განაჩენი

სისხლის სამართლის 20.07.2018
საქმის ნომერი
150100118002531415
დავის ტიპი
300
თარიღი
20.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002531415

საქმე #1/64-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

20 ივლისი, 2018 წელი ქ. ახ--–---–---

 

ახ--–---–---ს რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი-------------------ძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მხ----რ სლ-----ს ძე გა-–-----ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1--- წლის 0--------–ს, პირადი ნომერი - 0----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ახ--–---–---ს რაიონის სოფელ კა--–--ში.

ადვოკატი - კა-------------ძე

თარჯიმანი- სუ---------–----ე

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილი.

 

დისპოზიცია: აკრძალულ დროს აკრძალული იარაღით თევზჭერა - (მდინარის კიბოსჭერა)

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. მხ----რ გა-–-----მა, საქართველოს მთავრობის 31.12.2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული „თევზჭერის და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური ლეგლამენტის“ მე-3 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, აკრძალულ დროს, კერძოდ 2018 წლის 08 მაისს, ღამის საათებში, ახ--–---–---ს რაიონის სოფელ კა--–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „კა--–--ის ტბაზე“, თევზმახის გამოყენებით, რაც შესაბამისი ლიცენზიის არ არსებობისას წარმოადგენს თევზჭერისათვის აკრძალულ იარაღს, დაიჭირა 104 კგ. მდინარის კიბო.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

 

3. მტკიცებულებათა დასაშვებობისა და შეფასების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომელმაც მრავალჯერ აღნიშნა, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, იგი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (1 იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, პუნ 159.) ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა( 2 იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04 , პუნ 32.)

 

4. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (3 აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.)

 

5. განსახილველ საქმეში ბრალდებულ მხ----რ გა-–-----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამასთან, ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე სასამართლოსგან შესაბამისი განმარტების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რის გამოც საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი; მოწმეების - მხ----რ გა-–-----ის, არ-----------------ს, თა------------------ს, კა------–--------ს, ბა-------------------ს, პა-------------–---–-ს, და---------–-----ს, სლ---კ გა-–-----ის, ვა------კ გა-–-----ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი გასაბერი ნავი, ორი ცალი ნიცაბი, ორი ცალი რკინის კაუჭი, 104 კგ. მდინარის კიბო, ხუთი ცალი ტომარა, ერთი ცალი ცხენი და ერთი ცალი ცხენის ურიკა, საგამოძიებო ექპერიმენტის ოქმი, მოწმე პა-------------–---–-ს მიერ წარმოდგენილი გარემოს ეროვნული სააგენტოს 16.06.2016 წლის #2------ წერილი და მათთან დაკავშირებული სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მხ----რ გა-–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენას.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით კრიმინალიზებულია აკრძალულ დროს აკრძალული საშუალებით თევზჭერა. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, დანაშაულის ჩადენის იარაღს/საშუალებას, რაც გულისხმობს თევზჭერას აკრძალული იარაღით და, მეორე მხრივ, პერიოდს, როდესაც ხორციელდება თევზჭერა.

 

9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიცია ბლანკეტური შინაარსისაა, რაც იმას გულისხმობს, რომ სასამართლო მოცემული მუხლის ფარგლებში პირის მიერ განხორციელებული ქმედების სამართლებრივი შეფასებისას ხელმძღვანელობს სხვა ნორმატიული აქტებითაც, რაც უკავშირდება თევზჭერის აკრძალული დროისა და აკრძალული საშუალების საკითხის განსაზღვრას. აღნიშნული საკითხები რეგულირებულია არა სისხლის სამართლის კოდექსით, არამედ „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #423 დადგენილებით, რომლის მე-4 და მე-6 მუხლების თანახმად თევზჭერის აკრძალული პერიოდი დადგენილია 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო სახლართი ბადე მიეკუთვნება თევზჭერის აკრძალულ საშუალებას.

 

10. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სახეზეა მხოლოდ მაშინ, თუ პირი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით, ესე იგი, პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედების დაკვალიფიცირება ზემოაღნიშნული მუხლით ვერ მოხდება. ამასთან, აღნიშნული დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და შედეგს მნიშვნელობა არ აქვს.

 

11. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მხ----რ გა-–-----მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - აკრძალულ დროს აკრძალული საშუალებით მდინარის კიბოსჭრა - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მხ----რ გა-–-----ის მიერ აღნიშნულ დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა. მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (4იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც მხ----რ გა-–-----ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

12. მხ----რ გა-–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ მან სამართალდამცავ ორგანოებთან პირველივე კონტაქტისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მიუთითა ყველა რელევანტური ფაქტი. აღსანიშნავია, საქმის არსებითი განხილვისას მხ----რ გა-–-----ის ქცევა და დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების შესახებ, რაც მის მიერ ჩადენილი ქმედების გაცნობიერებასა და გულწრფელ მონანიებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევამდე მხ----რ გა-–-----ი არ ყოფილა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მხილებული, რაზეც მეტყველებს ნასამართლობის შესახებ საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათი.

 

13. მხ----რ გა-–-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ დგინდება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

16. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

17. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

 

18. მხ----რ გა-–-----ის წარსული ცხოვრებისა და ზემოაღნიშნული მთელი რიგი შემამსუბუქებელი გარემოებების საფუძველზე, ასევე იმის გათვალისწინებით რომ სახეზე არ არის დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოს წარმოუდგენლად მიაჩნია მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, ამასთან, გამასწორებელი სამუშაო მხ----რ გა-–-----ს ვერ დაენიშნება, რის გამოც მის მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმა.

 

19. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის კონტექსტში სასამართლო ითვალისწინებს ერთი მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, თუ სსკ-ის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები და, მეორე მხრივ, მხ----რ გა-–-----ის ეკონომიკურ პირობებს და შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობას, აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ არის უმუშევარი, რის საფუძველზეც - მიაჩნია, რომ მხ----რ გა-–-----ის მიმართ ჯარიმის 5000 ლარის ოდენობა სრულიად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მხ----რ გა-–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. მხ----რ გა-–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

3. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ მხ----რ გა-–-----ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი გასაბერი ნავი, რომელიც დაილუქულია ლუქით 46/32, ორი ცალი ნიჩაბი და ორი ცალი რკინის ოთხ წვერიანი კაუჭი ზედ მოხვეული თოკით, რომელიც დაილუქულია ერთ პაკეტში ლუქით F--------, ხუთი ცალი ცარიელი ტომარა, რომელიც დაილუქულიაა ერთ პაკეტში ლუქით F-------- და ინახება შსს ახ--–---–---ს რაიონულ სამმართველოში დაექვემდებაროს კონფისკაციას, ხოლო ერთი ცალი ცხენის ეტლი, რომელიც შესანახად ჩაბარდა სოფლის დე--------ს ვა---------------ს და გაჩერებული იქნა მის საცხოვრებელ სახლთან, რომელიც დაილუქულია ლუქით 46/32, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრე მხ----რ გა-–-----ს;

 

5.განაჩენის დამოწმებული ასლები ცნობისათვის დადგენილ ვადაში გადაეცეს საქართველოს სსსკ-ის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგანოებს.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის II ნაწილით განსაზღვრული პირების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახ--–---–---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესინ