგებელნი იყვნენ შესაბამისი მიწების განსაზღვრასა და გამოყოფაზე, შეთანხმებაში საფუძვლად მითითებულია #42-ე დადგენილება, აღნიშნული შეთანხმება 2004 წელსვეა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, სადაც, inter alia, მითითებულია 2004 წლის #42-ე დადგენილებაც, რაც ამ პროცესში მონაწილე ყველა პირს ყველა გარემოების სრულყოფილი გაცნობისა და გაანალიზების სათანადო შესაძლებლობას აძლევდა. გარდა ამისა, ია–-------------ს გადახდილი აქვს საიჯარო ქირაც და მისი მხრიდან წარმოდგენილი და შესრულებულია ყველა ვალდებულება, რასაც შესაბამისი კანონმდებლობა ადგენს. სასამართლო განმარტავს, რომ ია–-------------ს გააჩნია კანონიერი ნდობა ყველა იმ აქტის მიმართ, რაც 2004 წლის #42-ე დადგენილებიდან გამომდინარეობს და ნამდვილად დაცვის ღირსია მისი კანონიერი ნდობის უფლება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული შეთანხმება და იჯარის რეგისტრაცია არ არის გაუქმებული და იურიდიული ძალა გააჩნია. ასევე ნიშნადობლივია, რომ 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გადაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საძოვრის) პრივატიზება კანონით დაშვებული და ნებადართულია. ყოველივე ზემოაღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარეების მიერ გადაწყვეტილებები მიღებულია დაუსაბუთებლად. სასამართლო არ შეჩერდება დისკრეციის საკითხზე, რასაც ასევე უთითებდა მოპასუხე მხარე არგუმენტად, ვინაიდან სადაოდ გამხდარი სამართლებრივი აქტები უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ დადგენილებასა და შეთანხმებას შორის განსხვავებას ეყრდნობიან.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ნორმების სრული უგულებელყოფით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

ამდენად, სასამართლო მსჯელობას ვერ იქონიებს იმ გარემოებებზე, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა, რის გამოც უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 24 თებერვლის N1------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე, ამავე სააგენტოს დაავალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ია–-------------ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

6.6. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 9 თებერვლის N1----- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც უარი ეთქვა ია–-------------ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი, ასევე, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები, რომლითაც ია–-------------ს უარი ეთქვა მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებაზე, ადგილი აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 9 თებერვლის N1----- ბრძანების გამოცემას კანონის მოთხოვნათა დარღვევით. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ვალდებული იყო გადაწყვეტილება მიეღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამდენად, მოპასუხეებს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის, ია–-------------ის წარმომადგენელის მა----–---------–---ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ია–-------------ის წარმომადგენლის მა----–---------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 2017 წლის 24 თებერვლის N1------ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

3. დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ია–-------------ის წარმომადგენლის მა----–---------–---ის მოთხოვნასთან დაკავშირებით;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 9 თებერვლის N1----- ბრძანება;

 

5. მოპასუხეს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსარჩელე ია–-------------ის წარმომადგენლის მა----–---------–---ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. #11) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი